"რეზონანსისა" და "ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ბიძინა ივანიშვილმა გუშინ როსტომის სასახლეში 12 საათზე პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საინიციატივო ჯგუფის 18 წევრი წარუდგინა საზოგადოებას - მწერალი გურამ ოდიშარია, დიპლომატი თედო ჯაფარიძე, ეკონომისტი ნოდარ ხადური, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, ადვოკატი თამაზ ავალიანი, მეცნიერი ნუგზარ დავითაშვილი (ატლანტა, აშშ), დიპლომატი გია ვოლსკი, ფეხბურთელი კახა კალაძე, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მეცნიერი ივანე კიღურაძე, უფლებადამცველი მანანა კობახიძე, ბიზნესმენი გიორგი ჟვანია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი, დიპლომატი მაია ფანჯიკიძე, იურისტი და უფლებადამცველი ზაქარია ქუცნაშვილი, ფონდ "ქართუს" ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, ოლიმპიური ჩემპიონი მოჭიდავე ლერი ხაბელოვი. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ივანიშვილის პარტიის 18 სახე / უსუფაშვილი: "ეს ადამიანები ოლიმპიური ჩემპიონები არიან თავიანთ საქმეში".
"პარტიის ლიდერი და პარტიული სიის პირველი ნომერი თავად ბიზნესმენი იქნება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობას არ აღუდგენენ, პარტიას სათავეში მისი მუეღლე, ეკატერინა ხვედელიძე ჩაუდგება, თუმცა ივანიშვილი ამბობს, რომ მოქალაქეობის აღდგენაში დარწმუნებულია. "ისინი კარგად ახერხებენ კანონით მანიპულირებას. ეს არის სააკაშვილისეული დემოკრატია, თუმცა მისი ხასიათისა და ფანტაზიის მიუხედავად, კანონდარღვევებსაც აქვს ზღვარი, ის ვერ შეძლებს არ დამიბრუნოს უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა. თუ ამ შესაძლებლობას დავუშვებთ, გვაქვს ისეთი გეგმა, რომელიც ყველა შემთხვევაში შედეგებამდე მიგვიყვანს", - განაცხადა ივანიშვილმა. პრეზენტაციაზე არ გამოჩენილან სოზარ სუბარი და ეკა ბესელია, თუმცა, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, სუბარი აუცილებლად იქნება მის პარტიაში, ბესელია ისევ მის გუნდშია და როსტომის სასახლესთან არსებულ სასამართლო დავაში მისი ადვოკატია. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ივანიშვილის განცხადებით, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა პოლიტიკაში, "ქალთა პარტიის" ლიდერი გუგული მაღრაძე კი "ქართულ ოცნებას" პარტიის ყრილობის მერე შეუერთდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"არ ვაპირებ, ჩემი ცხოვრება პოლიტიკას მივუძღვნა. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ ურთულესი ვითარებიდან, რომელშიც ვიმყოფებით და ჩვენი გაერთიანება არის მოწოდება საზოგადოებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ. ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის, რადგან "ვარდების რევოლუციის დეკლარირებული მიზნები დღითიდღე იმსხვრევა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ის არის, რომ ადამიანს, რომელმაც ქვეყანას ამდენი სიკეთე გაუკეთა, მოქალაქეობა ჩამოართვეს", -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საინიციატივო ჯგუფის წევრი, ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია.
"დღეს ჟურნალისტიკას ვემშვიდობები, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველი ჟურნალისტები უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ" - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ელისო ჩაფიძემ. მისივე თქმით, პოლიტიკა არ არის ის სფერო, რომელზეც ოცნებობდა, თუმცა შექმნილ ვითარებაში იძულებული გახდა ამ ნაბიჯზე წასულიყო. ჩემი სურვილია ვიმუშაო მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე და მეორე მხრივ, ადამიანის უფლებებზე. ეს არის სფერო, სადაც მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ვფიქრობ, ბევრი რამის გაკეთებას შევძლებ. პარტიაში ასევე მომენიჭა ფუნქცია, რომ თუ პარტიის რომელიმე წევრი კორუფციაში ჩაერთვება ან არასწორ საქციელში იქნება შემჩნეული, ისინი გამოვააშკარავო" - აღნიშნა ელისო ჩაფიძემ, რომლის თქმით, ის ჟურნალისტიკაში აღარ დაბრუნდება და ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება", - დასძენს გამოცემა.
"პრეზენტაციას ივანიშვილის მომავალი პარტიის პარტნიორებიც ესწრებოდნენ. მათ შორის "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა. "ეს შემადგენლობა ბიძინა ივანიშვილის მსოფლმხედველობის და გეგმების ლოგიკური გაგრძელებაა. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ერთობლივად საქმიანობა შეუძლიათ, არიან პატივსაცემი, წარმატებული პიროვნებები, ოლიმპიური ჩემპიონები თავიანთ საქმეში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, ეს არის მხოლოდ საინიციატივო ჯგუფი და არა პარტია სრული სახით. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საინიციატივო ჯგუფში ისეთი ადამიანები შევიდნენ, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით გამოირჩევიან. პრეზენტაციაზე "რეალტივის" ჟურნალისტმა ივანიშვილი გადაცემაში დაპატიჟა, რაზეც ბიზნესმენმა უპასუხა: "პინგვინებით მოვიდე გადაცემაში თუ პინგვინების გარეშე?!" - წერს სტატიის ავტორი.
"გუშინ პარტიის საინიციატივო ჯგუფის წარდგენისას ეკატერინა ხვედელიძე არ გამოჩენილა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის ლიდერი და პირველი ნომერი თავად იქნება, ამ ეტაპზე მისი მეუღლის პოლიტიკაში მოსვლა კი საჭირო აღარ იქნება. "თუ პრეზიდენტი ისევ დარჩა კანონს გარეთ, მაშინ ეკა იქნება ჩვენი წარმოამდგენელი", - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თავდაჯერებულობა მისივე იურიდიული ჯგუფის წევრების დამსახურებაა, რომელთაც არაერთხელ დაასაბუთეს, რომ სააკაშვილს მისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. 14 თებერვალს ამოიწურა ვადა, რომლის ფარგლებშიც ივანიშვილისთვის პასუხი უნდა მიეცათ, თუმცა ეს ვადა დაირღვა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პარტიის პირველი ნომერი იქნება / რა პრინციპით შეირჩა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფი.
"... ეს ჩემი პირველი საჯარო გამოსვლაა, ამ წუთებში ჯერ კიდევ ადვოკატი და უბრალოდ მოქალაქე ვარ. მე ვიზიარებ ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებს - ეს არის ადამიანების უფლებები და თავისუფლება, თავისუფალი ბიზნესი, რომელსაც სახელმწიფო მართავს, მაგრამ არ ერევა, თავისუფალი სასამართლო, თვითმმართველობა... პოლიტიკაში თუ ადამიანი მოდის, ის შემდგარი პროფესიონალი უნდა იყოს, ეს აუცილებელია. პოლიტიკაში წამსვლელ ადამიანს მინიმუმ მატერიალური გარესამყარო მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, რათა საშიში არ გახდეს საზოგადოებისთვის. არას მქონეს პოლიტიკაში მისვლა საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს ატარებს... პოლიტიკაში ადამიანი იმ ასაკში უნდა მივიდეს, როდესაც მისი სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახულია - ანუ მე მოწიფულ ასაკზე გეუბნებით, როდესაც ადამიანი სრულად აცნობიერებს ყველა იმ რეალობას, რომელიც მის წინაშე არსებობს", - განაცხადა პრეზენტაციაზე არჩილ კბილაშვილმა, რომლის განმარტებით, როცა ამას ამბობს, თავად 40 წლისაა, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, 18 წელია საქმიანობს, მოწესრიგებული აქვს მატერიალური გარესამყარო და "მოდის აქ, რადგან დასაკარგი აქვს და ფსონად სწორედ ამას ჩამოდის..." - აღნიშნავს გამოცემა.
1001
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85