მცირე მეწარმეებს დენის დამატებითი გადასახადი წელში წყვეტს

მცირე მეწარმეებს დენის დამატებითი გადასახადი წელში წყვეტს

საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ ამ ორიოდე თვის წინათ ამოქმედებულმა დადგენილებამ ელექტრონერეგიის მომხმარებლებს დიდი პრობლემა შეუქმნა. განსაკუთრბით გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მცირე მეწარმეები, რომელთაც ენერგოკომპანიები აბონენტად დარეგისტრირებისათვის ათასობით ლარს აკისრებენ. უამრავი მეწარმე გამოსავალს, უბრალოდ, ვერ პოულობს. ხშირია შემთხვევა, როცა დღეში 5-10 ლარის შემყურე ე.წ. მცირე ბიზნესმენს ათასების გადახდას სთხოვენ.

სემეკის დადგენილება ენერგოკომპანიაში აბონენტად დარეგისტრებისთვის უზარმაზარი თანხის გადახდას ითვალისწინებს - 1200-დან ნახევარ მილიონამდე ლარამდე. თანხის ოდენობა იმაზეა დამოკიდებული, რა მოცულობის ელექტროენერგია ჭირდება მეწარმეს.

მცირე ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, პატარა ზომის საწარმოს თვეში მინიმუმ 100 კვტ–სთ ელექტროენერგია სჭირდება.  ასეთ შემთხვევაში მარტო ერთჯერადად 12 ათასი ლარის გადახდა უწევთ. რამდენიმე თონის მეპატრონემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ 4000-დან 7000-მდე ლარის გადახდა მოუხდათ.

მეწარმეთა პრეტენზიების მიუხედავად, როგორც ენერგოომბუდსმენი ვალერი ფხაკაძე აცხადებს, არსებულ პრობლემაზე სემეკისთვის ოფიციალური წერილით არავის მიუმართავს. რა არის ამის მიზეზი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მეწარმეები მედიასთან ყველა პრობლემაზე დაუფარავად საუბრობენ. მით უფრო, რომ გაურკვევლობაში მყოფი ადამიანები ჩივილს აგრძელებენ. მაგალითად, “ენერგო პრო ჯორჯია” ზუგდიდის რაიონის მოსახლეობას სამფაზიანი მრიცხველების დაყენებაში 1200 ლარის გადახდას უკანონოდ თხოვს.

სოფელ დარჩელის მცხოვრებთა ცნობით, სოფელში აბონენტების გამრიცხველიანება დაიწყო, იმ მოსახლეებს კი, ვისაც წისქვილი ან თხილის გადამამუშავებელი დანადგარი აქვთ, სამფაზიანი მრიცხველის დაყენების საფასურად 1200 ლარის ოდენობის თანხას თხოვენ.

“რომ დავიანგარიშეთ სამფაზიანი ელექტროსადენის და ასევე სხვა მომსახურების საფასური, 1200 ლარზე გაცილებით ნაკლები თანხა გამოვიდა. გვაინტერესებს, რატომ უნდა გადავუხადოთ აღნიშნული თანხა? გადასახადების გადახდის წინააღმდეგები არ ვართ. უბრალოდ, რადგან წისქვილი ან თხილის გადამამუშავებელი დანადგარი გვაქვს და მეტი ელექტროენერგია გვჭირდება, ამისათვის დამატებით 1200 ლარის გადახდა მეტისმეტია იმ პირობებში, როდესაც დახარჯული ელექტროენერგიის გადასახადს პატიოსნად ვიხდით”, - აცხადებენ დარჩელის მკვიდრნი.

სემეკის ხელმძღვანელი გურამ ჩალაგაშვილი ადასტურებს, რომ ისეთი შემთხვევა, როდესაც მოსახლეობას დამატებითი გადასახადის გადახდას სთხოვენ, პირველი არაა.

“მსგავსი შემთხვევები სხვა რაიონებშიც იყო, რომელიც კომისია დაარეგულირა. ყველა ის აბონენტი, რომელსაც ოდესმე დენი მიეწოდებოდა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო სამი ფაზა თუ ჩვეულებრივი, სახლში წისქვილი ჰქონდა თუ რამე სხვა საწარმო, ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ. ამ შემთხვევაში ერთადერთი გადასახადი მრიცხველის საფასურია.

რაც შეეხება, ეს კაბელი იქნება, თუ სხვა რამ, არანაირი თანხის გადახდა ამ ადამიანებს არ მოუწევთ. მათ მხოლოდ მრიცხველის ღირებულება უნდა გადაიხადონ, რომელიც 1200 ლარზე გაცილებით ნაკლებია. ამ ადამიანებს შეუძლიათ ეს სამფაზიანი მრიცხველი თავად შეიძინონ, შეუძლიათ შეიძინონ კომპანიისგან.

ასეთი შემთხვევები სხვა რაიონებშიც იყო. მოსახლეობამ ჯერჯერობით არანაირი თანხა არ უნდა გადაიხადოს; უბრალოდ, ამასთან დაკავშირებით სემეკში განცხადება უნდა შემოიტანონ, რის შემდეგაც კომისია დაარეგულირებს ამ საკითხს”, - აღნიშნა სააგენტო “მედინიუსთან” საუბრისას ჩალაგაშვილმა.

ამ კომენტარის შემდეგ “ენერგო პრო ჯორჯიაში” განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლე აქამდე იყო აბონენტი, მას შეუძლია მრიცხველი თავად შეიძინოს და ქსელი თავად მოაწესრიგოს, ასევე შეუძლია დახმარებისათვის მათ კომპანიას მიმართოს. თუმცა,  კონკრეტული თანხა, თუ რა ღირს სამფაზიანი მრიცხველი და რა დაუჯდება მოსახლეობას ასეთი მრიცხველის დაყენება, “ენერგო პროში” არ დაასახელეს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენ კილოვატს მოითხოვს მომხმარებელი, ეს შეიძლება იყოს ერთიდან 10 კილოვატამდე ან მეტი, ფასის დარეგულირებაც კილოვატების მოთხოვნის შესაბამისად ხდება.