ელისო ჩაფიძე, "რეზონანსი"
ამას წინათ ჩვენი ბრიტანელი მეგობარი, დევიდ ქვინი გვესტუმრა საქართველოში. ბუნებრივია, დიდი სიხარულით შევხვდით. დევიდი "ბი-ბი-სის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო ამბების კორესპონდენტი იყო, ამჟამად კი ტომსონის ფონდის ტრენერია და აღმოსავლეთის პარტნიორობის 200-მდე ჟურნალისტს ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროკავშირის მასშტაბით კონფლიქტებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაში გვწვრთნიდა.
ჩვენ საერთო იდეები, წარსული, უამრავ ადგილას ყოფნის საერთო გამოცდილება გვაქვს და კიდევ ორი რამ გვაქვს საერთო: ისე გვიყვარს ჩვენი პროფესია, როგორც მანიაკებს და კიდევ - ყოველთვის გვინდა, ადამიანებამდე ის რეალობა მივიტანოთ, რაც ასე მნიშვნელოვანი და საჭიროა მათთვის. "ჩვენ გვინდა, სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ", "ჩვენ გვინდა, ადამიანებს ვუამბოთ ერთმანეთის შესახებ, რომ მერე მათ აღარ ჰქონდეთ ურთიერთკვლის სურვილი". ამაზე ჩვენ ერთად მსჯელობდით მაშინ, როცა პალესტინელ დევნილებსა თუ ისრაელის ტერიტორიაზე აშენებულ თავდაცვით ნაგებობებში ვისმენდით ადამიანურ ისტორიებს.
"ერთადერთი პრობლემა, რაც ტომსონის ფონდს შენთან ჰქონდა, ეს ისაა, რომ ვერ გაჩერებდით. ბევრს წერდი ძალიან", - მითხრა დევიდმა. ევროკავშირის ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ ჩვენი მეგობრობა ისევ გრძელდება, რადგან იცი, რომ დედამიწის ყველა კუთხეში გყავს კოლეგები, თანამოაზრეები, დევიდი, რომელსაც არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ის ადამიანებიც უყვარს, ვისაც გზადაგზა ხვდება მსოფლიოში რეპორტაჟებისა და ტრეინინგების პროცესში.
მას ჩემს გადაწყვეტილებაზე ვუყვები. იმაზე, თუ როგორ მიჭირს, დავტოვო ჩემი პროფესია და წავიდე იქით, სადაც ჩემთვის უცნობი და მძიმე გზაა, მოულოდნელობებითა და შესაძლოა, პოლიტიკური ინტრიგებით სავსე. საერთოდ გამოუცდელი ვარ ამ საქმეში. მგონი, 5 წლის რაც გავხდი, მას შემდეგ ვიცი, რომ მინდა, ჟურნალისტი ვიყო. 10 წლისამ რაიონულ გაზეთ "ტყიბულში" პირველი წერილი გამოვაქვეყნე და პირველი ჰონორარი მომიტანა თამარა ფოსტალიონმა - 1 მანეთი და 45 კაპიკი. ჩემს მიერ გამომუშავებული პირველი თანხა დღესაც ინახება ჩემს ერთ-ერთ უჯრაში. შემდეგ იყო "ნორჩი ლენინელი", "ილერდი", "ფაქტი, აზრი, კომენტარი", "ჯორჯიან თაიმსი", "რეზონანსი". უნივერსიტეტის რთული, მაგრამ საინტერესო წლები, სავსე სამოქალაქო ომით, დაძაბულობით, გაურკვევლობით.
ჩემი მეორე უცხოელი მეგობარი, ნორვეგიელი რაგნარ სკრე, ალბათ, არასოდეს წავა საქართველოდან. "თქვენთან იმდენი ისტორიებია", - ამბობს ის. რევოლუციები, სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ომი რუსეთთან... აღარაფერს ვამბობთ აქციებზე, მედიაში შევარდნებზე... მე და "რეზონანსმა" ეს ყველაფერი ერთად გადავიტანეთ. ერთად ყოფნის 18 წელი. ამ წლებში იყო ბევრი სტატია, თანამშრომელი, ბევრი პრობლემა და იმედგაცრუება. იყო სასამართლო პროცესები შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძესა და უშიშროების მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან. ვხუმრობდი, რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გატარებული მაქვს სასამართლოებსა და ციხეებში. არა ყალბი თავმდაბლობის გამო, არამედ გულწრფელად ძალიან მიხარია, რომ ზოგჯერ საშუალება მეძლეოდა, ჩემი იქ ყოფნით დავხმარებოდი იმ ადამიანებს, ვისი ბედიც წყდებოდა. არ ვიცი, რამდენად პროფესიონალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემთვის რომელიმე სასამართლო პროცესი ანდა ინტერვიუ პატიმართან არასოდეს ყოფილა სხვისი საქმე ან რიგითი ახალი ამბავი. მე მათი სახეები მახსოვს, ვიცი მათი მომავალი და ვტირი, როცა ჩემს ძველ რესპონდენტებს, მაგალითად, გოჩა ესებუას კლავენ, არა იმიტომ, რომ მათი ქცევა მომწონდა, არამედ იმიტომ, რომ ისინი ჩემთვის სტატისტიკური ადამიანები არასოდეს ყოფილან.
ამ ბოლო წლებში ძალიან ხშირად გვიკიჟინებენ, რომ აღარ ვართ ობიექტურები. მე მართლაც მგონია, რომ სადღაც დავკარგეთ ბალანსი, სადღაც დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარული და გაგების უნარი. მე ვაკრიტიკებ ჩემს კოლეგებს, რომლებიც სახელისუფლებო მედიაში მუშაობენ, მაგრამ არ მეჯავრება ისინი და ვერასოდეს ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას, რადგან იმედი მაქვს, ისინიც ისევე გულწრფელები არიან, როგორც მე ვარ ხოლმე ჩემს სტატიებში მაშინაც კი, როცა ვცდები.
ბოლო ერთი წელი ლამისაა, ქუჩაში გავატარე. ჯერ იყო და 26 მაისის აქციის დარბევამ და ადამიანების მკვლელობამ გამომიყვანა ქუჩაში, შემდეგ - ჩემი მეგობარი ფოტოგრაფების დაკავებამ, შემდეგ ჯიხურების აღებამ და გაზეთების მიზანმიმართული განადგურების მცდელობამ. "გადარჩება თუ არა ის, რაც მიყვარს?" ყოველთვის ვეკითხებოდი ჩემს თავს. ახლაც ვეკითხები. მე მივეჩვიე, რომ ყოველდღე უნდა ვიბრძოლო იმის გადარჩენისათვის, რაც მიყვარს.
მაგრამ ვხედავ, რომ როცა ადამიანები ჩემთან მოდიან, მათ შესაძლოა, უფრო მეტის გაკეთება სჭირდებოდეთ, ვიდრე მათ პრობლემებზე სტატიის დაწერაა. მგონია, რომ დღეს ჩემს ქვეყანას უჭირს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, რომ ადამიანებს ძალიან სჭირდებათ სოციალური დაცვის გარანტიები, განათლება, ის, რომ სახელმწიფომ მათ მინიმალური გარანტიები მისცეს ცხოვრებისა და არსებობისათვის.
ამის გამო ბევრი ვიფიქრე იმ შეთავაზებაზე, რაც "ქართული ოცნებიდან" მოვიდა. ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ წავიდე ისეთ ომში, რომლის წესებისა მე ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ვიცი, რომ იქაც, ისევე, როგორც ყველგან სხვაგან, ადამიანები არიან და უნდა ეცადო, ვინმეს თავზე კი არ გადაახტე და ადგილი მოიპოვო, არამედ ისეთი კუთხე მოძებნო, საიდანაც შესძლებ, უკეთ ემსახურო შენს ქვეყანას. სხვათა შორის, საქართველო პატარა ქვეყანაა მცირე მოსახლეობით და ის დროა, რომ თუკი ვექტორი არ შევაბრუნეთ, ერთმანეთის ჭამას და ლანძღვას თავი არ დავანებეთ და ქვეყნის უკეთ მოწყობაზე არ ვიფიქრეთ, ელემენტარული სამართლიანი სოციალური პოლიტიკისა და რესურსების სწორ გადანაწილებაზე, ძალიან რთულ დემოგრაფიულ, სულიერსა და ფიზიკურ მდგომარეობაში ვართ.
ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა არჩევანი უნდა გააკეთო, დარჩე სადღაც და პასიურად აკრიტიკო სხვისი ქმედებები თუ თავად სცადო, გააკეთო რამე. დღეს შანსი მომეცა, რომ თავად ვცადო და მე ვცდი ამას ჩემი ქვეყნისათვის, ჩემი ოჯახისათვის, ახლობლებისათვის, მკითხველებისათვის და იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც არ მოვწონვარ, მაგრამ თავისი ფხიზელი თვალით მაფხიზლებს და მიბიძგებს განვითარებისაკენ.
მე პოლიტიკაში მივდივარ იმ პროტესტის გამო, რომელიც ამ ხელისუფლების მიმართ დამიგროვდა და მივდივარ იმ ადამიანთან ერთად, ვინც თავისი განვლილი გზით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ოცნებების ასრულება.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრებზე საშუალება მქონდა, გამეგო მისი ხედვების შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შეცვლას. ჩემი აზრით, ესაა ადამიანი, რომელიც არ გასცემს დაპირებებს და აკეთებს საქმეს. ცოტა რამეს ჩვენი არასაგაზეთო საუბრიდანაც ვიტყვი. როცა ჩემი მემარცხენე იდეების შესახებ ვუამბე, რაც მოსახლეობისათვის არსებული სადაზღვევო პროგრამების შენარჩუნებასა და განათლების ხელმისაწვდომობას ეხებოდა, მან მითხრა, რომ მთელი მისი ქონებაც რომ დარიგდეს, ეს მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება იქნება და შედეგს არ მოიტანს. "ჩვენ უნდა შევძლოთ, ადამიანებს თავისუფალი შრომის საშუალება მივცეთ. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, როცა სახელმწიფო უბიძგებს და დაეხმარება ინიციატივიან ადამიანებს, წამოიწყონ საკუთარი საქმე და თავად შექმნან პროდუქცია", - მითხრა მან.
სოციალურ სამართლიანობაზე აგებული ურთიერთსოლიდარული, განათლებული და ღირსეული საზოგადოება უნდა გახდეს ის იდეალი, რომლისკენაც "ქართული ოცნება" და მისი ლიდერები უნდა მიისწრაფვოდნენ.
ბუნებრივია, ვაპირებ, დავიცვა ჟურნალისტების და იმ მოქალაქეების უფლებები, ვინც უსამართლოდ იჩაგრება. ვფიქრობ, სიძულვილზე დამყარებული პოლიტიკა ვერასოდეს გახდება პოპულარული საქართველოში. გაძლევთ პირობას, რომ პირველი ვიტყვი იმის შესახებ, თუკი ჩვენი პოლიტიკური ძალა წავა არასწორ გზაზე, რასაც პოლიტიკოსების მიერ ძალაუფლებისა და სიმდიდრის ხელში ჩაგდება და ადამიანების უსამართლო ტერორი ჰქვია.
მოკლედ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, მადლობას გიხდით 18-წლიანი ერთგულებისათვის, იმისათვის, რომ ჭირშიც და ლხინშიც ჩვენ გვერდით იდექით. მადლობას გიხდით და მომავალშიც მაქვს თქვენი სიყვარულის, მხარდაჭერისა და კრიტიკის იმედი.
ძალიან მიხარია, რომ ჩემი მეგობრების, კოლეგებისა და თანამშრომლების წრიდან არავის გახარებია ის, რომ სამსახურიდან მივდივარ. ბევრია ცრემლი და მხარდაჭერა, მაგრამ ამავე დროს დიდი იმედი, რომ თუკი არჩეული გზიდან გადავუხვევ და ისეთი გავხდები, რის გამოც სხვებს ვაკრიტიკებდი, პირველები, ვინც გამაკრიტიკებენ, "რეზონანსელები" იქნებიან.
ბიძინა ივანიშვილი იმის გამო არ ამირჩევია, რომ მას ფული აქვს, თუმცა ჩემი მეგობრები მამზადებენ, ავიტანო ის, რომ ამასაც იტყვიან. თუ თქვენ ამ დღეებში კორტებთან გამართულ აქციას ადევნებდით თვალყურს, უნდა გენახათ, რამდენ გაჭირვებულ, გაუბედურებულ, მომავლისადმი შიშით, მაგრამ იმედით მომზირალ საქართველოს მოქალაქეს აქვს მისი იმედი. მე აქ ამ იმედების განხორციელების შანსი დავინახე, თუმცა ფული და ძალაუფლება თავის დროზე ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან უფრო კონკრეტულად შემოუთავაზებიათ, ვიდრე დღეს.
და ბოლოს, მივდივარ პოლიტიკაში და ღმერთს ვთხოვ, მე ან ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა კი არა, საქართველომ გაიმარჯვოს.
647
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85