კობა ბენდელიანი, “ინტერპრესნიუსი”
ირანში ვითარების გამწვავების ალბათობასა და იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, რამდენად სავარაუდოა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო საომარი მოქმედებების დაწყება, "ინტერპრესნიუსი" აზერბაიჯანელ ექსპერტს, პარლამენტარსა და აზერბაიჯანის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, რასიმ მუსაბეკოვს ესაუბრა.
- ბატონო რასიმ, ირანის ირგვლივ განვითარებული პროცესები, ერთი მხრივ ისრეალის, მეორე მხრივ რუსეთის აქტიურობა იმავე სირიასა და ირანთან მიმართებაში მიუთითებს, რომ ვითარება ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. ამერიკელები კი აცხადებენ, რომ შეძლეს ისრაელის დარწმუნება, არ განახორციელონ თეირანზე დარტყმა, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, როგორ განვითარდება პროცესები. თქვენი აზრით, რამდენად დიდია ირანში საომარი მოქმედებების ალბათობა?
- აშკარაა, რომ ირანის მხრიდან აქტიურობამ საომარი მოქმედებების დაწყების რისკები მნიშვნელოვნად გაზარდა. ძალიან ბევრი ვარაუდობს, რომ სამხედრო მოქმედებები ირანში შესაძლოა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ანაც ზაფხულში დაიწყოს. რეალობა მესმის, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ირანის ხელმძღვანელობას ეყოფა კეთილგონიერება, არ გადაკვეთოს წითელი ხაზი, ნაპოვნი იქნება კონფლიქტის გადაწყვეტის პოლიტიკური საშუალებები და ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.
- ყველა თანხმდება, რომ ირანში საომარი მოქმედებების დაწყებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება, მაგრამ იგივე რუსეთი, რომელიც სირიის საკითხში საერთაშორისო ასპარეზზე თითქოს სამშვიდობო ინიციატივებით გამოდის, თადარიგს იჭერს და ირანში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარებს განიხილავს. რუსული წყაროების ინფორმაციით, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განლაგებული თავისი სამხედრო ძალები მზადყოფნაში მოიყვანა. საქართველოს სანაპიროებთან ახლოს კურსირებენ რუსული ფლოტის ხომალდები. მოსკოვში არ გამორიცხავენ სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზებზე იარაღისა და საწვავის საქართველოს გავლით შეტანის შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში თუ ირანში ომი მაინც გაჩაღდა, თქვენი ვარაუდით, რა სცენარით იმოქმედებს რუსეთი?
- საერთოდ, ამაზე აბსურდული სცენარის მოფიქრება ძალიან ძნელი იქნებოდა. ამ გეგმით, რუსეთი პრაქტიკულად აცხადებს, რომ თუ დასავლეთი ირანზე დარტყმას განახორციელებს, საქართველოს ოკუპაციას მოახდენს. თავად რუსული საბაბი, ანუ სომხეთში რუსული ბაზების უზრუნვეყოფის გეგმები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანში ომი დაიწყო, სომხეთს არაფერი არ ემუქრება. სომხეთი აცხადებს, რომ მისთვის ირანი მეგობრული სახელმწიფოა. რა სამხედრო ტვირთების შეტანაზე საუბრობს რუსეთი სომხეთში და რისთვის, გაუგებარია. აშკარაა, რომ რუსეთი საქართველოში შესასვლელად საბაბს ეძებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს საბაბი უსუსური და გაუგებარია. ვიმეორებ, რუსული არგუმენტები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
საქართველოს, ესმის რა რისკების არსებობა არა ირანიდან, არამედ რუსეთიდან, დიდი ხანია, ცდილობს დაუახლოვდეს ნატო-ს და საქართველოს ტერიტორიაზე განალაგოს აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა.
- ყველაზე არასასურველ და ფორს-მაჟორულ ვითარებაში, როგორი შეიძლება იყოს ქართული მხარის ოპტიმალური მოქმედება?
- ჩემთვის ძნელია საქართველოს ხელმძღვანელობის ნაცვლად საუბარი. ყველა შემთხვევაში, საქართველოს მოქმედება იმგვარი უნდა იყოს, რომ მინიმალურადაც არ გამოიწვიოს რუსული მხარის გაღიზიანება. ცხადია და გასაგებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მაინც შეიჭრა, საქართველოს რუსულ ძალასთან მარტო გამკლავება გაუჭირდება. ასეთ ვითარებაში, საქართველოს მხარეზე და საქართველოსთან ერთად უნდა ისაუბრონ აშშ-მ, ევროპელებმა და თურქეთმა, რომლებმაც რეგიონში აზერბაიჯანსა და საქართველოს მხარდაჭერის ხელი გაუწოდეს.
- მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სამხედრო ბიუჯეტი ორჯერ გაზარდა, ბაქო აცხადებს, რომ სომხეთთან ომს არ აპირებს. ირანში ომის დაწყების შემთხვევაში, რამდენად სავარაუდოა ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების დაწყება?
- მოვლენათა ამგვარი განვითარება საუკეთესო შესაძლებლობა იქნებოდა რუსეთისთვის, სომხეთთან მითიური კორიდორი საქართველოს ხარჯზე გაეკაფა, მაგრამ ეს ხომ საქართველოს ოკუპაციის ტოლფასი იქნებოდა. არც ის არის გასაკვირი, აზერბაიჯან-სომხეთს შორის კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთს ასეთი სურვილები რომ გაუჩნდეს.
ჩემი აზრით, ასეთი გეგმა და სურვილები ავანტურისტულია. მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ ირანში ვითარების გამწვავების შემთხვევაში საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონში მარტონი არ არიან. შემთხვევითი სულაც არ იყო ბაქოში თურქეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის ვიზიტი, შარშან აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის საზღვაო ძალების მინისტრი, პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისისა და ბაქოს პარტნიორები რეგიონში ვითარების გამწვავების შემთხვებაში საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის ყველა ნეგატიურ შესაძლებლობას განიხილავენ.
ვიმედოვნებ, რომ მოსკოვსაც ეყოფა გონიერება, არანაირი საბაბი არ გამოიყენოს რეგიონში სამხედრო ძალის შემოსაყვანად. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შესაძლებლობას - ნებისმიერი ჭკუადმყოფელი ადამიანისთვის ნათელია, რომ ირანთან დაკავშირებულმა სერიოზულმა რისკებმა არ უნდა დაამძიმოს რეგიონი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირებით. ამაზე ბაქო არ წავა.
რაც შეეხება ვითარებას ირანთან დაკავშირებით. დღეს ძნელია საუბარი, როგორი გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩამოყალიბდება ვითარების განმუხტვის შემდეგ, ვინ რა დივიდენდებს მიიღებს. ეს უკვე პოსტკონფლიქტური პერიოდის განხილვის თემაა და მათ განხილვას ახლა აზრი არა აქვს.
- კრემლი დიდი ხანია, ცდილობს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში ბაქომ რუსეთს მომრიგებლისა და მშვიდობისმყოფელის სტატუსი მიანიჭოს. შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გამწვავების მიზანი სწორედ ეგ იყოს. რამდენად სავარაუდოა, ოფიციალურმა ბაქომ დააკმაყოფილოს კრემლის ოცნება და აზერბაიჯანულ-სომხურ კონფლიქტში მომრიგებელ-მშვიდობისმყოფელად აღიაროს?
- ჩვენ კარგად ვნახეთ რუსეთის მშვიდობისმყოფელობა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში; ჩვენ რუსეთის ამგვარი მშვიდობისმყოფელობა არ გვჭირდება. თუ აზერბაიჯანმა ამაზე უარი თქვა 16 წლის წინ, როცა გაცილებით სუსტი ქვეყანა იყო, ახლა იმის მოლოდინი, რომ ბაქო რუსეთს რეგიონში ნებისმიერი საბაბით სამხედრო ძალით შემოსვლაზე დათანხმდება, არარეალური და გადაჭარბებულია.
- ირანში ვითარების გამწვავების შემთხვევაში, როგორ იმოქმედებს ანკარა ერთი მხრივ ირანთან მიმართებაში, ხოლო მეორე მხრივ აზერბაიჯანთან მიმართებაში?
- თუ თურქეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებებს გავაანალიზებთ, ჩვენთვის ცხადი გახდება, რომ ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაშიც არ დაუშვებს ანკარა თურქეთის ტერიტორიის გამოყენებას. თუ ირანი აზერბაიჯანთან ურთიერთობაში ავანტურისტული გეგმების განხორციელების გზას დაადგება, მაშინ უდავოა, რომ ანკარა აზერბაიჯანს დაუჭერს მხარს. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანის პოზიციები არა მარტო თურქეთმა, არამედ რუსეთმაც დაიცვას.
- თქვენ ბრძანეთ, რომ ირანში ვითარების გართულებისა და სომხეთისთვის დახმარების აღმოჩენის საბაბით რუსული მხარის გეგმების რეალიზაციის დაწყების შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და თანამეგობრობის იმედი უნდა ჰქონდეს. თქვენი აზრით, ფორს-მაჟორულ ვითარებაში რამდენად შეიძლება ჰქონდეს საქართველოს დასავლეთის დახმარების იმედი?
- ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა კონკრეტული დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ აშშ-სა და თურქეთს შესწევთ უნარი, განუმარტონ და დაარწმუნონ რუსეთი, რომ საქართველოს მიმართ რუსული სამხედრო გეგმები ძალიან სარისკოა.
699
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85