რა ჯდება განათლების მიღება საქართველოსა და უცხოეთში

რა ჯდება განათლების მიღება საქართველოსა და უცხოეთში

ექსპერტთა აზრით, დღეს საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტი დაახლოებით 3.150 დოლარია, რაც სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ძალიან მცირეა (მაგალითად, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 47.284 დოლარია, დიდ ბრიტანეთში - 32.798, საფრანგეთში - 41.019) აქედან გამომდინარე, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების ქვეყნების ჯგუფში შედის. თუ ამ მონაცემებს გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დაწესებულ გადასახადს მშობლების უმეტესობა გაჭირვებით იხდის და ბოლო წლების განმავლობაში უმაღლესი განათლების მიღება ჩვენს ქვეყანაში ფუფუნებად იქცა. 

მანანა ნიკოლეიშვილი, განათლების ლიგის თავმჯდომარე: 
- ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში დაწესებული სწავლის საფასური სახელმწიფოს მიერ არაგონივრული პოლიტიკის გატარებაზე მიანიშნებს. მშობლების უმეტესობა ვერ სწვდება ამ გადასახადს, მით უფრო, რომ ახლა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ, ოთხის ნაცვლად, უკვე რვა საგანში ემზადებიან რეპეტიტორთან.

- თქვენი ოპონენტები, ალბათ, მოიშველიებენ უცხო ქვეყნების მაგალითს, სადაც უმაღლეს სასწავლებლებში, ფაკულტეტების მიხედვით, წლიური გადასახადი 30-დან 60 ათას დოლარამდე მერყეობს
- სამაგიეროდ, იქ მცხოვრებთ ისეთი მაღალი ანაზღაურება აქვთ, რომ სწავლის საფასურის გადახდა არ უჭირთ. ჩვენთან კი ცოტაა ისეთი ოჯახი, ორივე მშობლის ყოველთვიური შემოსავალი თუნდაც 1.500 ლარს რომ აღწევდეს. გარდა ამისა, ამერიკელი, ფრანგი თუ ინგლისელი სტუდენტი ასეთ მაღალ გადასახადს მხოლოდ პრესტიჟულ კერძო უმაღლეს სასწავლებელში იხდის, სახელმწიფო უნივერსიტეტები კი იქ 100 პროცენტით ფინანსდება. მაგალითად, ჩვენი მოსახლეობისთვისაც ცნობილ პარიზის უნივერსიტეტში, სორბონაში, რომელიც მე-12 საუკუნეში შეიქმნა, სწავლა უფასოა. საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში კი სტუდენტს სწავლის საფასურის დაფარვა მაინც უწევს. მართალია, კერძო სასწავლებლებისგან განსხვავებით ნაკლებს იხდის, მაგრამ ხომ იხდის?!

- ბოლო ორი წელიწადია, განათლების სამინისტრო აღარ აფინანსებს ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის მედიცინა, იურისპრუდენცია, ჟურნალისტიკა...
- სახელმწიფომ პრიორიტეტულად ცნო საბუნებისმეტყველო მიმართულებები, მიიჩნია, რომ ექიმები, ჟურნალიტები და იურისტები ისედაც ბევრი გვყავს. რა დააშავეს იმ სტუდენტებმა, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება ვერ მოიპოვეს, მაგრამ ზემოაღნიშნული პროფესიების დაუფლება სურთ?

- სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერება ხშირია?
- საკმაოდ ხშირი. ბოლო წლებში ბევრმა სტუდენტმა აიღო აკადემიური იმის გამო, რომ მისი ოჯახი სწავლის საფასურს ვერ ფარავდა. 

ახალი სასწავლო წლიდან თბილისის მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში სწავლა ფასიანი გახდა - თვეში 35-დან 80 ლარამდე მერყეობს. ამ გადასახადის საშუალო მაჩვენებელი 50 ლარია. თუ ამ თანხას 10 თვეზე (ზაფხულში ბაგა-ბაღები ისვენებენ) გავამრავლებთ, წლიური გადასახადი 500 ლარი გამოდის, სამი წლის განმავლობაში კი ოჯახს 1500 ლარის გადახდა უწევს. შემდეგი ეტაპია სკოლა: კერძო სკოლებში გადასახადი, სულ ცოტა, თვეში 200 ლარია. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, დაწყებით კლასებში (1-ლი, მე-2 და მე-3) მშობელი 100-200 ლარს ხარჯავს (ერთი ბავშვისთვის), ესეც დაახლოებით 600 ლარი სამ წელიწადში. თუ ამას მივუმატებთ შემდეგი ცხრა წლის განმავლობაში სასკოლო ნივთებსა და სახელმძღვანელოებში ყოველწლიურად საშუალოდ დახარჯულ თანხას - 500-600 ლარს, დაახლოებით 6 ათას ლარს მივიღებთ. დამამთავრებელ კლასში რეპეტიტორებთან რვა საგანში მომზადება დაახლოებით 8.000 ლარი ჯდება. 

საერთო ჯამში, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე, მშობელი ბავშვისათვის დაახლოებით 16 ათას ლარს იხდის (ბაღის გადასახადი+სკოლის გადასახადი+რეპეტიტორები). ამ ყველაფერს ემატება უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადი, რომლის დაანგარიშება თქვენთვის მოგვინდია, რადგან ეს უკვე თქვენი შვილის მიერ არჩეული ფაკულტეტისა და სასწავლებლის მიხედვით უნდა განსაზღვროთ. თუმცა, საქართველოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საშუალო გადასახადი წელიწადში დაახლოებით 4.000 ლარია და ბაკალავრის დიპლომის აღებამდე (4 წელიწადში) 16 ათასი ლარი უნდა გადაიხადოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენი შვილი მაგისტრატურაში გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას, რაღა თქმა უნდა, სწავლის საფასური აქაც უნდა დაფაროთ. ასე რომ, თუ გსურთ, შვილს სრულფასოვანი განათლება მისცეთ, ოჯახის ბიუჯეტიდან 32-35 ათასი ლარი მაინც უნდა გადადოთ. 

მოკლედ, საბავშვო ბაღიდან დაწყებული და უმაღლესი სასწავლებლით დამთავრებული, ყველაფერი ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელსაც საშუალო შეძლების ოჯახი გაჭირვებით, ზოგჯერ კი საერთოდ ვერ სწვდება.


მსოფლიოს პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლები და სწავლის საფასური წელიწადში

ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ) - 50-60 ათასი დოლარი (დაახლოებით - 82-98 ათასი ლარი).
იელის უნივერისტეტი (აშშ) - 34.530 დოლარიდან (დაახლოებით 58 ათასი ლარი).
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი - 14-34 ათასი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 36-80 ათასი ლარი).

სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ) - 45 ათასი დოლარი (დაახლოებით 73 800 ლარი).
კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - 30 ათასი დოლარი (დაახლოებით 49.200 ლარი).
პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ) 35 ათასი დოლარი (დაახლოებით 57.400 ლარი). 
კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ) - 31 500 ათასი დოლარი (დაახლოებით 51 660 ლარი). 
კემბრიჯის უნივერისტეტი (დიდი ბრიტანეთი) - 9 ათასი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 23 670 ლარი). 

ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) 9-12 ათასი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 23 670 - 31 560 ლარი).


საქართველოს პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლები და სწავლის საფასური წელიწადში

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - 6 950 ლარი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2 250 ლარი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2 250 ლარი.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - 6 000 ლარი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 4 600 - 5 750 ლარი. 
კავკასიის უნივერსიტეტი - 5 900 -+ 6 400 ლარი.
იაბი. ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი - 4 700 ლარი.
სდასუ (საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი) - 4 700 ლარი.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - 5 ათასი ლარი.