ბიძინა ივანიშვილმა მომავალი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები წარადგინა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ჯგუფში ცნობილ ფეხბურთელს კახი კალაძეს, ჟურნალისტ ელისო ჩაფიძეს, ზურაბ ჟვანიას ძმას - გოგლა ჟვანიას, ასევე, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასაც მოიაზრებდნენ. აქ ის სახეები უნდა გაერთიანებულიყო, რომლებსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ ექნებოდა და არც ყოფილ პოლიტიკოსებად იწოდებოდნენ.
მართლაც, მოლოდინი თითქმის გამართლდა: ბიძინა ივანიშვილმა თავად წარუდგინა საზოგადოებას თავისი მომავალი თანაგუნდელები: ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მწერალი გურამ ოდიშარია, მეცნიერი ვანო კიღურაძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, ბიზნესმენი გიორგი (გოგლა) ჟვანია, უფლებადამცველი თამაზ ავდალიანი, იურისტი მანანა კობახიძე, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური, ექსპერტი თედო ჯაფარიძე, გია ვოლსკი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, დიპლომატი მაია ფანჯიკიძე.
პრეზენტაციაზე ელოდნენ კახი კალაძის გამოჩენასაც. თუმცა კახი კალაძე, ისევე, როგორც საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრები - ლერი ხაბელოვი, ნუგზარ დავითაშვილი არ გამოჩენილან. აქ არ ყოფილა სალომე ზურაბიშვილი, როგორც გაირკვა, მას პოლიტიკაში დაბრუნება ჯერ არ გადაუწყვეტია. თუმცა პრეზენტაციას ესწრებოდა გუგული მაღრაძე, მაგრამ იგი საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის არ დაუსახელებიათ.
სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელი საინიციატივო ჯგუფის წევრებიდან ზოგიერთი მათგანი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული აკადემიის“ წევრია. მაგალითად, ნინელი ჭანკვეტაძე და ივანე კიღურაძე.
საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა ადასტურებს, რომ ბიზნესმენს გაცილებით ხიბლავს პოლიტიკაში გაუსვრელ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი წარსულის გათვალისწინება. ამ აზრს იზიარებენ ექსპერტებიც. მათი აზრით, პოლიტიკაში გაცვეთილი სახეების მიმართ საზოგადოებას ნდობა აღარ აქვს. ამ დასკვნამდე კი, არა მარტო ბიძინა ივანიშვილი, არამედ - თვით ნაციონალებიც მივიდნენ. მათაც მოყირჭდათ თავიანთი ძველი სახეებით მანიპულირება. ამიტომაც აღარ ჩანან ვარდების რევოლუციის ელვარე სახეები და, სავარაუდოდ, ნაციონალების ამჟამინდელ მბრწყინავ სახეებსაც ჩამოალაბორანტებენ.
რაც შეეხება ელისო ჩაფიძეს (რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პირველად დაასახელა), იგი ჟურნალისტიკას აღარ დაუბრუნდება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არც ნანობს, რადგან დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი წარმატებას მიაღწევს. პოლიტიკაში წასვლა კი ჟურნალისტს ხელისუფლებამ აიძულა. „რეზონანსში“ მუშაობას რომ ვეღარ გააგრძელებდა, ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც მასმედიის მიმართ მმართველმა გუნდმა პირდაპირი აგრესია და მედიის თავისუფლების შეზღუდვა გამოიჩინა.
„მე დავინახე ის ძალა, რომელსაც შემიძლია დავეხმარო და გვერდში დავუდგე,“ - აცხადებს აწ უკვე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი სახე ელისო ჩაფიძე.
პოლიტიკაში წასული ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ ამ ასპარეზიდან უფრო მეტის გაკეთებას მოახერხებს ქვეყნისთვის და მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების განხრით იმუშავებს. მით უფრო, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ციხეებსა და სასამართლოებში აქვს გატარებული.
ნინელი ჭანკვეტაძისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ დაამსხვრია მითი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა.
„როგორც გაზაფხულის მოსვლაა გარდაუვალი, ისე ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია. შეუძლებელია, ამ გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა ვინმემ შეაჩეროს. ჩვენ დღეს ვდგავართ გზაჯვარედინზე და შეგვიძლია, ავირჩიოთ გზა, როცა შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ წესიერი, ღირსეული ადამიანები, რომელთაც არაფრის ეშინიათ და უყვართ საკუთარი ქვეყანა“, - აღნიშნავს მსახიობი, რომლის აზრითაც, ბიძინა ივანიშვილის გუნდის პრიორიტეტი სწორედ ღირსებაა.
გოგლა ჟვანიასთვის ბიძინა ივანიშვილის გუნდში გაერთიანება დროებითი მოვლენაა. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნორმალურ რელსებზე გადაეწყობა, გოგლა ჟვანია თავის ადგილს პოლიტიკაში ვერ ხედავს.
„არ ვაპირებ, ჩემი ცხოვრება პოლიტიკას მივუძღვნა. ჩვენ კი მეტ-ნაკლებად აქტიურები ვიყავით, მაგრამ პოლიტიკოსები არ ვყოფილვართ. ჩვენ შორს მიმავალი პოლიტიკური გეგმები არ გვაქვს, ჩვენი გაერთიანება საზოგადოებისთვის მოწოდებაა, რათა ისინი შემოგვიერთდნენ და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის, რადგან „ვარდების რევოლუციის“ დეკლარირებული მიზნები დღითიდღე იმსხვრევა,“ - აცხადებს გოგლა ჟვანია.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიას კიდევ ბევრი ადამიანი შეემატება. მათ შორის, სოზარ სუბარი და, სავარაუდოდ, ეკა ბესელია. ივანიშვილის პარტიას „ქართული ოცნება“ – „დემოკრატიული საქართველო“ ერქმევა. მარტის ბოლომდე რეგიონული სტრუქტურების ფორმირება დასრულდება, ამ ეტაპზე კი „ქართულ ოცნებას“ 44 რეგიონში აქვს რეგიონული სტრუქტურები. ბიძინა ივანიშვილის თქმით, სტრუქტურების ფორმირება გაჭიანურდა, რადგან ხელისუფლება ცდილობს, მათ ხელი შეუშალოს და საოფისე ფართის გაქირავებას მეპატრონეებს უკრძალავს. ასეთი ყოველდღიური პრობლემების მიუხედავად, პარტიის პრეზენტაცია და დამფუძნებელი ყრილობა მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება, ხოლო პოლიტიკური პარტიის ლიდერი და საარჩევნო სიის №1 წევრი ბიძინა ივანიშილი თავად იქნება. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მას მოქალაქეობას არ დაუბრუნებს, მაშინ გუნდს სათავეში მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე ჩაუდგება.
„სააკაშვილი ცდილობს, საქართველოს მოსახლეობა და ევროპა დაარწმუნოს, თითქოს დემოკრატიას აშენებს, სინამდვილეში კი, მისი მოქმედებები ბატონ-ყმობის პერიოდს უფრო ეხმაურება. თავის გამოსვლებში იგი ოპონენტებს „ბნელეთის ძალებს“ უწოდებს“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომაც გადაწყვიტა, შეეექმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიეღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ისევე, როგორც ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის პირველმა შეხვედრამ, დღევანდელმა შეხვედრამაც არ ჩაიარა პინგვინების თემის გარეშე. როცა „რეალ-თივის“ ჟურნალისტი დაინტერესდა, ეწვეოდა თუ არა ივანიშვილი მის ტელევიზიას და კერძოდ, გადაცემა „პოლიტიკურ კვირას“ და ამით დაამტკიცებდა, რომ მისთვის რჩეული ტელეკომპანიები და ჟურნალისტები არ არსებობენ, ივანიშვილი დაჰპირდა, რომ, თუ იქნებოდა შესატყვისი სიტუაცია, ეწვეოდა, თუმცა იქვე დაამატა: „პინგვინებით წამოვიდე თუ პინგვინების გარეშე?!“
Presage.tv ესაუბრა მწერალ გურამ ოდიშარიას და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.
გურამ ოდიშარიას თქმით, იგი დიდხანს თავს არიდებდა პოლიტიკას, მაგრამ მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი პერსონა საინტერესო იმით აღმოჩნდა, რომ იგი უკვე დიდი ხანია, სახალხო დიპლომატიის ეგიდით, ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებშია ჩართული. გარდა ამისა, მწერალი ხშირად ხვდება დევნილებს, ამასთან, კავკასიური ფორმატით ღებულობს მონაწილეობას, მათ შორის, კონფლიქტოლოგიის ხაზით, ქართულ- ოსური, ქართულ- აზერბაიჯანული, ქართულ- სომხური ურთიერთობების თვალსაზრისით.
„რა თქმა უნდა, მწერლობას არ ვემშვიდობები. მაგრამ, რაკი ამ გუნდში გავერთიანდი, როგორც პოლიტიკოსი, ისე წარვდექი საზოგადოების წინაშე. რაღაც გამოცდილება მეც მაქვს, ახალგაზრდაც არ ვარ, პროფესიით ისტორიკოსი გახლავართ, თქვენი კოლეგა_ ჟურნალისტიც ვარ. მთელი ბოლო 25 წლის განმავლობაში, სრულიად პოლიტიკური სპექტრი ჩემს თვალწინ იქმნებოდა. არ მინდა, ის შეცდომები განმეორდეს, რაც აფხაზეთში მოხდა. მინდა, ჩემი სიტყვაც ვთქვა და ხელი შევაშველო აფხაზურ-ქართულ დიალოგს. ხშირად ხდება, რომ ვერ ლაპარაკობენ ქართულად, შიგნით წინააღმდეგობები გვაქვს, მაგრამ, რადგან სოხუმში ესენი ვნახეთ და გადავიტანეთ, სულ იმის ფიქრში ვარ, მაშინაც რომ გვესაუბრება აფხაზებთან, სამოქალაქო ომი არ გვექნებოდა. ამიტომ ჩემს თავს ვხედავ ამაში, რათა ისეთი სიტუაცია შევქმნათ, ჩვენი ღვაწლი უკვალოდ არ დაიკარგოს და ქვეყნის სიკეთეს მოხმარდეს”, - აცხადებს გურამ ოდიშარია.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, არაფერი გასაკვირი არაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა აპოლიტიკურ ადამიანებზე შეაჩერა არჩევანი, რადგან ეს ადამიანები პოლიტიკაზე ისედაც ხშირად მსჯელობენ.
„დამისახელეთ პოლიტიკური ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა, შეეყვანა საინიციატივო ჯგუფში?! ჩვეულებრივი პოლიტიკოსები უკვე განაწილებულნი არიან სხვადასხვა პარტიაში. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ხომ არ მოუწოდებდა, შენი პარტია დატოვე და ჩემს პარტიაში გადმოდიო?! რეალურად, ქართულ პოლიტიკაში ასეთი რთული მდგომარეობაა, ამიტომ ახალი პოლიტიკური რეალიზმის შესაქმნელად, ბუნებრივია, უნდა მოიძიო ადამიანები არაპოლიტიკური სივრციდან, მაგრამ ის ხალხი, რომელიც პოლიტიკაზე მსჯელობს, რაც მე ნუსხა ვნახე, იქ ყველა ცნობილია იმით, რომ პოლიტიკაზე საკუთარი პოზიცია აქვთ და პოლიტიკურ საკითხებზე გარკვეული თვალსაზრისი გამოუთქვამთ. ასე რომ, ისინი აპოლიტიკურები ამ მხრივ არ არიან”, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, ეს სახეები „ქართულ ოცნებას“ იმას მოუტანს, რაც ოცნებას სჭირდება. დღეს კი ამ პოლიტიკური პარტიისთვის აუცილებელია, საზოგადოების წინაშე წარდგეს და საზოგადოებიდან მიიზიდოს ახალი ძალები, ახალი სახეები.
“მათ უნდა მოახერხონ, ხორცი შეასხან პოლიტიკურ ორგანიზაციას. შეიძლება, ეს საინიციატივო ჯგუფი მოგვიანებით პარტიულ სტრუქტურებში აღმოჩნდეს, შეიძლება - არც აღმოჩნდეს პარტიულ სტრუქტურებში. ასეთი ხორცშესხმისთვის სწორედ ის სახეები, რომლებიც საზოგადოებისთვის სანდოა და, რომლებსაც შეუძლიათ, პოლიტიკურ რეალობაზე მსჯელობა და არგუმენტაცია, მე მგონი, ადექვატურია. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სხვა როგორი შეიძლება, ყოფილიყო საინიციატივო ჯგუფი, ძნელად წარმომიდგენია” - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.