სახალხო კრება მესამე პოლიტიკური ცენტრი არ გახდება

სახალხო კრება მესამე პოლიტიკური ცენტრი არ გახდება

არ გამართლდა ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შემავალი ოპოზიციის შიში. გაირკვა, რომ სახალხო კრება მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას და ამით სახელისუფლო წისქვილზე წყლის დასხმას არ აპირებს. ისინი ბიძინა ივანიშვილს მიზნების განხორციელებაში ხელს არ შეუშლიან. მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სახალხო კრება ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს ეძებს... თუმცა, ამ გზაზე ნინო ბურჯანაძის დაკარგვასაც არ აპირებენ. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს სახალხო კრების წევრები ვერ ელევიან და აცხადებენ, რომ ის და სახალხო კრება განუყოფელია.

„რაც შეეხება სახალხო კრებას, ნინო ბურაჯანაძე, თემურ შაშიშვილი, კახა კუკავა, რომლებიც ჩვენთან არიან, ჩვენ მოვიაზრებთ ჩვენს თავს მათთან ერთად და არ არსებობს ჩვენი განცალკევება,“_ განაცხადა სასტუმრო „ძველ თბილისში“ სახალხო კრების აღმასრულებელ საბჭოსა და სათათბირო ორგანოს - „დარბაზის“ წევრების შეხვედრის შემდეგ სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა და ამით გააქარწყლა მოსაზრებები იმის თობაზე, რომ, შესაძლოა, მომავალში სახალხო კრება ბიძინა ივანიშვილის კოალიციას ნინო ბურჯანაძის გარეშე შეერთებოდა.   

ძნელი სათქმელია, რამდენად ისურვებს ბიძინა ივანიშვილი მისთვის მსოფლმხედველობრივად განსხვავებული ნინო ბურჯანაძის გამო სახალხო კრებასთან თანამშრომლობას, თუმცა ბურჯანაძეც ადასტურებს, რომ მავანნი ტყუილად ცდილობენ სახალხო კრებასთან მის დაცილებას.  

„სხვათაშორის, საინტერესოა, რომ ბურჯანაძის და სახალხო კრების გამიჯვნა ხდება, ჩვენ ერთი ფასეულობები, ერთი რწმენა გვაქვს, ერთნაირად ვხედავთ საკითხებს“, - აცხადებს ბურჯანაძე და სულაც არ აპირებს, შეეგუოს დასავლური ფასეულობებისგან შორს მყოფი პოლიტიკოსის იმიჯს. ამ შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძე, თავის ჩვეულ სტილში, კატეგორიულია:

„მე დასავლურ ფასეულობებზე ნურავინ ნუ მელაპარაკება, იმიტომ, რომ დასავლური ფასეულობებისთვის როცა ვიბრძოდი ქვეყანაში (ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი ვიყავი), სხვები ამ დროს რას აკეთებდნენ, მე არ ვიცი, ალბათ, თავის საქმეს აკეთებდა ყველა კარგად. მაგრამ დასავლურ ფასეულობებზე ბურჯანაძესთან ლაპარაკი არ არის სწორი. იმედი მაქვს, ჩვენი განმარტებების გაკეთების შემდეგ ამ საკითხებზე საუბარი მორჩება. არავის არ სჭირდება თავის მართლება, რატომ არ ელაპარაკებიან ბურჯანაძეს. შეუძლიათ, თქვან, რომ არ მოსწონთ და იმიტომ არ ელაპარაკებიან. მაგრამ იმის დაბრალება, რასაც ხელისუფლება მაბრალებდა და, რაშიც ბევრ ენერგიას და ფულს ხარჯავდა,  უბრალოდ, არ არის კორექტული“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, მადლიერება გამოხატა სახალხო კრების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ერთხმად ადასტურებენ, რომ ნინო ბურჯანაძესთან ერთიანი მსოფლმხედველობა აქვთ. „ყველას, ვინც სახალხო კრების აღმასარულებელ საბჭოშია, ვინც სწორედ დასავლურ ფასეულობებზე დაყრდნობით ლაპარაკობს, რომ, დიახ, ღირებულია ქართული ეროვნული ფასეულობები, მაგრამ ბუნებრივია, დასავლური ფასეულობებზე ინტეგრაციით და დაყრდნობით“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

აქვე ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო სიების საკითხსაც შეეხო. შეგახსენებთ, ეს ის თემაა, რის გამოც ბურჯანაძეს თავის დროზე ნაციონალებთან უთანხმოება და ოპოზიციაში გადაბარგება მოუხდა. თუმცა ამჯერად ნინო ბურჯანაძე სახალხო კრების სახელით ლაპარაკობს და აცხადებს, რომ არსებული რეალობის შეცვლაა მთავარი და არა - საპარლამენტო სიებში ადგილების დამკვიდრება. ამიტომ, ბურჯანაძე, ისევე, როგორც სახალხო კრების წევრები, ერთობის იდეით გამოდიან. თანაც, ყველა იმ ადამიანს უგზავნიან მესიჯს, რომლებისთვისაც მომავალ პარლამენტში ადგილების გადანაწილებაა მთავარი. 

„ერთობა არ ნიშნავს საპარლამენტო სიებში ადგილების განაწილებაზე ვინმესთვის კონკურენციის გაწევას. ყველას შეუძლია, მშვიდად იყოს. სახალხო კრება, მოძრაობა „თეთრები“ და ყველა, ვინც სახალხო კრებაშია, ვლაპარაკობთ იმ ერთობაზე, რომლის გაერთიანებაც, ძალისხმევაც შესაძლებელს გახდის ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, ხოლო შემდეგ უკვე ყველა ადამიანი თავად გადაწყვეტს, სად იყოს, რომელ გაერთიანებაში, ვისთან ან ვის მისცეს ხმა“, - განმარტავს ბურჯანაძე.

ასეთივე პოზიციაზეა ნონა გაფრინდაშვილი. მართალია, იგი მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას გამორიცხავას, მაგრამ ასეთ უთანასწორო გარემოში გულ-ხელდაკრეფილად ყოფნას არ აპირებს. ამიტომ სახალხო კრება ისევ მოვლენების ავანგარდში იქნება, თუმცა რას გულისხმობს ბრძოლის გზაში, ნონა გაფრინდაშვილი არ აკონკრეტებს, არც ქუჩის აქციების მტკივნეულ თემას უბრუნდება.

„შორიდან ვერ შევხედავთ პროცესებს, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ ის აუცილებელი გზა, რომლითაც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამავე დროს, ხელს არ შევუშლით სერიოზულ ძალას (საუბარია ივანიშვილზე), რომელიც დაუპირისპირდა ამ ხელისუფლებას“.

როგორც ჩანს, სახალხო კრება ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მიმართ თავდაუსხმელობის მორატორიუმს აცხადებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ გამონახავენ ეს ძალები, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ „სერიოზულ ძალასთან“ და „რეიტინგულ პიროვნებასთან“ მისასვლელ აუცილებელ გზას.

„რაც შეეხება სახალხო კრებას, ნინო ბურაჯანაძე, თემურ შაშიშვილი, კახა კუკავა, რომლებიც ჩვენთან არიან, ჩვენ მოვიაზრებთ თავს მათთან ერთად. რომ ვიცი ამ პოლიტიკოსების მოსაზრება, ჩემი კუთხით გეუბნებით, სრულებით არ არის მათი იდეაფიქსი, მოხვდნენ ამ კოალიციაში. არავითარი მესამე პოლუსი, ჩვენ არავის არ ვებრძვით, პირიქით, ჩვენ ვართ იქ, საცა უნდა იყოს ყველა ის ძალა, ვისაც უნდა ამ ხელისუფლების მოცილება. ამიტომ, თუ ვინმეს ჩვენი დახმარება დასჭირდება რეჟიმის მოცილების საკითხში, იქ დავდგებით. რაც შეეხება პარლამენტს და იქ შესვლას, ეს ჩვენი, სახალხო კრების, პრეროგატივა არ არის“, - აღნიშნავს ნონა გაფრინდაშვილი.

მისი აზრით, რეჟიმი არაფრის დათმობას არ აპირებს. პირიქით, უარყოფით კონტექსტში აგრძელებს თავის საქმიანობას და დებს ისეთ კანონებს, რომელიც მხოლოდ მათთვისაა მორგებული. მეტიც, რეჟიმი აბსოლუტურადაა განწყობილი იმისთვის, რომ არაფერი დათმოს. ამიტომ გაფრინდაშვილს მიაჩნია, რომ არსებული საარჩევნო გარემოს წყალობით, მმართველი გუნდი ასე ადვილად არ დათმობს არაფერს. მით უფრო, რეჟიმმა ძალიან კარგად უწყის, რომ, რაც ჩაიდინა, ის წინ დახვდება.

„ამავე დროს, არის მეორე მხარეც, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც არის ძალიან რეიტინგული საზოგადოებისთვის, ნდობის ფაქტორი ძალიან დიდია. ჩვენ, სახალხო კრება მივესალმეთ მის გამოსვლას პოლიტიკურ არენაზე, მივესალმებით დღესაც. ჩვენ გვინდა ის, რა მიზნებიც მას აქვს, მივიდეს გამარჯვებამდე, მაგრამ ვთვლით, რომ ქმედებები ამ ხელისუფლებისგან, რომელიც ყოველდღე ჩვენ გვხვდება და საარჩევნო გარემო, არა მარტო გააუმჯობესეს, გააუარესეს კიდეც. ეს ყველაფერი ჩვენ მიგვანიშნებს, რომ დათმობას არ აპირებენ,“ - აღნიშნა სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ.

რაც შეეხება სახალხო კრების დარბაზის წევრის - ირაკლი ტრიპოლსკის (ამჟამად „ქართული ოცნების“ პრესმდივანი) არყოფნას ამ შეკრებაზე, ნონა გაფრინდაშვილი ამაში პრობლემას ვერ ხედავს:

„ეს  არაფერს ნიშნავს, ისედაც შეგვიძლია მოვიწვიოთ დამატებით, ტრიპლოსკი ახლა არაფერს ნიშნავს, აქ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ახლა „ქართულ ოცნებაში“ არიან, ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს და არავის ხელს არ ვუშლით, თუ კეთილ საქმეს გააკეთებენ იმ ფლანგზე. სახალხო კრება კიდევ ერთხელ აფიქსირებს და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები, რომ ისინი მზად არიან, გარკვეული ტიპის კოორდინირებულ მოქმედებებში ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება კოალიციაში შესვლას, მე მგონია, სრულებით არ არიან ისინი განწყობილნი, მაინცდამაინც იმ კოალიციაში იყონ, რადგან მათ თავიანთი იდეოლოგია, მოსაზრებები აქვთ. სახალხო კრება და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენთან შედიან, ეს არის ერთი ორგანიზმი. მძიმე სიტუაციამ, რაც ჩვენ გვქონდა 26 მაისს და მას შემდეგ, კიდევ უფრო გაგვაერთიანა“, - ასეთია ნონა გაფრინდაშვილის პოზიცია, რომელიც არ მალავს, რომ მისი მიზანია, სარგებელი შეიტანოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.  

ნინო ბურჯანაძეც ამ ხაზს ავითარებს. მისი თქმით, სახალხო კრების ამოცანაა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა, ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მოპოვება და შემდეგ ამ არჩევნებისთვის ხელის შეწყობა. მეტიც, სახალხო კრება არ არის პოლიტიკური სუბიექტი, ესაა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია, ამიტომ, ბურჯანაძის მტკიცებით, სახალხო კრება არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ხოლო, რაც შეეხება სახალხო კრების პოლიტიკურ სუბიექტებსა და პარტიებს, ბურჯანაძის განმარტებით, ეს საკითხები ცალკე იქნება განხილული.

აქვე ნინო ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე ტექნიკურ საკითხებზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით (მათ შორის, მაჟორიტარების საერთო კანდიდატზე შეთანხმებაზეც).

„მე მაჟორიტარები არ მაინტერესებს, არანაირად. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, არ ვიცი, რას გულისხმობს ბიძინა ივანიშვილი. ყველა საკითხთან დაკავშირებით მისი ყველა პოზიცია არ ვიცი. თუ ტექნიკურ საკითხებში გულისხმობს ხელისუფლების შეცვლას, კი ბატონო. საარჩევნო გარემოც არ არის ტექნიკური საკითხი. პოლიტიკაში ეს პრინციპული მნიშვნელობის საკითხია“.

ცნობისთვის, სასტუმრო „ძველ თბილისში“  სახალხო კრების ინიციატივით მოწყობილ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კახა კუკავა, გუგული მაღრაძე, ლუკა კურტანიძე, გურამ ფირცხალავა, სოსო ჯაჭვლიანი, ნანა კაკაბაძე, თემურ შაშიაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე. მოგვიანებით შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურა. შეხვედრა 26 მაისის შემდეგ გაჩენილ პოლიტპატიმრებს და ამ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებასაც შეეხო.