"ყველა სიახლის" მასალების მიხედვით
"პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა: მომავალი პარლამენტი ის არ იქნება, რაც დღეს არის, იმ პარლამენტში მთავრობა ყოველ კვირას ივლისო. სწორედ მაშინ დავფიქრდი - ადამიანი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად კონსტიტუციის შეცვლასაც არ ერიდება, რატომ მოისურვებდა ყოფილიყო იმ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ყოველ კვირა დაიბარებდა პარლამენტი, რომლის თავმჯდომარეც, ვთქვათ, ისევ დავით ბაქრაძე იქნებოდა... მოკლედ, ამის შემდეგაც არაერთხელ წამოსცდა სააკაშვილს, რომ ხიბლავს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ხელისუფლებაში დასარჩენად", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არაერთხელ წამოსცდა სააკაშვილს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ხიბლავს" / "მაღალი თანამდებობის გარეშე ვერც სააკაშვილს და ვერც მის უახლოეს გარემოცვას ამ ქვეყანაში საკუთარი მომავალი ვერ წარმოუდგენია".
"ჩანს, სააკაშვილი ითვალისწინებს იმასაც, რომ დასავლეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოში ძალაუფლების გადაბარებას პუტინისეული მეთოდით. მოკლედ, როგორც ჩანს, სააკაშვილი აპირებს ხელისუფლებიდან ფორმალურად წავიდეს, რეალურად კი ძალაუფლება შეინარჩუნოს არა პრემიერ-მინისტრის სავარძელში, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუით და რატომღაც ჰგონია, რომ ამგვარი მოდელით დასავლეთს გააცურებს. უკვე ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილი არ აპირებს ქვეყნის ხელისუფლების სათავე დატოვოს და რომელიმე შენაკადით დაკმაყოფილდეს. თანაც, მგონია, რომ დრო, როდესაც მას შეეძლო რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გაგრძელების თაობაზე საზღვარგარეთიდან მიეღო საინტერესო წინადადებები, 2011 წელს გავიდა. ანუ 26 მაისს დატრიალებული უბედურებით, ფოტოგაფების დაპატიმრებით თუ სხვა უკეთურობებით მან კარიერის ამგვარად გაგრძელების შესაძლებლობა დაკარგა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"ამიტომაც უწევს არა მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, არამედ, საერთოდ, გადარჩენაზე ფიქრი, რადგან სახელისუფლებო მაღალი თანამდებობის გარეშე სააკაშვილს და მის უახლოეს გარემოცვას ამ ქვეყანაში საკუთარი მომავალი ვერ წარმოუდგენია. თუ სააკაშვილი ამგვარ გზას დაადგა და თავისი გაიტანა, ჩათვალეთ, რომ მისთვის დასავლეთიც აღარ იქნება პრიორიტეტული მიმართულება. ის დაკარგავს ავტორიტეტს და ცივილიზებული სამყაროს წარმოდგენაში ჩამოქვეითდება პრიმიტიულ პოსტსაბჭოთა პროდუქტად, რომელიც თავისი გენეტიკური ფესვებით უფრო ბოლშევიზმთან იქნება ასოცირებული, ვიდრე რომელიმე ტიპის დემოკრატიასთან. ასეთ ვითარებაში ჩვენს პრეზიდენტს მოუწევს თანამოაზრეების ახალი ჯგუფის მოძებნა, რაც არა მგონია, გაუჭირდეს, რადგან ჩვენს პლანეტაზე არაერთი მისნაირად მოაზროვნე პოლიტიკოსია სხვადასხვა ქვეყნის სათავეში. არ გამიკვირდება, თუ პოლიტიკოსი, რომელიც შეჩვეულია ოკეანის გაღმა ვიზიტებს, იძულებული შეიქნება, თანამოაზრეები ეძიოს მოსკოვში, მინსკში, თეირანში, დამასკოში და ა.შ.", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა იქნება უკიდურესად უიმედო, რაც რეალურად გვემუქრება, თუ ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების გზით არ შეიცვალა. თუ მიხეილ სააკაშვილმა მართლა მოისურვა პარლამენტის თავმჯდომარეობა, პრეზიდენტობის ან პრემიერობის კანდიდატის საკითხი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის შემდგომი თვეების გართობის ძირითადი საგანი. სულ ერთია, ვინ იქნება ახალი კონსტიტუციით პრემიერი და პრეზიდენტი, თუ თავიანთ ადგილებზე დარჩებიან იუსტიციის მინისტრი - ჩვენი პროკურორთუხუცესი, შინაგან საქმეთა, უშიშროების, საშიშროების, დარბევისა და შუშის მასალის გამსაღებელი მინისტრი, აგრეთვე უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს თავკაცები. რასაკვირველია, მათთან უნდა იყოს სანდო ბიზნესპარტნიორი, რომელიც ყველაზე მრავალპროფილიანი "გენიოსბიზნესმენია" - შეუძლია იყოს თავდაცვის მინისტრი, ფინანსური პოლიციის უფროსი, უმუშევარი მილიონერი, ოპერის მეგობარი და საქართველოს ისტორიაში უდავოდ ყველაზე წარმატებული "სახელმწიფო რეკეტის მინისტრი...", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "რას ფიქრობთ ამგვარ კონფიგურაციაზე: დავით ბაქრაძე - საპრეზიდენტო, გიგი უგულავა კი საპრემიერო კანდიდატი..." - პასუხობს:
"არა მგონია, ასე პრიმიტიულად აზროვნებდეს სააკაშვილი. ის საკმაოდ ნიჭიერი კაცია, უბრალოდ, არ იცის, სად და როგორ გამოიყენოს ეს ნიჭი. ვფიქრობ, სააკაშვილი უარს იტყვის გაცვეთილი პოლიტიკური სახეების წარმოჩენაზე. "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი კი იქნება არა პოლიტიკური წრის წარმომადგენელი, არამედ ადამიანი, რომელსაც საკუთარ პროფესიაში ექნება მეტად პოზიტიური იმიჯი. ხოლო სამოქალაქო პრინციპულობის საპირწონედ კი მაინცდამაინც არ გამოდგება.... შესაძლოა, პაატა ბურჭულაძეს ან მასავით წარმატებულ სხვა პიროვნებას საპრეზიდენტოდ მართლაც განიხილავდნენ, მაგრამ ბატონი პაატა, გარდა იმისა, რომ დიდი მომღერალია, მეტად თავმოყვარე ადამიანია და არა მგონია, ასჯერ გაზომვის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. ის არც ტაშის დეფიციტს განიცდის და არც თანამდებობისკენ სწრაფვა უნდა იყოს მის ბუნებაში".
742
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85