ევროკავშირი მიესალმება საბერძნეთის პარლამენტის ნაბიჯს

ევროკავშირი მიესალმება საბერძნეთის პარლამენტის ნაბიჯს

ევროკავშირის ხელმძღვანელობა მიესალმა ევროპის პარლამენტის მიერ მომჭირნეობის ახალი ზომების მხარდაჭერას, რაც საჭირო იყო ქვეყნის მიერ მორიგი ფინანსური დახმარების მისაღებად. მიუხედავად არაპოპულარული ზომებისა, რომელთა შორისაა მინიმალური ხელფასების შემცირება, ბოლოს და ბოლოს, საბერძნეთი მიიღებს 130 მილიარდ ევროს, ფინანსური დახმარების სახით, და თავიდან აიცილებს დეფოლტს.

ევროკავშირის ეკონომიკურ საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ოლი რენმა „წინგადადგმული ნაბიჯი“ უწოდა საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, წერტილი დაესვა მრავალი თვის ძალისხმევისათვის, რომელიც საბერძნეთს დეფოლტით, ხოლო ევროზონის ქვეყნებს ფინანსური არასტაბილურობით ემუქრებოდა. საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ევანგელოს ვენისელოსმა მომჭირნეობის გეგმას ქვეყნის გადარჩენის შანსი უწოდა. „ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. ჩვენი მოქალაქეები არ გვაპატიებენ, თუკი ჩვენ ამას არ გავაკეთებთო,“ - მოუწოდა კანონმდებლებს ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა.

თუმცა მოქალაქეები, რომლებიც ამ დროს ათენში საბერძნეთის პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილნი, სწორედ იმ მომჭირნეობის გეგმის მიღებას აპროტესტებდნენ, რომელიც საჯარო უწყებებში ყოველი მეხუთე სამუშაო ადგილისა და მინიმალური ხელფასის ერთ მეხუთედზე მეტით შემცირებას ადგენს. პარლამენტში მიმდინარე განხილვისა და კენჭისყრის პარალელურად, ათენში აღშფოთებულმა მოქალაქეებმა რამდენიმე შენობას ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციის ცნობით, 80-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, მათ შორის - 30 პოლიციელი. რამდენიმე ათეული პირი დააკავეს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკას პაპადიმოსმა ბრბოს საქციელს სამწუხარო და შეუწყნარებელი უწოდა:

„უნდა გამოვხატო ჩემი წუხილი იმ არეულობის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა ამ დარბაზის მიღმა და რაც, სამწუხაროდ, ჩრდილს აყენებს პროტესტის ჩატარების სრულიად ლეგალურ და დემოკრატიულ აქტს. ვანდალიზმს, ძალადობასა და შენობების ლეწვას არ უნდა ჰქონდეს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში და არ უნდა იყოს გამართლებული. სიმშვიდისაკენ მოვუწოდებ ყველა თქვენგანს და ყველა მოქალაქეს.“

ქვეყნისათვის, სადაც უმუშევრობა სარეკორდო 18 %-ს აღწევს, დახმარების მიღებას ევროკაშირისაგან მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საბერძნეთის 300-კაციან პარლამენტში მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ და მემარჯვენე „ახალმა დემოკრატებმა“, გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, მომჭირნეობის გეგმას მხარი დაუჭირეს. საკუთარი მხარდაჭერა ხმამაღლა დაასაბუთა „ახალი დემოკრატიული პარტიის“ წევრმა ოლგა კეფალოგიანმა:

„მე მხარი დავუჭირე, რადგან მწამს საბერძნეთის ევროპული პერსპექტივისა. მწამს იმისა, რომ მხოლოდ საბერძნეთის სტაბილურობაზეა დამოკიდებული, დავრჩებით თუ არა ჩვენ ევროსივრცეში, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ჩვენ მრავალი მსხვერპლის გაღება მოგვიხდება.“

გარდა სამუშაო ადგილების და მინიმალური ხელფასების შემცირებისა, საბერძნეთმა 20 მარტამდე, ობლიგაციების სახით, 14.5 მილიარდი ევრო უნდა გადაიხადოს, ხოლო ქვეყნის ვალი ამჟამინდელი მაჩვენებლიდან, მთლიანი შიდაპროდუქტის 160 პროცენტიდან, 2020 წლამდე 120 პროცენტამდე ჩამოვიდეს. საფინანსო სექტორში გატარებული რეფორმების სანაცვლოდ საბერძნეთი მიიღებს 130 მილიარდ ევროს, ფინანსური დახმარების სახით. ამ დახმარების მეშვეობით, საბერძნეთი შეძლებს ვალების დაფარვასა და დეფოლტის თავიდან აცილებას. ასეთ მძიმე სიტუაციაში ქვეყნის ჩავარდნას კი საბერძნეთის პარლამენტის წევრი დიმიტრიოს პაპადიმოულისი ქვეყნის მმართველ კოალიციას აბრალებს:

„ დღევანდელი ღამე არის ნიშანი იმისა, რომ დასასრულს უახლოვდება ათწლეულობის განმავლობაში ჩამოყალიბებული უგუნური მართვის მეთოდი, რამაც ქვეყანა ამ ქაოსში ჩააგდო. შემდეგ არჩევნებზე მოქალაქეები აუცილებლად დასჯიან „ახალი დემოკრატებისა“ და „პასოკის“ (საბერძნეთის სოციალისტურ მოძრაობის) პარტიებს.“

მაგრამ მომჭირნეობის გეგმის დამტკიცების შემდეგ, საბერძნეთისათვის დახმარების მორიგი ტრანშის გამოყოფა ავტომატურად არ დამტკიცდება. 16 თებერვალს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები გეგმავდნენ მორიგ შეხვედრას, რომელზეც უნდა ემსჯელათ, საკმარისი იქნებოდა თუ არა საბერძნეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებული ზომები ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის ცენტრალური ბანკისაგან დახმარების მორიგი ტრანშის მისაღებად. საბერძნეთმა დახმარების პირველი ნაწილი, 110 მილიარდი ევროს მოცულობით, 2010 წლის მაისში მიიღო, ამჯერად კი იგი 130 მილიარდის მიღების მოლოდინშია, თუმცა ათენს ცხადად მიანიშნეს, რომ „საბერძნეთი არ არის უძირო ჭა.“