ეკა ქევანიშვილი, "თავისუფლება"
”ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?” - საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი თავის სოციოლოგიურ კვლევაში ”ელექტორატის პროფილი” ამომრჩევლის პოლიტიკური სიმპათიების გამოვლენას სწორედ ამ კითხვით შეეცადა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან (გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, ირაკლი ალასანია, გიორგი თარგამაძე, შალვა ნათელაშვილი, სოზარ სუბარი, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე) არც ერთი არ შეარჩია. ყველაზე ხშირად კი პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატად 22,7%-ით ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით მომზადებული კვლევის პრეზენტაცია 14 თებერვალს ფონდის ოფისში გაიმართა.
გამოკითხვა 21 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს ყველა რეგიონში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა. რადგან თავდაპირველად კვლევის მთავარი მიზანი თაობებს შორის მათი ღირებულებებისა და მრწამსის მიხედვით განსხვავებების გამოკვეთა იყო, გამოკითხულთა ასაკობრივი ჯგუფიც სამ ნაწილად დაიყო. გამოიკითხნენ 18-24, 40-50 და 60-70 წლამდე რესპონდენტები. მათგან 19,8% პროცენტს გაუჭირდა პასუხის გაცემა კითხვაზე - ”ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას”. 15,4%-მა თქვა, რომ პასუხის გაცემა საერთოდ არ სურდა. 22%-მა პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, 7,5%-მა - გიგი უგულავა, 3,8%-მა - დავით ბაქრაძე, 2,0%-მა - ირაკლი ალასანია და ა.შ. ამ შედეგებიდან გამომდინარე, ორ ტენდენციაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანადირექტორი ნანა სუმბაძე:
”პირველი, ეს არის პოლიტიკური აპათია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ნამდვილად შემცირდა, მაგრამ ამის მაჩვენებელი მაინც მაღალია და ეს 15%, რომელიც ამბობს, რომ არავის არ მისცემს ხმას, აშკარად გამოხატული ჯგუფია, რომელსაც ჯერჯერობით არავისი სჯერა და არის კიდევ დანარჩენი 30%, რომელიც ან არ პასუხობს კითხვას, ან არ გადაუწყვეტია. ზუსტად მიზეზის გარკვევა ძნელია.”
ნანა სუმბაძე გამოკვეთს ამომრჩეველთა სამი ძირითადი ჯგუფის - ”ნაციონალური მოძრაობის”, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებისა და იმ ამომრჩეველთა ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც საერთოდ არავის უჭერენ მხარს. მაგალითად, ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის სიმპათია ივანიშვილის პერსონისაკენ იხრება, სოფლებში მეტი მხარდაჭერით “ნაციონალური მოძრაობა” სარგებლობს. საინტერესო დეტალია ამ კვლევაში ისიც, გვეუბნება ნანა სუმბაძე, რომ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიების განსხვავებულობისა, ერთია გამოკითხული ადამიანების ძირითადი ღირებულებები. ამომრჩევლის აზრი მკვეთრად განსხვავდება, როცა საქმე ეხება ცხოვრების დონით კმაყოფილებას, ზოგადად - ოპტიმიზმს. ამ მხრივ, ნაციონალების მხარდამჭერები ბევრად ბედნიერად და კმაყოფილად მიიჩნევენ თავს, ვიდრე ივანიშვილის მომხრეები ან სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები.
კიდევ ერთი კითხვა, რომლითაც კვლევის ავტორებმა ამომრჩეველს მიმართეს, ეხებოდა დემოკრატიას, როგორც მსოფლიოში არსებული მმართველობების საუკეთესო ფორმას. აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 80,9%-ს მიაჩნია დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმად, ხოლო ყველაზე ნაკლებად ამ შეფასებას, 57%-იანი მაჩვენებლით, სკეპტიკოსები იზიარებენ, თუმცა როცა კონკრეტული ღირებულებების შეფასებაზე მიდგა საქმე, ამბობს ნანა სუმბაძე, ასეთი სურათი მივიღეთ:
”მაგალითად, დემოკრატიული ღირებულებაა, რომ ყველას უნდა შეეძლოს აზრის გამოხატვა. ყველაზე ნაკლებად ეს სწორად მიაჩნიათ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს და ყველაზე მეტად - სკეპტიკურად განწყობილ ამომრჩეველს.“
გამოკითხვისას მკვეთრად გაიყო აზრები ქვეყნის საგარეო კურსის არჩევის შემთხვევაშიც. ნაციონალების მხარდამჭერები გამოკვეთილად უჭერენ კურსს აშშ-თან მეგობრულ ურთიერთობას, ივანიშვილის მომხრეები კი - რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას.
კვლევამ აჩვენა, რომ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, მიღებული არა აქვს. ნანა სუმბაძის აზრით, არჩევნებს მოიგებს ის, ვინც ზემოთ ნახსენები15%-ის გადაბირებას შეძლებს.
არის თუ არა პოლიტიკური პარტიებისათვის ასეთი კვლევები ერთგვარი გზამკვლევი ამომრჩევლისაკენ და როგორ აფასებენ ისინი მოსახლეობაში დღეს არსებულ ნიჰილიზმს? მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსი პეტრიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ სოციოლოგიური კვლევები, როგორც წესი, იმ რეალობის დადასტურებაა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები მოსახლეობასთან შეხვედრებისას - განსაკუთრებით რეგიონებში - ხშირად აწყდებიან, ხოლო ის, რომ მოსახლეობის 15 პროცენტს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებზე პასუხის გაცემა არ სურს, მისი შეფასებით, შიშის ფაქტორითაა გამოწვეული:
”ეს შიშია საკუთარი პოზიციის დამალვა, რომ მომავალში ამას არ მოჰყვეს მათ მიმართ ან რამე სანქციები, ან ზეწოლა, დევნა და ა.შ. თუმცა ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეცვლილია განწყობა და ამ განწყობას კიდევ უფრო გააძლიერებს ის კამპანია, რომელსაც მალე დავიწყებთ, როგორც კი კოალიცია ”ქართული ოცნება” გაფორმდება”...
პოლიტიკური პარტიები დაკვეთას, თუ რა სჭირდება ამომრჩეველს, სწორედ სოციოლოგიური კვლევებიდან იღებენ, აცხადებს ქრისტიან დემოკრატების წევრი ლევან ვეფხვაძე. თუმცა საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის მიმართ რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა აქვს:
”ვფიქრობ, ეს უფრო ხარისხობრივი კვლევაა, ვიდრე რაოდენობრივი. რაოდენობრივ კვლევას თავისი მეთოდოლოგია აქვს და ამას ამ კვლევაში ვერ ვხედავ. ისიც კი არ ვიცით, რამდენი ადამიანი გამოიკითხა სულ.“
ქრისტიან-დემოკრატების სახელით ლევან ვეფხვაძე იმასაც აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესმა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს. ამიტომაც გაზაფხულისთვის ის ამ ტენდენციის შეცვლას ელის:
”პოლიტიკურ ასპარეზზე აუცილებელია, რომ ორზე მეტი მოთამაშე არსებობდეს. სხვაგვარად ასეთი პოლარიზაცია სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. ასეთი კვლევები ადასტურებს, რომ მსგავსი განწყობები შემოდგომაზე ნამდვილად იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გაზაფხულის კვლევებმა შესაძლოა სხვა შედეგი და სურათი მოგვცეს.”
715
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85