"ალიას" მასალების მიხედვით
"ადეიშვილმა საკუთარი თანამშრომელი დააჭერინა. მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორი, კახა ცნობილაძე კორუფციის ბრალდებით დააკავეს. გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ცნობილაძემ უკანონო შემოსავლების მიღების მიზნით საკუთარი იურიდიული კომპანია შექმნა, სადაც იურიდიული მომსახურების მისაღებად თავის წარმოებაში არსებულ საქმეებში ბრალდებულის სტატუსის მქონე პირებს ამისამართებდა და მათთვის საშეღავათო პირობების დაპირების სანაცვლოდ ფულად გასამრჯელოს იღებდა - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში, რომელმაც მოგვიანებით გაავრცელა ცნობილაძის ნათესავის, შპს "კოლუმბოს" დირექტორ გიგა გაჩეჩილაძის აღიარებითი ჩვენებაც, რომლის თანახმად ის აფორმებდა კონტრაქტს შესაბამის ფიზიკურ პირებთან და ანაზღაურებას ცნობილაძეს უყოფდა... ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა "ალიამ" გაარკვია დეტალები, რის გამოც ადეიშვილმა საკუთარი არცთუ დაბალი რანგის პროკურორი ციხისთვის გაიმეტა", - წერს გაზეთ "ალია" სტატიაში სათაურით რატომ გაწირა ადეიშვილმა ერთგული თანამშრომელი?
"დაპატიმრებულია მთავარი პროკურატურის პროკურორი კახა ცნობილაძე, რომელიც ზედამხედველობას უწევდა სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს. კახა ცნობილაძე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც ამ ხელისუფლების ყველა უკანონობას "აპრავებდა" - ეს ეხება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ჩადებას პოლიციელთა მხრიდან, რის გამოც ძალიან ბევრი მსჯავრდებული ასევე უკანონოდ იხდიდა სასჯელს. სოდ-ის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ ყველა ქმედებას ცნობილაძე უკეთებდა ლეგალიზებას - მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ გიორგი მაზანაშვილის საქმე. გიორგი მაზანაშვილს ჩაუდეს (ამის უტყუარი მტკიცებულებების სტრასბურგის სასამართლოშია გადაგზავნილი) რამდენიმე სახეობის ნარკოტიკული ნივთიერება და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჯერ ჩხრეკა არ ჰქონდა მოწყობილი და უკვე სისხლის სამართლის აღძვრის "ფორმა პირველში" მითითებული იყო, რა ნარკოტიკული ნივთიერებები უნდა ამოეღოთ მაზანაშვილისგან, რაოდენობაც წინასწარ იყო მითითებული (ეს სიყალბე ჩვენ დავადასტურეთ). მას 19 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ასეთი მრავალი საქმეა ცნობილაძის შეთითხნილი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ადვოკატი მამუკა ნოზაძე.
"ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის - რომ ის კორუფციისთვის დააკავეს. სხვა თემაა, ხელისუფლება რომ ამტკიცებს, კორუფცია მოვსპეთო. აქ მთავარია ის, რომ პროკურორმა ცნობილაძემ შექმნა საკუთარი ადვოკატურა, სადაც მიიყვანა თავისი ახლობლები, რომელთაც საპროცესო გარიგებებზე ამუშავებდა. დაკავებულების ოჯახებს უთითებდა, რომ ადვოკატებად მისი ადვოკატურის ადვოკატები აეყვანათ, რომლებიც ბოსის დახმარებით თავისუფლად აკეთებდნენ საპროცესოებს. ძალიან საგანგაშო და სავალალო მდგომარეობაა ქართულ ადვოკატურაში იმის გამო, რომ არსებობს სპეციალური კლანი, რომელიც ამ თემაზე მუშაობს. სია საქართველოს მთავარ პროკურატურაში დევს და ამ სიაში შეყვანილი ადვოკატების კლიენტებს თავისუფლად უფორმებენ საპროცესოებს. ადვოკატურა აქვთ გახსნილი ძმებ კუბლაშვილებს, ძალიან ბევრ პროკურორსა და მოსამართლეს", - განმარტავს რესპონდენტი.
"კახა ცნობილაძის დაკავების ფაქტმა დაადასტურა ასეთი საადვოკატო ბიუროების არსებობა. სპეციალური ბიუროები და სპეციალური ადვოკატები ჰყავთ, რომლებიც გარდა იმისა, რომ საპროცესო თანხას ახდევინებენ უკანონოდ დაკავებულებს, ასევე განსაზღვრული რაოდენობის თანხა მიაქვთ "საქმის მიმცემ" პროკურორებს. ასე ერთობლივად, დეგრადირებული ადვოკატების საშუალებით აყიდვინებენ სახლებს და ტოვებენ ქუჩაში ასობით ადამიანს. ცნობილი ფაქტი იყო, რომ კახა ცნობილაძე ასეთ დანაშაულს სჩადიოდა. როცა ამას ჩვენ ვამბობდით, სულელებად გვნათლავდნენ. ვინ აღმოჩნდა ახლა სულელი? იცით, ცნობილაძის ვიზირებული რამდენი პატიმარი იხდის 18-20 წლით და სამუდამო პატიმრობის ვადას? ასობით! ის ძირითადად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე "მუშაობდა", - განაგრძობს მამუკა ნოზაძე და შეკითხვას - "პროკურატურა იძულებული გახდება, იმ საქმეებს, რომელშიც ცნობილაძე ფიგურირებს განმეორებით გადახედოს..." - პასუხობს:
"საარჩევნო წელიწადია და პროკურატურას სურს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არავის ინდობენ, სისტემაში ვერ ვეგუებით უსამართლობას და დაუსჯელობის სინდრომი არ გქონდეთო... ყველა საქმე გადასასინჯია და არა მარტო პროკურორია დასასჯელი, ასევე გასარკვევია, რის საფუძველზე მოხდა საპროცესოების გაფორმება, რა ურთიერთობა ჰქონდა იმ საქმეების ადვოკატებთან და ა.შ. მაზანაშვილის საქმე ევროპულ სასამართლოშია და ზუსტად ვიცით, რომ სიმართლე დადგინდება. მიმაჩნია, რომ თუ ოდესმე ხელისუფლება შეიცვლება, საქართველოში ყველა საპროცესო გარიგება გადასახედია, ყველა საქმეში დევს დანაშაულის ნიშნები. ადვოკატები იქცნენ დაპატიმრებულებისთვის ერთ-ერთ დამსჯელ ბერკეტად. ისინი ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას პატომრებზე, აიძულებენ დათანხმდეს საპროცესოს. აღიარებინებენ ჩაუდენელ დანაშაულს. ადვოკატები რომ არ იყვნენ ამ უკანონობაში ჩარეული, პროკურორები ვერაფერს გააკეთებდნენ".
2420
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85