ელზა წიკლაური, “რეზონანსი“
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ბიუჯეტში გადარიცხული თანხების ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. აღნიშნული უწყების მიერ 2011 წელს ბიუჯეტში გადარიცხული თანხა, 2008 წელთან შედარებით, თითქმის 11-ჯერაა გაზრდილი. ამასთან, იზრდება ჩანაწერების რაოდენობა მოვალეთა რეესტრში. აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური მონაცემებით, დღეისთვის რეესტრში 60 ათასზე მეტი ჩანაწერი ფიქსირდება, რაც წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე თითქმის 3 ათასით მეტია.
მოკლედ, სააღსრულებო ბიუროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხის ოდენობა და სტატისტიკა, ასე გამოყურება: 2011 წელს სააღსრულებო ბიურომ ბიუჯეტში 110 569 084,48 ლარი გადარიცხა, რაც 2010 წლის მაჩვენებელს ბევრად აღემატება. აღსრულების ბიუროს ოფიციალური სტატისტიკით, 2010 წელს ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროებიდან 83 264 955,88 ლარი შევიდა. 2009 წელს ბიურომ ბიუჯეტში 19 296 871,92 ლარი გადარიცხა, 2008 წელს კი მხოლოდ 10 067 067,26 ლარი.
ამასთან, ყოველდღიურად იზრდება მოვალეთა რეესტრში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი. დღეის მდგომარეობით ჩანაწერების რაოდენობა 60 ათასს აჭარბებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რეესტრში იურიდიულზე მეტად ფიზიკური პირების ჭარბობენ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონულ აუქციონზე კი არა მარტო უძრავი ქონებაა გატანილი, არამედ ძველი, ზ2 კომპიუტერი, მეორადი ტანსაცმელი, ასევე მეორადი საოფისე და საოჯახო ავეჯი, ტელევიზორი, ტელეფონები, ჯართი და ა.შ.
ეკონომიკის ექსპერტს სოსო არჩვაძის თქმით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ბიუჯეტში გადარიცხული თანხის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთან სამართლებრივი ურთიერთობები და იურიდიული ფორმით პრობლემების მოგვარება თანდათან ფეხს იკიდებს.
"საქართველოში თანდათან ფეხს იკიდებს ის სიტუაცია, რომ პრობლემების გადაწყვეტა სამართლებრივი ურთიერთობებით უნდა მოხდეს. ადამიანი, რომელიც რაღაც სესხს იღებს, მან იცის, რომ ის პასუხს თავისი ქონებით აგებს. თანხების ასეთი ზრდა ასევე გამოწვეულია იმით, რომ მოსახლეობა იძულებულია სხვადასხვა მიზეზების გამო საკუთარი ქონება დააგირავოს. მაგალითად, ოჯახში თუ ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა, ოჯახი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ქონება დააგირავოს. შემდეგ ვერ იხდის თანხას და მისი გაყიდვა ხდება.
მართალია, ადრინდელთან შედარებით მოსახლეობაში მიმნდობი ადამიანების რიცხვი შემცირდა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში დაიხვეწა თაღლითური გზებით თანხების ამოღების პროცესი. იმისათვის, რომ პრობლემა აღარ იყოს, საჭიროა, მოსახლეობამ ეკონომიკურ თვითგანათლებას მიაქციოს ყურადღება, რათა არ გაებნენ ამ თაღლითურ სქემებში", - დასძინა არჩვაძემ.
ამ მზარდი სტატისტიკის ფონზე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობის ზრდას არც მომავალში გამორიცხავს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებს.
"მოვალეთა რეესტრში ჩანაწერები არასტაბილურია, თუმცა ფაქტია, რომ ის მუდმივად იზრდება. ეს არის ცუდი ტენდენცია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის ასეთი განცხადებები, რომ საბანკო სექტორი გააქტიურდა და ამ სექტორში მდგომარეობა გამოსწორდა, მოვალეთა რეესტრში ნეგატიური ჩანაწერების რაოდენობის ზრდა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ტენდენცია კი არის სახიფათო და არაჯანსაღი სიტუაციის მაჩვენებელი. ცხადი ხდება, რომ მოსახლეობა კრედიტებს აქტიურად მოიხმარს, მაგრამ ვერ იხდის.
საერთოდ, როდესაც მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობაც მატულობს. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა არ იზრდება და სოციალური ფონიც მძიმდება.
იმისათვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, მინიმუმ ეკონომიკურმა აქტივობამ უნდა მოიმატოს. საჭიროა, ადამიანს გაუჩნდეს ფული, რომ მან დავალიანება წლების წინათ შეძენილი ქონების გასხვისებით არ დაფაროს. თუ არ მოხდა ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება და გაჯანსაღება, ვიმეორებ, მაჩვენებელი ისევ გაიზრდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.
ცნობისათვის, 2008 წლის 15 ივლისს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აღსრულების ბიუროს ერთ-ერთ ფორმად დაემატა პირის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში. მოვალეთა რეესტრი არის იმ მონაცემთა ერთობლიობა, სადაც რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე ყველა სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი.
მათ მიმართაც იძულებითი აღსრულება კი 2010 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო. მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის შემდეგ, ამ პირს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვა. კერძოდ, მოვალე პირი ვერ მოახდენს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების ნებისმიერი სახით განკარგვას, რაც ხელს შეუწყობს კრედიტორი მხარის ინტერესების დაცვას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ქონება, გარდა იმ ქონებისა, რომელიც ჩამოთვლილია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში. კანონში კი წერია, რომ არ დაყადაღდება პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის; ასევე მოვალის ოჯახის 4 კვირის საკვები; თუ ოჯახს საკვების ერთი თვის მარაგი არ გააჩნია, მაშინ არ დაყადაღდება მათი შეძენისთვის საჭირო თანხა, თუმცა ამ თანხის განსაზღვრისთვის საჭირო საკვების დასახელება კანონში ჩამოთვლილი არ არის.
მოვალეს არ დაუყადაღდება, წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ანუ თუ მოვალეს რამდენიმე მეწველი ძროხა ჰყავს ერთს დაუტოვებენ, დანარჩენს დაუყადაღებენ; ასევე მოექცევიან ღორს, ცხვარსა და თხას. აღმარსულებელი, ადამიანებისგან განსხვავებით, პირუტყვისთვის 3 თვის საკვების მარაგსა და მის შესაძენ თანხას ითვალისწინებს.
ყადაღადადებული ქონების შეფასების მიზნით აღმასრულებელი მიმართავს ექსპერტს, რომელიც ქონებას აფასებს საბაზრო ღირებულების მიხედვით. შემდეგ კი ხდება ამ ქონების რეალიზაცია იძულებითი აუქციონის წესით.
გარდა ქონებისა, აღმასრულებელი მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებას იქ არსებული მოვალის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ყადაღის დადება შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე, იქნება ეს სახელფასო, საპენსიო, საკრედიტო, საანაბრე თუ სხვა ნებისმიერი სახის ანგარიში.
903
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85