კვების ობიექტების ნაწილმა მენიუ გააძვირა. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ქვეყანაში ინფლაცია საკმაოდ დაბალ დონეზეა, სურსათი ბოლო რამდენიმე თვეა არ გაძვირებულა, ხოლო რესტორნებში თუ სახინკლეებში კლიენტების ნაკლებობაზე წუწუნებენ. მაშ, რა ხდება? ექსპერტები ეჭვობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ კომპანიებს გაზრდილი „საარჩევნო მოსაკრებელი“ დააკისრეს და ისინიც იძულებულნი არიან ფასები გაზარდონ.
რესტორნებისა და სწრაფი კვების ობიექტების უმეტეს ნაწილში 10 თეთრით მოიმატა ხინკლის ფასმა და საშუალოდ 60-70 თეთრი შეადგინა. მაგალითად, ასეთი ვითარებაა „ხინკლის სახლში“. რესტორნის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ფასები ზოგადად ბაზარზე გაიზარდა, რამაც ავტომატურად მენიუს გაძვირება გამოიწვია.
„მოგეხსენებათ, ხორცპროდუქტებსა და რძის ნაწარმზე ფასები საგრძნობლად მომატებულია. ამიტომ ჩვენ იძულებულები ვართ, ამ სიტუაციას დავემორჩილოთ. როგორც ვიცი, „თაღლაურასა“ და „შემოიხედე გენაცვალეშიც“ იგივე სიტუაციაა. თუმცა, ფასები უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება და შესაბამისად, მენიუც შედარებით გაიაფდება“, - განაცხადა „ხინკლის სახლის“ ადმინისტრატორმა დავით გუგეშაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 10 თეთრით გაძვირდა „მაკდონალდსის“ მენიუც. ხოლო ცოტა ადრე 2 თეთრით გაძვირდა ხინკალი „ელდეპოს“ ქსელში.
საფასო ცვლილებზე საუბრობენ რესტორან „აფხაზეთშიც“. რესტორნის დირექტორის მამუკა გუბელაძის თქმით, მომსახურების ღირებულებამ მცირედით მოიმატა, რაც სასუსათო პროდუქტების გაძვირებას უკავშირდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ სასურსათო პროდუქცია გაძვირდა, საფასო ცვლილება მოვახდინეთ, მომსახურების ღირებულება მცირედით გავზარდეთ. თითო ვიზიტორის მომსახურება, საშუალოდ, 30 ლარამდეა, ამაზე დაბალი ტარიფი არ გვაქვს.
ახლა ყველაზე დიდი თავსატეხი რესტორნისთვის მომხმარებელთა დეფიციტია. ვფიქრობდით, რომ ახალი წლის აქტიურობა იანვრის განმავლობაში შენარჩუნდებოდა, მაგრამ არ გამართლდა. თებერვალშიც არ ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას, ისედაც პასიური პერიოდია. შემდეგ მარხვის სეზონი იწყება. გამოდის, რომ უახლოეს თვეების განმავლობაშიც არასტაბილური სიტუაცია გვექნება, სამწუხაროდ, უიმედო მოლოდინია“, - ამბობს მამუკა გუბელაძე.
კლიეტურის ნაკლებობაზე სხვაგანაც წუწუნებენ. „ბოლო პერიოდში არასტაბილური მდგომარეობა გვაქვს, დიდი ჩავარდნებია. რესტორნის მუშაობა საგრძნობლად შემცირდა. შარშან ამ დროს გაცილებით მეტ სტუმარს ვუმასპინძლეთ, შარშანწინაც.
სიტუაცია, ალბათ, გაზაფხულიდან გამოსწორდება და მეტ სტუმარს ვუმასპინძლებთ. ხდება ხოლმე, არის წარუმატებელი პერიოდები, მაგრამ ასე მუდმივად არ გაგრძელებულა. სავარაუდოდ, მდგომარეობა ახლაც გამოსწორდება“, - აცხადებს რესტორან „კოლხეთის“ თანამშრომელი.
ეკონომიკური სფეროს ექსპერტი ზვიად კანდელაკი მენიუს გაძვირების შესახებ რესტორნებისა და სრაფი კვების ობიექტების ამ „უსაფუძვლო“ არგუმენტებს არ ენდობა. მისი განცხადებით, საფასო ცვლილებების გატარება მათ ნაწილს შეგნებულად დასჭირდა და ის საარჩევნო კამპანიას უკავშირდება.
„საპარლამენტო არჩევნების წელია და სრულიად ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ ფულის ამოქაჩვას ბიზნესიდან შეეცდება. საარჩევნო ყულაბა უნდა შეივსოს და ამისთვის ბევრს მიადგებიან, რომ თანხები გამოსძალონ. თავის მხრივ, მომსახურების სფეროს კომპანიები (და არა მარტო ისინი) ამ ფულის ამოღებას მომხმარებლების ჯიბეებიდან შეეცდებიან.
ბოლო პერიოდში სურსათი არ გაძვირებულა, ზოგიერთი კი, პირიქით, გაიაფდა, როგორიცაა ფქვილი, შაქარი. გარდა ამისა, ქვეყანაში ინფლაციაც ძალიან დაბალ დონეზეა და, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეც შენარჩუნდება. ასე რომ, მომსახურების გაძვირების სხვა საფუძველი, გარდა საარჩევნო-პოლიტიკურისა, არ არსებობს“, - აცხადებს კანდელაკი.