თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში და კერძოდ, თბილისში უპრეცედენტო დიდთოვლობამ თუ ძლიერმა ყინვებმა პოლიტიკოსების ფანტაზიებს დიდი გასაქანი მისცა. მოსახლეობის გულის მოსაგებად რა განცხადებები არ კეთდება. ეს უამინდობის წინასაარჩევნოდ გამოყენების იშვიათი შემთხვევაა...
დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი ზაზა გაბუნია თბილისის მერიას რისკ-ჯგუფებში მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას სთხოვს. მართალია, „ქრისტიან დემოკრატები“ მიესალმებიან მერიის გადაწყვეტილებას დიდთოვლობის შედეგად დაშავებულთა სამკურნალოდ მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ, თუმცა ასეთი სპონტანური გადაწყვეტილებების აუცილებლობა მიანიშნებს იმაზე, რომ ქალაქს არა აქვს ეფექტური ჯანდაცვითი და სადაზღვევო სისტემა.
ამიტომაც გაბუნია მიმართავს ქალაქის მერიას წინადადებით, რათა გააფართოვოს დასაფინანსებელთა წრე და უკვე დაზარალებულების გარდა, სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოს რისკ-ჯგუფებში მყოფი მოსახლეობა. პირველ რიგში კი, უსახლკაროები, რომელთა შესახებ მონაცემთა ბაზას მერია სოციალური საცხოვრისების პროგრამის ფარგლებში ფლობს. აღნიშნულ ბაზაში 10 ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული.
იქვე გაბუნიამ მომენტი ხელიდან არ გაუშვა და უკმაყოფილება გამოთქვა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის არაეფექტურ და არასრულყოფილი მუშაობის გამო, რადგან, საკრებულოს დეპუტატის თქმით, ქალაქის ძირითადი ქუჩების დიდი ნაწილი და ტროტუარები კვლავ დაფარულია თოვლით და ყინულით, რაც მოქალაქეების ტრამვების შემთხვევების ძირითადი მიზეზი ხდება.
ეს საკითხები, რომ საკრებულოს სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს (მაგალითად, ხიდაშელს, აბაშიძეს) რომ დაეყენებინათ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობა მინიმუმ ასი წლის განმავლობაში ყურს არ შეიბერტყავდა, მაგრამ ქდმ სხვ ამბავია. ეს ორი დაჯგუფება (ნაცმო და ქდმ) ხომ ერთი წისქვილიდან ფქვავს თავის წილ საფქვავს.
ასე რომ, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაჩანიძის მსწრაფლ გამოეხმაურა ქდმ-ს პრეტენზიებს და „ჯეროვანი არგუმენტებიც წარმოადგინა“. ჩაჩანიძის თქმით, 2012 წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით 2 მილიონი ადამიანი იქნება დაზღვეული.
„დაახლოებით 1 წლის წინათ ჩვენ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დავაზღვიეთ. 2012 წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი ორ მილიონამდე გაიზრდება და თუ ვინმე განსხვავებას ვერ ხედავს, ეს მათი პრობლემაა. ჩვენი მიზანია, დაზღვევა საყოველთაო იყოს და ამ მიზნის მისაღწევად უკვე დიდი ნაბიჯია გადადგმული. სახელმწიფომ პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახები - 100 ათასი ადამიანი დააზღვია, მერიამ - 70 ათასამდე. ამას ემატება ინვალიდების, მარჩენალდაკარგულების, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების და სხვათა დაზღვევა. ჯამში თბილისში 120 ათასამდე ადამიანი უკვე დაზღვეულია და ეს ტენდენცია ამ წელსაც გაგრძელდება.
რაც შეეხება უსახლკაროებს, გამორიცხულია, რომ ამ ამ ადამიანებს დაზღვევა არ ჰქონდეთ, რადგან ისინი თბილისის მერიის სოციალურად დაუცველთა ბაზაში იქნებიან: თბილისში 100 ათასი ქულის მქონე ყველა ადამიანი დაზღვეულია.
სტიქიური მოვლენებისგან არავინ არის დაზღვეული და ეს ყველამ ვიცით, ამიტომ ამ შემთვევაში სახსრები სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, რადგან თუ ვინმეს დაზღვევა ამ დრომდე არ აქვს, იმ ადამიანებმაც დროულად უნდა მიიღონ დახმარება“, - განაცხადა ჩაჩანიძემ.
აი, ასე ჰარმონიულად გვარდება ოპოზიციურ-პოზიციური საკითხები დედაქალაქის საკრებულოში და არა მარტო იქ...