ეკა ასათიანი, "კვირის პალიტრა"
ახლახან ცნობილი გახდა, რომ აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ქონებრივი დავა ვანო ჩხარტიშვილთანაც აქვს, რომელიც თავის დროზე ოლიგარქის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო.
როგორც ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ვანო ჩხარტიშვილს დავა ყულევის ნავთობტერმინალზე აქვთ. თავის დროზე ტერმინალის მშენებლობას ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა. ის ყულევის ტერმინალს ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურის მეშვეობით ფლობდა, როგორიც იყო კვიპროსში რეგისტრირებული "კროლ ჰოლდინგ ლიმიტედი". გახსოვთ, ალბათ, პატარკაციშვილმა ხელისუფლება შევიწროებაში დაადანაშაულა, შემდეგ კი, ძალიან მალე, ნავთობტერმინალის გასხვისება გადაწყვიტა.
ამგვარად, 2006 წლის 29 დეკემბერს "კროლ ჰოლდინგ ლიმიტედმა" ტერმინალი ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ "კარლინას" მიჰყიდა და პატარკაციშვილმა აქციათა 24,5% (49 აქცია) ივანე ჩხარტიშვილს გადასცა. იმხანად პარლამენტში პატარკაციშვილის მხარდამჭერი ფრაქცია აცხადებდა, რომ პატარკაციშვილმა ჩხარტიშვილი ნომინალურ მფლობელად აქცია, რაც ფორმალური გარიგება იყო.
ლაშა ბირკაია, პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატი: "ბადრის გარდაცვალების შემდეგ ვანომ უარი განაცხადა აქციების დაბრუნებაზე, რომელიც მასა და ბადრი პატარკაციშვილს შორის დაიდო და თავი 49 აქციის რეალურ მესაკუთრედ გაასაღა. განაცხადა, ბადრის ამ აქციებთან კავშირი არ ჰქონდაო. საქმის არსებით განხილვამდე პატარკაციშვილების ოჯახმა აქციების დაყადაღება მოსთხოვა სასამართლოს იმ მოტივით, რომ გასხვისების, ე.ი. ხელმეორედ გაყიდვის საფრთხე არ დამუქრებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება ცნო ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე არსებულმა სასამართლომაც".
ჩვენ ვესაუბრეთ ვირჯინის კუნძულების საკანონმდებლო ნორმების მცოდნე ერთ პირს (ვინაობის გამხელა არ ისურვა), რომელიც პატარკაციშვილი-ჩხარტიშვილის ბიზნესურთიერთობის დეტალებსაც კარგად იცნობს:
- იცით, რატომ არის აღრიცხული აქტივები ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებზე? ფაქტობრივად, ამ აქციების მართვა ტრასტების მეშვეობით ხდება. ტრასტი ერთობლივი კორპორაციული ქონების აღმნიშვნელი ტერმინია, ნიშნავს იმას, რომ ბიზნესს რამდენიმე მფლობელი ჰყავს და იმის საშუალებას იძლევა, რომ რეალური მესაკუთრის ნაცვლად ნომინალური მფლობელი ჩანდეს. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების კანონმდებლობით, აქციების ნომინალურ მფლობელს შეიძLლება ნებისმიერ დროს ჩამოერთვას აქციები და რეალურ მესაკუთრეს გადაეცეს.
- როგორ ადგენენ, ვინ არის რეალური მესაკუთრე?
- იოლად. ტრასტის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაადასტურონ ყველა ის გარემოება, თუ ვისთან ჰქონდათ ურთიერთობა, ვისგან იღებდნენ თანხებს, ვისი კუთვნილი ანგარიშებიდან კეთდებოდა გადარიცხვები და ა.შ. შეუძლიათ დაადასტურონ, რომ სინამდვილეში ბადრი პატარკაციშვილთან ჰქონდათ კავშირი. სწორედ ამ პრინციპით მოუგო ინა გუდავაძემ ჯოზეფ ქეის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართული სასამართლო პროცესები. ვირჯინის კუნძულების კანონით, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რომ აქციების ნომინალურ მფლობელს ჩამოერთვას აქციები და რეალური მესაკუთრის მემკვიდრეებს გადაეცეს.
- ყულევის ნავთობტერმინალის გარდა, კიდევ რომელი ქონების გამო შეიძლება წარმოიშვას დავა?
- შეიძლება კიდევ რამდენიმე აქტივი გახდეს სადავო. მაქვს ინფორმაცია, რომ ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებული "კოპელა ვინჩერს ლიმიტედის" რამდენიმე აქტივი გაიყიდა. ერთ-ერთი იყო თბილისის უნივერმაღი, მეორე - თამბაქოს ქარხანა, თანხა კი პატარკაციშვილების ოჯახს თვალით არ უნახავს. საქმე ის არის, რომ თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილმა ჩხარტიშვილის რეკომენდაციით ერთ-ერთი პირი აღჭურვა დოკუმენტებზე ხელმოწერის, წილის გაყიდვის უფლებით და ა.შ., რასაც ეს პირიც ადასტურებს. ე.ი. ამ უკანასკნელის გარეშე "კოპელა ვინჩერს ლიმიტედის" აქტივები ვერ გაიყიდებოდა. ბადრის სიკვდილის შემდეგ სწორედ მისი მეშვეობით გაიყიდა თბილისის უნივერმაღი 12 მილიონ 275 ათას დოლარად და სად წავიდა ეს თანხა, ეშმაკმა უწყის.
თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის სახელთან დაკავშირებულმა კომპანიამ "კოპელა ვინჩერს ლიმიტედმა" ავთანდილ წერეთლისგან თამბაქოს ქარხანა (100%-იანი წილით) 8 მილიონ 700 ათას დოლარად იყიდა. ბადრის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში კი სულ რაღაც 107 ათას 170 ლარად გადაიფორმა "სონატა ალიანს ჯორჯიამ" (ჩხარტიშვილთან ასოცირებული კომპანია). მალე იმავე ოდენობის თანხად (107 ათას 170 ლარად) ეს წილი სრულად "დაუთმო" "სონატა ალიანს ჯორჯიამ" შპს "სმარტ გრუპს", რომლის დამფუძნებლებიც ვანო ჩხარტიშვილის შვილები იყვნენ, - ნათია ჩხარტიშვილი - 51%-ის, მიხეილ ჩხარტიშვილი კი 49%-ის მფლობელი.
დავის საგანია ფოთის წისქვილკომბინატიც, რომლის აქტივებიც გაიყიდა და თანხა იმავე ხელწერით გაქრა...
ეს ყველაფერი (ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები) სწორედ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან მალე ჩატარდა. ჩვენ ვცადეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მეორე მხარესთან გადამოწმება. ამ მიზნით ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურს კითხვები გადავუგზავნეთ. პასუხს, რომელიც მივიღეთ, უცვლელად გთავაზობთ: "ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის ინა გუდავაძის განცხადებასთან დაკავშირებით ქართულ პრესაში, მათ შორის, "კვირის პალიტრის" მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ვანო ჩხარტიშვილის კომენტარი, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მისი პოზიცია ამ დავასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთდება".
P.S. საგულისხმოა, რომ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა კარგად იცის, ვინ იყიდა მისგან თამბაქოს ქარხანა და მონაწილეობდა თუ არა ამაში ბადრი პატარკაციშვილი, მაგრამ ის ამ თემაზე ჟურნალისტებთან ჯერჯერობით არ ლაპარაკობს.
983
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85