"კვირის პალიტრის" მასალების მიხედვით
საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველწლიურ ანგარიშებში აფიქსირებენ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული სახდელი პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მოსამართლეები დადგენილებებში "დამნაშავის" წარმომდგენ პირებს აღარ მიუთითებენ და "მოწმე" პოლიციელების გვარ-სახელების ნაცვლად ასეთ ფრაზებს წერენ: "სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელი". ერთი სიტყვით, აქამდე თუ მოქალაქეთა ადმინისტრაციული წესით დაკავება მხოლოდ პოლიციელის სიტყვიერ განმარტებაზე დაყრდნობით შეიძლებოდა, ამიერიდან იმასაც ვეღარ გაიგებს დაზარალებული, უკანონობაზე ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი. უკვე მზად არის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მოსამართლის მიერ კანონის, მათ შორის, კონსტიტუციის დარღვევა დისციპლინურ გადაცდომად აღარ ჩაითვლება(?!). ამასთან, მოსამართლეს დისციპლინურ გადაცდომად აღარც შრომის დისციპლინის დარღვევა ჩაეთვლება", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით ყოფილი პატრულის აღსარება! / "ვინც შუბლის ძარღვი ვერ გაიწყვიტა, დღეს ულუკმაპუროდ არის".
"პოლიციელთა უმეტესობა პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და სასამართლოში ცრუჩვენებებს აძლევს. ვინც უარი თქვა ამაზე, სამართალდამცავი სტრუქტურიდან გამოაძევეს. როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ პოლიციის ახალი კადრებით დაკომპლექტება დაიწყო, ვიფიქრე, რომ ჩემი ადგილი ამ ახალ ძალოვან სტრუქტურაში იყო. მაშინ საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსი ვანო ბერაძე იყო, უაღრესად კომპეტენტური და წესიერი კაცი. მერე მინისტრი შეიცვალა, ვანო მერაბიშვილი დანიშნეს, შეიცვალა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელიც და ყველაფერი აირია. საპატრულო პოლიციაში 11 თვე ვიმუშავე. ჩემი გათავისუფლების ბრძანებაში ეწერა, რომ პოლიციაში სამსახურისთვის შეუფერებელი ვარ, რით გამოიხატებოდა შეუფერებლობა, ვერავინ დამისაბუთა. ჩემთან ერთად 67 პროფესიონალი გაათავისუფლეს. პატიოსანი პოლიციელები აღარ სჭირდებოდათ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ყოფილი პატრული, ადვოკატი კახა ქარდავა.
"მახსოვს, სიტყვიერად დამავალეს, აღმოგვეჩინა ისეთი ობიექტები, რომლებიც მანქანებს არალეგალურად ღებავდნენ და არემონტებდნენ. აღმოვაჩინე ჯართის ჩამბარებელი პუნქტი, სადაც ჯართს კი არა, საკანალიზაციო ჭების ხუფებს იბარებდნენ. პუნქტში ერთ პირს ვინაობის დასახელება მოვთხოვე, არ დამემორჩილა, სადღაც დარეკა და ვიდრე მის ვინაობას გავარკვევდი, ჩვენი ეკიპაჟი დანაყოფში გვიხმეს. ბუნებრივია, ყველაფერი მოვახსენე საპატრულოს უფროს, ცაგარეიშვილს. მან კი შემაქო და მითხრა, სხვა დროისთვის ნუ გამოიჩენ ინიციატივას, მე კი ყოველთვის ყველაფერს გაგიკეთებო. გასაგები იყო, რომ იმ ობიექტს ვიღაც მფარველობდა. ორი მადლობა მქონდა პირად საქმეში, მაგრამ ამ ამბიდან თვე-ნახევარში გამათავისუფლეს. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თურმე სამი საყვედური მქონია პირად საქმეში ისე, რომ გათავისუფლებამდე არაფერი ვიცოდი. მერე პოლიციაში ისეთი ამბები დატრიალდა, მე კიდევ კარგად გადავრჩი", განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩვენს რაიონში მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა წყნეთში ორი ნარკომოვაჭრე დააკავა, დაახლოებით 20 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. ერთ კვირაში ეს პოლიციელი, რომელმაც ამხელა საქმე გახსნა, მეწყვილესთან ერთად დაიჭირეს. თითქოს ქრთამად საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევისგან 100 ლარი აიღო. წარმოგიდგენიათ, კაცი, რომელმაც ერთი კვირით ადრე 20 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო, 100 ლარს დახარბდა? უკანონო გათავისუფლების გამო ვიჩივლე, მოვითხოვე სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ კანონიერ გადაწყვეტილებას ვინ გამოიტანდა? მივხვდი, რომ პრინციპული მუშაკებისგან გაწმენდილი პოლიცია პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი გახდებოდა კრიმინალური ხელისუფლების ხელში. ადვოკატებთან სტაჟირება და ადვოკატურის ტესტირება გავიარე, საადვოკატო საქმიანობა დავიწყე", - განმარტავს კახა ქარდავა.
"2007 წლის მოვლენების თაობაზე ტელეთერში რამდენჯერმე გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები. პოლიციელები ოფისში მომიცვივდნენ, ჩამსვეს მანქანაში და გამიტაცეს. ჯერ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით, მაგრამ 2 დღეში ბრალი მომიხსნეს და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით გამასამართლეს. თურმე ვახუშტის ხიდიდან ღვინის აღმართზე დამინახა პოლიციელმა, რომელმაც მომიწოდა წესრიგის დაცვისაკენ და მე არ დავემორჩილე. თანაც, თურმე ერთ ხელში ჩანთა მეჭირა, მეორით ჯოხს ვიქნევდი და პოლიციელებს თან ქვასაც ვესროდი. ის კი ვეღარ ამიხსნეს, რომელი ხელით ვისროდი ქვას, ჯერჯერობით სულ ორი ხელი მაქვს - როცა ეს კითხვები სასამართლოში დავსვი, მოსამართლემ აგდებით მითხრა, სანამდე გააგრძელებ ახლაო და გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. ვიდრე ვითომ გადაწყვეტილების მისაღებად იყო გასული, დარბაზში შემოვიდა ვიღაც გოგო, რომელსაც ხელში ქაღალდების სქელი დასტა ეჭირა, დადიოდა და არიგებდა. გამომიწოდა მეც, თქვენი დადგენილება ჩაიბარეთო. ეს ის დადგენილება იყო, რომელიც ჯერ მოსამართლეს გამოცხადებულიც არ ჰქონდა. დადგენილება უკვე დაბეჭდილი, კანცელარიაში გატარებული და ბეჭედდარტყმული იყო. ეს რომ პოლიციელებმა დაინახეს, აყვირდნენ, რას აკეთებ, მოსამართლეს ჯერ მაგის გადაწყვეტილება არ გამოუცხადებიაო. დადგენილებით ოცდღიანი პატიმრობა მქონდა მოსჯილი" - ამბობს ყოფილი პატრული.
"საპარლამენტო არჩევნების დროს სამეგრელოს რეგიონში "ქართული დასიდან" გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი იურისტი და პარლამენტში მიწვეული სპეციალისტი გახლდით. ჩემი აქტიურობით ის მივიღე, რომ თვალი დამადგა სამეგრელოს პოლიციამ, რადგან პოლიციის ორგანიზებულ ჯგუფებს ჩემს უბანში პარპაშის საშუალება არ მივეცი. ჩემი ანგარიშები ერთი წლის განმავლობაში სრულიად უკანონოდ სამჯერ დააყადაღეს. ცოტა ხნის წინ კი კიდევ დამაკავეს და ადმინისტრაციული სახდელი დამადეს. ბიძის ოჯახში ვიყავი დასავლეთ საქართველოში ცოლ-შვილთან ერთად. 7 იანვრის დილით პოლიციელი ბადრი ჩაჩავა (სწორედ ის, არჩევნებში რომ აქტიურობდა) 8 პოლიციელთან ერთად მოვიდა. ჩაჩავამ მითხრა, სასწრაფოდ ჩაიცვი და გამომყევიო. მიზეზი ვკითხე, რაზეც მეგრულად გადაულაპარაკა თანამშრომლებს, წამოიყვანეთ ეს ნაბოზვარიო! მტაცეს ხელი და მაისურით და ჩუსტებით გამარბენინეს მანქანისკენ. ბუნებრივია, ეს ჩემი ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს და ჩემს მეუღლეს მიაძახეს, ჭკვიანად იყავი, თორემ შენს ქმარს მიგასვამთ გვერდითო"- ამბობს კახა ქარდავა.
"მანქანაში შუაში მომიქციეს და რიგრიგობით მირტყამდნენ, თან უშვერად მაგინებდნენ. ახლა რისთვის ჩამოხვედი, რა საქმე დაგრჩა? გზიდან რომ გადავუხვიო და ეს რომ შემოგთავაზო (თან თავის სასქესო ორგანოზე მიმითითა), რას იტყვიო? მიმიყვანეს პოლიციაში. ინსპექტორმა ირაკლი ჯაკობიამ მითხრა, მე აქ არაფერს ვწყვეტ, ხვალ სასამართლოში აგიყვანთ და ის გადაწყვეტსო. კი მაგრამ, რისთვის დამაკავეთ-მეთქი? ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლითო (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობა). იმავე დღეს გამასამართლეს. ჩემი დაკავების ოქმიც წავიკითხე. საქმეში იდო დედაჩემისა და ჩემი დის ვითომ გამოკითხვის ოქმები, სადაც ეწერა, რომ თურმე მქონია ოჯახური კონფლიქტი, პოლიციის თანამშრომლები ამ კონფლიქტის აღსაკვეთად გამოცხადებულან, მე კი არ დავმორჩილებივარ მათ კანონიერ მოთხოვნას, ვაგინე და მერე გაქცევა ვცადე და ასე შემდეგ. ბუნებრივია, სასამართლოს არც დედაჩემისთვის და არც ჩემი დისთვის (რომელიც იმ დროს არც იყო სახლში) უკითხავს რამე. ათდღიანი პატიმრობა შემიფარდეს და სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადამიყვანეს", - დასძენს რესპონდენტი.
"9 იანვარს მოვითხოვე გასაჩივრების უფლება. სააპელაციო საჩივარი დავწერე, "ცენზორებმა" გადაიკითხეს და მიმითითეს, ჩაწერე ოჯახში რომ კონფლიქტი გქონდა, თორემ სისხლის სამართლის საქმეს გამოჰკრავ ხელსო. სხდომის ოქმი მოვითხოვე და უარი მითხრეს. ამიტომ 9 იანვარს შიმშილობა დავიწყე. 10 თუ 11 იანვარს ოქმი გადმომცეს, რომელიც ასევე გაყალბებული იყო. არც გაყალბებული ოქმის გასაჩივრების საშუალება მომეცა. 11 იანვარს ცუდად გავხდი და სასწრაფოდ გადამიყვანეს სენაკის საავადმყოფოში. გამიკეთეს გადასხმები და უკან მიმაბრუნეს, 10 დღე სრულად მომახდევინეს. პოლიციაში წესიერი ხალხი აღარ დატოვეს, ცრუპოლიციელებით, ყალბისმქნელებითა და დამნაშავეებით გაავსეს იქაურობა, სასამართლლოშიც იგივე მდგომარეობაა და ვინ აღასრულოს სამართალი? ვინც შუბლის ძარღვი ვერ გაიწყვიტა, დღეს ულუკმაპუროდ არის" - დაასკვნის ყოფილი პატრული და ადვოკატი.
763
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85