საქართველო: სააკაშვილის სწრაფვა ახალი კონსტიტუციისკენ დავას იწვევს

საქართველო: სააკაშვილის სწრაფვა ახალი კონსტიტუციისკენ დავას იწვევს

საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელსაც როგორც სჩანს პარლამენტი ამ თვეში დაამტკიცებს, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის პოლიტიკურ მოტივებზე სპეკულაციის მიზეზი გახდა. სააკაშვილი და მისი მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ ახალი კონსტიტუცია საქართველოს კონტროლისა და ბალანსის სისტემის განმტკიცებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური სისტემის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს 

თუკი ახალ კონსტიტუციას მიიღებენ, 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლის მეორე შემთხვევა იქნება. ბოლო ვერსია შეცვლის ”ვარდების რევოლუციის” მოდელს ძლიერი აღმასრულებელი რგოლით და ძალაუფლებას პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს შორის გაანაწილებს.

კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, რომელიც 1 ოქტომბერს მეორე მოსმენით მიიღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება, მაგრამ ყოველდღიურ საქმეებში მისი მონაწილეობა შეზღუდული იქნება. პრეზიდენტის დღევანდელი უფლება-მოვალეობების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრს გადაეცემა. მაგალითად, პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც უფლებამოსილია ხელი მოაწეროს კონფლიქტებთან ან ორ აჯანყებულ რეგიონთან (აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი) დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებებს. ახალი კონსტიტუცია ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას მესამე მოსმენით პარლამენტი მოიწონებს. ადგილობრივი ექსპერტების თქმით, ვიდრე პარლამენტში უმრავლესობაში სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“, საკანონმდებლო ორგანოში ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას პრობლემები არ შეექმნება.

სააკაშვილი მიესალმა რეფორმებს, როგორც საქართველოს საბოლოო გამიჯვნას საბჭოთა მემკვიდრეობისგან და დასძინა, რომ ის ქვეყანას ევროპული-სტილის დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნის გზაზე დააყენებს.

თუმცა ოპონენტები ამბობენ, რომ ახალი კონსტიტუცია სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ყველაზე მასშტაბური ცვლილება პრეზიდენტისგან ძალაუფლების პრემიერ-მინისტრზე გადაცემაა. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის კონტროლის უნარი სავარაუდოდ შემცირდება.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელს თამარ ხიდაშელს სჯერა, რომ კონსტიტუციის პროექტი ასუსტებს პარლამენტის გავლენას კაბინეტის დაკომპლექტებაზე და რთულ პროცედურას აწესებს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მხრივ. „ბრმა უნდა იყო, რომ თქვა, თითქოს პრეზიდენტის ძალაუფლება არ მცირდება, მაგრამ პროპორციულად იზრდება პრემიერ-მინისტრის და მთავრობის უფლებამოსილება“ – ამბობს ხიდაშელი – „ამით მიზანი [ხელისუფლების დაბალანსება] არ მიიღწევა“.

ევროკავშირის ვენეციის კომისია, რომელსაც კონსტიტუციის პროექტის ანალიზი ევალებოდა, ხიდაშელის შენიშვნებს იმეორებს და აცხადებს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის სირთულე, საქართველოში ხელისუფლების ბალანსს არღვევს. პროცედურით გათვალისწინებულია სამი საპარლამენტო კენჭისყრა და თუკი კონსესუსის მიღწევა არ მოხერხდება პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს.

დამატებით პრობლემებს ქმნის ისიც, რომ ბოლომდე ცხადი არ არის პრეზიდენტის და მთავრობის როლი საგარეო საქმეებში. ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე მის სრულ ანალიზს ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნებს.

სააკაშვილი საგარეო კრიტიკას ყურადღებას არ უთმობს და მას დაუსაბუთებელს და მცდარს უწოდებს. „რჩევა კარგია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის აშენება ჩვენზე უკეთ არავის შეუძლია და არავინ იცის ჩვენზე კარგად რა არის ამ ქვეყნისთვის უკეთესი“ – 30 სექტემბერს განაცხადა სააკაშვილმა ტელევიზიით გასულ კომენტარებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან.

არასამთავრობო სექტორის აქტივისტები შინაარსის გარდა იმასაც აპროტესტებენ, რომ კონსტიტუციის პროექტის განხილვის პროცესში საზოგადოება არ იყო საკმარისად ჩართული. შემოთავაზებული ცვლილებების საჯარო განხილვა მხოლოდ აგვისტოში დაიწყო, ეს კი საქართველოში არდადეგების თვეა. ქვეყნის არც ერთ ნაციონალურ არხზე, სავარაუდო ცვლილებებზე არც ერთი სატელევიზიო დებატი არ გამართულა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მარკ მალენი ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის განცხადებებს იმის თაობაზე, თითქოს პროექტის განხილვის პროცესი ღია იყო. „არ ვფიქრობ, რომ სრულყოფილი დისკუსიისთვის საკმარისი დრო ან პროცედურები არსებობდა“ – თქვა მალენმა.

„სისწრაფე, ბიუროკრატიული ბარიერები და პროცედურების ნაკლებობა ინფორმაციის დამალვისა და მისი ვერ გაგების სამი საუკეთესო საშუალებაა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამივე სახეზეა“ – დასძენს იგი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ პროექტის განხილვის პროცესი გამჭვირვალე იყო. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციის ლიდერებს კონსტიტუციის პროექტის 12-თვიანი განხილვის პროცესში მონაწილეობის ფართო შესაძლებლობა გააჩნდათ, ისევე როგორც შემდგომ საპარლამენტო დებატებში მონაწილეობისა.

დარჩიაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ რამდენიმე ცვლილება კონსტიტუციის პროექტში სწორედ „ნაციონალურ“ მოძრაობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული კომპრომისის შედეგია და მათ შორისაა ის, რომ პრეზიდენტს ეკრძალება პოლიტიკურ პარტიაში ოფიციალურ თანამდებობაზე ყოფნა და უნდობლობის გამოცხადების პროცედურა შემცირებულია ვადით 20 დღიდან მაქსიმუმ 80 დღემდე.

„ზოგიერთი კომპრომისი ჩვენი მხრიდან მოიძებნა… პოლიტიკური დიალოგისა და კონსტიტუციაზე ყველა იმ ჯგუფის საკუთრების შენარჩუნებისთვის, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილები“ – სთქვა მან. [რედ. შენიშვნა: დარჩიაშვილ ადრე ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს (სოროსის ფონდების ქსელის ნაწილი) დირექტორი იყო].

პოლიტოლოგი გიორგი ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციის შეცვლის სურვილს პოლიტიკა განსაზღვრავს. სააკაშვილის ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება, მაგრამ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მას შეუძლია პრემიერ-მინისტრი გახდეს, თუკი მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობით გავა. შეცვლილი კონსტიტუცია ძალაში 2013 წლის დეკემბერში შევა, საქართველოს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები კი 2012 წელს ჩატარდება.

„თავად პრეზიდენტი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია იგივე გუნდმა განაგრძოს ქვეყნის მართვა… ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის კონსტიტუციას იმისთვის იყენებს, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის ყოფნა უკვდავყოს“ – ამბობს ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ფუნდამენტს უქმნის ხელისუფლების უფრო დემოკრატიულ ფორმას, როდესაც პრეზიდენტი და პარლამენტი არჩეულები არიან, პრემიერ-მინისტრს კი პარლამენტი ირჩევს.

პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კონსტიტუციის პროექტი ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების შენარჩუნება აღელვებდეს. „დღევანდელ მთავრობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეშინია, რომ ვიღაც მოვა პრეზიდენტად ქვეყნის სათავეში და შეეცდება დასავლური კურსის შეცვლას. მათ ამ პროცესის კონტოლი სურთ“ – განაცხადა რონდელმა, რომელიც საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტია.

„ჩემთის გასაგებია ის, თუ რატომ სურს დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხელისუფლებაში დარჩენა… მაგრამ არსებობს არჩევნების მექანიზმი, რომელიც ამას განსაზღვრავს“ – დასძინა რონდელმა.
[foreignpress.ge]