რუმინეთში ეკონომიკურ კრიზისს პოლიტიკური მოჰყვა

რუმინეთში ეკონომიკურ კრიზისს პოლიტიკური მოჰყვა

მძიმე ეკონომიკურ ვითარებას კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის მთავრობა შეეწირა. ამჯერად გადადგომის შესახებ განცხადება რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და მთელი კაბინეტიც დაითხოვა. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ურთულესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით ქვეყნის პრემიერმა მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის გატარება დაიწყო, რასაც მასობრივი პროტესტი და ბოლოს პოლიტიკური კრიზისიც მოჰყვა.

რუმინეთის აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ემილ ბოკმა გადადგომის შესახებ განცხადება პირდაპირ ეთერში მთავრობის სხდომის ტრანსლირებისას გააკეთა და თავისი გადაწყვეტილება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების სურვილით ახსნა. გარდა ამისა, ბოკის თქმით, იგი პოსტს იმიტომაც ტოვებს, რომ მისმა შემცვლელმა იქნებ უკეთ მოახერხოს არსებული პრობლემების გადაჭრა და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ვითარების შემსუბუქება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთავრობის გადადგომა ე.წ. ქამრის შემოჭერის პოლიტიკისაგან გამოწვეულ საერთო-სახალხო პროტესტს მოჰყვა. მართლაც, ბოკის კაბინეტმა არაერთი არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა, რომ 2008-2009 წლების გლობალური კრიზისისაგან შერყეული ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა აღედგინა. თანაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში მკაცრი პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან კრედიტების მიღების წინაპირობა იყო.

2010 წელს თავის გამოსვლაში ემილ ბოკი აღნიშნავდა, რომ რუმინეთი ბოლო 60 წლის განმავლობაში ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთავარი პრობლემა ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი გახლავთ. 2010 წლის დასაწყისში რუმინეთი დეფოლტის პირას აღმოჩნდა. მაშინ ბიუჯეტის დეფიციტმა შიდა პროდუქტის მოცულობის 9,1 პროცენტს მიაღწია. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად 11 მილიარდი ევროს სესხად აღება იყო საჭირო. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მთელი 2010 წლის განმავლობაში 20 მილიარდი ევროს მიღების მიუხედავად, ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრა ეგრეც ვერ მოხერხდა.

გარდა ამისა, რუმინეთს უზარმაზარი გარე ვალი დაუგროვდა. 2010 წლის დასაწყისისათვის იგი 78 მილიარდ ევროს შეადგენდა. ამას კიდევ დაემატა ზემოთ აღნიშნული 20 მილიარდი. ახლა რუმინეთი მხოლოდ აღებული კრედიტების პროცენტების გაჭირვებით გადახდას თუ ახერხებს, მაგრამ 2013 წლისათვის ქვეყანას უკვე თავად მილიარდიანი კრედიტების უკან დაბრუნების დაწყება მოუწევს.

2009 წელს რუმინეთის შიდა პროდუქტის მოცულობა 7 პროცენტით შემცირდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელი გახლავთ. არადა, იქამდე 2001 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად 5-7 პროცენტით იზრდებოდა. რუმინეთს კიდევ არაერთი პრობლემა დაუგროვდა: ძირითად კაპიტალში პირდაპირი ინვესტიციების მკვეთრი კლება, უმუშევრობის სწრაფი ტემპით ზრდა, ინფლაციის მატება, ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაცია და სავალუტო მოდინებების შემცირება.

ამ ვითარებაში 2010 წელს მთავრობამ არაპოპულარული ზომების გატარება დაიწყო. კერძოდ, 19-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა გაყიდვების გადასახადი, 16-დან 20 პროცენტამდე მოიმატა ფიზიკური პირების შემოსავლების ერთიანმა ბეგარამ, 25 პროცენტით შემცირდა საბიუჯეტო ხელფასები და 15 პროცენტით პენსიები. გარდა ამისა, შემცირდა სოციალური დახმარებები: უმუშევართა, ბავშვის დაბადებისათვის განკუთვნილი და სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში გადაყვანისას განსაზღვრული დახმარება. გარდა ამისა, გაუქმდა ნაადრევი პენსიები და უფასო საგზურები. ქამრის შემოჭერის პოლიტიკას სახელმწიფო სექტორში შემცირებები მოჰყვა და საკმაოდ ბევრი რუმინელი უმუშევარი დარჩა.

ემილ ბოკის გათვლებით ამგვარი პოლიტიკის წყალობით, წელიწადში 30 მილიარდ ევრომდე უნდა დაზოგილიყო. ამ ზომებმა გარკვეულწილად გაამართლა და ბიუჯეტის დეფიციტი მეოთხედით შემცირდა, ამასთან, საერთაშორისო ორგანიზეციები წელს ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ 2 პროცენტით შემცირებას ვარაუდობენ. გარდა ამისა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები აღნიშნავენ, რუმინეთს შიდა დაფინანსების პრობლემა აღარ აქვს, სხვა რომ არაფერი ითქვას, წელს ქვეყნის ექსპორტის მოცულობა 40-50 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

გამოდის, ბოკმა ქვეყანა გადაარჩინა, მაგრამ მკაცრმა ზომებმა მოსახლეობის მძაფრი პროტესტი გამოიწვია, რადგან 2010 წლისათვის 4 მილიონი შრომისუნარიანი რუმინელისაგან 1,8 ადამიანი სახელმწიფო სექტორში იყო დაკავებული. ჰოდა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მთავრობის სრული შემადგენლობა გადადგა. ძნელი სათქმელია, მოახერხებს თუ არა ახალი პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი ქვეყანა კრიზისიდან ისე გამოიყვანოს, რომ სავარძელი შეინარჩუნოს, თუ კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის დეფოლტის საკითხი დადგება.