ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის გზები პოლიტიკაშიც გადაიკვეთა და ბიზნესშიც, ასე რომ, დარჩა მხოლოდ სპორტი. დიდ სპორტულ არენაზე ივანიშვილის დაბრუნება ასაკის გამო გამორიცხულია (თუმცა, ვეტერანების ამქარში მაინც შეიძლება). ის კი არადა, კალაძის საფეხბურთო კარიერაც დასასრულს მიუახლოვდა. ერთი სიტყვით, ეს ადამიანები სპორტული განხრით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხიდებიან ერთურთს თუკი „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ რეალობად გადაიქცევა. ასეთ დროს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მეშვეობით ამ ორმა ადამიანმა, შესაძლოა, საკუთარი სპორტული ინტერესები გაატარონ.
მანამდე კი მხოლოდ პოლიტიკა და ბიზნესი. კალაძისა და ივანიშვილის ბიზნესპარტნიორობა უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ პოლიტიკური სიმპათიები უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, ახლა ორივ კუთხით სასურველი ჰარმონიაა. ქართველი მილიარდელი კი აგრძელებს ქართველი ფეხბურთელის წარუმატებელი ბიზნეს-პროექტის ფეხზე წამოყენების პოლიტიკას, კალაძე კი მის პოლიტიკურ მხარდაჭერას.
რადიო „კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკს“ კახი კალაძის „პროგრეს ბანკში“ წილის ყიდვის თაობაზე ეროვნული ბანკის თანხმობა უკვე აქვს. „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი განმარტავს, რომ ივანიშვილის წილი „პროგრეს ბანკში“ აუცილებლად გაიზრდება, თუმცა ნოდარ ჯავახიშვილი კონკრეტულ ვადებს არ ასახელებს.
ამჟამად „პროგრეს ბანკში“ ბიზნესმენის წილი 9%-ია და გავრცელებული ინფორმაციით, იგი 25%-მდე გაიზრდება. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს კალაძის ბანკში წილის 25%-მდე გაზრდა სურდა, გასული წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ბიზნესმენმა ბანკის 9% იყიდა, ხოლო უფრო მეტი წილის შეძენისთვის ცენტრალური ბანკის თანხმობაა საჭირო.
არადა, ივანიშვილამდე კალაძის საბანკო ინსტიტუტში ინვესტიციის განხორციელება ირანის სახელმწიფო ბანკს სურდა. თუმცა, გავრცელებული ინფომარციით, „პროგრეს ბანკის“ შეძენასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები სწორედ ივანიშვილის ფაქტორმა ჩაშალა.
„ირანის სახელმწიფო ბანკი „პროგრეს ბანკს“ არ ყიდულობს. მათ პირობები შეცვალეს და შესაბამისად, მოლაპარაკებები ჩაიშალა. დეტალებზე საუბარი არ მსურს, რა მნიშვნელობა აქვს?“, - აცხადებდა მაშინ ბიზნესმენი ნაზი ალასანია, რომელიც ირანელი ინვესტორების პარტნიორი იყო, თუმცა იქვე დასძენდა, რომ „მიზეზი, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი გახდა“. არადა, ირანის სახელმწიფო ბანკი კახი კალაძის მიერ დაფუძნებული „პროგრეს ბანკის“ შეძენაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე თვე აწარმოებდა.
ირანელების ნაცვლად კი „პროგრეს ბანკში“ მივიდა ქართველი მილიარდერი. ახალი პარტნიორის ბიზნესმენ, ბიძინა ივანიშვილის, შემოსვლის შედეგად, „პროგრეს ბანკმა“ კაპიტალი 1 300 000 ლარით გაზარდა და მისმა საწესდებო კაპიტალმა 14 980 000 ლარი შეადგინა. მილიარდერმა ამის სანაცვლოდ ბანკის 9% მიიღო.
სხვათა შორის, ივანიშვილსა და „პროგრეს ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „პროგრეს ბანკის“ საქმიანობის შემოწმება დაიწყო.
კალაძემ მაშინ ეს ფაქტი საბანკო ტერორად შეაფასა. „ეს არის გაგრძელება საბანკო ტერორისა, რომელიც ეროვნული ბანკის ხელით დაიწყო „ქართუ ბანკზე“ და ამჟამად გრძელდება „პროგრეს ბანკზე“. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მეგობრობის ხელი გავუწოდე და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გვერდით დგომა შევთავაზე, ეს ყველაფერი ძალაშია“, - აცხადებდა კალაძე და ქართველი ფეხბურთელი ეს პოზიცია ამ ეტაპზე, რასაკვირველია, კიდევ უფრო მტკიცეა.