ანა გიორგაძე, "ყველა სიახლე"
"ხელისუფლებას ვეკითხები: გჭირდებათ შეშინებული ბიზნესი? დაშინებული ბიზნესი ქვეყანას ვერ ააყვავებს!" - ეს განცხადება ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა 2006 წლის გაზაფხულზე, ბიზნესმენთა ფედერაციის ყრილობაზე გააკეთა და მასსა და სააკაშვილის მთავრობას შორის, დაპირისპირების პირველი ნიშნებიც მაშინ გამოჩნდა. პატარკაციშვილმა მის მიმართ ზემოქმედებაზე ილაპარაკა და ის 160 მილიონი ლარიც ახსენა, ბიზნესმენებს პროკურატურის ფონდში რომ გადაახდევინეს.
მას მერე, დაძაბულობა პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის დღითიდღე იზრდებოდა. შემდეგ იყო 2007 წლის საპროტესტო აქციები, დარბეული და წართმეული ტელეკომპანია "იმედი", საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც პატარკაციშვილიც მონაწილეობდა... 2008 წლის 12 თებერვალს კი, ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში, თავის სახლში გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევით.
თუმცა პასუხგაუცემელი კითხვები ბევრი იყო მაშინაც და არის ახლაც. შარშან ბადრი პატარკაციშვილის დედამ, ქალბატონმა ნათელა პატარკაციშვილმა "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა: "თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბადრი მოწამლეს. ვინ და რატომ, არ ვიცი. როცა ზუსტად არ იცი, რა და როგორ მოხდა, ძნელია, ვინმეზე ეჭვით ლაპარაკი". დღემდე ოჯახს არა მხოლოდ ეჭვებში ცხოვრება, არამედ ბადრი პატარკაციშვილის ქონებისთვის ბრძოლაც უწევს.
ნათელა პატარკაციშვილი: - 2008 წლის პირველ თებერვალს, ლონდონში საღ-სალამათი შვილი დავტოვე, 12-ში გამთენიისას კი მომიკვდა, ეჭვები როგორ არ მექნება, ბევრს ვფიქრობ და ვდარდობ... ვდარდობ იმასაც, რომ ბადრის ძალიან ბევრმა ადამიანმა უღალატა, თუმცა ცუდს არავის ვუსურვებ. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და მოინანიოს. ჩემთვის ოთხი უმძიმესი წელიწადი გავიდა, მიჭირს ამაზე ლაპარაკი. 10 თებერვალს ჩამოვლენ ბადრის მეუღლე, შვილები, სიძეები და ახლობლების წრეში კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ბადრის. საოცრად მიმნდობი და ადამიანების მოყვარული იყო ჩემი შვილი, ავს ვერ ათქმევინებდი. დარწმუნებული ვარ, ბადრის რომ ეცოცხლა, საქართველოში გაცილებით უკეთესად იქნებოდა ყველაფერი.
79 წლის ვხდები და არ მინდა ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, საქართველოში მშვიდობიან და დალაგებულ ცხოვრებას ვერ მოვესწრო. ვლოცულობ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის, დიდხანს და ჯანმრთელად რომ გვყავდეს. ის უდიდესი პიროვნებაა, მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა სულიერად მამშვიდებს. კიდევ ის მანუგეშებს, რომ სადაც უნდა წავიდე, ჩემს შვილს ყველა საოცრად თბილად და კეთილად იხსენებს.
მერაბ კარტოზია, ბადრი პატარკაციშვილის ბავშვობის მეგობარი: - სახელმწიფოც და კერძო პირებიც ბადრის მეტად უმადურად მოექცნენ, სწორედ იმ ადამიანებმა უღალატეს, ვისაც ყველაზე მეტი სიკეთე გაუკეთა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, დღეს ეს ქვეყანა ამ დღეში არ იქნებოდა. როდესაც ადამიანები ამდენს აღწევენ, ხშირად ივიწყენებ ახლობლებს, ბავშვობის მეგობრებს, რასაც ბადრიზე ვერ ვიტყვი. მახსოვს, მოსკოვიდან რომ დაბრუნდა, მე ძველ მისამართზე აღარ ვცხოვრობდი, მაგრამ ჩვენი საერთო მეგობრების საშუალებით მომძებნა, დამირეკა და შემხვდა, დიდხანს ვისაუბრეთ. მას შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ თბილისის გარეშე ვერ წარმოედგინა ცხოვრება. შარშან გამოვიდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი - "კაცი, რომელმაც დიადი სიზმრები დაგვიტოვა". მასში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოგონებაც არის, რომელიც იხსენებს, რომ ბადრიმ ლონდონიდან დაურეკა და უთხრა: "მე საქართველოსთვის არ მიღალატია!"
848
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85