"კერძო საგადასახადო ინსპექტორები კალიებივით მოედვნენ საქართველოს. მათ მიერ ჩადენილ დააშაულებრივ ქმედებებზე გადასახადების გადამხდელები გაუგონარ ამბებს ჰყვებიან. გარდა იმისა, რომ საგადასახადოს წარმომადგენლები უგულებელყოფენ ბავშვთა უფლებებს და მათ საკუთარი საქმიანობისთვის იყენებენ, ამჯერად ისპექტორებს ქურდობაშიც ადანაშაულებენ. ხელისუფლებას კი სჯერა, რომ "გამარტივებული" საგადასახადო კანონმდებლობა და დანაშაულის მაპროვოცირებელი საგადასახადო ინსპექტორები საქართველოს მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ კერძო ინსპექტორების მიერ კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვინ უფრო თაღლითია - საგადასახადოს ინსპექტორი თუ მეწარმე / შემოსავლების სამსახური პირდაპირ ტერორზე გადავიდა, კერძო ინსპექტორები კი უშუალოდ ქურდობასა და შანტაჟზე.
"საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში, რომლის სახელწოდებასაც დაშინებული მეპატრონის მოთხოვნით არ ვასახელებთ, ქალი შევარდა და შეწუხებული სახით ბარმენს უთხრა, რომ ძალიან ცუდად იყო და ერთი ჭიქა წყალი მოსთხოვა. ბარმენმა სასწრაფოდ დაუსხა წყალი და მიაწოდა, ამ დროს მამაკაცი შემოვიდა და ბარმენი ქვითრის "ამოურტყმელობისთვის" 500 ლარით დაჯარიმა. ქალი და მამაკაცი კაფედან გავიდნენ და დატოვეს თაღლითობით გაოგნებული ბარმენი - "წყალი არ გამიყიდია, ადამიანი შემოვიდა, დასუსტებული ხმით მითხრა, რომ ძალიან ცუდად იყო და ერთი ჭიქა წყალი მომთხოვა, წყალი სასწრაფოდ დავუსხი, ვაპირებდი ვალერიანის აბებიც შემეთავაზებინა, მაგრამ მაშინვე ახალგაზრდა მამაკაცი და მითხრა, რომ ამ ერთ ჭიქა წყალზე 500 ლარით დავჯარიმდი. ვითხარი, ფული არ ამიღია, ქვითარი რისთვის უნდა ამომებეჭდა-მეთქი. ქალმა თქვა, როგორ თუ არ აგიღია, ეს ფული არ არისო - დახლზე დადებული ხუთლარიანი დამანახვა. გავშრი, ასეთ რამეს როგორ წარმოვიდგენდი. ოქმი დაწერეს და არაფერისთვის 500 ლარი უნდა გადავიხადო", - აცხადებს ინკოგნიტო ბარმენი... კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, კერძო ინსპექტორები მაღაზიებიდან ნივთებს იპარავენ და შემდეგ მეწარმეს ედავებიან, რომ მათ ქვითარი არ გამოუწერეს. ამიტომაც კახეთში 500-500 ლარით გადასახადის გადამხდელები მასობრივად ჯარიმდებიან", - აღნიშნავს გამოცემა.
"ასევე ძალიან გახშირებული ფაქტია, როდესაც საგადასახო ინსპექტორი გადასახადის გადამხდელს აჯარიმებს იმის გამო, რომ ქვითარი ხურდის დაბრუნების შემდეგ ამობეჭდა და არა მანამდე. საგადასახადო ექსპერტ ირაკლი შავიშვილის განცხადებით, არსად წერია, ქვითარი ხურდის დაბრუნების წინ უნდა ამოიბეჭდოს თუ დაბრუნების შემდეგ. მისი თქმით, თუკი გადამხდელი კერძო საგასახადო ინსპექტორის მიერ შედგენილ ოქმს არ ეთანხმება, მან ამ ოქმს ხელი არ უნდა მოეწეროს. ამასთანავე, ოქმს უნდა წააწეროს, რომ აქ აღნიშნულ ბრალდებებს არ ეთანხმება - ოქმის ერთი ეგზემპლარი თვითონ დაიტოვოს - ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი 500 ლარით აღარ დაჯარიმდება. აღნიშნულ ფაქტებზე შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში დაიწყება დავა და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად სწორად აჯარიმებდა გადასახადების გადამხდელს ინსპექტორი", - დასძენს გამოცემა.
"ჩვენი შეფასებით, ამ პროექტის განხორციელების მეთოდი თავიდანვე არ იყო დამაკმაყოფილებელი. დაიქირავეს კერძო ინსპექტორები, რომელთა გასამრჯელო პირდაპირ არის მიბმული გამოწერილი ჯარიმების რაოდენობასთან. მათ ძალიან ბევრი დარღვევა გამოავლინეს, მაგრამ საკმაოდ ბევრი შემთხვევა აღირიცხა, როცა ინსპექტორები თავად არღვევდნენ კანონს და დარღვევის პროვოცირებს ახდენდნენ, რადგან პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტია", - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია. მისი თქმით ამ პროექტის მიზანი საშუალო ბიზნესში შესვლა იყო. თუმცა გიორგი პერტაია აღნიშნავს, რომ ინსპექტორები ძირითადად აჯარიმებდნენ ძალიან მცირე სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებს, რომლებიც არა რამე ბიზნესამბიციების გამო ვაჭრობდნენ, არამედ მცირე შემოსავლის მისაღებად", - წერს სტატიის ავტორი.