რა ზომებს მიმართავს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის აგრესიის გასანეიტრალებლად და რა როლს შეასრულებენ საერთაშორისო ორგანიზაციები მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად, რას ნიშნავს უმრავლესობის წევრების განცხადება - გაზეთ "ასავალდასავალში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს არ წავიკითხავთო, არის თუ არა თავისუფალი პრესის იგნორირების ახალი მეთოდი, "ვერსიის" ამ კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი პასუხობს:
- ბევრჯერ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, "ასავალდასავალი" ცილისმწამებელი და სიცრუის გამავრცელებელი გაზეთია, რომელიც საზოგადოებაში ქსენოფობიურ განწყობას აღვივებს. მაშინ, როცა ყოველ ორშაბათს, "ასავალდასავალში" ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ იბეჭდება, არ მესმის, რატომ უნდა წავიკითხო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ?
- კი, მაგრამ რამდენად ეთიკურია, როცა პოლიტიკოსი, მით უმეტეს, ხელისუფლების წარმომადგენელი, გაზეთს ბოიკოტს უცხადებს და ამ მიზეზით კონკურენტი პოლიტიკოსის ინტერვიუს არ კითხულობს?
- თუ საზოგადოება არ მეთანხმება, ეს უხერხულობა ჩემს მიმართ დარჩეს, კი, ბატონო. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ დღემდე არ წამიკითხავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გავეცნობი, თუ ელექტრონულ ვერსიას მომაწვდიან. ვიმეორებ, ჩემთვის "ასავალდასავალი" არ ემსახურება იმ ღირებულებებს, რაც საქართველოს გადარჩენისა და განვითარებისთვისაა აუცილებელი. ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკისთვის საჯარო ფიგურა გახდა, ამიტომ, ბუნებრივია, მის განცხადებებს თვალყურს ვადევნებ, თუმცა, რას წერს ზემოთ აღნიშნულ გაზეთში, ნამდვილად არ მაინტერესებს.
- გასაგებია თქვენი პოზიცია, თუმცა ამავე პრინციპით, შეიძლება სრულიად ქართული პრესის იგნორირება მოხდეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან. კარგით, ფაქტია, რომ შიდაპოლიტიკური პროცესები თანდათანობით იძაბება, პარალელურად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული მხარე სამხედრო ბაზებს აძლიერებს. რა უსაფრთხოების ზომებს მიმართავს ხელისუფლება?
- ჩვენ ამჯერადაც იმ მიმართულებით ვმუშაობთ, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით - სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავების მუდმივი მზადყოფნა, შესაძლებლობების ფარგლებში, ოკუპაციის პერიმეტრზე პროვოკაციის დაფიქსირება, პარალელურად კი, მაქსიმალური თანამშრომლობა ევროკავშირის დამკვირვებლებთან. დიპლომატიური საქმიანობა და ყველა მნიშვნელოვან დედაქალაქთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამ კუთხით, სერიოზული მიღწევებიც გვავქს. შედეგად, მივიღეთ საერთაშორისო დოკუმენტები და რეზოლუციები, რომელიც რუსეთს ხელფეხს უკრავს. რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტები, ჯერჯერობით, იმდენს ვერ ახერხებს, რომ რუსეთს დეოკუპაციის პროცესის დაწყება აიძულოს, თუმცა, უკვე ნათელია, რომ დასავლეთის პოზიცია რუსეთისთვის წამგებიანია. ამ ყველაფრის გამო კი, რუსული საზოგადოება, ელიტა და სპეცსამსახურებიც კი, პუტინსა და მის ვიწრო გარემოცვას პასუხს მოსთხოვენ.
- რუსულმა მხარემ არც ბარაკ ობამას განცხადება დატოვა უყურადღებოდ აშშსაქართველო სამხედრო ურთიერთობის გაძლიერების შესახებ და აღნიშნა, რომ პროცესს ხელს ვერ შეუშლის. საქართველო რას იგებს ამით?
- რა თქმა უნდა, ამერიკას სურს, მაქსიმალურად გააფართოვოს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენთვის დიპლომატიურ ფარს. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთი უზარმაზარი ძალის მქონე სახელმწიფოა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა სიფრთხილით ეკიდება. მიუხედავად ამისა, გარწმუნებთ, ნაბიჯნაბიჯ, დასავლეთის პრინციპული დამოკიდებულება შედეგს გამოიღებს და რუსეთი, თავისთავად, დაიწყებს ტრანსფორმაციის პროცესს - გადაიქცევა სახელმწიფოდ, რომელსაც სხვისი ტერიტორიების ოკუპაციის შესაძლებლობა აღარ ექნება. ეს დროში გაწელილი პროცესია, რომელშიც ჩვენც ვართ ჩართული. რუსეთში ვითარების რადიკალურად შესაცვლელად აშშ და ლონდონი ატომურ ბომბებს კი არ დაუშენს, დიპლომატიურად იმოქმედებს. დაუკვირდით, რუსეთი საერთაშორისო სავაჭრო ზონაში შეიყვანეს, რათა როგორც ამ ორგანიზაციის წევრს, პოლიტიკის შეცვლა აიძულონ, თუნდაც გაზისა და ნავთობის იმპერიული ზრახვებისთვის გამოყენების თვალსაზრისით. რუსეთს კორუფცია და კრიმინალი შიგნიდან ხრავს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ დაჟანგულ რაკეტებში ჯერ კიდევ ბირთვული ქობინებია.
- რუსეთში ოპოზიციის აქციებიც დასავლეთის პოლიტიკის ნაწილია? საქართველოს ხელისუფლება რა პოზიტიურ ცვლილებას ელოდება გაზაფხულზე დანიშნული რუსული არჩევნებიდან?
- ბოლომდე არავის შეუძლია თქმა, რა ზომებს მიმართავს გამწარებული პუტინი. შესაძლოა, საკუთარ ხალხსა და მეზობელ ქვეყნებსაც კი დაუპირისპირდეს. საერთაშორისო ორგანიზაციები სწორედ ამისათვის იქნებიან მაქსიმალურად მზად. თუ რუსეთში ვითარება გამწვავდა, ევროპა სანქციების ენით დაუწყებს პუტინს საუბარს, რაც შიგნიდან ააფეთქებს ამ სახელმწიფოს, თუმცა თუ ეს რისკები პუტინმა აიცილა, რუსეთის დემოკრატიულ რელსებზე გარდაქმნის პროცესი დაიწყება.
- და ეს შესაძლებელია პუტინის მმართველობის პირობებში? ბიძინა ივანიშვილმაც, დაახლოებით, იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა, როცა პუტინის დემოკრატიულობაზე საუბრობდა, გაუგებარია, მაშინ რამ გამოიწვია თქვენი აღშფოთება, თუ დღეს დაახლოებით იგივე განცხადებას აკეთებთ?
- არა, პუტინის პირობებში, დემოკრატიის პროცესი ვერ დაიწყება. შესაძლოა, მან არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვოს, თუმცა ამით თავის დასასრულს მოაახლოებს. პუტინის 12 წლიან მმართველობას რუსული საზოგადოება ვეღარ მოითმენს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, მან პირდაპირ განაცხადა, რომ პუტინში დემოკრატიული პოტენციალი არსებობს და ის დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებს. სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი გაკვირვება, რატომ დაინახა დემოკრატიული პუტინი? პუტინი ან დათმობს ძალაუფლებას, ან საზოგადოება დაათმობინებს. ამას იმ საზოგადოების შემართება მათქმევინებს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა.
- თქვენ, ალბათ, იმ ჯგუფებსაც აკვირდებით, რომლებიც დღეს პუტინის წინააღმდეგ მართავენ საპროტესტო აქციებს - ჟირინოვსკი, "კომუნისტები", "ყავისფერები" და ა.შ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კავკასიის მიმართ აგრესიას არ მალავენ.
- იცით, ამით მხოლოდ პუტინი გვაშინებს. რა თქმა უნდა, ეს ძალებიც გამოდიან ქუჩაში, თუმცა აქციების ორგანიზება მოსკოვის განათლებული კლასის წარმომადგენლებმა დაიწყეს. თუ ნაციონალისტები და კომუნისტები მოვლენ ხელისუფლებაში, რუსეთში არსებული ვითარება გაუარესებისკენ წავა, მაგრამ თუ ლიბერალურმა ნაწილმა გაიმარჯვა, რისი დიდი შანსიც არსებობს, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, რუსეთი მტკივნეულ, მაგრამ მშვიდობიან ტრანსფორმაციას დაიწყებს. სწორედ ამ შემთხვევაში გამოჩნდება ჩვენს შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებიც. საუბარი, აფხაზეთი რუსეთს უნდა გამოვგლიჯოთო, მხოლოდ წყლის ნაყვაა. ამას მანამდე ვერ მოვახერხებთ, სანამ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალში სპეცსამსახურებითა და ჯარით იქნება წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, ოკუპირებულ რეგიონებთან მუდმივი კონტაქტი გვქონდეს, რაც ისედაც გვაქვს, მაგრამ ეს პოლიტიკურ შედეგს არ მოიტანს!
- რა გამოდის, ქართული მხარე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში უნდა იყოს, რუსეთში მმართველობა როდის შეიცვლება, ან გაუგებარია, ამ ეტაპზე, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე ხელი ჩაქნეული გაქვთ?
- არა, პრობლემა რუსეთთან უნდა გადავწყვიტოთ, რადგან მხოლოდ აფხაზებთან მოლაპარაკებით ვერაფერს შევძლებთ. მაქვს გამოცდილება - აბსოლუტურად უშედეგოა პოლიტიკური გადაწყვეტილების იმედი, თუ პრობლემა რუსეთში არ მოგვარდა. როცა რუსეთის ხელისუფლებაში შიდაარეულობა დაიწყება, კონფლიქტურ რეგიონებში განწყობა ავტომატურად, შეიცვლება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით, რუსეთზე ზეწოლა განვახორციელოთ. საქართველო რეფორმებითა და აქტიური დიპლომატიით ახერხებს იმას, რომ უზარმაზარ რუსეთს უძლებს. დასავლეთი რომ რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებს, სწორედ ჩვენი დამსახურებაა.
- ამასობაში, ირანსა და ისრაელს შორის გაზაფხულზე მოსალოდნელი ომი, დასავლეთისთვის სულ უფო რეალური ხდება, პარალელურად, რუსეთში არეულობის დაწყებასაც პროგნოზირებენ. საქართველო რამდენად მზად შეხვდება ამ პოლიტიკურ კატაკლიზმებს?
- იმედი მაქვს, ეს ომი არ დაიწყება. ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების ფლოტი უკვე სპარსეთის ყურესთანაა, გვანიშნებს, რომ კონფლიქტი სადღაც ახლოსაა, მაგრამ, ვფიქრობ, ირანი მსოფლიოს გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩააგდებს. ალბათ, ირანიცა და დასავლეთიც საერთო შეხების წერტილის გამოძებნას შეეცდება, თანაც, მხარეებს შორის გამკაცრებული ტონი, ვფიქრობ, მოლაპარაკებებში გარღვევის წინაპირობაა. თუ მაინც მოხდა ისე, რომ ირანთან დაძაბულობა აქტიურ ფაზაში გადავიდა და მასში აშშ და ისრაელი ჩართო, ამასთან, გაზაფხულზე, რუსეთშიც არეულობები დაიწყო, ეს მხოლოდ დასავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურასთან ინტეგრაციის მიმართულებით დაგვაჩქარებს. მოგეხსენებათ, საქართველო რეგიონში კუნძულია და თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა ძალის გამოყენებით შეეცდება, ეს კუნძული პროცესებმა არ შთანთქას.
756
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85