„რუსეთი აგრძელებს კურილის კუნძულების ოკუპაციას“

„რუსეთი აგრძელებს კურილის კუნძულების ოკუპაციას“

რუსეთ-იაპონიას შორის ურთიერთობები იძაბება. მიზეზი კურილის კუნძულებია, რომლებიც ტოკიომ თავის ტერიტორიად ოფიციალურად გამოაცხადა. იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს ამ კუნძულების ოკუპაციას. 

პრეზიდენტმა მედვედევმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში სამხრეთ კურილიას ეწვევა. იაპონიის პრეზიდენტმა ნაოტო კანმა კი განაცხადა, რომ იაპონია დღემდე სამხრეთ კურილიას საკუთარ ტერტორიად მიიჩნევს, რითაც მიანიშნა, რომ მედვედევის იქ ჩასვლა საჭირო არ არის. 

რუსული სააგენტოების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ეს რჩევა არ მიიღო და აღნიშნა, რომ კურილიაზე აუცილებლად ჩაფრინდება; თან დაამატა – „სამხრეთ კურილია რუსეთის მნიშვნელოვანი რეგიონია“. 

ერთ-ერთი იაპონური სააგენტოს ცნობით, თუ მედვედევი ასეთ ნაბიჯს მაინც გადადგამს, რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებზე ეს ნეგატიურად აისახება. უახლოეს მომავალში შესაძლოა ურთიერთობები დაიძაბოს. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ კურილის კუნძულები მოინახულოს მედიაში ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე იაპონიის პრემიერმა ნაოტო კანმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა სამხრეთ კურილის კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და მედვედევს მიანიშნა იმის შესახებ, რომ იქ ვიზიტის განხორციელება საჭირო არ არის. 

„აუცილებლად გავფრინდები იქ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონის ჩვენი ქვეყნისათვის. სამწუხაროდ, ახლა იქ საფრენი ამინდი არ არის, მაგრამ ჩვენ იქ ვიზიტს უახლოეს მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. 

აღსანიშნავია, რომ იაპონური მედია უკვე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ სამხრეთ კურილის კუნძულებზე ჩასვლა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. 

„იმ შემთხვევაში თუკი დიმიტრი მედვედევი იქ მაინც ჩავა, ეს უარყოფითად აისახება რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებზე, ასევე მოლაპარაკებებზე ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით და იაპონური მხარე იძულებული იქნება ხისტი პასუხი გასცეს ყოველივე ამას“, – წერს იაპონური მედია იაპონიის მთავრობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით. 

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩევი თვლის, რომ იაპონური მხარის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ კურილიის კუნძულების მონახულება უარყოფითად აისახება რუსულ-იაპონურ ურთიერთობებზე, არაადეკვატურია. 

„სამწუხაროა, იაპონიური მხარის ასეთი არაადეკვატური და მკაცრი განცხადება“, – აცხადებს კოსაჩევი „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში. 

კოსაჩევის აზრით, ტოკიო თანმიმდევრულად ამკაცრებს თავის პოზიციას კურილიის კუნძულების სადავოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

„ამან შეიძლება სიტუაცია ჩიხში შეიყვანოს“, – ხაზი გაუსვა დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

შეგახსენებთ, რომ კურილიის კუნძულების ოთხ კუნძულზე იაპონია პრეტენზიას აცხადებს და თავისი პრეტენზიას საფუძვლად 1855 წელს გაფორმებულ ორმხრივ ტრაქტატს უდებს ვაჭრობისა და საზღვრების შესახებ. მოსკოვის პოზიცია კი იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ კურილიის კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (სამართალმემკვიდრე კი რუსეთის ფედერაციაა) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდა და რუსეთის სუვერენიტეტი ამ კუნძულებზე ეჭვგარეშეა. 

გასულ წელს იაპონიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კურილიის კუნძულებს (რომელსაც რუსეთი აკონტროლებს), იაპონიის ტერიტორიად აღიარებს.

კერძოდ, კანონის მიხედვით, კუნძულები იტურუპი, შიკოტანი და კუნაშირი იაპონიის განუყოფელი ნაწილია.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ტარო ასოს განცხადებით, რუსეთი აგრძელებს ამ კუნძულების ოკუპაციას.