ამერიკის სენატში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც ერთდოლარიანი კუპიურის მიმოქცევიდან ამოღებას ითვალისწინებს. კუპიურა, რომელიც აშშ-ს მთელი ისტორიის განმავლობაში არსებობდა, მონეტით უნდა შეიცვალოს. ამის მიზეზი ძალიან მარტივი გახლავთ – ბოლო დროს ამერიკაში ძალიან პოპულარულად ქცეული ეკონომიის იდეის გატარება. კერძოდ, ერთდოლარიანის “მონეტიზაციის” წყალობით 30 წლის განმავლობაში 5,5, მილიარდი დოლარის დაზოგვაა დაგეგმილი. ერთად-ერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ თავად ამერიკელებს არ სურთ ქაღალდის ერთდოლარიანთან განშორება.
აღსანიშნავია, რომ ერთდოლარიანი კუპიურის მონეტით ჩანაცვლებას ემხრობიან როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები. კერძოდ, კანონპროექტის შეტანის მთავარი ინიციატორები გახლავთ დემოკრატი კონგრესმენი აიოვიდან ტომ ჰარკინი და ჩვენთვის კარგად ცნობილი რესპუბლიკელი ჯონ მაკეინი. მათი ჩანაფიქრით, მონეტა სრულიად განდევნის ქაღალდის ერთდოლარიანს მიმოქცევიდან უახლოესი 4 წლის განმავლობაში. ცხადია, თავდაპირველად მონეტების დამზადება ძვირი დაჯდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი დიდ ხანს ძლებს, კუპიურები კი სულ რაღაც ერთ წელში ცვდება.
კაცმა რომ თქვას, 30 წელში 5,5 მილიარდის, ანუ, წელიწადში 180 მილიონი დოლარის დაზოგვა არცთუ ისე შთამბეჭდავი ეკონომიაა. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი ნახევარ ტრილიონს აღწევს. მაგრამ კონგრესმენებს ის ფაქტი ხიბლავს, რომ გარკვეული სახსრები შეიძლება დაიზოგოს სრულიად უმტკივნეულოდ და უპრობლემოდ, ისე, რომ არავისი ინტერესები არ შეილახოს.
აღსანიშნავია, რომ ერთდოლარიანი მონეტის შემოღების შესახებ დებატები ამერიკის კონგრესში 1986 წლიდან გრძელდება. თავდაპირველად, ამგვარად სურდათ არიზონული ლითონის საბადოების ამუშავებისათვის მიეცათ სტიმული. მართალია, მაკეინი არიზონელია, მაგრამ ახლა, როგორც გითხარით, სულ სხვა მიზეზი გახლავთ, ის საბადოები ისედაც კარგა ხანია მშვენივრად მუშაობს.
1990 წლიდან მოყოლებული, კონგრესის საბიუჯეტო-საკონტროლო სამმართველომ ეს საკითხი ხუთჯერ შეისწავლა და ხუთჯერვე დაასკვნა, რომ “ერთდოლარიანი კუპიურა იმავე ნომინალის მონეტით უნდა შეიცვალოს”. მაგრამ გადაწყვეტილების განხორციელება ეგრეც ვერ მოხერხდა.
ერთდოლარიანი მონეტების შეზღუდული რაოდენობით დამზადება 2007 წელს დაიწყეს. მაშინ გადაწყვეტილი იყო წელიწადში ოთხჯერ ახალი მონეტების გამოშვება, რომლებზეც ქვეყნის პრეზიდენტები იქნებოდნენ გამოსახული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ამგვარად, 2017 წლის ბოლოსთვის ამერიკის ყველა პრეზიდენტი ერთდოლარიან მონეტაზე იქნებოდა უკვდავყოფილი.
სახსრების ეკონომიის გარდა კანონპროექტის ავტორები აქცენტს მსოფლიო გამოცდილებაზე აკეთებენ. მართლაც, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში კარგა ხანია დაიწყო წვრილი კუპიურების მონეტებით ჩანაცვლება და ეს ყველგან წარმატებული აღმოჩნდა.
მაგრამ ერთდოლარიანი მონეტის უბედურება ის გახლავთ, რომ იგი ძალიან არ უყვართ უბრალო ამერიკელებს. აქამდე დამზადებული მონეტების 40 პროცენტზე მეტი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში დააბრუნეს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აღვნიშნეთ, მათი რაოდენობა შეზღუდულია, სახელმწიფო საცავებში უკვე 1,4 მილიარდი ამგვარი მონეტა დაგროვდა. ამიტომაც იყო, რომ გასულ წელს გაცილებით ცოტა მონეტა დამზადდა, ვიდრე ადრე და ისინი ძირითადად საკოლექციოდაა განკუთვნილი.
ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ერთდოლარიანი კუპიურის მონეტით ჩანაცვლებას მოწინააღმდეგეები კონგრესშიც გამოუჩნდნენ. ისინი აცხადებენ, რომ მონეტების დამზადება მხოლოდ ფულის უაზრო ფლანგვა იქნება, რადგან მათ უბრალოდ ხალხი არ მიიღებს. მათი აზრით, უმჯობესი იქნება ქაღალდის ერთდოლარიანის მიმოქცევის ოპტიმიზაცია განხორციელდეს.
ასე რომ, ჯერ კიდევ უცნობია, განხორციელდება თუ არა ერთდოლარიანი “მონეტიზაცია” და ჯორჯ ვაშინგტონის გამოსახულებიან კუპიურებს ჩხრიალა მონეტები როდის ჩაანაცვლებს.
1180
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85