როგორი შეიძლება იყოს ახალი საერთაშორისო სავალუტო სისტემა

როგორი შეიძლება იყოს ახალი საერთაშორისო სავალუტო სისტემა


მსოფლიოში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაციის პირობებში ანალიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ერთიანი სავალუტო სისტემის შექმნის საჭიროებაზე. მაგრამ ამასთან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან სკეპტიკურადაა განწყობილი და აღნიშნავს, რომ საჭიროება ერთია, მაგრამ რეალურად განხორციელების შესაძლებლობა მეორე.

მართლაც, ისტორიაში არსებობს ერთადერთი შემთხვევა, როცა ერთიან სავალუტო სისტემაზე შეთანხმება მოხერხდა. ეს 1944 წელს მოხდა. მაშინ, აშშ-ს ქალაქ ბრეტონ ვუდში გამართულ გაეროს სავალუტო-ფინანსურ კონფერენციაზე მსოფლიოს 44 ქვეყნის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა საერთაშორისო სავალუტო რეგულირების შეთანხმებას. აგრეთვე გადაწყდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის, როგორც ძირითადი ინსტიტუტების შექმნა. 

სავალუტო რეგულირების შეთანხმება მიზნად ისახავდა კურსთა სტაბილიზაციას და მსოფლიო ვაჭრობის ლიბერალიზაციას. მაშინ გადაწყდა ვალუტების კურსთა ფიქსაცია მათი ოქროსთან და აშშ-ს დოლართან დაკავშირებით, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო რეზერვის ფუნქცია მიენიჭა. 

ბრეტონ ვუდში აღიარებულმა პრონციპებმა 1976 წლამდე იარსება. მათი შეცვლა საჭირო გახდა დოლარის გაუფასურების და მსოფლიო ეკონომიკაში მომხდარი ცვლილებების, ახალი რეალობების გათვალისწინებით. სწორედ 1976 წელს იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში გამართულ კონფერენციაზე გადაწყდა მსოფლიოს ვალუტების განთავისუფლება და მათთვის თავისუფლად კონვერტირების საშუალების მიცემა. 

მართალია, 2008 წლის შემდეგ სიტყვა კრიზისი ძალიან ხშირ გამოყენებაშია, მაგრამ გლობალური ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობის მაშინდელთან შედარება არც კი შეიძლება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა მართლაც რომ დანგრეული და განადგურებული იყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სწორედ იმ დონემდე უნდა მივიდეთ, რომ გადამჭრელი ნაბიჯები გადაიდგას. 

დღეს მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკური პრობლემები არ აწუხებდეს. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ჩინეთი და სხვა განვითარებადი ქვეყნები მიმდინარე წელს ზრდის ასე თუ ისე მაღალ ტემპს შეინარჩუნებენ, მაგრამ არავინ იცის რა იქნება შემდგომ წლებში. ძნელი წარმოსადგენია, ევროპული კრიზისი ასე უცებ მოგვარდეს, ან ამერიკა და იაპონია გაიმართოს წელში. ანუ, მსოფლიო ეკონომიკის წამყვანი ქვეყნები, სულ მცირე, კიდევ რამდენიმე წელი ეკონომიკური ციებ-ცხელების ვითარებაში იქნებიან. გლობალიზაციის ეპოქაში კი, როცა მთელს მსოფლიოში ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ძნელი წარმოსადგენია, ამან სერიოზული პრობლემები განვითარებად ქვეყნებს არ შეუქმნას. 
ცხადია, ეს ყველას კარგად ესმის, მაგრამ ანალიტიკოსები თითქმის ერთხმად აცხადებენ, რომ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში ერთიანი სავალუტო სისტემის შექმნა წარმოუდგენელია. ჯერ ერთი, შეთანხმება უბრალოდ შეუძლებელი იქნება, თანაც, დღეისათვის არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ ლობირებს რაიმე ისეთ მასშტაბურს, როგორიც ბრეტონ ვუდსის შეთანხმება იყო. 

და თუ ახალი ბრეტონ ვუდსი შეუძლებელია, როგორი შეიძლება იყოს უახლოესი ათწლეულის მსოფლიოს სავალუტო სისტემა? ანალიტიკოსთა აზრით, იგი მულტისავალუტო და ოთხი ძირითადი მოთამაშით წარმოდგენილი იქნება. ეს ოთხი გახლავთ: ამერიკული დოლარი, ჩინური იუანი, იაპონური იენა და ევრო. დიახ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ევროს კვლავ ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ. საქმე იმაშია, რომ ანალიტიკოსთა უმრავლესობას არ სჯერა, რომ იგი, როგორც ვალუტა აღარ იარსებებს. მართლია, მისი გაძლიერების იმედი ნაკლებად აქვთ და ერთობ მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ერთიანი ევროპული ვალუტის მნიშვნელობა მაინც ძალიან დიდი იქნება. ევროპა ხომ, ყველაფრის მიუხედავად მაინც რჩება მსხვილ ეკონომიკურ ბლოკად. 

თავისთავად ცხადია, ყველაზე გავლენიანი და ლიკვიდური კვლავ დოლარი იქნება. მაგრამ იგი, ისევე როგორც ევრო და იენა მაინც ვალების მქონე ქვეყნის ვალუტაა. იუანი კი პირიქით, კრედიტორი ქვეყნის ვალუტა გახლავთ. თუმცა, იუანის უბედურება იმაშია, რომ ჩინეთის მთავრობას არა და არ სურს იგი გაანთავისუფლოს და სრულიად კონვერტირებადი გახადოს. 

მომავალ ათწლეულში ალბათ თანდათანობით დაკარგავს გავლენას იენა, რადგან იაპონიის ეკონომიკას კარგ არაფერს უწინასწარმეტყველებენ. როგორც ჩანს, ამომავალი მზის ქვეყნის ეკონომიკა კვლავ რეცესიისათვის იქნება განწირული. ევრო, როგორც აღვნიშნეთ, ალბათ იარსებებს, რადგან ასე სურთ პოლიტიკოსებს, მაგრამ მას სერიოზულად კარგა ხანი არავინ განიხილავს. ასე რომ ბურთი და მოედანი, როგორც აღვნიშნეთ, დოლარს რჩება. შესაძლებელია, ათწლეულის ბოლოს მსოფლიოს სარეზერვო ვალუტათა შორის ინდური რუპია და ბრაზილიური რეალი განიხილებოდეს, რადგან ამ ქვეყნების ეკონომიკები მართლაც რომ შთამბეჭდავად იზრდება.