ნინო კვიტაშვილი, "ყველა სიახლე"
რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლს - "შემეხე", საზოგადოებაში დიდი ხმაური მოჰყვა. ეროტიკა ხელოვნებისთვის უცხო არ არის, ამ ჟანრის არაერთი შედევრი შექმნილა და იქმნება, მაგალითისთვის, რუბენსის გენიალური ფერწერული ტილოებისა და ბერნარდო ბერტოლუჩის კინოშედევრების მოტანაც კმარა, მაგრამ სად გადის ზღვარი ეროტიკასა და უხამსობას, მხატვრულ ამოცანასა და მასკულტურას, უგემოვნებობას შორის?
როდის ხდება სიშიშვლე თვითმიზანი და შესაბამისად, მაყურებლისთვის მიუღებელი? ამ სპექტაკლსა და რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მიმდინარე პროცესებზე რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი და რეჟისორი, თეატრისა და უნივერსიტეტის სრული პროფესორი ნუკრი ქანთარია გვესაუბრებიან:
"სწორედ პროცესმა გაუჩინა რეჟისორს მოთხოვნა, მსახიობს ამა თუ იმ სცენაში თავიდან ბოლომდე გაეხადა"
ზაალ ჩიქობავა:
- რუსთაველის თეატრში სეზონი რამდენიმე პრემიერით გავხსენით, მათ შორის, სამი საპრემიერო სპექტაკლი დაიდგა ჩვენი თეატრისა და ლონდონის ნაციონალური თეატრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის დონორია კომპანია "ბრიტიშ პეტროლეუმი". ვფიქრობ, ჩვენი და ლონდონის ნაციონალური თეატრის თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდა: ჩატარდა მასტერკლასები, მრავალმხრივი გაცვლითი პროგრამები. დაიდგა ერთობლივი სპექტაკლები: "ივანე და ძაღლები", "ყვითელი მთვარე" და "შემეხე". ამჟამად ვმუშაობთ ახალ სპექტაკლებზე, საქართველოს ტელევიზიის "პირველ არხთან" ერთად განვახორციელეთ პროექტი - "ვინ არის ოლივერი?", სადაც მიუზიკლ "ოლივერ ტვისტისთვის" ოლივერისა და ნენსის როლების შემსრულებლები უნდა შეგვერჩია. დადგმას ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან ერთად ვახორციელებთ.
- "ქეთო და კოტე", "ოლივერ ტვისტი"... თქვენ გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ბოლო ხანს რუსთაველის დრამატული თეატრის სცენა ხშირად ეთმობა მიუზიკლებს და რომ ეს არ არის დრამატული თეატრის საქმე.
- "ქეთო და კოტე" არ არის ჩვენი თეატრის სპექტაკლი. არა მგონია, რომელიმე თეატრს ჰქონდეს უფლება, სცენა არ დაუთმოს სხვა თეატრის წარმოდგენას. თბილისელებს მივეცით საშუალება, ენახათ ბათუმის მუსიკალური ცენტრის სპექტაკლი. რუსთაველის თეატრის რეპერტუარში არაერთი მუსიკალური სპექტაკლი იყო და თეატრის ფორმატი ამით არ ირღვეოდა. რუსთაველის თეატრის ბრწყინვალე ორკესტრის თანხლებით იდგმებოდა გახმაურებული "ხანუმა", "პეპო"... "ოლივერ ტვისტში" როლებს ოპერის მომღერლებთან ერთად ჩვენი თეატრის მსახიობებიც შეასრულებენ.
თუ გვინდა, ქართული თეატრი იყოს ინტეგრირებული, არ ჩავიკეტოთ მხოლოდ ჩვენს სივრცეში, მისი არეალის გაფართოებას უნდა ვეცადოთ. ექსპერიმენტული მიმართულებით მუშაობს თეატრალური ლაბორატორია, სადაც აბსოლუტური თავისუფლებაა. არ შეიძლება ლაბორატორიას ისევე კრიტიკულად შევხედოთ, როგორც დიდ სცენაზე დადგმულ სპექტაკლს, ეს ექსპერიმენტია.
- "საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა სპექტაკლ "შემეხეს", რომელიც რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დაიდგა და, ასე ვთქვათ, თამამი სცენების სიჭარბის გამო მაყურებლის ნაწილმა დარბაზიც კი დატოვა. სპექტაკლის ლაიტმოტივი ბავშვობისდრინდელი სექსუალური ფანტაზიები და მასთან დაკავშირებული პრობლემებია.
- ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ეს რეაქცია ზოგიერთში. თეატრის ზემოქმედების ძალაც სწორედ ის არის, რომ მაყურებელში გამოიწვიოს ან დადებითი ემოცია, ან აგრესია. იმავე მაყურებელმა შეიძლება თეატრის დარბაზი სხვა სპექტაკლის მსვლელობისასაც დატოვოს, თუ წარმოდგენისგან ვერ მიიღებს სასურველ ემოციას და მუხტს.
- სიშიშვლე, ეროტიკა, სკაბრეზული სცენები არ შეიძლება იყოს თვითმიზანი. თქვენი აზრით, რა მხატვრულ ამოცანას ემსახურება ეს ყველაფერი სპექტაკლში?
- არა მგონია, რეჟისორ ალექსანდრე ზელდინის თვითმიზანი ეროტიკა ან სიშიშვლე ყოფილიყო, ეს პროცესია და სწორედ ამ პროცესმა გაუჩინა რეჟისორს მოთხოვნა, მსახიობს ამა თუ იმ სცენაში თავიდან ბოლომდე გაეხადა. ამასთანავე, გაიხადა 3 სპექტაკლში, 3-ში - არა. ამ სპექტაკლის პრინციპია ურთიერთობა მაყურებელთან და არა სიშიშვლე, ხაზგასმული ეროტიკა. ეს შეიძლება ძალიან მოგვეწონოს ან არ მოგვეწონოს, ასე რომ, მაყურებლის ნაწილისთვის ექსპერიმენტი მისაღები აღმოჩნდა, ნაწილისთვის - მიუღებელი.
- ამ თემაზე საუბრისას, თქვენ განაცხადეთ, ახმეტელის მიერ დადგმულ სპექტაკლ "ყაჩაღებში" ერთ-ერთი მსახიობი ქალი სცენაზე შიშველი გამოდიოდაო.
- ამაზე მეკამათებიან, "ყაჩაღებში" კი არა, "ლამარაში" იყო ამგვარი სცენა, რაც იმ დროისათვის ძალზე თამამი გადაწყვეტილება გახლდათ. ისე,თავისი დროისთვის რადიკალურად განსხვავებული თეატრი შექმნა რობერტ სტურუამაც, რაც იმხანად მაყურებლის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
- გმირს, რომელიც სცენაზე შიშვლდება, ინგლისელი მსახიობი ასახიერებს. ქართველმა არტისტებმა მართლა თქვეს უარი ამ როლის შესრულებაზე?
- არა, ეს თავიდანვე, კასტინგზე გადაწყდა. პროექტით იყო განსაზღვრული, რომ სპექტაკლში სამ ინგლისელ ახალგაზრდა მსახიობს და რამდენიმე ქართველს უნდა ეთამაშა. მსახიობებმა ძალზე საინტერესო, გულწრფელი სახეები შექმნეს, რაც ჩვენთვის საამაყოა.
- როცა თეატრში დავრეკეთ, გვითხრეს, რომ სპექტაკლი "შემეხე" აღარ გაიმართება. რატომ მოიხსნა ეს სპექტაკლი 6 საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ხომ არ გამოიწვია ეს მაყურებლის რეაქციამ?
- არა, ესეც თავიდანვე იყო განსაზღვრული. სამწუხაროდ, არ გვაქვს საშუალება, ინგლისელი მსახიობები აქ დიდხანს დავტოვოთ, მათ თავიანთი გეგმები აქვთ. ასე რომ, არაფერი შეგვიცვლია, არ შეგვშინებია იმის გამო, რომ ვიღაცებმა სხვადასხვა მოსაზრება გამოთქვეს.
- თქვენ რობერტ სტურუა ახსენეთ და რით ახსნით, რომ სპექტაკლი "ნადირობის სეზონი" თვეში მხოლოდ ერთხელ იმართება? მისდამი ხომ მაყურებლის ინტერესი დიდია.
- თავდაპირველად, "ნადირობის სეზონის" რამდენიმე წარმოდგენაზე ანშლაგი იყო, შემდეგ კი, როცა მაყურებლის რაოდენობა იკლებს, ვცდილობთ, დავაშოროთ სპექტაკლები, დარბაზი სავსე რომ იყოს. ეს მარკეტინგული გათვლაა და მეტი არაფერი.
- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც რობერტ სტურუა დაითხოვეს, თეატრის ხელმძღვანელობა "შემეხე"-ს მსგავსი სპექტაკლებით ცდილობს მაყურებლის მიზიდვას.
- ეს პრიმიტიული არგუმენტია. სამწუხაროა, რომ წარმოდგენაზე მსჯელობენ ადამიანები, რომლებსაც ის არ უნახავთ და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით განიხილავენ ამა თუ იმ თეატრალურ მოვლენას. თუ ნახე და არ მოგეწონა, შეიძლება ვიკამათოთ, სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი სხვა მიზანს ემსახურება.
- უკვე ნახევარი წელია რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი თავისუფალია, რაც მცირე დრო არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო კანდიდატებად დავით საყვარელიძე და დავით დოიაშვილი სახელდებიან. როდის ეყოლება რუსთაველის თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი?
- ვერ გეტყვით, როდის ეყოლება რუსთაველის თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი, ეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას.
"სპექტაკლის მხატვრული დონე შეიძლება საკამათო იყოს"
ლაშა ჩხარტიშვილი: - რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგმულ სპექტაკლს - "შემეხე" - ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა მოჰყოლოდა. ამ სპექტაკლის მხატვრული დონე შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ მას აქვს მიზანი, - გვიჩვენოს ყმაწვილობისას წარმოქმნილი პრობლემები, რომელიც წარმოდგენაში თამაშების გზით არის გადმოცემული. ანუ სიშიშვლე სცენაზე, რის გამოც აჟიოტაჟი ატყდა, არ ღირს ამად; შესაძლოა, ეს ყველაფერი მაღალმხატვრულ ესთეტიკურ დონეზე არ იყოს გადაწყვეტილი, მაგრამ სპექტაკლის მიზანი სულ სხვაა. აქ სიშიშვლე უნდა გავიგოთ როგორც ერთგვარი მეტაფორა, პროტესტის ფორმა. ბრიტანელი მსახიობი, რომელიც ამ როლს ასრულებს, სწორედ მაშინ იხდის, როცა აღარ უნდა ამ ბავშვურ თამაშებში მონაწილეობა. სპექტაკლში 23-24 წლის ახალგაზრდები პირველ სექსუალურ შეხებას იხსენებენ. სპექტაკლში მნიშვნელოვანია რეჟისორის პოზიცია, რომლის მიხედვითაც ამ ახალგაზდებს აღარ სურთ, ბავშვური თამაშების გახსენება.
- ზაალ ჩიქობავამ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მსახიობების კონტაქტი მაყურებელთან, თუმცა, არაერთმა მაყურებელმა დატოვა დარბაზი პროტესტის ნიშნად.
- იმავე რუსთაველის თეატრში, წლების წინ, თემურ ჩხეიძის ერთ-ერთი ბრწყინვალე სპექტაკლის, "გუშინდელნის" წარმოდგენისასაც ტოვებდა მაყურებელი დარბაზს, სწორედ ამის გამო მოიხსნა სპექტაკლი რეპერტუარიდან. ნახეთ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს "შემეხეს" აკრიტიკებენ, რას წერდნენ თავის დროზე რობერტ სტურუას "რიჩარდ მესამეზე", რომ ეს არის უხამსობა და ა.შ.
"ეროტიკა სტრიპტიზად არ უნდა იქცეს"
ნუკრი ქანთარია:
- თუ ეროტიკა გარკვეული მხატვრული ჩანაფიქრის გადაწყვეტას არ ემსახურება, ის იაფფასიანი სტრიპტიზის დონეზე დადის. ეს უკვე აღარ არის ხელოვნება. პიესაში, სპექტაკლში სიუჟეტის განვითარებისას ეროტიკულ სცენებს გარკვეული დატვირთვა უნდა ჰქონდეს, მთავარ სათქმელს ავსებდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს შიშველი სცენები პატარა დარბაზში თამაშდება, სადაც ყველაფერი ხელისგულზეა. არა მგონია, მსახიობი მამაკაცის გაშიშვლება ან სპექტაკლს, ან ამ უდიდესი ტრადიციების აკადემიურ თეატრს რაიმეს სძენდეს.
- ზაალ ჩიქობავა ამბობს, რომ ეს ექსპერიმენტული სპექტაკლია..
- გასაგებია, მაგრამ რაღა ასოს ძიებით უნდა დაიწყონ შემოქმედებითი ექსპერიმენტი? ვიმეორებ - თუ სიშიშვლის, ეროტიკის გარეშე მხატვრული სახე ვერ იხსნება, ის აუცილებელია, მაგრამ ამ სპექტაკლში ამგვარ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, და ამიტომაც გამოიწვია საზოგადოების დიდი ნაწილის, მათ შორის, პროფესიონალების გაღიზიანება. ამ სპექტაკლის დამდგმელსა და მის თაყვანისმცემლებს ნიჭიერება და გემოვნების გრძნობა ღალატობთ.
- თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რობერტ სტურუასა და სხვა რეჟისორების სპექტაკლების თამამი სცენებიც იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას...
- თამამი სცენები ჩემს სპექტაკლებშიც არის. თემურ ჩხეიძის "ჯაყოს ხიზნებში" ის მხატვრული აუცილებლობით იყო გამოწვეული. ეროტიკის ამგვარი იაფფასიანი გაგება კი მიუღებელია, ტყუილად ცდილობენ ზოგიერთები დაგვიმტკიცონ, რომ ამ უხამსი სიშიშვლის "ღრმა აზრს" ყველა ვერ სწვდება. და კიდევ - თამარ წულუკიძე სცენაზე შიშველი არასოდეს გამოსულა, ისევე როგორც აკაკი ვასაძე ან აკაკი ხორავა.
1291
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85