ვაშინგტონში გაკეთებულმა საქართველოს მხარდამჭერმა განცხადებებმა კრემლი და მისი მარიონეტები გვარიანად შეაფუცხუნა. მათ ანტიამერიკული და ანტიქართული განცხადებების ნამდვილი დოღი მოაწყვეს. სოხუმის რეჟიმი „დარწმუნებულია, რომ ქართული მხარე აფხაზეთში შეიარაღებულ შეჭრას აშშ-ის აქტიური დახმარებით გეგმავს“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი ქლინთონმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, საქართელოს ტერიტორიების ოკუპაცია შეწვიტოს, ჯარები გაიყვანოს და მედვედევ-სარკოზის შეთანხმებების პირობები შეასრულოს.
რეაქციამაც არ დაახანა. რუსეთის დუმის დეპუტატი, „ედინაია როსიას“ წარმომადგენელი კონსტანტინ კოსაჩოვი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი ქლინთონის განცხადებებით „იმედგაცრუებულია“.
„ჰილარი ქლინთონის განცხადებებით იმედგაცრუებული ვარ. როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაციამ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან დასკვნა ვერ გამოიტანა. მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის მხარდაჭერას არასწორი ინტერპრეტაცია მისცა და ჩათვალა, რომ საომარი მოქმედებები უნდა დაეწყო. ქლინთონის განცხადებები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ვერ შეცვლის, თუმცა შეიძლება, აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებზე იქონიოს გავლენა“, - განაცხადა კოსაჩოვმა.
„სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალიების შეცვლას ვერავინ შეძლებს“, – როგორც „იტარ-ტასი“ იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდის წინ განაცხადა .
კარასინის თქმით, ქართველი დიპლომატები და პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის საკითხებში წინსვლა დააბრკოლონ:
„მაგრამ, ქართული მხარის მცდელობების მიუხედავად, რეგიონში შექმნილი ახალი რეალიების შეცვლას ვერავინ შეძლებს. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის აქტიურად ვემზადებით. ჟენევის დისკუსიები სწორედ საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი დიალოგის განვითარებისთვის არის შექმნილი“.
კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 13 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის გამოსვლას მორიგ პროვოკაციად აფასებს. ამის შესახებ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა სააგენტო „რესს“ განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნა საქართველოსთან არანაირ კავშირში არ არის. ისინი იქ ორ სახელმწიფოს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან.
ჯიოევის შეფასებით, კლინტონის განცხადება საქართველოს დეოკუპაციის შესახებ მორიგ პროვოკაციას წარმოადგენს, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის გააქტიურებისკენ უბიძგებს.
„კლინტონი და სხვა მაღალი წრის ამერიკელი ჩინოვნიკები, რომლებიც სიტყვა „ოკუპაციას“ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში იყენებენ, ამ ტერმინს უსაფუძვლოდ ხმარობენ. რაც შეეხება მედევედევ-სარკოზის შეთანხმებას, მას რუსეთი ასრულებს, საქართველო კი პირიქით, აშშ-ისა და დასავლეთის მხარდაჭერის იმედით, ამ დრომდე უარს აცხადებს სამხრეთ ოსეთზე თავდაუსხმელობის შესახებ პირობის დადებაზე“, - აღნიშნა სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, აშშ-ის პოზიცია კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით ჟენევის მოლაპარაკებებს კიდევ უფრო ართულებს.
„ჰილარი კლინტონს არ უნდა აღელვებდეს რუსეთის ჯარის ყოფნა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, აქ ისინი კანონიერად იმყოფებიან, – თქვა ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა – ამ სტრატეგიას არარეალურად და განუხორციელებლად მივიჩნევთ და კომენტარის გაკეთებას მის შინაარსთან დაკავშირებით არ ვაპირებთ. რაც შეეხება ე. წ. ოკუპაციას, არც ქალბატონ კლინტონს და არც ვინმეს კიდევ არ უნდა აღელვებდეს რუსეთის ჯარის ყოფნა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ისინი აქ აბსოლუტურად კანონიერ საფუძველზე იმყოფებიან სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე“.
„რატომ არ ინტერესდებოდნენ დასავლეთის მაღალჩინოსნები, მაგალითად, ახალგორის რაიონით ადრე, როდესაც იგი საქართველოს ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. მაშინ ამის შესახებ არავინ საუბრობდა. ახლა კი რუსეთის დახმარებით, გავათავისუფლეთ ოდითგანვე ჩვენი ტერიტორიის ნაწილი და იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში მთელი სამხრეთ ოსეთი აყვავებული ტერიტორია გახდება“, – აცხადებს ჩიგოევი.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინიტრო ჰილარი ქლინთონის რუსეთისადმი მოწოდებას, გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და 2008 წლის ომის შედეგების მიმართ ზედაპირულ და მიკერძოებულ მიდგომად აფასებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის აღნიშნული განცხადებების გამო სოხუმის რეჟიმი ჟენევის მოლაპარაკებების დატოვებით იმუქრება და აცხადებს, რომ „ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი თანათავმჯდომარის - შეერთებული შტატების ასეთი ღია პროქართული პოზიცია იწვევს აფხაზური მხარის ეჭვს, ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ“.
ამასთან, როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „რუსული ჯარი საქართველოს მხრიდან საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის გარანტიაა, რადგან სოხუმის რეჟიმი დარწმუნებულია, რომ ქართული მხარე აფხაზეთში შეიარაღებულ შეჭრას აშშ-ის აქტიური დახმარებით გეგმავს“.
„ქლინთონის ამგვარი განცხადების პასუხად, აფხაზური მხარე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სთავაზობს, უფრო გასაგებად ახსნას სიტყვები „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“. ამგვარად, აშშ საკუთარ პოზიციას დაასაბუთებს. ეს საჭიროა, რამდენადაც აღნიშნული განცხადება „ტერიტორიული მთლიანობის“ ომის გზით აღდგენის საქართველოს აგრესიული მისწრაფებების პროვოცირებას ახდენს“, - აცხადებენ დე ფაქტო სამინიტროში.
აქვე აღნიშნულია, რომ „აფხაზეთის მთავრობა ქლინთონის ამ ერთმნიშვნელოვანი განცხადების გამო შეშფოთებულია და იძულებულია, ჟენევის დისკუსიებზე საკუთარი პოზიციის კორექტირება მოახდინოს“. ამ ხმაურიანი განცხადების მიუხედავად უკვე გაჟღერდა, რომ აფხაზი მარიონეტები ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესს სრული შემადგენლობით უბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი ქლინთონმა საქართველოს პრემიერ ნიკა გილაურთან შეხვედრაზე შეერთებული შტატების სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჯარები გაიყვანოს.