ერნესტო ბერტარელიმ წამლებით ნაშოვნი ფულით ოკეანეები დაიპყრო

ერნესტო ბერტარელიმ წამლებით ნაშოვნი ფულით ოკეანეები დაიპყრო

10 მილიარდი დოლარით შვეიცარიის უმდიდრესი ადამიანი ერნესტო ბერტარელი ერთ-ერთი იმ მილიარდერთაგანია, რომელმაც ფული ბავშვობის ოცნების განხორციელებას მოახმარა. ფარმაცევტული ბიზნესით მოგროვებული დიდძალი კაპიტალის მემკვიდრემ ოჯახურ საქმეს ხელი გულმოდგინედ მოკიდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ყველა ფულს ვერ იშოვნი, ცხოვრება კი ერთია და სიამოვნებით უნდა იცხოვრო.

 

კოვზით პირში

ძველი რომაული ანდაზა გვეუბნება: „დაიბადა პირში ვერცხლის კოვზით“. ეს თავისუფლად შეიძლება ითქვას ერნესტო ბერტარელიზე. იგი დაიბადა 1965 წელს რომში, შეიძლება ითქვას, იდეალურ ოჯახში. მამამისი ფაბიო წარმატებულ ფარმაცევტულ ფირმა Serono-ს ხელმძღვანელი იყო. აღსანიშნავია, რომ 60-ის წლებში სწორედ ამ ფირმამ დაიწყო ევროპაში უნაყოფობის წამლების გამოშვება, რამაც დიდი აღიარება და მოგება მოუტანა.

 

Serono-ს აქციების საკონტროლო პაკეტს ვატიკანი ფლობდა, რომელიც 1974 წელს ფაბიომ გამოისყიდა და კომპანიის მფლობელი თავად გახდა. თუმცა, ამ პერიოდში იტალიაში ძალიან რთული, პოლიტიკური ტერორის ვითარება იყო. „წითელი ბრიგადების“ მებრძოლები ბიზნესმენებს წერილებს უგზავნიდნენ და  „რევოლუციურ ბაჟს“ სთხოვდნენ. როცა ამგვარი წერილი სენიორ ფაბიომაც მიიღო, გადაწყვიტა ოჯახით მეზობელ შვეიცარიაში გადაბარგებულიყო.

 

ერნესტომ განათლება აშშ-ში მიიღო, სადაც წარმატებით დაამთავრა ჯერ ბაბსონის კოლეჯი, შემდეგ კი ჰარვარდის უნივერსიტეტი. ამ უკანასკნელში სწავლისას გაიცნო ყოფილი მის ბრიტანეთი კრისტი, რომელზეც დაქორწინდა კიდეც. მოკლედ, საქმე იდეალურად მისდიოდა, რაც არა მარტო მამის ფულის, არამედ თავისი პიროვნული თვისებების დამსახურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოკეანისგაღმა სწავლობდა და შინ ძალიან ცოტა დროს ატარებდა, ჭკვიანი და მოწესრიგებული ერნესტო ოჯახურ ბიზნესში მშვენისრად ერკვეოდა.

 

თავად Serono კი სულ უფრო იფურჩქნებოდა. 1987 წელს ფირმა გენური ინჟინერიის ბაზარზე გავიდა, 80-იანების ბოლოს კი კომპანიამ გამოუშვა Saizen, ბავშვებში ჰორმონალური დეფიციტის სამკურნალო პირველი საშუალება მსოფლიოში, რამაც უდიდესი აღიარება მოუტანა.

 

ერნესტო კომპანიას 90-იანი წლების დასაწყისიდან დეფაქტოდ ხელმძღვანელობდა, 1996 წელს მამის გარდაცვალების შემდეკ კი იგი Serono-ს მფლობელი გახდა. სწორედ აქ გამოავლინა მან ამერიკული განათლების უპირატესობა. მას მემკვიდრეობით მართალია, ერთობ წარმატებული და გამართული, მაგრამ საკმაოდ ძველებური მეთოდებით მომუშავე ბიზნესი ერგო. ჰოდა, ერნესტომ მართვის თანამედროვე მეთოდების დასანერგად ძალ-ღონე არ დაიშურა. სულ რაღაც ოთხ წელში Serono-ს აქციების ნიუ იორკის და ლონდონის საფონდო ბირჟებზე ლისტინგი განახორციელა, მისმა ძალისხმევამ, კომპანიის რეორგანიზაციამ ნაყოფი გამოიღო და Serono ჭეშმარიტ ბიოტექნოლოგიურ გიგანტად, თავის სფეროში სიდიდით მსოფლიოში მესამე კომპანიად იქცა.

 

ერნესტოს მმართველობის ხანაში კომპანია ოთხჯერ გაიზარდა. ახალგაზრდა ბერტარელი ბევრს ზრუნავდა უცხოური ბაზრების ათვისებაზე და საინტერესო კაპიტალდაბანდებებს ანხორციელებდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2002 წელს ფრანგული Genset-ის შთანთქმა, რითაც Serono-მ გენური ინჟინერიის ბაზარზე პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამან კომპანიას გარკვეულწილად დათვური სამსახური გაუწია. Serono-მ ერთი მიმართულებით განვითარება დაიწყო და ერნესტო არჩევანის წინაშე აღმოჩნდა – ან ახალი კაპიტალდაბანდებები უნდა განეხორციელებინა, ან კიდევ ბიზნესი გაეყიდა. სხვათა შორის, ერთხელ ბერტარელიმ ინტერვიუში აღნიშნა: „მთავარია გააკეთო არჩევანი – ან გინდა მეწარმედ დარჩე, ან კიდევ, უბრალოდ მდიდარ ადამიანად.“

 

ჰოდა, ერნესტომ, არც აცია, არც აცხელა და 2005 წელს ამერიკულ ბანკ Goldman Sachs-ს თავისი ფირმისათვის მყიდველის პოვნა დაავალა. მყიდველი არაერთი გამოჩნდა და ბერტარელიმ საბოლოოდ, ყველაზე მომხიბვლელი წინადადება მიიღო და ოჯახური ბიზნესი 10,6 მილიარდ დოლარად გერმანულ Merck KGaA-ს მიყიდა.

 

შტურმანი ერნესტო

დიდი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შემდეგ ბერტარელიმ გადაწყვიტა ბავშვობის ოცნება აესრულებინა და ოკეანეების დაპყრობას შედგომოდა. თქმა არ უნდა, საამისო სახსრები ნამდვილად გააჩნდა. მალე მან სპეციალურად დაამზადებინა ულამაზესი და უსწრაფესი იალქნიანი გემი, რომელსაც „ალინგი“ უწოდა და რომელიც, როგორც ერთხელ თქვა, სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.

 

ერნესტომ შვეიცარიელთა და ფრანგთა მიერ გამართული ყველა შეჯიბრი მოიგო, თუმცა, წვრილ ტურნირებში მონაწილეობა და შემდეგ შამპანურით ხელში პოდიუმზე დგომა მალე მობეზრდა. ბერტარელის სურდა თავი ნამდვილ ზღვის მგლად ეგრძნო. მას სურდა იალქნიანი ნაოსნობის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ამერიკის თასი მოეპოვებინა. ამისათვის მან ახალი გემი „ვავა“ ააგო და თასის იმდროინდელ მფლობელ ახალ ზელანდიას მიაშურა. და მან ეს შეძლო – ამერიკელთა და ახალ ზელანდიელთა 152 წლიანი დომინირების შემდეგ ამერიკის თასს პირველად შვეიცარიული გუნდი დაეუფლა.

 

ბერტარელის თქმით, ეს მის ცხოვრებაში უდიდესი წარმატება იყო. აღსანიშნავია, რომ პეტრე პირველის მაგალითის მიბაძვით, ერნესტო თავის გემზე უბრალო მეზღვაური იყო.

 

ამერიკის თასის წესების მიხედვით, შემდეგ შეჯიბრს ორგანიზებას გამარჯვებული

ქვეყანა უწევს. შვეიცარიას კი, მოგეხსენებათ, ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ტურნირის გამართვის ინიციატივით არაერთი მეზობელი ქვეყნის საპორტო ქალაქი გამოვიდა – ამერიკის თასის მასპინძლობა ხომ დიდ ინვესტიციებსა და შემოსავალს ნიშნავდა. ცხადია, ბერტარელიმ ამით ისარგებლა და საყვარელი საქმე კომერციულ რელსებზე გადაიყვანა, სპეციალურად დააარსა კომპანია America's Cap Management (ACM) და დიდძალი მოგება ნახა. მოკლედ, ბიოტექნოლოგიური ფირმის მეპატრონიდან უმდიდრეს სპორტსმენად იქცა.