უცხო ქუდს ზედმეტად ვეჩვევით და თვალებზეც კი ვიფარებთ

უცხო ქუდს ზედმეტად ვეჩვევით და თვალებზეც კი ვიფარებთ

რეჟისორ ირაკლი მახარაძის სახელი ქართული საზოგადოებისათვის კარგად არის ცნოილი. ალბათ იშვიათად მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელსაც მის მიერ გადაღებული დოკუმენტური სურათები “მოქანდაკე მერაბიშვილები”, “გურული ფირალები” ან “ვაჟკაცს კარგ უნდა ჰყვანდეს ცხენიო” ნანახი არ ჰქონდეს.

 

ბატონი ირაკლი არანაკლებ საინტერესო მწერალიც გახლავთ. მისმა წიგნებმა “გურული მხედრები ამერიკაში”, “გურული ფირალები” და “რუსულ-ქართული ტერორი” ჩვენი ქვეყნის ისტორიის რამდენიმე ნაკლებად შესწავლილი მოვლენა გულდასმით გამოიკვლია.

 

ირაკლი მახარაძესთან საუბარი ამჟამინდელ ქართულ კინოხელოვნებაში შექმნილმა ვითარებამ გადამაწყვეტინა. უკანასკნელ ხანს არაერთი ახალი სურათი ვიხილეთ. სამწუხაროდ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს მხატვრული სურათები ჩვენში არსებულ რეალობას არ ასახავენ და ბევრი მათგანი მეტად საეჭვო ღირებულებისაა.

 

სანამ ამ თემას განვიხილავდით, ბატონი ირაკლის ბოლო ნამუშევრებით დავინტერესდი.

 

- გასულ წელს ორი ახალი წიგნი გამოვეცი. პირველი გახლავთ “ქართველები ამერიკაში”. ამ ნაშრომში ვიხსენებ ყველა იმ ჩვენ თანამემამულეს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო თავის დროზე ოკეანისგაღმა მოხვდა და დიდი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის განვითარების საქმეში.

 

მეორე წიგნია “ველური დასავლეთის მხედრები”. ეს გახლავთ გურული მოჯირითეების ამერიკული ცხოვრების ამსახველი რიგით მესამე ნაშრომი. ამ თემაზე უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობ. პირველი კრებული 2001 წელს გამოვეცი, მეორემ კი დღის სინათლე 2007 წელს იხილა. ამჟამად მასალებს რიგით მეოთხე გამოცემისათვის ვაგროვებ.

 

საინტერესოა ისტორიამ თუ შემოგვინახა იმ პირველი ქართველების ვინაობა, რომლებმაც ამერიკის მიწაზე ფეხი დადგეს?

- ერთ-ერთი პირველი იყო ალექსანდრე ერისთავი, რომელიც აშშ-ის სამოქალაქო ომში ჩრდილოეთელთა გვერდით იბრძოდა. შემდეგი ცნობილი ემიგრანტი გახდა იოსებ ლაღიაშვილი, რომელმაც 1886 წელს სემინარიის რექტორი მოკლა, კუნძულ სახალინზე გადაასახლეს და იქიდან ამერიკაში გაიქცა. ეს ის ლაღიაშვილია, რომლის ქმედებების გამო, ეგზარქოსმა პავლემ ჩვენი ერი დაწყევლა და ამ ამბებს დიდი ქართველი პატრიოტი დიმიტრი ყიფიანი შეეწირა.

 

ამის შემდეგ წინა საუკუნის 90-იან წლებში, აშშ-ში ჩავიდნენ გურული მოჯირითეები, მათ გზას მიჰყვა რაჭველების დიდი ჯგუფიც. დღეისათვის ამ რაჭველების  შთამომავალები დასახლებულნი არიან ქალაქ სიეტლში, მაგრამ გვარები ამერიკულ ყაიდაზე აქვთ გადაკეთებული.

 

ემიგრაციის მომდევნო ტალღა საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლას უკავშირდება. მას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოშობილი ნაკადი. ქართველი ემიგრანტების ბოლო ტალღა კი ორი ათეული წლის წინ დაფიქსირდა, როდესაც ჩვენთან ქვეყანა აირია.

 

აც შეეხება ამერიკაში დღევანდელ ქართული დიასპორას...

- ამ ქართველ ამერიკელებთან ხშირი კონტაქტი მაქვს და ერთ კანონზომიერებას დავაკვირდი. იმ დროს, როდესაც თუნდაც ბერძნების, სომხების ან იტალიელების შთამომავლები მშობლიურ ენასა და ადათ-წესებს არ ივიწყებენ, ჩვენი ემიგრანტების უდიდესი ნაწილი ქართულად საერთოდ ვეღარ მეტყველებს.

 

ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ამერიკაში მცხოვრები გიორგი პაპაშვილი შემდეგ ისტორიას იხსენებდა. ერთ დღეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღაზიაში შესულა და თავისთვის ქართულ სიმღერას ღიღინებდა. ამ დროს დარბაზში მყოფი ქალბატონი მიუახლოვდა და სადაური ხარო – ჰკითხა. როდესაც მისი ეროვნება გაიგო სახლში წაიყვანა და ხანდაზმულ მამას გააცნო. ეს პიროვნება 30 წლის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და მშობლიურ ენაზე საუბარი ენატრებოდა. ადგილობრივ გაზეთებში განცხადებაც კი გამოუქვეყნებია, რომ ვინც ქართულად გაესაუბრებოდა 1000 დოლარს აჩუქებდა.

საწუხაროდ ქართველებმა ოკეანისგაღმა სწრაფი ადაპტაცია გაიარეს, მაგრამ ყოველივე ეროვნული სწრაფად მიივიწყეს. კიდევ ერთ ფაქტს მოგახსენებთ. ნიუ-იორკში ქართული ეკლესია გაიხსნა. იმ დროს იქ ვიმყოფებოდი და ამ ღონისძიებას დავესწარი. თანამემამულე ახალგაზრდების ჯგუფი შევნიშნე, მივუახლოვდი და საუბარი დავუწყე. სამწუხაროდ ქართულად პასუხი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გამცა.

 

საოცარი ამბავია. ამ ქვეყანაში 100-150 ათასი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ამერიკაში ჩასვლიდან მცირე დროში მშობლიურ ფესვებზე უარს ამბობენ და ყოველივე ქართულს ივიწყებენ. დამიჯერეთ ეს საკუთარი თვალით ვიხილე და არაფერს ვაზვიადებ. იმ დროს როდესაც სომხები და ბერძნები შვილებს მშობლიურ ენას ასწავლიან, ქართველი მშობლები ამ საკითხით თავს არ იწუხებენ. ეს ტრაგედიაა და რა არის ამისი მიზეზი ნამდვილად არ ვიცი. ალბათ ისევ და ისევ ქართველების შინაგანი ბუნებიდან გამომდინარეობს. ძალიან ნიჭიერი ერი ვართ და უცხო კუთხეში ადაპტაცია არ გვიჭირს. პირიქით, ვიტყოდი რომ უცხო ქუდს ზედმეტად ვეჩვევით და თვალებზეც კი ვიფარებთ.

 

არ მესმის ამ ხალხის. ამერიკელი ქართული ენის შესწავლას არ გიკრძალავს , ისტორიული სამშობლოს ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნება თავად უნდა გსურდეს. უფრო მეტიც. ბატონი ნოე ჟორდანიას ვაჟიშვილმა რეჯებ ჟორდანიამ ქართული და რუსული ენები საერთოდ არ იცის. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ზემოთნახსენები ალექსანდრე ერისთავი რუსეთის არმიის ოფიცერი გახლდათ. იმ დროს ამ ქვეყანას საქართველო დაპყრობილი ჰყავდა. ერისთავი იმის ნაცვლად, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო, ემიგრაციაში წაბრძანდა და ამერიკულ დემოკრატიასა და თავისუფლებას ვიცავო აცხადებდა.

 

ამერიკაში ყოფნისას თავი საქართველოში მეგონა. იქაურმა თანამემამულეებმა ენა კი დაივიწყეს, მაგრამ ქართველებისათვის დამახასიათებელი მანკიერი თვისებები ბოლომდე შეინარჩუნეს. ერთმანეთის ღალატი, მუდმივი კონფლიქტები, სხვისი წარმატების შური, საკუთარი უპირატესობის წარმოჩინება., გაჭირვებული თანამემამულეების პრობლემების უგულებელყოფა. ყოველივე ამას ამერიკაშიც ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ამ მიზეზების გამო ქართული დიასპორა ერთიანი არ გახლავთ და საკმაოდ სუსტია.

 

დიდი ხანია სურათი არ გადაგიღიათ. რა არის ამისი მიზეზი?

- ამისი მიზეზი მეტად პროზაულია: დოკუმენტურ სურათებს დროებით ვეღარ ვიღებ, რადგან საჭირო ფინანსური საშუალებების მოძიება ძალიან გამიჭირდა. ალბათ არ გახლავართ ის პიროვნება რომელსაც აუცილებელი მარიფათი გააჩნია და ათას კარებს ზედმეტად აატალახებს. რასაკვირველია არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება მსურს, მაგრამ მდიდარ ბიზნესმენებს ან მთავრობის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს არ ვიცნობ.

 

ბოლო პერიოდში არაერთი ახალი ქართული ფილმი გადაიღეს. როგორ შეაფასებდით მათ მხატვრულ დონეს?

- დღეს ბევრი იძახის, რომ ქართული კინო აღსდგა. სამწუხაროდ ამ აზრს ვერ დავეთანხმები, რადგან თანამედროვე ქართული კინემატოგრაფია არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩვენში რეჟისორის პროფესიის დევალვაცია მოხდა. შეგიძლიათ მოიძიოთ მდიდარი სპონსორი, აიღოთ ხელში კამერა და გადაიღოთ მხატვეული ფილმი. დღეს გადაღებულ კინოსურათთა უმრავლესობა მეტად საეჭვო ღირებულებისაა და ხშირად ვერც კი ვხვდები, საერთოდ რისთვის შეიქმნა. ისეთ კურიოზულ დროებაში მომიწია ცხოვრება, რომ ჩემს სფეროში არანაირი პროფესიონალიზმი აღარ არსებობს და ფილმის გადაღება ფულიან მეწაღესაც  შეუძლია.

 

ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ბოლო პერიოდში არაერთი სურათი ვნახე და სიმართლე გითხრათ, ერთი-ორის გამოკლებით არც ერთი მათგანი არ მომეწონა. თანამედროვე ქართული სურათები ჰოლივუდური ნამუშევრების უნიჭო ასლია. მაინტერესებს, ამდენი უნიჭო ხელოვანი ერთდროულად საიდან გაჩნდა? როგორ შეიძლება ყოველივე კარგ ქართულზე უარი განაცხადო და ძალადობაზე, ნარკოტიკებზე და სხვადასხვა გარყვნილებებზე დაფუძნებული ფილმები გადაიღო. ქართველებს ბევრი საინტერესო თემა გაგვაჩნია, იქნება ეს დღევანდელი ვითარება თუ ჩვენი მდიდარი ისტორია. სამწუხაროდ ვიღაცას აწყობს რომ ქართველი მაყურებლის გემოვნებას დევალვაცია გაუკეთოს.

 

პოლიტიკისაგან შორს ვდგავარ და შესაბამისი განცხადების გაკეთება არ მსურს, მაგრამ ფაქტია რომ ყოველივე მანკიერი უცხოური წეს-ჩვეულებების დანერგვა ვიღაცის მითითებით ხდება. ქართული ბაზარი წალეკა მდარე პროდუქციის ამერიკულმა სურათებმა. იმ დროს როდესაც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ხელისუფლებები ადგილობრივ კინოხელოვანებს გვერდით უდგანან, საქართველოში პირიქით ხდება და არაპროფესიონალებს ფართო ასპარეზი გაუხსნეს. დიდ პატივს ვცემ ბატონ ავთო ვარსიმაშვილს, მაგრამ სურათი “ყველაფერი კარგად იქნება” სასტიკად არ მომეწონა. არ მიწყინოს მაგრამ ნამდვილი ფილმი კატასტროფა გამოუვიდა.

 

მიმაჩნია, რომ დღეს მხოლოდ უცხოელებთან ერთად განხორციელებული პროექტები გადაგვარჩენს, მაგრამ ყოველ მედალს მეორე მხარეც გააჩნია. გადაიღე კარგი სურათი და დახარჯე 1-2 მილიონი ლარი. ჩადებული თანხა როგორ უნდა ამოიღო? ჩვენს ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრი ფუნქციონირებს, მაყურებელიც კინოში მცირე რაოდენობით დადის. მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში ნინოწმინდის კინოში ფირი რომ გაწყდებოდა მაყურებლებს ფანდურის კონცერტით ართობდნენ. სამწუხაროდ პერიფერიები და სოფლებიც დიდი კინოს გარეშე დარჩა. ძალიან მწყდება გული რომ ეს სფერო ჩვენში ღრმა უფსკრულისაკენ მიექანება და საქართველოში ყოველგვარ უნიჭობას ფართო ასპარეზი მიეცა.

 

დღევანდელ საქართველოში მრავალი პრობლემაა. თუ გიფიქრიათ ამ თემებზე კინოსურათის გადაღება?

- ამ საკითხზე ხშირად მიფიქრია და სამი თემა უკვე შერჩეული მაქვს. პირველი მათგანი ლამაზ ფასადებს ეხება, როდესაც გარედან ყველაფერი კარგად გამოიყურება, შიგნით კი ყოველივე დანგრეულია. ეს პრობლემა ამჟამინდელი საქართველოსათვის მეტად აქტუალურია და ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ეხება.

 

გადავიღებდი კინოსურათს სადაც ვაჩვენებდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას 10-20 წლის შემდეგ.მაინტერესებს როგორი იქნება საქართველო რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. მოვახერხებთ უწინდელი ადათ-წესებისა და საუკუნეების განმავლობაში დანერგილი ტრადიციების დაბრუნებას თუ უფრო ღრმა ჭაობში ჩავეფლობით?

 

გადავიღებდი სურათს პარალელების თემაზეც, სადაც განვიხილავდი დამოუკიდებელი საქართველოს ხანმოკლე ცხოვრებას და მას ამჟამინდელ რეალობას შევადარებდი. დარწმუნებული ვარ რომ მრავალ საერთოს ვიპოვიდი. იგივე რუსეთის ფაქტორს, რომელმაც მაშინაც დაგვიპყრო და დღესაც არანაკლებ გვემუქრება, იგივე პოლიტიკური პარტიების სიმრავლეს და მათ შორის პირველობისათვის გაჩაღებულ უშეღავათო ბრძოლას. დღესაც ხომ იგივე სურათთან გვაქვს საქმე.

 

საქართველოში ათასი პარტიაა და ერთი მიზნისათვის გაერთიანებას ვერ ახერხებენ. ამასთან დაკავშირებით ერთი რუსი მწერლის მოგონება მახსენდება. სამწუხაროდ ამ პიროვნების გვარს ვერ ვიხსენებ. მას 1920 წლის საქართველო აქვს აღწერილი და ქართველებს შემდეგი სიტყვებით გვახასიათებს: “გრუზინცები ის ერია, რომლებმაც იმდენი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბეს, რამდენი რწყილიც ძაღლს ჰყავს. ეს პარტიები მუდმივი პირველობისათვის იბრძვიან და ერთმ,ანეთს არ ინდობენ”. ამჟამადაც ანალოგიური ვითარებაა. არც ოპოზიციონერი გახლავართ და არც დღევანდელი მთავრობის მეხოტბე, მაგრამ მიმაჩნია რომ ერთი მიზნისათვის ყველა პარტია უნდა გაერთიანდეს და სახელისუფლებო სკამები საბოლოო წარმატების მიღწევის შემდეგ გადაინაწილოს.

 

ერთ-ერთ წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ამერიკელებს თამარ მეფის ცხოვრებაზე ფილმის გადაღება სურდათ. ეს პროექტი არ განხორციელდა, სამაგიეროდ მივიღეთაგვისტოს 5 დღე”.

 

– რასაკვირველია რენე ჰარლინის სურათი დაკვირვებით ვნახე და გარწმუნებთ რომ ჩემზე უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა. ამ რეჟისორს რამდენიმე კარგი სურათი აქვს შექმნილი, იგივე “კერკეტი კაკალი”, “მთამსვლელი” და “ციხე”. სამწუხაროდ რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებულ ფილმს მის სარეჟისორო აქტივში ვერ შევიტანთ. დარწმუნებული გახლავართ, ჰარლინის ნაცვლად თუნდაც რიდლი სკოტი რომ მოეწვიათ ჭეშმარიტად ხელოვნების ნიმუშს შექმნიდა. თქვე დალოცვილებო, რამდენიმე მილიონი დოლარი დახარჯეთ და ცოტა თანხა კიდევ დაგემატებინათ.

 

ამ სახის სურათის გადაღება აუცილებელი იყო, რადგან რუსეთის აგრესიის შესახებ მსოფლიოსათვის უნდა მოგვეთხრო, მაგრამ საბოლოოდ ხელში ხელოვნური და უნიჭოდ გაკეთებული პროდუქტი შეგვრჩა. მიუხედავად მთავრობის მხრიდან წამოსული დიდი პიარისა ამ სურათმა თავისი დანიშნულება ვერ გაამართლა.

 

თქვენს ყურადღებას ერთ ფაქტზეც გავამახვილებ. “აგვისტოს 5 დღის” ქართული თარგმანი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რა გაუჭირდათ ისეთი, რომ სურათი გამართული და წესიერი ქართულით ვერ გაახმოვანეს. ბოლოს და ბოლოს ინგლისური ტექსტი დაეტოვებინათ და ქართული ტიტრებით გაეშვათ. სამწუხაროდ საქართველოში ყველაფერს არაპროფესიულად ვუდგებით. ბოლო პერიოდში ერთი ტენდენციაც დამკვიდრდა. კინოთეატრებში რუსულ ფილმს ვერ იხილავ, ამ დროს იქ ნაჩვენები სურათების უდიდესი ნაწილი ამ ქვეყნის ენაზე მიმდინარეობს. ამაზე მეტი აბსურდი სად გინახავთ. სამთავრობო დონეზე რუსეთი დაუძინებელ მტრადაა გამოცხადებული, საქართველოში ამ ქვეყნის კულტურას არ ახარებენ, ამ დროს კი ფილმებს რუსულად უშვებენ. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა.