დიმიტრი მონიავა, "საქართველო და მსოფლიო"
ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდაც პლასტმასის... საკუთარი არნახული ჰეროიზმის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ამჯერად ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის სტუდენტებს მოუთხრო.
«ერთხელ გაფრენამდე ჩემთან ანერვიულებული პრეს-სპიკერი მოვიდა (აქ იგულისხმებოდა გაფრენა თვითმფრინავით და არა მის გარეშე, როგორც, შესაძლოა, ზოგმა იფიქრა. - ავტ.). და მითხრა, რომ ჩემს თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ, რადგან ყველა რუსული ვებ-საიტი წერდა, რომ 40 წუთში გაფრენას ვაპირებდი. მე ჩემს პრესმდივანს ვუთხარი, გაეკეთებინა საჯარო განცხადება და ეთქვა: «ვიცით, რომ თქვენ გვიმიზნებთ. ნუ ნერვიულობთ, არ გჭირდებათ ვებ-საიტებზე ამ ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ ვხედავთ, მაგრამ არ გვადარდებს. ჩვენი თვითმფრინავი მაინც გაფრინდება».
ამ უცნაური ისტორიით, რომელიც ფრიად არაბუნებრივ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს შეიცავდა, სააკაშვილმა, სავარაუდოდ, სცადა, დაემტკიცებინა აუდიტორიისთვის და საკუთარი თავისთვის, რომ მამაცია. ცხადია, ამ პასაჟის ანალიზი სამხედრო საქმის, ეროვნული უსაფრთხოების, კლინიკური ფსიქიატრიის ან თუნდაც ჩვეულებრივი ლოგიკის ვიწრო ჩარჩოებში არ შეიძლება; აქ სხვა მიდგომაა საჭირო.
სააკაშვილის მხარდამჭერებმა თავიანთ ბელადს შეიძლება ჭკვიანი, გამჭრიახი, სამშობლოზე შეყვარებული, იდეალისტი და კეთილგონიერიც კი უწოდონ, თუმცა არც ერთი მათგანი იმის შემდეგ, რაც გორში და, ზოგადად, ომის დროს მოხდა, მას მამაცს არ უწოდებს; ეს დღესაც ასეა და ათწეულების შემდეგაც (როდესაც შესაბამისი მემუარები გამოქვეყნდება) ასე იქნება.
«ჩამოხრჩობილის სახლში თოკზე საუბარი» მოსაწონი რამ არ არის და არა მხოლოდ ლოიალისტები, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილიც, ასე თუ ისე, ცდილობს, ფიგურანტის შელახულ თავმოყვარეობას წიხლი არ მიაჭიროს. პრინციპში, ყველა პოლიტიკოსი არ არის ვალდებული გორგასლისთვის დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩეოდეს; XXI საუკუნეში მათი დეფიციტის კომპენსირება სხვა ღირსებებით შეიძლება. მართალია, ქართული ტრადიცია მთავარსარდლისგან გამოკვეთილ სიმამაცეს მოითხოვს, თუმცა ეს ფეოდალური რწმენა-წარმოდგენები შეგვიძლია, გამონაკლისის სახით, დროებით გვერდზე გადავდოთ. პრობლემა თავად სააკაშვილშია: ის, გაჩუმების ნაცვლად, ამ თემას თვითონ ეხება, ცდილობს, ირიბად მაინც მიანიშნოს იმაზე, რომ ვაჟკაცობით აღმაშენებელს არ ჩამოუვარდება და ამას მეტად ორიგინალური ისტორიების მეშვეობით აკეთებს. საინტერესოა, რატომ ან რისთვის.
აქ, ალბათ, მცირე შესავალი დაგვჭირდება. ადამიანის მეხსიერება საკმაოდ უცნაური რამ არის და მასში ცრუ მოგონებების იმპლანტაცია სავსებით შესაძლებელია. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ელიზაბეტ ლოფტუსმა 90-იანებში ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა: მის მონაწილეებს ნათესავების მოგონებებზე დაფუძნებული ისტორიები დაურიგდათ, რომლებიც მათ თავს 4-6 წლის ასაკში გადახდათ. ერთ-ერთი, სუპერმარკეტში დაკარგვის ამბავი, ყალბი იყო, თუმცა ექსპერიმენტში მონაწილეთა მესამედმა ეს თავგადასავალი, რომელსაც რეალობაში ადგილი არ ჰქონია, დეტალურად «გაიხსენა». კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგს 2002-ში ფსიქოლოგმა კიმბერლი უეიდმა მიაღწია, როდესაც ექსპერიმენტის მონაწილეებს უჩვენა ყალბი, მონტაჟის გზით მიღებული ფოტოები, რომლებიც აეროსტატით მათ გაფრენას ასახავდა. ექსპერიმენტის მონაწილეთა ნახევარმა სრულად ან ნაწილობრივ «გაიხსენა» ეს გაფრენა, რომელიც სინამდვილეში არ მომხდარა. «ზუსტი მექანიზმები, რომელთა მეშვეობით ასეთი ცრუ მოგონებების ფორმირება ხდება, შემდგომ გამოკვლევას საჭიროებს», _ წერდა ლოფტუსი 1997 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებულ წერილში და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე არაფერი შეცვლილა, მეხსიერება კვლავინდებურად ფრიად ჩაბნელებულ ლაბირინთად რჩება.
ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ციტატები ჯორჯ ორუელის «1984»-დან იმის თაობაზე, თუ როგორ ახდენდა სისტემა კოლექტიური მეხსიერების კორექტირებას იმის მიხედვით, თუ ვის ეომებოდა ამა თუ იმ მომენტში ოკეანია- ოსტაზიას თუ ევრაზიას. კაცმა რომ თქვას, ამ რომანის წაკითხვა იმის დასადგენად, თუ რა ხდება თანამედროვე საქართველოში, სავალდებულოა, თუმცა ამჯერად, ალბათ, აჯობებს ისევ ფსიქოლოგებს მივუბრუნდეთ.
1986-ში, როდესაც ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა «ჩელენჯერმა» კატასტროფა განიცადა, ულრიხ ნეისერმა ჩაატარა გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდა ესა თუ ის ადამიანი მაშინ, როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ შეიტყო. გარკვეული დროის შემდეგ კი ისევ გაესაუბრა და იმავე ადამიანებმა სულ სხვა გარემოებები აღუწერეს, ხოლო როდესაც ნეისერმა პირველი ინტერვიუების ჩანაწერები წარუდგინა, მათ ეს ჩანაწერები ეჭვქვეშ დააყენეს. საინტერესოა, რომ თავად ნეისერი წლების განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც ბეისბოლის მატჩის ტრანსლაციას უსმენდა, შემდეგ გაირკვა, რომ არანაირი ტრანსლაცია იმ დღეს რადიოეთერში არ გადაიცემოდა.
ერთმა ანონიმურმა ინტერნეტ-მომხმარებელმა ყოველივე ამას საინტერესო მეტაფორა მოუძებნა: «მეხსიერება დოკუმენტური კინოქრონიკა არ არის. ის მხატვრული ფილმია, რომელიც რეალურ მოვლენებს ეფუძნება. ამასთანავე, როდესაც ადამიანი რაღაცის გახსენებას ცდილობს, სცენარს ამ ფილმისთვის ხელახლა წერს. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, ფილმის რომელი ნაწილია რეალური, ხოლო რომელი დაამატა სცენარისტმა «მეტი სილამაზისთვის».
იქნებ სააკაშვილი თავის სულისშემძვრელ ისტორიებს კი არ იგონებს, როგორც ბევრი კომენტატორი მიიჩნევს, არამედ «იხსენებს» მათ ისე, როგორც ამას ამერიკელი ფსიქოლოგების ექსპერიმენტების მონაწილეები აკეთებდნენ?
როგორც ცნობილია, ფიგურანტი ყმაწვილკაცობაში რეჟისორობაზე ოცნებობდა, პიონერთა სასახლის შესაბამის წრეში დადიოდა და, საერთოდ, კამერას ხელიდან ვერ გააგდებინებდი. ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ მისგან კარგი კინოხელოვანი დადგებოდა, განსაკუთრებით, საშინელებათა ფილმების მიმართულებით. თუმცა, როგორც ცნობილია, ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა და არშემდგარი რეჟისორის გადასაღებ მოედნად სრულიად საქართველო იქცა. დღეს, როდესაც საკუთარი ჩანაფიქრების ხორცშესხმა რეალურ სივრცეში აღარ შეუძლია (ჰოლივუდში რომ იტყვიან, ბიუჯეტი ბანალურად გათავდა და გადაღებაც შეწყდა), მან, როგორც ჩანს, მხატვრული ფილმების გადაღება საკუთარ წარმოსახვაში დაიწყო, მეტიც, მათ წარდგენას ფართო აუდიტორიის წინაშე ცდილობს.
ერთი მონაკვეთი სააკაშვილის გამოსვლიდან აშშ-ს სამხედრო-საზღვაო აკადემიაში: «არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ეს იყო დრო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მთვარსარდლის ბრძანებით ამერიკული საზღვაო ქვეითების ძალები საქართველოსკენ დაიძრნენ. ჩვენს პორტებში მე-6 ფლოტის ხომალდები შემოვიდა, განხორციელდა ჰუმანიტარული-სამხედრო ოპერაცია, ჩვენს აეროპორტებში ეშვებოდნენ ამერიკული თვითმფრინავები და, როდესაც ეს ბრძანება გაიცა, ვნახეთ, რომ თავდასხმა ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენს მთავრობაზე და ჩვენს ხალხზე შეჩერდა. ეს არ დაავიწყდება არა მარტო ჩემს, არამედ მომავალ თაობებს...».
ამ შემთხვევაში ადგილი არა ფაქტების გაყალბებას, არამედ აქცენტების, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო გადატანას, მცირე კორექტირებას აქვს, თუმცა ახალი ბლოკბასტერის «გადაღებისთვის» ესეც საკმარისია. თავი დავანებოთ იმას, რომ განცხადება შესაბამისი ოპერაციის ჩატარების შესახებ ჯორჯ ბუშმა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ გააკეთა, იმას, რომ საზღვაო ქვეითების ძალები არსად დაძრულან, იმას, რომ თურქები სრუტეებთან დამამცირებლად აყურყუტებდნენ იმ ხომალდებს, რომელთაც წყალი და სხვა, სავსებით მშვიდობიანი ტვირთები მოჰქონდათ. ეს ხომ, როგორც უკვე ვთქვით, არა კინოქრონიკა, არამედ მხატვრული ფილმია, რომელიც რეალური მოვლენების მიხედვითაა გადაღებული, დაახლოებით ისე, როგორც «მაინც გაფრენილი თვითმფრინავის» ეპიზოდი, რომელშიც საერთოდ გაუგებარია, რა მოხდა (თუ მოხდა) სინამდვილეში. მსგავსი «ფილმები» რეალობაზე გაცილებით ლამაზია და დაძაბულობით სპილბერგის «რიგითი რაიანის გადასარჩენად» პირველ კადრებს მოგვაგონებს: ხომალდები ტალღებს მიაპობენ, საზღვაო ქვეითები ქარსა და ცივ შხეფებს უშვერენ გასხივოსნებულ სახეებს, ხოლო წვერებიანი რუსი ჯარისკაცები «უშანკებსა» და «ვალენკებში» პანიკაში ყრიან ჟანგიან ნაჯახებს და უკანმოუხედავად გარბიან. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ სააკაშვილმა ორჯერ გამოიყენა «არ დაგვავიწყდება», როგორც მონაკვეთის დასაწყისში, ისე მის ბოლოს. ეს ძალიან ჰგავს «ცრუ მოგონების იმპლანტაციას», თუმცა საინტერესოა, ვის უნერგავდა სააკაშვილი მას: ამერიკელებს თუ საკუთარ თავს?
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემიის ნებისმიერი მსმენელი იოლად აღმოაჩენს, რომ 2008-ში «საზღვაო ქვეითების ძალები» საქართველოსკენ არ დაძრულან, მეტიც, ის შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ აშშ-ს «სახის დაკარგვამდე» მაშინ ძალიან ცოტა დააკლდა, რადგან ეს განწყობა ბევრი ამერიკელი კომენტატორის პუბლიკაციებს გასდევს. ქართულ აუდიტორიას, სავარაუდოდ, ამ ეპიზოდის არა მხოლოდ «არდავიწყება», არამედ გახსენებაც კი არ სურს, ვინაიდან იმ დღეებში შოკი განიცადა, როდესაც საკუთარი თვალით იხილა სხვაობა რეალობასა და იმ ილუზიებს შორის, რომლებიც ამერიკელების დახმარებასთან დაკავშირებით ჰქონდა. საბოლოოდ, ეს «კორექტირებული მოგონებები», რომლებშიც სააკაშვილი გულადი, ძლევამოსილი მოკავშირეების მქონე ავიატორია, თავად სააკაშვილის გარდა დიდად არავის სჭირდება.
ცხადია, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო. მან პირველად იგრძნო, რა არის ომი და გორში გამოვლენილი პანიკური რეაქცია მნიშვნელოვანწილად ამის შედეგი იყო. სხვათა შორის, ბევრი მამაცი, გამოცდილი ოფიცერი არ მალავს, რომ პირველ ბრძოლაში ლამის შარვალი დაუსველდა; მათ ასევე იციან, რომ ახალბედები პანიკაში იოლად ვარდებიან და კარგ მეთაურს მისი აღკვეთა უნდა შეეძლოს. საქართველო სააკაშვილის პანიკას, დიდი ალბათობით, დაივიწყებდა, ყოველ შემთხვევაში, ცნობილ გარბენას (თუ გახოხვას) და ჰალსტუხის შემდგომ ღეჭვას ბრალად არ წაუყენებდა, რომ არა მისი დაჟინებული მცდელობა _ თავის არნახულ სიმამაცეზე მიუთითოს. ეს გაღიზიანებას იწვევს და სააკაშვილს არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა ეპიზოდებზეც მიანიშნებენ, სადაც ვაჟკაცობის ნაცვლად რაღაც სრულიად საპირისპირო გამოავლინა.
ცრუ მოგონებები, როგორც ჩანს, საკუთარი წარუმატებლობის დავიწყების, ქვეცნობიერის სიღრმეში მისი დამალვის საშუალებაა. მათი აქტიური გენერაციის მექანიზმის ფორმირება, სავარაუდოდ, არა ზრდასრულ ასაკში, არამედ ბავშვობაში იწყება, მაგალითად, მაშინ, როდესაც სკოლის მოწაფემ შეძახილს «მოდი აქ, შე ჰალსტუხიანო!» სათანადო პასუხი ვერ გასცა, რის გამოც მთელი ცხოვრება წუხდა, მეტიც, გარშემომყოფებს (ოჯახს თუ ქვეყანას, რა მნიშვნელობა აქვს) ტანჯავდა. არა უშავს, ეს განკურნებადია. სიმშვიდე, წყლის პროცედურები, ჯანსაღი კვება, თერაპიული საუბრები ამბულატორიულ პირობებში... სტაციონარამდე საქმის მიყვანა, ალბათ, არ ღირს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კოლეგა ამის გადაუდებელ აუცილებლობაზე მიუთითებს.
892
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85