„თავისუფალი დემოკრატებმა“ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანეს, რომლითაც ქალაქის მერს მოსთხოვეს, ზამთრის პერიოდში მაინც შეაჩეროს დენის საფასურზე მიბმული დასუფთავების ტარიფის მიბმა. ამის თაობაზე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გიგი უგულავას ჯერ კიდევ გუშინ მიმართა. მისი თქმით, ზამთრის პერიოდში შეჭირვებული მოსახლეობა დენით თბება, რისი საფასურის გადახდაც, ამ ტარიფზე დასუფთავების საფასურის მიმატების შემდეგ, მათთვის შეუძლებელია.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, საკრებულს დეპუტატი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ქალაქის მთავრობას დენის საფასური ოთახების ფართის მიხედვით განესაზღვრა, რადგან ამით გაჭირვებულ მოსახლეობას ნაკლები გადასახადის გადახდა მოუწევდა. Presage.tv ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.
„თავისუფალი დემოკრატებმა“ ქალაქის მერის სახელზე წერილი დაწერეთ. კონკრეტულად რას მოითხოვთ?
- საკრებულოს წევრებმა - ვიქტორ დოლიძემ და მე ერთობლივი წერილი გავამზადეთ, სადაც მივმართავთ ქალაქის მერს, იქნებ, პირველ რიგში, რაღაც ეტაპზე, გადაიხედოს დენის ტარიფზე დასუფთავების საფასურის მიბმის გადაწყვეტყილება, რადგან ბოლო დღეებია, ძალიან ცივა ქალაქში და ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. ჩვენს მოქალაქეებს მოსდით ძალიან დიდი გადასახადები, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამიტომ, ამ ეტაპზე შეჩერდეს ეს გადაწყვეტილება. ვითხოვთ, გაითვალისწინონ ჩვენი გეგმა, რომელიც გარკვეული დროის წინ გიგი უგულავასთვის წარვადგინეთ.
იქნებ, ეს გადასახადი მიბმული იყოს ოთახების ფართზე. ეს ბევრად სამართლიანი იქნება. რაც უფრო მეტი ფართი აქვს მოქალაქეს, მეტს გადაიხდის. რაც უფრო ნაკლები აქვს - ნაკლებს. აქედან გამომდინარე, სოციალური თანასწორობის პრინციპია. ვინც მდიდარია, და ბუნებრივია, დიდი სახლი აქვს, მეტის გადახდა მოუწევს, ვინც ღარიბია, ნაკლებ ფართში ცხოვრობს, დღეს ეს პრინციპი დარღვეულია. ამიტომ შეჩერდეს ეს უკანონო, უსამართლო პრინციპი, რომელიც არსებობს და შემდგომ, დიალოგის შედეგად მივიღოთ ერობლივი გადაწყვეტილება.
გაქვთ იმედი, რომ მერია დააკმაყოფილებს თქენს მოთხოვნას?
- არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გამოვდივართ მოქალაქეების ინტერესებიდან. უგულავას თუ აწუხებს ჩვენი თბილისელების ბედი და მათი მდგომარეობა, ეს საქმე უნდა გამოვიდეს. თუ არადა, გამოჩნდება, რომ არ აინტერსებს და ეს იქნება ამის დამადასტურებელი.
წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას ასეთი არაპოპულარული გადაწყვეტილებები არ უნდა აწყობდეს. თქვენი აზრით, თანხები ძალიან შემოაკლდათ, რომ დენის საფასურის დასუფთავების საფასურზე მიბმა დაიწყეს?
- რა თქმა უნდა, ძალიან დააკლდათ თანხები. ამიტომაც მიმდინარეობს მოქალაქეთა ძარცვა, ჩვენ ასე დავარქვით ჩვენი მოქალაქეებისგან თანხების ამოღებას. შემდგომ ეს მიიმართება ხელისუფლების საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.
ქალაქის მთავრობისგან პასუხს დაახლოებით როდისთვის ელოდებით?
- პასუხს ყოველდღიურად ველოდებით. არიან მედიის წარმომადგენლებიც და მათი საშუალებით გავიგებთ პასუხს.
საშუალოდ როგორ აისახება ეს მომატებული ტარიფები ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით, ზამთრის განმავლობაში?
- ახლა ტარიფებზე არაა საუბარი, მთავარია, რომ შეჩერდეს ეს გადაწყვეტილება. ამ ცივ დღეებში, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.
ხომ არ აჯობებდა, დენის ტარიფზე დასუფთავების საფასურის მიბმის გაუქმება მთლიანობაში მოგეთხოვათ, თუ ასეთი შესწორებით დაკმაყოფილდებით?
- მთლიანად გაუქმება გულისხმობს იმას, რომ ამ ეტაპზე მაინც შეჩერდეს, რადგან გაუქმებას ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ. ზამთრის პერიოდში მაინც შეჩერდეს, და შემდეგ დავუბრუნდეთ ახალ სისტემას, რომელიც დროსაც მოიცავს.