პატარა ISS/Riskmetrics დიდი კომპანიების ბედს წყვეტს

პატარა ISS/Riskmetrics დიდი კომპანიების ბედს წყვეტს

ვაშინგტონის გარეუბანში პატარა დაბა როქვილი, როქვილში კი კონსალტინგური კომპანია ISS/Riskmetrics-ის მოკრძალებული ოფისი მდებარეობს. ერთი ნახვით ვერავინ წარმოიდგენს, რომ აქ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ბედი წყდება: განხორციელდება თუ არა BHP Billiton-ის და Rio Tinto-ს შერწყმა, მოახერხებს თუ არა Volkswagen-ზე კონტროლის დამყარებას Porsche და ა.შ. საიდან პატარა კომპანიას ამოდენა ძალაუფლება?

  

ISS რეკომენდაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 25 ათასამდე მინორიტარიას აძლევს. მის რჩევებს 2300-ზე მეტი საინვესტიციო და საპენსიო ფონდი იღებს. ISS-ის კლიენტთა საერთო კაპიტალი 25 ტრილიონი დოლარია, რაც მსოფლიოს საფონდო ბაზრის თითქმის ნახევარია.

 

სუსტების დამცველი

კომპანია ISS (Institutional Shareholders Services) დააარსა რობერტ მონკსმა 1985 წელს. იგი აღშფოთებული იყო მსხვილი კომპანიების ტოპ-მენეჯერთა თავგასულობით და მათ წინაშე წვრილ აქციონერთა უსუსურობით. მონკსმა რამდენიმე წელი პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციაში იმუშავა. მისი ინიციატივით ამერიკის კანონმდებლობაში შეიტანეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც რომელიმე კომპანიის აქციების შეძენის შემთხვევაში ფონდებს უფლება არ ჰქონდათ პასიური აქციონერები ყოფილიყვნენ. ეს მნიშვნელოვანი სიახლე იყო, რადგან ფონდები უამრავი კომპანიის აქციებს ფლობდნენ და მონიტორინგის განხორციელება ფიზიკურად არ შეეძლოთ. ჰოდა, ISS-იმ ამ საქმეს ხელი მათ ნაცვლად მოკიდა.

 

კეთილი საქმე მალე ბიზნესში გადაიზარდა. კლიენტი ფონდები ISS-ის მომსახურების პაკეტის სანაცვლოდ გვარიან ფულს უხდიან. მომსახურებაში მონიტორინგთან და რეკომენდაციებთან ერთად, სურვილის შემთხვევაში მათი ნდობით აღჭურვა და აქციონერთა კრებების კენჭისყრაში მონაწილეობა შედის.

 

თავად მონკსმა 90-იანი წლების დასაწყისში კომპანიაზე კონტროლი აქციონერებს დაუთმო. ამ პერიოდში დაიწყო კომპანიის გაფართოვება. შეიძინეს ანალოგიური პროფილის კომპანიები კანადაში, ევროპასა და ავსტრალიაში. ერთი წლის წინ კი განხორციელდა ISS-ის და ბანკ J.P. Morgan-ის რისკების ანალიზის ყოფილი ქვეგანყოფილების Riskmetrics-ის შერწყმა. შედეგად, შეიქმნა კომპანია ISS/Riskmetrics და განხორციელდა მისი აქციების ლისტინგი ნიუ იორკის ბირჟაზე. გასული წლის შედეგების მიხედვით, კომპანიის კაპიტალიზაციამ 1,35 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

კორპორაციათა რისხვა

ISS/Riskmetrics მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელთა ნამდვილი კოშმარია. იქ, სადაც ბევრი მინორიტარია, ყველაფერი ISS/Riskmetrics-ის რეკომენდაციებზეა დამოკიდებული. თანაც, მისთვის არანაირი ავტორიტეტი არ არსებობს. 2006 წელს სწორედ ISS-იმ მიაღწია Coca-Cola-ს დირექტორთა საბჭოდან განთქმული მილიარდერის უორენ ბაფეტის გაძევებას, რადგან იგი ინტერესთა კონფლიქტს იწვევდა. მოგვიანებით, კომპანიამ ბრძოლა გამოუცხადა რუპერტ მერდოკს, რომელიც News Corp-ის აქციონერებს მსხვილი პაკეტის მოგროვებაში ხელს უშლიდა. მსგავსი მაგალითი ათეულობითაა. თუმცა, „კორპორაციათა რისხვის“ რეპუტაცია თავად ამერიკელ კონსულტანტებს არც ისე ახარებთ. ისინი ხომ არასოდეს იღებენ ამა თუ იმ გარიგების შესახებ გადაწყვეტილებას, უბრალოდ, აქციონერებს თავიანთ რეკომენდაციებს აწვდიან.

 

ISS/Riskmetrics-ში კორპორაციული მართვის 250 ანალიტიკოსი მუშაობს. ისინი ყოველწლიურად აქციონერთა 40 ათას კრებას აკვირდებიან. კომპანიას თავისი დასკვნა მკვეთრად გამოხატულ პრინციპებზე დაყრდნობით გამოაქვს. მაგალითად, ანალიტიკოსები არასოდეს ურჩევენ საქმის დაჭერას იმ კომპანიასთან, რომელიც

საკმარის ინფორაციას არ იძლევა. ამასთან, არავის ურჩევენ სხვადასხვა კლასის აქციების ფლობას.

 

ბრწყინვალედ აწყობილი სისტემისა და სწორი მენეჯმენტის წყალობით ISS/Riskmetrics სულ უფრო და უფრო იფურჩქნება. მისი წარმატება ცხადყობს, რომ სხვისი ინტერესების დაცვით დიდი ფულის შოვნა შეიძლება.