პარლამენტის წინ რუსუდან კერვალიშვილისა და ცოლ-ქმარ რჩეულიშვილების ფიტულები დაწვეს. როგორც ჩანს, ეს საქმეს ჯერჯერობით ვერ შველის. კიდევ რამ მოიმოქმედებენ „ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებული და „დექსუსისგან“ შეურაცხყოფილი მობინადრეები, ალბათ, მოგვიანებით გაირკვევა.
კომპანია “ცენტრ პოინტისგან” დაზარალებულები პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსუდან კერვალიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ პარლამენტთან აქცია გამართეს, რომელშიც 100-ზე მეტი დაზარალებული მონაწილეობდა.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ “ცენტრ პოინტთან” გააფორმეს ხელშეკრულება, თანხაც გადაუხადეს, რომლის მიხედვითაც ბინები 2007 წელს უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა ვალდებულება ამ დრომდე შესრულებული არ არის. მათი ინფორმაციით, 6200 ადამიანია დაზარალებული, რომელთა მილიონები კომპანიის ხელმძღვანელებს აქვთ მითვისებული. აქციის მონაწილეების ვალდებულების შესრულებას ან თანხის დაბრუნებას ითხოვენ.
მათი თქმით, თითქმის ყველა სახელწიფო უწყებას მიმართეს, ბოლო წლებია პერმანენტულ აქციებს მართავენ, თუმცა უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსუდან კერვალიშვილის, მაია რჩეულიშვილისა და ვახტანგ რჩეულიშვილის ფიტულები დაწვეს.
ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „ცენტრ პოინტის“ სამართალმემკვიდრე “დექსუსი” მათგან ბინების დასრულებაში დამატებით თანხებს ითხოვს. აქციის მონაწილეთა თქმით, “დექსუსი” კვადრატულ მეტრზე 100 დოლარი დამატებას წინადადებას სთავაზობს, რაც რიგ შემთხვევებში 18 000 დოლარი, რიგ შემთხვევებში კი 30 000 დოლარამდე გამოდის.
აქციაზე კონსერვატორებიდან ლაშა ჩხარტიშვილი და რესპუბლიკელებიდან კი თინა ხიდაშელი იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, აქციის მონაწილეთა უფლებები ირღვევა და მათი ინტერესების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
“დექსუსის” დამფუძნებლისა და დირექტორის გიორგი ქანანაშვილის განცხადებით კი, 6200 დაზარალებულიდან 1700-ს სამშენებლო სამუშაოები დაუსრულეს და 1200 მობინადრის ბინა სრულდება.
„კიდევ არის 4 ობიექტი, რომლის მშენებლობასაც ამინდების გამოსვლის შემდეგ განვაახლებთ. ყველა ბანკის სესხი გადავიხადეთ და “ცენტრ პოინტის” ბინებს ბანკების იპოთეკა მოეხსნა. ჯერ კიდევ დარჩენილია ობიექტები, რომლებიც არ დაგვიწყია. 3-წლიანი რეაბილიტაციის პროექტი გვაქვს და ჯერ 1 წელია გასული.
არის ობიექტები, სადაც ჩვენი ინვესტიცია არ არის საკმარისი და მოქალაქეების გადასაწყვეტია - თუ სურთ სახლების აშენება, გადაიხდიან 100 დოლარით ძვირს. აქვთ მეორე არჩევანიც - უკან მიიღონ უკვე გადახდილი თანხა”, - განაცხადა ქანანაშვილმა.
გარდა ამისა, კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “თიბისი ბანკის” მიმართ 7,7 მილიონი ლარის ოდენობის საკრედიტო დავალიანება კომპანია “დექსუსმა” რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად გადაიხადა. შედეგად, იპოთეკა მოეხსნა 5 ობიექტს: საცხოვრებელ კომპლექსს “მაგნოლიას”, “დიდი დიღმის ოაზისს”, “დაკიდებულ ბაღებს”, ასევე კრწანისის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ობიექტებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე, “დექსუსი”, პრაქტიკულად, ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ბანკების მიმართ არანაირი საკრედიტო დავალიანება აღარ გააჩნია. შესაბამისად, “ცენტ პოინტის” არც ერთი ობიექტი - აქტივი იპოთეკით დატვირთული არ არის, თუმცა მათი ეს განცხადებები, მათ მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის ვერაფერი შეღავათია.