მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლაზე გამოცემული წიგნის - „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში: საქართველოს რეფორმების ქრონოლოგია“ შესახებ The Economist სტატიას - „გაკვეთილები საქართველოს ბრძოლიდან ქრთამის წინააღმდეგ“ – აქვეყნებს.
სტატიის მიხედვით, 2003 წელს საქართველოში კორუფცია ყველა სფეროში იყო მოდებული, ხოლო „საგზაო პოლიცია ხშირად ფეხით მოსიარულეებისთვის ცდილობდა ბრალდების წაყენებას, რათა მათგან ქრთამი მიეღო. 2010 წლისთვის კი Transparency International-მა საქართველო მსოფლიოში კორფციასთან საუკეთესო მებრძოლად დაასახელა“.
გამოცემა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს შორის „ყველაზე ცნობილ“ ფაქტად ერთ ღამეში 16.000 პოლიციელის გათავისუფლებას ასახელებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი რეფორმების გასატარებლად აუცილებელია „პოლიტიკური ნება“.
„ოფიციალური პირებისგან შემდგარი მცირე ჯგუფი რეგულარულად იკრიბებოდა, რათა რეფორმების გატარებაზე ემსჯელათ. ისინი ენთუზიაზმით იღებდნენ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, როგორიცაა იტალიის კანონი მაფიის წინააღმდეგ და გერმანიის პოლიციის წვრთნის ტექნიკა“, - აღნიშნულია The Economist-ის ბლოგ Eastern approaches-ის სტატიაში.
სტატიის ავტორის აზრით, საქართველოს გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის რეკომენდაციის კუთხით ყველაზე წინააღმდეგობრივი არის საპროცესო გარიგებების „საქართველოშო დამკვიდრებული პრაქტიკა“, როცა ოფიციალურ პირებს კორუფციის ბრალდებით აკავებდნენ და „ნაღდი ფულის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ... მნიშვნელოვანი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ არ ჰქონდათ ალტერნატივა: ექსტრაორდინალური დრო ექსტრაორდინალურ ზომებს მოითხოვს“.
სტატიაში საუბარია პოლიტიკური პარტიების ახალი რეგულაციებზეც, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა, და რომელსაც ქართველი საზოგადოების ნაწილი ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გატარებულ ზომებად აფასებს.
„უკანასკნელი მოვლენები ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლების ავტორიტარული ხასიათი კვლავ ცოცხალი და ძლიერია. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციების მიზანია, ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს უმდიდრესი ადამიანის, შესაძლებლობების შეზღუდვა, რათა საკუთარი ძალაუფლება ხელისუფლებაში მოსასვლელად არ გამოიყენოს“, - წერს გამოცემა.
გარდა ამისა, სტატიაში საუბარია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ისრაელელი ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის შეწყალებაზე, რაც, სტატიის ავტორის აზრით, „საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს“.
„ხელისუფლება ამბობს, რომ შეწყალება ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე მიიღო, რადგან ორივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდი იყო. მაგრამ იმავე დღეს იუსტიციის სამინისტრომ კომპანია „ტრამექსთან“ დავის დასასრულის შესახებ გამოაცხადა და ამ კომპანიამ არბიტრაჟის შედეგად საქართველოსგან 73 მილიონი დოლარი მიიღო. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ ორ შემთხვევას შორის საერთო არაფერია, თუმცა ეს ყველას არ სჯერა“, - აღნიშნულია სტატიაში.
The Economist მიხეილ სააკაშვილსა და ბარაკ ობამას შეხვედრის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა დააფასა საქართველოს რეფორმები და ისაუბრა თავდაცვასა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
გამოცემა ივანიშვილის მიერ The New York Times-სა და The Washington Post-ში გამოქვეყნებულ ღია წერილზეც ამახვილებს ყურადღებას – „იგი სთხოვს ბატონ ობამას, რომ უზრუნველყოს საქართველოს დაგეგმილი არჩევნების თავისუფლება და სამართლიანობა“.
„საქართველოს ძლიერი ინსტიტუტები და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლი და ბალანსი სჭირდება. თუმცა, არცერთმა მათგანმა არ უნდა გააუფერულოს ქვეყნის რეალური პროგრესი უკანასკნელი წლების განმავლობაში“, - აღნიშნავს გამოცემა.
820
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85