იზო რიკაძე, "კვირისპალიტრა.გე"
"არა მგონია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2013 წელს უუფლებო პრეზიდენტის თანამდებობაც კი დაუთმოს ვინმეს"
"საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პოლიტტექნოლოგები ერთსა და იმავე ხერხებს მიმართავენ"
"თუ ოპოზიციურ ფლანგზე ძალთა განლაგება ისეთი დარჩა, როგორიც დღეს არის, შეიძლება 2012 წლის არჩევნებზე ივანიშვილის კოალიცია მეორე ადგილზე გავიდეს და კოალიციური მთავრობა რამდენიმე პარტიამ დააკომპლექტოს. ოპოზიციურ პარტიებს დაუთმობენ უმნიშვნელო სამინისტროებს, დანარჩენი ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" დარჩება, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი სააკაშვილს შეხვედრისას ეტყვის, დემოკრატიულობით რეგიონის ლიდერი ხართო. თუ სარქისიანი და ალიევი თანამდებობებზე ნათესავებს ნიშნავენ, სააკაშვილზე იტყვიან, სამინისტროები ოპოზიციას დაუთმოო", - მოვლენების განვითარების ერთ-ერთი სცენარი ამგვარად დაგვიხატა არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორმა კახა კახიშვილმა, რომელთან საუბარიც ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შეფასებით დავიწყეთ.
- სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა მის პოლიტიკურ მომავალზე მსჯელობა.
- დღევანდელი კონსტიტუცია იძლევა საშუალებას, რომ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს. მმართველი პარტია და მისი დღევანდელი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი რომ არსად აპირებენ წასვლას, ნათელია. 30 იანვარს, სააკაშვილისა და ობამას შეხვედრის დღეს, გამოქვეყნდა "გრინბერგის" კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილი უალტერნატივო ლიდერია და მის პარტიას გამოკითხულთა 65% უჭერს მხარს. ეს პოლიტტექნოლოგია მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ეგონოს, სააკაშვილს დიდი მხარდაჭერა აქვსო.
ობამასთან შეხვედრისას სააკაშვილმა თქვა, საქართველო გადადის ახალ ეტაპზე, მას ძლიერი საპარლამენტო ხელისუფლება ეყოლებაო. ეს ნიშნავს, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარეობას აპირებს. პრეზიდენტს ორი ვარიანტი აქვს: გადადგეს და სათავეში ჩაუდგეს თავის პარტიას საპარლამენტო არჩევნების დროს, ან 2013 წელს რომელიმე ოლქში იყაროს კენჭი მაჟორიტარად, შევიდეს პარლამენტში და მერე პარტიამ წარადგინოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. სააკაშვილი ძლიერი პოლიტტექნოლოგია. ის ოპოზიციას არ აალაპარაკებს, პუტინის გზას დაადგაო. მისთვის პრემიერობაზე კომფორტული პარლამენტის თავმჯდომარეობაა.
- მაგრამ ახალ პარლამენტში ივანიშვილის გუნდი 2/3-ით მოსვლას გეგმავს.
- ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვების შანსი დღევანდელი შემადგენლობითა და სტრატეგიით 30%-ია. ხელისუფლებას აქვს ბევრი რესურსი, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება გამოიწვიოს და ეს უკვე ჩანს კიდეც. ის შეეცდება ოპოზიციური კანდიდატები ერთმანეთთან მაჟორიტარულ ოლქებში დააპირისპიროს. ასევე შექმნას სხვადასხვა გემოვნების ამომრჩეველზე ორიენტირებული რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი.
როდესაც ოპოზიციური ძალა აცხადებს, რომ პარლამენტში 2/3-ით მოვა და ასე არ მოხდება, ეს მეტ ნიჰილიზმში ჩააგდებს ამომრჩეველს. ვინც თავის მომავალს "ქართულ ოცნებაში" ვერ იპოვის, მას სხვაგან მოძებნის.
თუ ბიძინა ივანიშვილის გარშემო ფართო კოალიცია არ შეიქმნა, დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რამდენი პოლიტიკური ცენტრიც გამოჩნდება: "ნაციონალური მოძრაობა", "ქრისტიან-დემოკრატები", "ლეიბორისტები", "ახალი მემარჯვენეები", კუკავა-ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის კოალიცია და "ეროვნული ფორუმი", რომელიც გადაწყვეტილი არ არის, ბურჯანაძის კოალიციაში შევა თუ "ქართულ ოცნებაში". არჩევნებზე წავლენ ასევე "მრეწველები" და მინდია გულუას ახალშექმნილი პარტიაც. არჩევნების წინ სხვა პარტიებიც გააქტიურდებიან და ოპოზიციურ ფლანგზე აუცილებლად მივიღებთ 8-9 პოლიტიკურ ცენტრს.
- ივანიშვილის პარტნიორები ვარაუდობენ, რომ ყველა ოპოზიციური ძალა ერთად 20%-ზე მეტს ვერ წაართმევს ივანიშვილს და არ გამორიცხავენ კოალიციის შექმნას პარლამენტში შესულ სხვა ოპოზიციურ ძალებთან.
- დღეს ვერ ქმნიან კოალიციას, საარჩევნო ყულაბაზე ვერ თანხმდებიან და ძნელად წარმოსადგენია, რომ პარლამენტში შესულმა ფრაქციებმა კოალიციურად დაიწყონ მუშაობა. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უკვე ივანიშვილის კოალიციაში არიან, კომფორტულად გრძნობენ თავს, ივანიშვილმა მათი რეიტინგი საგრძნობლად გამოაცოცხლა და ფინანსურადაც უზრუნველყო ისინი, მაგრამ მათ უნდა დაძლიონ ვიწროპარტიული ინტერესი. მცდარი პოზიციაა, ახლა არავის მივიკარებთ, პარლამენტში დიდი ფრაქციით შევალთ, რამდენიმე მინისტრის პოსტსაც მოვიპოვებთ და მოვემზადებით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო დემონტაჟი მოხდებაო, რაც კიდევ ერთი ილუზია იქნება.
არა მგონია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2013 წელს უუფლებო პრეზიდენტის თანამდებობაც კი დაუთმოს ვინმეს. ამ სტრატეგიით ივანიშვილის კოალიცია უკეთეს შემთხვევაში მეორე ადგილისთვის არის განწირული. ეს კოალიცია თუ არ გაფართოვდა, ვერ მოვა უმრავლესობაში.
თქვენთან საუბრისას ვთქვი, ვინც კოალიციაში არ მოხვდება, ის ივანიშვილის გარემოცვაზე მწვავე განცხადებებს გააკეთებს-მეთქი. კუკავამ რომ დაინახა, ვერ მოხვდებოდა კოალიციაში, საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა, რესპუბლიკელებმა ქართველ ხალხს ივანიშვილის სახით ლიდერი წაართვესო. მომავალში თავის სიტყვას იტყვიან ბურჯანაძეც და სხვებიც. "ფორუმიც" მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. იმ კოალიციაში უშეცდომო არავინაა და მათაც გაახსენებენ შეცდომებს. სავარაუდოდ, ხელისუფლება უფრო კრიტიკულად იქნება განწყობილი კოალიციისადმი, ვიდრე სხვა ოპოზიციური ძალებისადმი და არ არის გამორიცხული, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ორთაბრძოლაში მესამე და მეოთხე პოლიტიკურმა ცენტრებმა უფრო ადვილად აწარმოონ საარჩევნო კამპანია, ვიდრე "ქართული ოცნების" კოალიციამ.
მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა ივანიშვილის კოალიციის სახელწოდებაზეც - "ქართული ოცნება". როგორც ჩანს, ივანიშვილთან დაახლოებულმა პოლიტტექნოლოგებმა კარგად ვერ გათვალეს, გაამართლებდა თუ არა ეს სახელწოდება მრავალეროვან საქართველოში. "ნაციონალური მოძრაობა" თავის არაქართველ ამომრჩეველს კარგად აუხსნის, ხელისუფლებიდან მათი წასვლის შემთხვევაში რა შეიძლება დაემართოთ და "ქართულ ოცნებასა" და ზვიად გამსახურდიას ნაციონალურ განწყობებს შორის გაავლებენ პარალელებს.
თვალში საცემია, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პოლიტტექნოლოგები ერთსა და იმავე ხერხებს მიმართავენ. ამიტომაცაა, რომ სააკაშვილივით ხშირად ვხედავთ პუტინს საავადმყოფოებში, ავტომანქანის საჭესთან თუ თვითმფრინავის შტურვალთან.
იმის დასტურად, რომ პუტინს კონკურენციის არ ეშინია, გამოჩნდა პრეზიდენტობის კანდიდატი მილიარდერი პროხოროვი. ეს ძალიან ჰგავს ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენას. ვიმედოვნებ, რომ ივანიშვილს თავისი დასავლელი პოლიტტექნოლოგები სპეციალურად არ უგეგმავენ ისეთ სტრატეგიას, რომ გარანტირებული მეორე ადგილი მოიპოვოს და სააკაშვილთან ერთად კოალიციური მთავრობა შექმნას.E საგულისხმოა ერთი ფაქტიც, - დღეს ივანიშვილის გვერდით არის ის ხალხი, ვინც სააკაშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში და ისინი თვითონ ივანიშვილმა შეარჩია.
პოლიტიკური პროცესები ბევრ საინტერესო ნიუანსს გამოაჩენს, ხალხს კი დაფიქრება, გაანალიზება და შესანიშნავი მოაზროვნე ოტო ბისმარკის გამონათქვამის გახსენება მართებს:
"ადამიანები ყველაზე მეტად იტყუებიან ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნებამდე".
681
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85