პროკურატურა „მთავარი არხის

პროკურატურა „მთავარი არხის" წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს - ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ სამიზნე ნიკა გვარამიაა

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ერთ დროს მთავარი არხის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამებრძოლი იყო, ახლა არხს, ასე ვთქვათ, „ფულის მოტეხვაზე" უჩივის. სარჩელი პროკურატურიაშია შეტანილი და ამ უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო. ოპოზიციაში ეჭვი აქვთ, რომ ეს ყველაფერი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არის მიმართული.

პროკურატურა ტელეკომპანია „მთავარ არხში" და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა. გამოძიება დაწყებულია საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რაზეც საჩივრით არხის დირექტორმა გოგი ქურდაძემ მიმართა.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს" ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, ამავე ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. განჩინებები, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, ოფიციალურად ჩაბარდა შპს ,,მთავარი არხის" და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს და მათ დოკუმენტების გადმოსაცემად მიეცათ გონივრული ვადა.

„გამოძიება დაწყებულია საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საქართველოს პროკურატურა მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას",- აღნიშნულია განცხადებაში.

ამაზე მთავარმა არხმა ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელა:

„გამოძიება დაწყებულია „მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს მენეჯმეჯმენტს და არხის თანადამფუძნებლებს. როგორც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ვაცხადებდით, ზაზა ოქუაშვილი ყალბ და უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდა არხის მენეჯმენტსა და თანადამფუძნებლებს და ამით ემსახურებოდა რუსული რეჟიმის ინტერესებს. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ" მოახერხა მიზნის მიღწევა და ზაზა ოქუაშვილის ხელით დახურა ქვეყნის მთავარი კრიტიკული არხი. თუმცა, როგორც ჩანს, „მთავარ არხზე" ზეწოლა ამით არ ამოიწურა და რეჟიმი ისევ ოქუაშვილის ცილისწამების საფუძველზე ცდილობს კომპანიის მენეჯმენტსა და სხვა დამფუძნებლებზე ანგარიშსწორებას.

„მთავარი არხის" ფინანსურ ოპერაციებში არანაირი დანაშაული არ არის და მიუკერძოებელი პროკურატურა ქურდაძის საჩივარზე გამოძიებასაც კი არ დაიწყებდა, ვინაიდან ზედაპირზეა ოქუაშვილის დირექტორის ბრალდებების აბსურდულობა. თუმცა ყველას გვესმის, რომ „ქართული ოცნება" მომართულია არა სიმართლის დადგენისკენ, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესრულებისკენ," - წერია განცხადებაში.

ამასთან, „მთავარ არხში" პროკურატურის შესვლას ოპოზიცია გამოეხმაურა. „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ნიკა გვარამიას დევნას ემსახურება.

„გუშინ გახდა ცნობილი, რომ რუსულმა ოცნებამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი მედიისა და პოლიტიკური რეპრესიების კუთხით. კერძოდ, მთავარ არხში შევიდა პროკურატურა მათ მიერვე გამოყენებული, დაქირავებული ოქრუაშვილის ვითომდა წერილის საფუძველზე, რომელიც ეხება თანადამფუძნებლებს. პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ემსახურება ნიკა გვარამიას დამატებითი პოლიტიკური დევნის ამოცანას. მათ უნდათ ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნა გაახანგრძლივონ. ეს არ არის ჩვენთვის სიურპრიზი ეს არ არის ჩვენთვის ახალი. მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როდესაც ჩენი მეგობრები გვესაუბრებიან, რომ ამ პოლიტიკურ რეპრესიებს პოლიტიკოსების მიმართ, მედიის მიმართ მოჰყვება ძალიან კონკრეტულად, ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა. არ არის შემთხვევითი, რომ პროკურატურის ეს ნაბიჯი გადაიდგა ევროპის მოწოდებიდან ზუსტად მეორე დღეს," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.