ხელისუფლების ნოვატორული გამოგონების შემდეგ, რაც თბილისში გიგანტური ველოსიპედის დადგმით გამოიხატა, ამჯერად თბილისს არაერთი ველოსიპედი შეემატება. ოღონდ გიგანტური ველოსიპედისგან განსხვავებით, მათი ფუნქცია რეალური იქნება და პრესის გავრცელებას მოემსახურება.
ერთი ასეთი საპილოტე პროექტის - სტენდ-ველოსიპედის პრეზენტაცია მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. აქცია, სახელწოდებით „ვიკითხოთ მეტი“, „თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაციის“ ინიციატივით გაიმართა.
წითელ ველოსიპედზე, წითელი ქოლგის ქვეშ მოკალათებული სპეციალურ ქურთუკიანი პრესის გამავრცელებლები ქალაქის ქუჩებში ამ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებით გადადაგილდებოდნენ და გამვლელებს გაზეთებს სთავაზობდნენ. დღეს ეს ფუნქცია ცნობილმა ადამიანებმა - გია ხუხაშვილმა და ლაშა ტუღუშმაც იტვირთეს.
პრესის გამავრცელებელი წითელი ველოსიპედი ჩინეთიდან ჩამოიტანეს. მართალია, ადგილზე იგი 285 დოლარად შეიძინეს, მაგრამ საქართველოში ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, მთლიანობაში, 3 ათას ლარამდე დაჯდა. მომავალში ამ ველოსიპედების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება და მთელ დედაქალაქს მოიცავს. მოგვიანებით კი, სტენდ-ველოსიპედების ქსელი რეგიონებშიც გავრცელდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ რეგიონებში პრესის გავრცელებას შეზღუდვას დაუწესებენ.
სტენდ-ველოსიპედის ჩამოყვანა საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში განხორციელდა და გრანტის სახით ძირითადად საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსდა. ალბათ გახსოვთ, დედაქალაქში პრესის გავრცელებისთვის დაწესებული შეზღუდვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პრესის წარმომადგენლები თავისთან რომ იხმო და თავისუფალი სიტყვის გავრცელებაში დახმარება აღუთქვა. მოგვიანებით ფონდ „ქართუსგან“ გრანტის სახით პირველი ტრანში წამოვიდა, 131 ათას 70 ლარის ოდენობით, რაც გამავრცელებლების მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვას მოხმარდა - მოძრავი ურიკები, ქურთუკები, ველოსიპედი. გრანტის გარდა, ამ პროექტს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ბიზნესის წარმომადგენლებმა.
Presage.tv აქციის მონაწილეებს ესაუბრა.
ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, იგი მზადაა, პრესის გამავრცელებლებს გარკვეული პერიოდის მანძილზე გაზეთების გაყიდვაში მიეხმაროს და ამ ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადოს.
„პროცესი ძალიან საინტერესოა, რადგან ხელისუფლებას აღარ აკმაყოფილებს ნაციონალური ელექტრონული მედიის კონტროლი. ჯიხურებთან დაკავშირებით, მან შეტევა განახორციელა დარჩენილ მედიაკუნძულებზე, მათ შორის, ბეჭდურ მედიაზეც. ვფიქრობ, მთელი ქართული საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, რათა რაღაცნაირად დავიცვათ მომხმარებლის ინტერესები, რომლებსაც ალტერნატული ინფორმაციის მიღება სჭირდებათ. სხვანაირად ჩვენ პროპაგანდის შემყურე დავრჩებით, რაც დაასამარებს ჩვენს ოცნებას - დემოკრატიული კეთილდღეობით აღსავსე საქართველოს პერსპექტივას“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ექსპერტის თქმით, მართალია, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ვიღაც სხვას ჩვენი ბნელში დაბრუნება და უკუნში ჩაკეტვა სურს, მაგრამ, სინამდვილეში, ესაა ხელისუფლების პირდაპირი ამოცანა - გვამყოფოს სიბნელეში.
„სამწუხაროდ, გლობალიზაციის პროცესი შეუქცევადია. ჩემს შვილთანაც კი მაქვს პრეტენზია, რადგან ბეჭდურ გამოცემებს, გაზეთს, წიგნს ახალგაზრდები ნაკლებად კითხულობენ, მაგრამ, მე მგონი, მთლიანად გაზეთის ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება. მართალია, ელექტრონული ვერსიის სეგმენტი ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ გაზეთის კითხვა, ქაღალდთან ურთიერთობა მთელი რიტუალია, მას ფსიქილოგიური დატვირთვაც აქვს. ასე რომ, რამდენიმე ათეული წლის მანძილზე გაზეთს კვლავაც ექნება პერსპექტივა. შემდეგში რა იქნება, ვნახოთ,“ - გვითხრა გია ხუხაშვილმა.
გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ პრესის წარმომადგენლები ყოველთვის მოძებნიან ისეთ ფორმებს, რათა ხალხისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს გაზეთები.
„პრესა გველეშაპივით არის, ერთ თავს მოჭრი და ორი ამოვა, ჩვენ არასდროს დავთმობთ პრესას, ეს გამორიცხულია. გარდა ამისა, ჩვენ ვეძებთ ახალ თანამედროვე ფორმებს, თუ როგორ შეიძლება უფრო მიმზიდველი და ხალხისთვის უფრო ადვილად დასანახი გახდეს პრესა. ერთი ველოსიპედი არ იქნება, არამედ მათი რიცხვი გაიზრდება. ველოსიპედით პრესის გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მოსახერხებელია პერიფერიებშიც. ჩვენ გვინდა, გავავსოთ თბილისი ასეთი საშუალებებით და არა მარტო ამ საშუალებით. ურიკებიც იქნება, სტენდებიც, მოძრავი სტენდებიც და ბოლოს, ხელმოწერის ინსტიტუტსაც განვავითარებთ“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.
თავისუფალი პრესის მხარდაჭრის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლექსო ჯიქია აცხადებს, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისში ახალი პროექტი ხორციელდება - პრესის გავრცელება არა სტაციონალური სტენდების მეშვეობით, არა მხოლოდ ჯიხურების, არამედ მოძრავი ურიკა-სტენდების მეშვეობით. დღეს კი ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება პრესის გამავრცელებელი ველოსიპედის პრეზენტაციაა.
„დავაანონსეთ, რომ ვაპირებდით ველოსიპედის პრეზენტაციას. აქციაში ჩაერთვნენ ცნობილი სახეები, მათთვის წინასწარ არ გვითქვამს, გინდათ თუ არა აუცილებლად მოდითო, არამედ თავად მიიღეს ამაში მონაწილეობა. მომავალში ველოსიპედები ქალაქის ყველა უბანს მოიცავს. როდესაც ჯიხურებთან მიმართებით პრობლემა შეიქნა, ჩვენი მიზანი იყო სიცარიელე შეგვევსო მოდიფიცირებული ფორმით - მოძრავი ურიკების მეშვეობით. მოძრავი ურიკებით ცენტრალური უბნები უკვე ავითვისეთ, მაგრამ სულ მალე ეს პროექტი მთლიანად თბილისის მასშტაბით, გარეუბნებშიც გავრცელდება. ამ პროექტის მიზანია, თავისუფალი პრესა თავისუფლად მივიდეს მოსახლეობამდე. მნიშვნელობა არ აქვს, რუსთაველზე შეძლებს პიროვნება გაზეთის ყიდვას თუ ლოტკინზე,“ - აცხადებს ლექსო ჯიქია.
მისი თქმით, პრესის დეფიციტი და პრესის გავრცელების პრობლემა რეგიონებს არ უგრძვნიათ.
„თუ მომავალში ასეთი პრობლემა რეგიონებშიც იქნება, რა თქმა უნდა, გავფართოვდებით და რეგიონებსაც მოვიცავთ. ეს ფორმები, რაც შემოვიღეთ, ჩვენი დედაქალაქის სილამაზეს შეერწყა. ველოსიპედიც ძალიან ლამაზია, მისი გადაადგილება რატომ უნდა აგვიკრძალონ?! ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისუფლად მიიღოს და გასცეს ის ინფორმაცია, რაც მას აინტერესებს, თანაც მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში“.