საქართველოში მომსახურების ტარიფები მუდმივად იცვლება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მზარდი მიმართულებით. ყოველ ასეთ ნაბიჯს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვება. თუმცა, “112”-ისთვის დაწესებულმა გადასახადმა მომხმარებელი მართლაც ძალიან გააღიზიანა. ადამიანებს ფულს სთხოვენ იმაში, რაც ჯერ არ შექმნილა, რითაც ვერ სარგებლობენ და შეიძლება არც გამოიყენონ.
მთავრობა გაუგებრობაშია. ხელისუფლებაში მოკალათებულ ბობოლებს ეგონათ, რომ 20 თუ 50 თეთრის გულისთვის ხმას არავინ ამოიღებდა, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. მოსახლეობასთან ერთად პოლიტიკოსებიც და ექსპერტებიც აქტიურობენ.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, 112-ზე გადასახადის დაწესებიდან შესაბამისი უწყების ბიუჯეტში ყოველთვე მხოლოდ მობილური ოპერატორებიდან 400 ათასი ლარი შევა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის ქვეშაც შეიქმნა ეს სტრუქტურა, მობილური ოპერატორებისთვის თანხის გადახდას თავს არიდებს და წინასწარ, იმის მიუხედავად, დაჭირდება თუ არა აბონენტს გადაუდებელი დახმარების გამოძახება, ფიქსირებულ თანხას ჩამოაჭრის.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის თქმით, გადაუდებელი დახმარების გამოძახებისთვის ყველა დაბრკოლებაა მოხსნილი, მისი გამოძახება უსიმბარათო ტელეფონითაც იქნება შესაძლებელი, 112-ის ამოქმედების შემდეგ გადაუდებელი დახმარების ცენტრები ერთ ნომერზე კონცენტრირდება, ხოლო გამოძახების დროს ოპერატორს დაევალება ოპერატიულად მოახდინოს დაზარალებულის დასახმარებლად საჭირო საგანაგებო სამსახურის გაგზავნა.
ხუროშვილის თქმით, მსგავსი სამსახურის ამოქმედებას რესურსები სჭირდება და სწორედ თანხების მობილიზაციისთვის გახდა საჭირო 112-ზე სააბონენტო გადასახადის დაწესება. თუმცა, საპარლამენტო მდივნის მტკიცებით, მთავრობის დადგენილება გამონაკლისებსაც ითვალისწინებს და სოციალურად დაუცველებს გადასახადი არ ჩამოეჭრებათ.
თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით კი, იმისთვის, რომ ეს მომსახურება ყველა ადამიანისთვის იყოს უფასო, მისი თანაბარი პროპორციის მიხედვით გადახდა მოხდება.
„მსგავსი მეთოდი უზრუნველყოფს, რომ ინდივიდუალური ზარი იყოს უფასო, სხვა შემთხვევაში გამოგვივიდოდა ინდივიდუალური ზარის გაფასიანება, რაც არასწორია. 112-ით შეიძლება, ისარგებლოთ მაშინაც კი, როცა ტელეფონი გათიშული გაქვთ. შესაძლოა, ქუჩაში უბედურ შემთხვევას გადააწყდეთ და იმის გამო, რომ ზარი ფასიანია, შეიძლება არ დარეკოთ, რაც არასწორია”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე განმარტებით, 112-ის მომსახურება არ გულისხმობს მხოლოდ სახანძრო და სამაშველო მომსახურებას, მისი ფუნქციები ბევრად ფართოა, მომსახურების მოდელი კი ევროპიდან არის გადმოღებული.
მოდელი კი შეიძლება უცხოეთიდან არის გადმოღებული, მაგრამ უგულავას ავიწყდება, რომ იქ მსგავსი მომსახურება უფასოა. პარტაი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლევან იზორია ადასტურებს, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი სერვისი უფასოა.
„მთელ მსოფლიოში ასეა - როგორც დარეკვა, ისე მომსახურება მსგავსი სამსახურებისა უფასოა. მაშინ პოლიციის მომსახურებაც ფასიანი გახადონ და სამართლებრივი წესრიგის დამყარებისთვისაც გადავუხადოთ პოლიციას“, - ამბობს იზორია.