მოსკოვში „კავკასიის გადასახლების სტრატეგია“ შეიმუშავეს

მოსკოვში „კავკასიის გადასახლების სტრატეგია“ შეიმუშავეს

კრემლმა მეამბოხე ჩრდილოეთ კავკასიაზე კონტროლის აღდგენისთვის ახალი „განვითარების სტრატეგია“ შეიმუშავა. ერთ–ერთი ინიციატივით, ადგილობრივებს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქებიდან სამუშაოდ სხვა რეგიონებში გადაასახლებენ, ხოლო ამ ოლქებში „უკან მოიზიდავენ“ რუსეთის მოსახლეობას.

თბილისში აღნიშნულ სტრატეგიას „უტოპიურს“ უწოდებენ, რადგან იგი არსებულ პოლიტიკურ რეალობას არ ითვალისწინებს. მამუკა არეშიძის თქმით, ფეთქებადსაშიში მოსახლეობის გათვალისწინებით, კრემლს აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება გაუჭირდება.  

რუსეთის ხელისუფლების გახმაურებული დოკუმენტის შესახებ „გაზეტა.რუ“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „კავკასიის გადასახლების სტრატეგია“. სტატიის თანახმად, დოკუმენტი, რომელიც ჩრდილოკავკასიის ფედერალური ოლქების განვითარებას ეხება, ვიცე-პრემიერისა და რეგიონში პრეზიდენტის წარმომადგენლის, ალექსანდრე ხლოპონინის სამოქმედო გეგმა გახდება.

სტრატეგიის ავტორების მოსაზრებით, 2025 წლისთვის ჩრდილოეთ კავკასია უნდა გახდეს წამყვანი გამაჯანსაღებელი და სამთო-სათხილამური ტურისტული ცენტრი რუსეთსა და დსთ-ში, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მსხვილი მიმწოდებელი იქნება. 

ამ ეტაპზე არსებობს კავკასიის განვითარების სამი სცენარი – პირველი ეხება რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ტემპის გაზრდას, გრძელვადიან პრიორიტეტულ პროექტებზე უარის თქმას, რომელთან ერთადაც შემცირდება ადამიანური კაპიტალის ხარისხი. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს გამორიცხვას ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტების შესაძლებლობასა და ტერორისტული აქტივობას.

მეორე სცენარში საუბარია რეგიონში უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებზე. უსაფრთხოების პრობლემები გადაწყვეტილი იქნება 5-10 წლის განმავლობაში. ძირითადი აქცენტი გადატანილია საინვესტიციო კლიმატის შექმნაზე, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებაზე. 

მესამე სცენარი კი, მთლიანად ეთმობა საუკეთესო პერსპექტივებს, კერძოდ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საერთაშორისო სიტუაციის სტაბილიზაციას, სოციალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, ტურისტული კომპლექსისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ცენტრების შექმნას, უმუშევართა რიცხვის შემცირებას და ხელფასების ზრდას.

ინოვაციების განხორციელებისთვის და უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად დოკუმენტის ავტორებს შეთავაზება აქვთ, რომ ადგილობრივები ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქებიდან სამუშაოდ სხვა რეგიონებში გადაასახლონ, ხოლო ამ ოლქებში რუსეთის მოსახლეობა მიიზიდონ.

სტრატეგიის განხორციელება ორ ეტაპად იგეგმება. 2010-2012 წლებში განხორციელდება აუცილებელი პირობები, ხოლო მნიშვნელოვანი პირობების განხორციელებას მეორე ეტაპი მოიცავს.

ექსპერტი მამუკა არეშიძე რუსეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების სტრატეგიას უტოპიურს უწოდებს. დოკუმენტის განხორციელების შესაძლებლობები ეჭვქვეშ დააყენა. მისი თქმით, სტრატეგიაში აქცენტი გაკეთებულია მხოლოდ ეკონომიკის განვითარებაზე და არაფერია ნათქვამი სახელისუფლო ვერტიკალის საკითხზე, რაც დოკუმენტის შედეგიანობის საფუძველს არ იძლევა.

„ერთი შეხედვით, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიის გადარჩენის დოკუმენტი, რომლის მიზანია რეგიონის დაწყნარება და იატაკქვეშეთისთვის ნიადაგის გამოცლა, თუმცა სტრატეგიაში არ არის გათვალისწინებული პოლიტიკური რეალობა“, - აღნიშნავს არეშიძე.

კავკასიის საკითხების ექსპერტი ყველაზე სერიოზულ პრობლემად რეგიონში უსაფრთხოებას მიიჩნევს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი წინაღობა იქნება რუსი მოსახლეობის უკან დაბრუნების და სხვადასახვა ოლქებში ჩასახლების, რაც, დოკუმენტის თანახმად, მრეწველობის განვითრებისთვის იგეგმება.

ამასთან, არეშიძის განცხადებით, ეს საკითხი იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანებას, რომელიც რუსების ჩამოსახლებას საკითხს რეგიონის ადგილობრივებისგან ხელოვნურად დაცლისა და დემოგრაფიული სურათის შეცვლის მცდელობად აღიქვამს. 

„ამ ნაწილში ისინი არ ენდობიან რუსეთის ხელისუფლებას“, - დასძინა მან.

არეშიძე თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლებას, ჩრდილოკავკასიის ფეთქებადსაშიში მოსახლეობის გათვალისწინებით, აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება გაუჭირდება.

ასევე შეგახსენებთ, რომ პუტინი ჩრდილოეთ კავკასიაში ქმნის ახალ სახელმწიფო სტრუქტურას – კავკასიის სახელმწიფო კომისიას, რომელსაც პირადად პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს.

ჩრდილოეთ კავკასიაში კრემლის პოლიტიკის გამტარებელი, ალექსანდრე ხლოპონინი ამბობს, რომ ამით მოსკოვი ეცდება გააკონტროლოს იმ ფინანსების ხარჯვა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების განვითარებისთვის გამოიყო ფედერალური ბიუჯეტიდან.

„ჩვენ ვქმნით რეგიონული განვითარების სამინისტროს. მინისტრის მოადგილე იქნება პასუხისმგებელი კავკასიის რეგიონულ განვითარებაზე. მისი სამუშაო ადგილი კავკასიაში იქნება. მისი აპარატი კი 30 კაცისგან შედგება. იგი მოახდენს ფედერალური რესურსების ცენტრალიზებას“, – განაცხადა ხლოპონინმა.