ქართველი მანდატურები - ამერიკელი „სკულოფიცრების“ ცუდი ვარიანტი?!

ქართველი მანდატურები - ამერიკელი „სკულოფიცრების“ ცუდი ვარიანტი?!

გაამართლა თუ არა მანდატურის ინსტიტუტმა ქართულ სკოლებში? ამის შესახებ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებაა. თავად მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი მანდატურის იმედად, უსაფრთხო სკოლაში უშვებენ ბავშვებს, თუმცა რა ხდება სკოლის გარეთ, იქ, სადაც სათვალთვალო კამერები და ე.წ. „ნადზირატელები“ არ არსებობს? რატომ გადაინაცვლა აგრესიამ სკოლიდან მოშორებით, სადაც ხშირად ბავშვები ერთმანეთს საქმეებსაც ურჩევენ და ზოგჯერ მანდატურთან დაბეზღება-ჩაშვების გამო თავიანთ თანატოლებსაც უსწორდებიან?!

ის, რომ მოზარდი სათვალთვალო კამერებთან ურთიერთობასა და თვალთმაქცობას სწავლობს და კამერების წინ თავი უწყინრად უჭირავს, ფსიქოლოგებისთვის უცხო არ არის, მაგრამ თვალთვალის რეჟიმით დაძაბული ბავშვის ფსიქიკა რამდენად დათრგუნულია, ეს უკვე სხვა თემაა. ამასთან, მასწავლებლები დარწმუნებულნი არიან, რომ მანდატურის ინსტიტუტი სპეციალურად მათ დასასმენად შეიქმნა. ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ სახელოვან პედაგოგზე მეტად განათლების სამინისტროსთვის ფასეულია გამოუცდელი მანდატურის, თუნდაც უკანონო სიტყვა, რომელსაც მასწავლებლის სკოლიდან დათხოვნა თავისუფლად შეუძლია. 

როცა მოსწავლე ხედავს, რომ მანდატური და მასწავლებელი (ან სკოლის დირექტორი) ერთმანეთთან ფარულ დაპირისპირებაში არიან, ბავშვები ამ ვითარებით სარგებლობენ და არაჯანსაღ მანიპულაციას მიმართავენ, კერძოდ, მასწავლებელს მანდატურთან აბეზღებენ. შესაძლოა, შემთხვევა განგებ დაამახინჯონ, ან შეცვალონ კიდეც. თუ კლასში ხმაურია, ოქმს მაინც მასწავლებელს უდგენენ. ამიტომ მასწავლებლები მუდმივად იმეორებენ: ჩუმად, მანდატურმა არ გაიგოს, ჩუმად, მანდატური მოდის!

ზოგჯერ პედაგოგები ჩივიან, რომ მანდატურები სკოლებში განგებ ძაბავენ ურთიერთობას. ერთ-ერთ ბავშვს ოქმი იმის გამო გაუფორმეს, რომ თანაკლასელს თმა მოქაჩა, ხოლო რადენიმე მოსწავლე სკოლიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ საპირფარეშოში სიგარეტის სუნი იდგა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ოფისში დისკუსია გაიმართა თემაზე - „უსაფრთხო სკოლის“ საფრთხეები. როგორც გაირკვა, მოსწავლეებზე ძალადობა რეგიონებში უფრო მეტია, ვიდრე - თბილისში. ესაა ფსიქოლოგიური, სექსუალური (მათ შორის, სურათების ჩვენებაც) და ფიზიკური ძალადობა. ამასთან, სკოლებში ძალადობის მსხვერპლნი უფრო ბიჭები არიან, ვიდრე გოგონები. თანაც, მოსწავლეები ძირითადად 10-13 წლის ასაკში ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.

„უსაფრთხო სკოლა ჩვენი საზოგადოებისთვის სენსიტიურია. მართალია, მანდატურების შემდეგ ძალადობის შემთხვევები მთლად დირექტორის კაბინეტის წინ არ ხდება, მაგრამ ძალადობა ხორციელდება სკოლის ეზოში, სკოლის გარეთ, ტუალეტში, საკლასო ოთახებში, ხეებით დაფარულ ადგილას, თანაც, ნებისმიერ დროს - გაკვეთილების შემდეგ თუ შესვენებებზე. 2010 წლის მარტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მინისტრ შაშკინის ინიციატივით, მანდატურების საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო. საპილოტე პროექტის შინაარსი განათლების სპეციალისტებთან არ განუხილავთ, მისი შინაარსი ბუნდოვანი იყო საზოგადოებისთვის. თუმცა, მისი დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროექტი რატომღაც წარმატებულად შეფასდა. საინტერესოა, ორ კვირაში საიდან დაასკვნეს, რომ პროექტი წარმატებული იყო?!“ - ინტერესდება განათლების სპეციალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი  თამარ მოსიაშვილი.

მასვე მაგალითად მოჰყავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემები, რომლის თანახმადაც, მანდატურების წყალობით სკოლებში თურმე 80%-ით შემცირდა მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები, 75 %-ით შემცირდა ე.წ. „შატალოები“, 95%-ით - ფულის გამოძალვა, ასევე, 80 %-ით იკლო მოსწავლეთა შორის დაპირისპირებამ, ხოლო 90 %-ით - საჯარო სკოლებში ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტებმა. 

თუმცა განათლების ექსპერტს აინტერესებს, რა იყო ამ „ლამაზი“ ციფრების საწყისი მაჩვენებელი?! რამდენად სანდოა ეს ციფრები, რომელსაც თურმე გენიალური მიგნება - მანდატურის ინსტიტუტი იძლევა?!

თუ გავითვალისწინებთ, რომ სკოლის მანდატურის თანამდებობის მოსაპოვებლად საკმარისია, 20 წლის შესრულება, სახელმწიფო ენის ფლობა და შესარჩევ კონკურსზე გავლის შემდეგ შსს-ის აკადემიაში სამკვირიანი კურსის გავლა, ყველაფერი მარტივად წყდება. მანდატურს არც უმაღლესი განათლება მოეთხოვება, არც ბავშვის ფსიქიკაში გარკვევა. ექსპერტები ეჭვობენ, რომ მანდატური ბავშვის ასაკობრივ კანონზომიერებას სულ რაღაც სამ კვირაში, პოლიციის აკადემიაში ნაუცბათევი ტრენინგით, ვერ შეისწავლის. გარდა ამისა, მანდატურს ევალება სკოლის მართვაშიც მიიღოს მონაწილეობა, შეითავსოს სოცმუშაკისა და ფსიქოლოგის ფუნქციაც, რაც მისთვის საკმაოდ ბევრია. ამიტომ ექსპერტებს ლოგიკური კითხვა უჩნდებათ, შეძლებს კი ამდენი ფუნქციის შესრულებას ერთი ადამიანი?!

„სათვალთვალო კამერა, დეტექტორი, მოსწავლეთა პირადული საქმეების აღრიცხვა - ყველაფერზე კონტროლი მანდატურს აბარია. არ შეიძლება, 2100 სკოლას ერთი მოდელი შესთავაზო. ამასთან, მანდატურიც, დირექტორიც, მასწავლებელიც ერთდროულად არიან პასუხისმგებელნი სკოლის უსაფრთხო გარემოზე. სად გადის პასუხისმგებლობის ზღვარი? ამით ფუნქციების დუბლირება ხომ არ ხდება? რას აკეთებს მანდატური, დირექტორი, მასწავლებელი ბავშვების ჩხუბის დროს? ყველას ერთი და იგივე მისია აკისრია?“ - კითხვები უჩნდებათ სპეციალისტებს და კონკრეტული მაგალითებიც ახსენდებათ. კერძოდ, ბავშვების დაპირისპირებისას ზოგჯერ მანდატურს ვერ პოულობენ. შესაძლოა, მანდატური სკოლაში საერთოდ არ დაგხვდეს ან სულაც თავი იმართლოს, მონიტორს ვუყურებდიო. 

პედაგოგების თქმით, სკოლაში ბულინგი (დევნა) ხშირია, რაც ზოგჯერ არ ჩანს. ყველა დროში იყო მეტსახელების დაძახება, მაგრამ მოზარდი ასეთი დაპირისპირებებით იწრთობა და ეს გასაკვირი არაა. ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, მოსწავლეების დაპირისპირებისას საქმეს მანდატურის გარეშეც კარგად აგვარებს.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებს სხვა სკოლის მოსწავლეებთან ჩხუბი რომ მოსვლიათ, იმ სკოლის მოწაფეები დამიპატიჟებია კაფეში ჩვენებთან შესარიგებლად,“ - აცხადებს პედაგოგი.

„რაც შეხება ამერიკას, რომლის მიბაძვაც ჩვენში სულ უფრო პოპულარული ხდება, იქ  ზოგიერთი სკოლის მანდატური შერიფიც ყოფილა, ზოგიერთი მანდატურები კი, იგივე „სკულოფიცრები“ ძაღლებითაც დადიან, რადგან იქაური მოსწავლეები  სკოლებში ნარკოტიკებითაც ვაჭრობენ. საქართველოში კი მანდატურები დაინიშნენ არა სკოლებში უსაფრთხოების დასამყარებლად, არამედ - განათლების სამინისტროში მასწავლებლების დასმენის მიზნით“, - ასეთია პედაგოგთა პოზიცია.

„პედაგოგებს აკონტროლებენ, აზომბირებენ, აშინებენ. მოკლედ, ესაა პოლიციური სახელმწიფოს გაგრძელება. მანდატურის გამოჩენის შემდეგ მასწავლებლის პროფესიული ცხოვრება უფრო სტრესული გახდა, თორემ, 200 ბავშვიან სკოლაში დაძაბულობა რა გასაკვირია?! პრობლემური ბავშვი ყოველთვის იყო და იქნება სკოლაში და მათთან ურთიერთობა პროფესიონალმა უნდა დაამყაროს და არა- ნებისმიერმა მანდატურმა,“ - გვითხრა ერთ-ერთმა პედაგოგმა. მისი თქმით, უკვე ბავშვმაც დაკარგა მასწავლებლის პატივისცემა, მოგიტრიალდება, - აი მანდატურიო, და მიაქვს ინფორმაცია. ხანდახან, მანდატურები ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას სკოლაში, რაც მასწავლებელზე ძალადობითა და ბოლოს სკოლიდან მისი გათავისუფლებით მთავრდება.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე, იურისტი თამარ გაბისონია კანონმდებლობის ხარვეზზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან 20 წელს მიღწეული ჯანმრთელი მანდატური საკმარისი არაა, სკოლებში სახელმწიფო პოზიცია დაიკავოს.

„სახელმწიფო პოლიტიკაა, რომ  მანდატურის თუნდაც უკანონო ქმედება გაამართლოს. ჩვენ განვიხილავდით ერთ-ერთი პედაგოგის საქმეს, რომელსაც 45-წლიანი პედაგოგიური სტაჟის განმავლობაში საყვედურიც არ მიუღია. თუმცა ერთხელაც მანდატურმა სამასწავლებლო ოთახში შეკრიბა პედაგოგები იმის გასარკვევად, თუ ვინ დატოვა უყურადღებოდ კლასის ჟურნალი. ერთ-ერთმა პედაგოგმა უთხრა, თუ ამას რეფორმისთვის მნიშვნელობა აქვს, ავუტან ამ ჟურნალს იმ მასწავლებელს და ნუ ჩავშლით სასწავლო პროცესსო. მოგვიანებით მასწავლებლებმა ჩვენება შეცვალეს და თქვეს, - ამ პედაგოგმა უყვირა მანდატურს და შეურაცხყოფა მიაყენა მანდატურის ინსტიტუტსო. შესაბამისად, ის მასწავლებელიც  სკოლიდან გაათავისუფლეს, თანაც, სულ სხვა საფუძვლით - არაჯეროვნად შეასრულა მოვალეობა და არ დაამყარა მანდატურთან მეგობრული ურთიერთობა“, - იხსენებს სკოლაში მომხდარ დაპირისპირებას იურისტი თამარ გაბისონია და თავადაც გაოცებას ვერ მალავს, თუ რას ნიშნავს მანდატურთან „მეგობრული ურთიერთობის დამყარება“?!

განათლების ექსპერტები, ასევე, მოითხოვენ, გაუქმდეს 2010 წლის 12 ნოემბერს განათლების მინისტრის მიერ გამოცემული 837-ე ხისტი ბრძანება, რაც საზოგადოებას სკოლის კარს უკეტავს.

„სისტემაში შაშკინის მოსვლას მოჰყვა ეს ბრძანება. დირექტორებს უთხრეს, არავითარი ჟურნალისტებთან ურთიერთობა, საჯაროდ არაფერს იტყვით, პოტრჟებსკაიას (პრესსამსახური) ცენტრს შეუთანხმდითო. ბარიერებია სკოლასა და საზოგადოებას შორის. ნინოწმინდაში წიგნები მიგვქონდა, უფასოდ შევთავაზეთ, მაგრამ სკოლის დირექტორმა, ამავე 837-ე ბრძანების საფუძველზე, არ შეგვიშვა“, - აცხადებს განათლების ექსპერტი.

ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძე კი  მიიჩნევს, რომ ბავშვს თავად უნდა ასწავლო ბრაზისა და ემოციის მართვა, რადგან ყოფილა შემთხვევა, როცა ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრში, (რომელიც სპეციალურად ქუჩის ბავშვებისთვის შეიქმნა) ბავშვებს დანები სჭირდებოდათ აუტოაგრესიისთვის; ანუ, ვინც დაჩაგრულად გრძნობდა თავს, სხეულს ისერავდა.

„წარმოუდგენელია, სამი კვირის მანძილზე მანდატურს ფსიქოლოგიაც ასწავლო, ექთნობაც და მაშველის ფუნქციაც შეუთავსო. თუ 12 წლის ბავშვს ვერ „ერევი“, მაშინ მანდატურს რა ფუნქცია აკისრია? ძნელად აღსაზრდელი ბავშვების სამტრედიის სკოლა-ინტერნატში გადაყვანა 10 წლიდან უნდოდათ, თუმცა ორი წელი გვაჩუქეს და ახლა 12 წლის არასრულწლოვანი გადაჰყავთ სამტრედიაში. მაქსიმუმ 200 ბავშვის ადგილია იქ, თუმცა ამჟამად 20 ბავშვია სამტრედიის სკოლა-ინტერნატში“, - აცხადებს ქეთევან კობალაძე.

ამასთან, სრულიად გაუმართლებლად მიიჩნევს, რომ მომავალში ამ სკოლა-ინტერნატში გოგონებსაც გაუშვებენ. ფსიქოლოგის თქმით, დახურულ სივრცეში ძნელად აღსაზრდელი გოგო-ბიჭის ერთად გაჩერება რთულია, 12-დან 18 წლამდე გოგონებისა და ვაჟებისთვის კი, ეს სრული კატასტროფაა.