დიმიტრი ტიკარაძე, "ქრონიკა"
"ქრონიკას" ესაუბრა "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი, ინგა გრიგოლია:
-ინგა, დავიწყოთ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობით. საკმაოდ მძიმე ოპერაცია გაიკეთე. ახლა როგორ ხარ?
- კარგად ვარ. ამას წინათ ვამბობდი, ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ადამიანი თავის ჯანმრთელობაზე რომ საუბრობს, მაგრამ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულმა წერილმა მაიძულა, ჩემს ჯანმრთელობაზე ხმამაღლა მელაპარაკა. "ქრონიკაში" დაიბეჭდა ერთი წერილი, სადაც ვიღაც კაცი ამბობდა, საკრებულოში ვერ ვეღირსე ინგასთან შეხვედრასო. პრაქტიკულად ეს წერილი და ორი ზარი გახდა იმის მიზეზი, რომ ხმამაღლა ვთქვი: იმიტომ ვერ მივიღე ის ადამიანი, რომ ცუდად ვიყავი მეთქი... თუმცა ახლა კარგად ვარ და გავაგრძელებ ძველ საქმიანობას. ძალიან აქტიური საარჩევნო ფაზა გვეწყება და ამისთვის ენერგიის მობილიზებაა საჭირო...
- ანუ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდები...
- დიახ, აქტიურ პოლიტიკას ვუბრუნდები, რადგან საინტერესო წელია. ახლა იქნება ყველაზე საინტერესო წელი უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, რადგან ყველამ იცის, რომ მიშა მიდის. თვითონ მიშა მიდის და რა იქნება მერე, გამოგლეჯს თუ არა სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალა "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებას, ეს უნდა გაირკვეს...
მე ყოველთვის სიამოვნებით ვაშუქებდი დაძაბულ პოლიტიკურ ამბებს ეკრანიდან, ამჯერად პირველად მომიწევს ამ ყველაფერში თვითონ მონაწილეობა.
-როგორ ფიქრობ, რა შედეგით დასრულდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები? ბოლო რეიტინგებით, რომელიც გამოქვეყნდა, "ქრისტიან-დემოკრატებს" საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვთ...
-იმის მიუხედავად, რომ მე წარმოვადგენ პოლიტიკურ გუნდს, მაქვს ჩემი განსხვავებული აზრიც. ჩემი პარტიისგან გნსხვავებით, მინდა გითხრათ, რომ მე, ზოგადად, არ ვენდობი ასეთი ტიპის რეიტინგებს...
ძალიან კარგად ვიცი, როგორ კეთდებოდა რაღაცა ტიპის რეიტინგები. შეიძლება დაგვეჯერებინა, რომ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ "ქრისტიან დემოკრატების" რეიტინგი უკან წავიდა წინა არჩევნებთან შედარებით, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებ, რომ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" ამხელა რეიტინგი აქვთ...
თუმცა ამ რეიტინგების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტში მოხვდება მხოლოდ სამი ძალა, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", ივანიშვილის კოალიცია და "ქრისტიან-დემოკრატები"...
-თუმცა აქტიურად მიდის საუბარი მესამე, რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე. ისინი პარლამენტში ვერ მოხვდებიან?
- საქართველოში რადიკალურ მუხტზე მოთხოვნა არის იმდენად მაღალი, რომ მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება აუცილებლად მოხდება. მე, მაგალითად, არ მომწონს ქუჩის მოქმედებები, რადგან ვიცი, რომ რევოლუციას მოაქვს ისეთი დიდი უბედურება, რომელსაც სახელად ჰქვია მიშა სააკაშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს მოთხოვნილება ქუჩის აქციებზე.
შესაბამისად, თუ შეიქმნება მესამე პოლიტიკური ცენტრი, ის ნამდვილად იქნება ხელისუფლებისგან მართული, ეს იქნება ადეკვატური იმ ხალხის დამოკიდებულებისა და განწყობისა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და ისინიც აუცილებლად მოხვდებიან პარლამენტში.
-თუმცა, ინგა, უნდა გავიხსენოთ წინა არჩევნებიც. ერთმანეთთან დაპირისპირებამ საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ოთხი-ხუთი წლით გაიხანგრძლივეს არსებობა. იგივე ხომ არ არის მოსალოდნელი დღესაც?
-არ ვიცი ახლა რამდენად სწორია, როცა ამას ამბობს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ მე ვარ რეალისტი და იმის ილუზია არ მიპყრობს, რომ ცალკე, რომელიმე პოლიტიკური ძალა მოახერხებს უმრავლესობით მოსვლას და იმაზე მეტი ხმების აღებას, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა". თუმცა იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილს ძალიან დიდი სახელისუფლებო რესურსი აქვს, ჰყავს პრობაციონერები, არაქართული მოსახლეობა, პატიმრები, ჯარი და ასე შემდეგ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ოპოზიციას ეძლევა იმის შანსი, რომ საერთო ჯამში, უფრო დიდი რაოდენობით მოვიდეს პარლამენტში, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა".
მაგრამ, თუ კვლავ გაგრძელდება ერთმანეთის გინების ტენდენცია, მოღალატეების ძახილი, შენ არ ვარგიხარ და მე კარგი ტიპი ვარ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მოიგებს ისევ "ნაციონალური მოძრაობა"...
-სახელისუფლებო რესურსის გარდა, სააკაშვილი აკონტროლებს ნაციონალურ მედიასაც. შეიძლება ეს პრობლემა "ქრისტიან-დემოკრატებს" ნაკლებად ეხებათ, მაგრამ ფაქტია, რომ სამი სახელისუფლებო არხი, დანარჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს...
მაგაში შემიძლია შეგედავო, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, სატელევიზიო გაშუქების თვალსაზრისით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა" და გეტყვი რატომაც - ხელისუფლებასა და ამ ტელევიზიებს, უბრალოდ სჭირდებათ, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" ეთერში რაღაც დოზით გამოაჩინონ, მაგრამ ჩემივე თავზე მაქვს გამოცდილი - რაც არ უნდა მწვავე განცხადება გავაკეთო, ეთერში ხვდება 20-წამიანი კადრი, რომელშიც რას ვამბობ, მე თვითონ ვერ ვხვდები, ისეთი ნაწყვეტები გადის.
გეთანხმებით, რომ თუკი რამეზე უნდა მიმართოს ოპოზიციამ თავისი სერიოზული ბრძოლა, უნდა მოითხოვოს და მიაღწიოს პირდაპირ ეთერს სამივე ნაციონალურ არხზე. ახალი პოლიტიკური თაობა ამ ქვეყანაში ვეღარ შეიქმნება, თუ ჩვენ ამას არ მივაღწევთ. თავის დროზე, ყველა პოლიტიკოსი, მიშათი დაწყებული და ბოკერიათი დამთავრებული, შევქმენით ჩვენ, ჟურნალისტებმა.
ახლა, ამ ტელევიზიებმა და ჟურნალისტებმა უნდა შექმნან ახალი პოლიტიკური თაობა. ჩვენი პარტია ძალიან სერიოზულად მუშაობს იმისთვის, რომ პირდაპირი ეთერები მოვიპოვოთ ყველა "ნაციონალურ" არხზე და მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ თებერვლიდან დაიწყება პოლიტიკური ტოქშოუ...
ერთ-ერთი, ვისაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, საუბარია მართლაც ღირსეულ წამყვანზე, ეს არის "რუსთავი 2"-ზე ნინო შუბლაძე, რომელიც ყოველთვის ახერხებდა, ძალიან მძიმე წნეხის ქვეშაც კი, მეტ-ნაკლებად ბალანსი ყოფილიყო მის გადაცემაში. არ ვიცი "იმედზე" ვის ანდობენ ამ საქმეს, მაგრამ თუ პირდაპირი ეთერები არ მივიღეთ, მაშინ მე პირადად არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ.
პირდაპირ ვამბობ, არ ვიცი, რას გადაწყვეტს პარტია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას და სიაში არ ვიქნები. სხვათა შორის, როცა სააკაშვილი მთელი ამალით იმყოფებოდა ამერიკაში, იქ შეხვედრებისა და საუბრის თემა იყო სწორედ მედიის თავისუფლების თემა.
აქედან გამომდინარე, მათ ყველა ვარიანტში მოუწევთ გახსნან მედია.
მე მაქვს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სააკაშვილს ძალიან დიდი ომი ჰქონდა თავისივე გუნდიდან ერთი-ორთან, ვინც ამერიკელებთან მუშაობს. მათ უნდოდათ დაერწმუნებინათ მიშა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი ეთერები არის მარაზმი და ამას სისტემატურად აპროტესტებდა აშშ-ს ელჩი, ჯონ ბასი.
-თუ შენი პროგნოზები არ გამართლდა და ოპოზიცია პარლამეტში ვერ მოვიდა უმრავლესობით, არჩევნების შემდეგ სად ხედავ მიხეილ სააკაშვილს?
- მე რომ მკითხოთ, სააკაშვილს საერთოდ პოლიტიკაში არ ვისურვებდი, მაგრამ მე მაქვს სერიოზული ინფორმაცია, რომ სააკაშვილი აპირებს გახდეს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი... თუ თქვენ გაიხსენებთ, ბოლო პერიოდში გლდანისკენ მიმართულ აღმშენებლობით პროექტებს, მასწავლებლების სახლს, პროფსასწავლებლებს, იგივე ტოტო კუტუნიოს კონცერტს, და თუ გაიხსენებთ იმასაც, რომ გიგი უგულავამაც თავისი საარჩევნო კამპანია დაიწყო გლდანიდან, ეს ინფორმაცია საკმაოდ ახლოსაა რეალობასთან...
-მაგრამ საპარლამენტო არჩევნები ხომ მანამდეა, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები?
-მე როგორც ვიცი, თავიდან იყო ისეთი გეგმა, რომ ორივე არჩევნები ერთად ჩატარებულიყო, თუმცა მათი წიაღიდან გამოსული ბოლო ინფორმაციით, ვინმე დროებით იქნება გლდანის მაჟორიტარი. სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ცოტა ხნით ადრე ამ მაჟორიტარს გადაიყვანენ სახელმწიფო სტრუქტურაში და მიშა გახდება გლდანის მაჟორიტარი....
-შენ ისიც გეცოდინება პრეზიდენტი ვინ იქნება...
-გააჩნია, რომელი პოლიტიკური გუნდი მოვა უმრავლესობით. თუ "ნაციონალებს" განვიხილავთ, მაშინ ძალიან აქტიურად საუბრობენ დათო ბაქრაძეზე. ბაქრაძე მათი მხრიდან არის იდეალური ვარიანტი, რადგან, ჯერ ერთი, სამართავად ძალიან ადვილია, და სხვებთან შედარებით, მას მაინც არ აქვს შავი ლაქები...
-ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტზე მნიშვნელოვანი, მაინც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაა...
-არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, მომავალი მთავრობა გახდეს კოალიციური, თუმცა ვეჭვობ, რომ პრემიერმინისტრობისთვის, სააკაშვილი ამზადებს ვერა ქობალიას. სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, ყველა შეხვედრაზე წინა პლანზე წამოწული ყავს. ქობალია სააკაშვილისთვის ძალიან კარგი კანდიდატურაა, გამოსაჩენი, კარგი გარეგნობით, კარგი ინგლისურით და აბსოლუტურად ნული პოლიტიკური ამბიციებით... თუმცა მეორე "რასკლადიც" შესაძლებელია, თუკი ძალოვნები აიღებენ ხელში მართვის სადავეებს, მაშინ პრემიერი შეიძლება გახდეს გიგა ბოკერია.
-პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოთამაშე - მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. დღეს ბევრს საუბრობენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე, შეცდომებზე...
- ბიძინა ივანიშვილის შეცდომები გამოჩნდა მისი პირველი განცხადებიდან. რომ არ მოგატყუოთ, როცა წავიკითხე, გაღიმებული დავრჩი, რადგან მეტი მოლოდინი მქონდა. პირველი მისი შეცდომა იყო - შეტევა მედიაზე. ეს აღმოჩენა გახლდათ ჩემთვის. გავიფიქრე კიდეც, რით განსხვავდება ახლა ეს კაცი სააკაშვილისგან-მეთქი. მან თავი ჩაიყენა, ფაქტობრივად, ისეთ დღეში, რომ მთელი მედიასაშუალებებით დარტმის ქვეშ აღმოჩნდა. მაშინ ვთქვი, ამ კაცს მრჩეველი საერთოდ არ ჰყავდა-მეთქი, ან თუ ჰყავდა, ძალიან ცუდი-მეთქი. მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო დატაკება მედიასთან, იგივე თქვენს გაზეთთან მიმართებაში, როდესაც პრესკონფერენციაზე დაარიგა რაღაც წიგნები.
შეიძლება არ მოგწონდეს გაზეთი, მაგრამ ასეთი ღია დაპირისპირება გაზეთთან, მაპატიეთ, მაგრამ ძალიან დიდი სისულელეა. თან მე ვფიქრობ, რომ მან არც კი იცოდა, რეიტინგით როგორი ტიპის მედიასაშუალებას დაეჯახა. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი არ არის მზად კრიტიკული კითხვებისთვის. ყველა ინტერვიუმ, რომელიც მე მომისმენია და წამიკითხავს, ეს დამიდასტურა.
ყველა ინტერვიუ, რომლის ჩაწერაც მასთან მოხდა, მოკლებული იყო სიმწვავეს, აცდენილი იყო რეალობას და ყველა შემთხვევაში გამიჩნდა აზრი, რომ კითხვები მეტ-ნაკლებად შეთანხმებული იყო. ანუ ბიძინა ივანიშვილი მედიისგან ითხოვს იგივეს, რასაც ითხოვს მიშა... მეორეც, ბიძინა ივანიშვილმა შემოდგა თუ არა ფეხი ქართულ პოლიტიკაში, გაავლო ზღვარი. ანუ ვიღაცეები არიან, ვინც მას მოსწონს და ვიღაცეები არიან, ვინც მას არ მოსწონს... ძალიან დიდ პატივს ვცემ და დიდ პატივისცემას ვუდასტურებ ბატონ ივანიშვილს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილი, სულაც არა აქვს იმის უფლება, რომ ჩარეცხოს ყველა, ვინც მის გვერდით არ არის.
მე ასეთი ფრაზაც მოვისმინე, მისი კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან- "ქრისტიან დემოკრატებსაც" აქვთ უფლება იარონ ამ ქვეყანაზეო...
ძალიან გამეცინა, რადგან არავის აქვს უფლება, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს,განსაზღვროს, ვინ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში და ვინ არა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რატომ არის გიორგი თარგამაძე იმდენად ცუდი, რომ ბიძინა ივანიშვილს ეთქვა მასთან დაკავშირებით ის, რაც თქვა და რატომ არიან უკეთესები ისინი, ვინც მის გვერდით დგანან? ფილარმონიაში , რომ მთელი კოჰორტა ჰყავდა წარმოდგენილი...
ყველამ კარგად ვიცით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ "მე9 არხი" როგორ ჩაიდო ჯიბეში ხელისუფლებამ და დღეს რაღაც ლამაზი ზღაპრებით, ამის შეფუთვა, რომ თითქოს ივანიშვილმა რაღაც არ იკადრა, ცოტა უხერხულია. არაფერიც, დაიხურა ტოქშოუ, ხოლო "მე-9 არხი" მან პირდაპირ აჩუქა ხელისუფლებას.
როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა განცხადება ბიზნესფედერაციაში, მე მაშინ მახსოვს, ბიზნესმენები საოცრად დარცხვენილები ქაღალდებს უკუჭავდნენ, მაგრამ მე მაშინ არ მახსოვს ბიძინა ივანიშვილის პროტესტი. უფრო მეტიც, ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ის ზურგს უმაგრებდა და ფინანსურად ეხმარებოდა მიშას.
მე ივანიშვილს არ ვაგინებ, მას ძალიან ბევრი ქართული პროექტი აქვს გაკეთებული, მაგრამ პოლიტიკაში ის არ აღმოჩნდა იმ სიძლიერის, როგორიც იყო ქველმოქმედებაში და როგორიც იყო ბიზნესში. აღიარებული ფაქტია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გახლიჩა ქართული პოლიტიკა. ის რასაც აკეთებდა აქამდე მიშა და რასაც ვებრძვოდით ყველა, უცებ წამოვიდა ივანიშვილისგან.
ნინო ბურჯანაძე არის ცუდი, კახა კუკავა არის ცუდი, გიორგი თარგამაძეც არის ცუდი და კარგია მარტო ორი პარტია, რომელიც გვერდით დავიყენე? ეს შენი გადასაწყვეტი არ არის, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია.
რადგან შეცდომებზე ვსაუბრობთ, იმასაც ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი შეცდომა იყო, როცა გამოვიდა და თქვა: დღეს საზოგადოებას სწორება აქვს ივანიშვილის გვარზეო. ნურას უკაცრავად, ივანიშვილის გვარზე კი არ აქვს საზოგადოებას სწორება, არამედ სწორება აქვს ცვლილებებზე. სულ მეჩვენება, რომ ამას "აბოლებენ" მის გარშემო მყოფი ადამიანები და იმიტომაც, ხანდახან ძალიან არაადეკვატურია მისი პასუხი. განცხადებები, რომელსაც ის აკეთებს, შეიცავს ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიის ყოველდღიური განცხადებების შინაარსს... მე არ ვიცი, მიხელ სააკაშვილი ქირქილებს თუ არა თავის გულში, როდესაც ის ისმენს ხოლმე ივანიშვილის განცხადებებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ "ნაციონალები" ძალიან ხარობენ მისი დღევანდელი რეიტინგით.
-თან ივანიშვილი ძალიან ჩაკეტილია. ნაკლებად კონტაქტობს მედიასთან, ხალხთან...
- ჩაკეტილობა საერთოდ ოლიგარქებს ახასიათებთ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბადრი პატარკაციშვილი, მაგრამ მე მაგალითად, მასთან ვერ ვეღირსე ინტერვიუს. ზოგადად, ეს ოლიგარქების პრობლემაა, მხოლოდ მათთვის მისაღები კითხვები შეუძლიათ მოისმონონ, ან მხოლოდ მათთვის მისაღები ტიპები შეუძლიათ შემოიკრიბონ. მოდი პირდაპირ ვთქვათ, თუ ხალხი ბიძინას მიმართ არის კეთილგანწყობილი, არის იმიტომ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა, ოდნავ მაინც შეიცვალოს. არავინ არ ადარდებს ხალხს, თუ მათთვის არაფერი შიეცვალა.
-ივანიშვილის ახალ ტელევიზიაზეც უნდა გკითხო...
- ჯერ ერთი, მე მიმაჩნია, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ჰქონდეს მედიასაშუალება. ეს იქ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ძალიან დიდი სიმძიმეა. ეს პირადად ჩემს თავზე მაქვს გადატანილი. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ რაიმე ტიპის ამინდს, ეს ტელევიზია ვერ შექმნის. ნებისმიერ შემთხვევაში, ვისაც არ მოეწონება ჟურნალისტის კითხვა, მიუბრუნდება და ეტყვის - ბიძინამ დაგიკვეთა?! მე მახსოვს ეკა ხოფერია და მე ვიჯექით "ღია ეთერის" ოთახში, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი მივიდა მიტინგზე და ტაში დაუკრეს. მე და ეკამ გადავხედეთ ერთმანეთს და მე ვუთხარი, მე ამ ტელევიზიაში ვეღარ ვიმუშავებ მეთქი...
როცა ტელევიზია პარტიული ხდება, ამ შემთხვევაში შენ, იქ მომუშავე ჟურნალისტებს უკვე უფუჭებ იმიჯს. პარტიული ჟურნალისტი ჩემთვის ისეთივე ამაზრზენია, როგორც ის პროპაგანდა, რომელსაც ვისმენთ ამა თუ იმ არხიდან.
-რა იტყვი ტელევიზიის იმ შემადგენლობაზე, რომელიც ივანიშვილმა წაიყვანა ახალ ტელევიზიაში?
-ამას წინათ სუპერმარკეტში შემთხვევით ვნახე ირაკლი ტრიპოლსკი და ძალიან დიდხანს ვილაპარაკეთ ტელევიზიის თემაზე. მასაც ვუთხარი, რომ ცოტა ვერ გავიგე კადრების თემა-მეთქი. განა იმიტომ, რომ ცუდები იყვნენ ის ადამიანები, ვინც წლების წინ "მოამბეს" აკეთებდნენ, ტელევიზიას განვითარების ისეთი სწრაფი ეტაპები აქვს, რომ ამას აყოლა სჭირდება. ახლა მე წელიწადნახევარია სტუდიაში არ მიმუშავია და შეიძლება მე რომ შევიდე, ერთი თვე დამჭირდეს იმისთვის, რომ ცოტა აზრზე მოვიდე ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ძალიან ძველი კადრებით ტელევიზიის დაკომპლექტება ემსგავსება ძალიან ძველი კადრებით პარტიის დაკომპლექტებას.
ტელევიზიას სჭირდება მუდმივი განვითარება და შენ, რომ 10-15 წლის წინათ რაიმეს აკეთებდი, დღეს რამდენად ივარგებ, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩემს თავზე არ ვიტყვი, რადგან მე კი ვაპირებ ტელევიზიაში დაბრუნებას, ახლა არა, არჩევნების შემდეგ, თუმცა მას შეეძლო ტელევიზიაში ჟურნალისტების ის თაობა მოეწვია, რომლებიც აღარ ჩანან, რომლებიც გააქრო ამ ხელისუფლებამ და არა 10-15 წლისწინანდელი თაობა...
-და ბოლოს, კახა კალაძის პოლიტიკაში მოსვლას როგორ აფასებ?
- კალაძეზე მინდა ვთქვა ერთი რამ, ძალიან დამწყდა გული, რომ ნაკრებიდან წავიდა, რადგან მე კახა ძალიან მიყვარს და საერთოდ, ამორალური იყო ფეხურთის ფედერაციის განცხადება, რომელიც მოვისმინე მისი მიმართებით. შეუძლებელია ამდენ ხანს ასეთი მაგარი კაპიტანი გყავდეს, იქ მარაზმებზე დაიწყო საუბარი...
ერთ რამეს გავიხსენებ, - გარდა იმ თავდებობისა, რომელსაც გიორგი დემეტრაძეზე ბევრმა მოაწერა ხელი, გაკეთდა წერილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა და მე და კახა კალაძემ მოვაწერეთ ხელი. იმ საღამოს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ტელეფონზე დარეკეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ეს იყო შოთა ხიზანიშვილი. მან მითხრა, თუ დემეტრაძეს უნდა გამოვუშვათ, მაშინ მან უნდა მისცეს აღიარებითი ჩვენებაო. კახა მაშინ მილანში იყო, გადავურეკე და როცა ეს ვუთხარი, საშინელი ჩხუბი დაიწყო. მითხრა, რომ დემეტრაძეს არაფერი არ აქვს ასაღიარებელი.
რაც შეეხება კახას პოლიტიკაში წასვლას, ვიტყვი, რომ კახა არ მემეტება პოლიტიკისთვის. არიან ადამიანები, ვინც პოლიტიკისთვის არიან გაჩენილები. სამწუხაროდ, მე არ ვთვლი, რომ პოლიტიკისთვის ვარ გაჩენილი, მე ვთვლი, რომ მე ტელევიზიისთვის ვარ გაჩენილი, კახა კალაძე კი - ფეხბურთისთვის...
1319
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85