თურქული შლაგბაუმი

თურქული შლაგბაუმი


"გასტროლიორი" მუშა ვის რაში სჭირდება"

თურქეთისთვის ეს სტრატეგიული ინტერესის ნაწილია, სააკაშვილისთვის კი პირადი ინტერესი!"

"თურქეთი აჭარის ხარჯზე რელიგიურ გეოგრაფიას აფართოებს"

"ეს ქვეყნის ღალატია"

თურქეთის მეჯლისმა "უცხოელთა ყოფნისა და მოგზაურობის შესახებ" კანონში ცვლილება დაამტკიცა, - 1-ლი თებერვლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე სამი თვით ყოფნის უფლება აქვთ, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ხელმეორედ შესვლა მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეეძლებათ. არადა, 2011 წლის საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენა სამი თვით შეეძლოთ, ვადის გასვლის შემდეგ უკან დაბრუნების უფლება კვლავ სამი თვით, საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთიდან მეორე დღესვე ეძლეოდათ.

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ცვლილება საქართველოს არ შეეხებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი თვის წინ "იმედისმომცემი" განცხადებაც კი გააკეთა, მაგრამ ცხადი გახდა, რომ ჩვენი "სტრატეგიული პარტნიორი" საქართველოსთვის არც დიდი მეგობრობის ხათრით აპირებს გამონაკლისის დაშვებას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ხნის წინ სტამბოლში ჩასულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ერდოღანს პირადად სთხოვა, საქართველოს მოქალაქეებისთვის არ შეეცვალა თურქეთში ყოფნის წესები, მაგრამ პირადმა თხოვნამ საკუთარი ქვეყნის ინტერესები ვერ გადაწონა. არადა, საქართველოში წინასაარჩევნოდ ამ ისედაც უმუშევარ ქვეყანაში კიდევ ათასობით უმუშევრის დამატება ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებს ნამდვილად არ ესადაგება. ამ ცვლილებით თურქეთის ხელისუფლებამ საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულება, რომ პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, კიდევ ერთხელ განამტკიცა.

ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსულმა დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ვოლქან ბოზქარმა განაცხადა, რომ კანონი ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ვრცელდება, ის კი დამალა, რომ "ყველაში" აზერბაიჯანი არ იგულისხმებოდა(?!).

ცხადია, ეს ცვლილება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოჯახებს თურქეთში აღებული ჯამაგირით არჩენენ, პრობლემას შეუქმნის. არაერთი საქართველოს მოქალაქე დაკარგავს სამსახურს ან არალეგალად იქცევა, რადგან "გასტროლიორი" მუშა არავის სჭირდება. არადა, უმეტესად დასავლეთ საქართველოს შეჭირვებული ოჯახებისთვის თურქეთში მონური შრომა თავის გატანის ერთადერთი საშუალება იყო.
დაახლოებით რამდენ მოქალაქეს (და შესაბამისად, ოჯახს) დააზარალებს ეს კანონი, ამის დაზუსტება შეუძლებელია, რადგან სტატისტიკის დეპარტამენტს თურქეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაცია არა აქვს(?).

მურმან დუმბაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარე: "ქართველები მონური, დამამცირებელი შრომით შოულობენ ლუკმაპურის ფულს და ახლა ეს შესაძლებლობაც ესპობათ. ზოგიერთს თურქეთში მუშაობა სიცოცხლის ფასადაც უჯდება. ალბათ, გახსოვთ, თურქმა ბიზნესმენმა ქართველი მუშა რევაზ ჯგერენაია რომ მოკლა. თავში ბლაგვი საგანი მხოლოდ იმის გამო ჩაარტყა, რომ საწყალი კუთვნილ ხელფასს ითხოვდა. ამისთანა მაგალითი იმდენია, ვერ მოთვლით".

თურქული პრესა სავიზო რეჟიმის გამკაცრების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ერთ-ერთი საფრანგეთის მიერ 1915 წლის სომეხთა გენოციდის აღიარებაა. გამოცემა "ჰაქიმეთს" ამის დასტურად პრემიერ-მინისტრ ერდოღანის გამონათქვამი მოჰყავს, რომ სანაცვლოდ თურქეთი მოახდენდა სომხეთის იმ 100 ათასი მოქალაქის დეპორტაციას, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ თურქეთში. მეორე მიზეზად ქართველების "კრიმინალური ხასიათი" სახელდება, - რეკეტი, პროსტიტუცია, არალეგალური ბიზნესი, ნარკოტრაფიკი... არის მესამე ვერსიაც, - თურქეთი სავიზო რეჟიმს რთული რეგიონული ვითარების გამო ამკაცრებს, რადგან ირანის პრობლემა დღითი დღე აქტიურდება.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: - საქართველოდან თურქეთში შედიან არა მხოლოდ ქართველები, არამედ ისეთი ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეებიც, რომლებიც არასასურველად მიაჩნიათ თურქებს. არ არის ძნელი გამოსაცნობი, რომ "არასასურველ ეთნოსად" სომხები მოიაზრებიან. დასანანია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ თურქეთში დანაშაულით გაითქვა სახელი. ვფიქრობ, არის უფრო სხვა, დაფარული ფაქტორები სავიზო რეჟიმის გამკაცრებისა, მაგრამ ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით.

- სხვათა შორის, მძიმე დანაშაულებს აზერბაიჯანელებიც სჩადიან, მაგრამ თურქეთს მათთვის ქვეყანაში შესვლა არ შეუზღუდავს.
- საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანი ევროპისთვის ენერგომატარებელი ქვეყანაა, მისი ნედლეული თურქეთის გავლით გადის. ამიტომ თურქეთი ცდილობს, არ გააღიზიანოს. ჩვენ კი თურქეთმა აშკარად გვითხრა, თქვენი უმუშევრობა არ მაინტერესებს, მე ჩემს სახელმწიფო ინტერესებს ვიცავო! ეს არის ნორმალური ქვეყნის ნორმალური პოლიტიკა! როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება? რიგითი თურქისთვის აჭარა თურქული სულიერი და ეკონომიკური სივრცის ნაწილი გახდა. რაღა ბათუმი და რაღა ხოფა, უკვე ვეღარც განასხვავებენ თურქები. პირადად შევსწრებივარ აჭარის ქუჩებში თურქების მიერ კანონდარღვევის არაერთ ფაქტს, მაგრამ მათ ხელს ვერ ჰკიდებენ.
ჩემი თვალით ვნახე, მოჩხუბარი ქართველები და თურქები როგორ გააშველა პატრულმა და დამნაშავე თურქების ნაცვლად როგორ დაიჭირეს უდანაშაულო ქართველები.
წინა ხელისუფლების საგარეო ორიენტაცია მიუღებელი იყო, მაგრამ ასე გაპარპაშებული თურქეთი აჭარაში მაშინ ნამდვილად არ ყოფილა.

დავით ჯალაღანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "სავიზო რეჟიმის გამკაცრება თურქეთში საქართველო-თურქეთს შორის ამავე საკითხზე გაფორმებული შეთანხმების პირობებს არ პასუხობს. ახალი კანონი მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს ორმხრივ ხელშეკრულებას".
ჩვენ დავინტერესდით, პარლამენტი ხომ არ გეგმავდა საპასუხო საკანონმდებლო ცვლილებას და აკაკი მინაშვილის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დავუკავშირდით. რადგან ბატონი აკაკი უცხოეთში ბრძანდებოდა, აპარატის უფროსს გავესაუბრეთ: "ამ თემაზე კომიტეტში არ უმსჯელიათ, თურქეთთან მოლაპარაკება ისევ მიდის. კომენტარს ვერ გავაკეთებ, რათა ოფიციალური ანკარა არ გაღიზიანდეს და საქმეს არ ვავნოთ"(?!).

მურმან დუმბაძე: - თურქეთი დღესაც აცხადებს პრეტენზიას აჭარაზე და ხშირად შეგვახსენებს ყარსის ხელშეკრულებას. გასაფრთხილებლად კვიპროსის მაგალითიც გამოდგება. 60-იანი წლების ბოლოს თურქებსა და ბერძნებს შორის შეტაკება მოხდა. ახლა კვიპროსი ორ ნაწილად არის გაყოფილი. მართალია, თურქეთმა კვიპროსის 20% დაიკავა, 80% კი საბერძნეთს ეკუთვნის, მაინც წარმოიშვა ახალი სახელმწიფო, რომელსაც ჩრდილოეთ თურქეთის რესპუბლიკა ჰქვია და პრეზიდენტიც ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის უკან ჩვენზე ბევრად დიდი და ძლიერი სახელმწიფო საბერძნეთია, ხოლო თურქეთი და საბერძნეთი ერთ სამხედრო ბლოკში არიან გაწევრებული, ვერავინ ვერაფერს აკეთებს. თურქეთმა კვიპროსის ეს ნაწილი აღიარა. მთელი მსოფლიო დუმს, მათ შორის დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატებიც. ეს ამბავი შემთხვევით არ მიხსენებია.

თურქეთმა რამდენიმე ათასი ქართველის იქ მონებად მუშაობა აღიქვა პრობლემად, არადა, ბათუმში მოსახლეობის 20% თურქეთის მოქალაქეა, ეს ხალხი ისე ცხოვრობს და მუშაობს აჭარაში, როგორც საკუთარ სახლში.

ნუ დაგავიწყდებათ რომ კვიპროსში მხოლოდ 20% თურქი ცხოვრობდა. თუ ჩვენ ამას დავამატებთ რელიგიურ ფაქტორს, სახიფათო სურათს მივიღებთ. თურქეთი აჭარის ხარჯზე რელიგიურ გეოგრაფიას აფართოებს. კონფლიქტის შემთხვევაში თურქეთი ბრჭყალებსაც გამოაჩენს. მინდა შეგახსენოთ 2008 წლის აგვისტო, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი მედვედევთან ჩაფრინდა და ყარსის ხელშეკრულება შეახსენა. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მანამდე აფხაზეთი, სამაჩაბლო, ახალგორი და კოდორი დაიკავა, შემოვიდა გორში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსა და დიდ მეგობარს თურქეთს პროტესტიც კი არ გამოუთქვამს. სამაგიეროდ, როგორც კი რამდენიმე ბომბი ჩამოვარდა აჭარაში, ერდოღანი მოსკოვში ჩაფრინდა იმის სათქმელად, რომ აჭარა საპრეტენზიო ტერიტორიაა თურქეთისთვის. ეს მასალები "ვიკილიქსმაც" გამოაქვეყნა. აჭარაში თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური პრეტენზიები აშკარად ჩანს. ერდოღანმა შარშან განაცხადა, რომ სურს ახლო აღმოსავლეთში ლიდერი სახელმწიფო იყოს. ჩვენმა ხელისუფლებამ კი მთელი აჭარა თურქეთს ჩაუგდო ხელში!
დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ თურქეთში ჩვენი რელიგიური საკულტო ნაგებობები უნდა გადავარჩინოთ. ხელშეკრულების გაფორმებაზეა საქმე უკვე.

საქართველო თანხმდება პოლიტიკურ ხელშეკრულებას, სადაც წერია, რომ უნდა გადავარჩინოთ იშხანი და ოშკი, სამაგიეროდ კი თურქეთი ახალციხეში მეჩეთს გადაარჩენს, ბათუმში კი ახალს ააშენებს. ცოტა ხნის წინ საყურადღებო განცხადება გააკეთა აჭარის მაჰმადიანთა ლიდერმა ჯემალ პაქსაძემ. მისი თქმით, თუ საქართველოში საკულტო ნაგებობა უნდა აშენდეს, ის უნდა ააშენონ ქართველებმა, ქართული ორნამენტებითა და არქიტექტურით. ლოცვა უნდა მიმდინარეობდეს ქართულ ენაზე და მისი სულიერი ლიდერი უნდა იყოს ქართველი. ვთქვათ, დათანხმდნენ, რომ ბათუმში მეჩეთი აშენდეს, მაგრამ ხვალ რომ პუტინმა გვითხრას, სამაჩაბლოში თქვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის უფლებას მოგცემთ, სამაგიეროდ თბილისში ლენინის ძეგლი უნდა დავდგაო, მოვუწეროთ ხელი? საკულტო ნაგებობა არ უნდა იქცეს გავლენის იარაღად სხვა ქვეყნის ხელში. უნდა დავდოთ ხელშეკრულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე, მაგრამ შინაარსი შინაარსში უნდა გაიცვალოს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 25 წლით თურქეთის საკუთრებაა, ამ ხნის განმავლობაში ყველაფერს, მათ შორის - საკადრო პოლიტიკასაც თურქეთი გააკონტროლებს. თურქეთის მოქალაქეების თურქული პასპორტი აჭარაში უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოს სახელმწიფოსი!

თურქები აჭარის შუა ნაწილსაც დაეპატრონენ. მაგალითად, მდინარე ჭოროხი მთლიანად იყიდეს 150 მეგავატი სიმძლავრის ჰესის ასაშენებლად, ასევე, მდინარე მაჭახელა, 50 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება აქვთ განზრახული. რადგან ჰესები შენდება, ეს იმას ნიშნავს, რომ წყალსაცავებიც აშენდება. 150 მეგავატი სიმძლავრის ჰესი რომ ააშენო, დაახლოებით 250 ჰექტარი მიწა უნდა დაფარო. მიწა უფასოდ, 0 თეთრად გადასცეს. ხელშეკრულებაში წერია, რომ მხოლოდ 4 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან თებერვლამდე, საბაზრო ფასად მოგვაწვდიან ჩვენს ქვეყანაშივე გამომუშავებულ ელექტროენერგიას, ხოლო დანარჩენს უცხოეთში გაყიდიან. რამდენიმე დღის წინ ვიყავი მაჭახელის ხეობაში. სოფელ მაჭახლისპირში მშენებლობაა გაჩაღებული. რა ხდება-მეთქი. მითხრეს, ეს მდინარე გაიყიდა, აქ თურქი პერსონალი იცხოვრებსო.

ეს ქვეყნის ღალატია. ვინ დაიჯერებს, რომ უფასოდ მისცეს თურქებს მაჭახელისა და ჭოროხის ხეობა? სინამდვილეში ჩვენს ხელისუფლებას "შავი გარიგება" აქვს თურქებთან. თურქეთისთვის ეს სტრატეგიული ინტერესის ნაწილია, სააკაშვილისთვის კი პირადი ინტერესი! ამაში შავი ფული, ეგრეთ წოდებული "ატკატები" ტრიალებს და ამ უნამუსობას თურქეთი კარგად იყენებს.