რუსიკო მაჩაიძე, "რეზონანსი"
ევროპაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი საქართველოშია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა დაპირება შეასრულა, მმართველობის ახალ სისტემაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავალთ და ა.შ. - ეს არის მცირე ნაწილი იმისა, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრობდა.
მიხეილ სააკაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "საქართველო მთელი რეგიონის უდიდესი სავაჭრო ჰაბი გახდა" და "საქართველოში ახლახან დასრულდა ევროპაში უდიდესი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა".
მას არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ სავაჭრო ცენტრს გულისხმობდა. მაგრამ ოფიციალური მონაცემებით, დღეს ევროპის უდიდესი სავაჭრო ცენტრი არის ლონდონში, ვესტფილდის სავაჭრო ცენტრი, რომელიც 2011 წელს გაიხსნა და აქ განთავსებულია 300 მაღაზია, 70 რესტორანი, 14 კინოთეატრი, 3 სასტუმრო და ბრიტანეთის უმსხვილესი კაზინო.
თუმცა, სააკაშვილმა ისაუბრა მანქანებით ვაჭრობაზე და განაცხადა, რომ საქართველოში უამრავი ადამიანი ჩამოდის მანქანის საყიდლად, რადგან ამასთან დაკავშირებული პროცედურები ქვეყანაში მარტივია და ამას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.
პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს გაზი და ნავთობი, ქვეყნის მთავრობა გეგმავს ახალი ქალაქების, აეროპორტების, რკინიგზების, ჩქაროსნული მატარებლების თუ ავტომაგისტრალების მშენებლობას ყველა მიმართულებით.
"როდესაც აქ მოვდიოდი, ერთი ჩემი მეგობრის, ყატარის ემირის ფოტო ვნახე. დოჰა ლამაზი ქალაქია და ჩვენი ქალაქების ნაწილი მისი მსგავსი ხდება, თუმცა პატარა განსხვავებაა ის, რომ ჩვენ თითქმის არ გვაქვს გაზი. სწორედ ამის გაკეთება შეუძლია თავისუფალ წარმოებას, რამაც მე მომიყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებამდე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მას რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ ობამასთან, რომელმაც საჯაროდ, სატელევიზიო კამერების წინ დაასახელა საქართველო, როგორც მოდელი მთელი რეგიონისთვის, დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური წარმატების თვალსაზრისით.
"ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა პრეზიდენტისგან და არა მარტო მისგან. სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმაც დაადასტურა ეს. გუშინ სენატორებს შევხვდი და ყველა მათგანი იმავეს ამბობს. მარკო რუბიომ თქვა, რომ ჩვენ ვართ მისაბაძი მოდელი მთელი რეგიონისთვის, სენატორმა მაკკეინმა ამას წინათ აღნიშნა, რომ იგი თავს ქართველად გრძნობდა, შესაძლოა, იყოს კიდეც. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყოველივე ეს გამოვიარეთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მან ისიც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა შეასრულა.
"ჩვენი ეკონომიკა გაოთხმაგებულია. დანაშაული ხუთჯერაა შემცირებული. სიღარიბის მაჩვენებელმა 17%-მდე დაიკლო. მიმდინარეობს მთელი ჯანდაცვისა და განათლების სისტემის მოდერნიზება. ავაშენეთ ახალი გზები, გაიზარდა შობადობის მაჩვენებელი. არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე დროში მიაღწევდა დიდ პროგრესს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს საქართველოში ოფიციალურად 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა რეალურდ ეს მონაცემები გაცილებით ნაკლებია. აქედან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება 900 ათასი ადამიანი და 600 ათასი ამ სიაში შეყვანას ითხოვს. პენსია განსაზღვრულია 70-100 ლარამდე, დაახლოებით 40-60 აშშ დოლარი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დაპირება 2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, იყო ის, რომ პენსია ერთ წელში 100 აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა. ამასთან, საარსებო მინიმუმი 2011 წლის ბოლოს ოფიციალურად 160 ლარით, დაახლოებით 96 აშშ დოლარით, განისაზღვრა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა შეასრულა.
ამის მაგალითად კი ასახელებს პოლიციის რეფორმას და აცხადებს, რომ ამ რეფორმის შედეგად "პოლიციას მოსახლეობის ნდობის 86% აქვს მაშინ, როდესაც ძველ პოლიციას ნდობის მხოლოდ 5% ჰქონდა" და დასძინა, რომ ეს ევროპის მასშტაბით უმაღლესი მაჩვენებელია და საქართველო ზოგჯერ კონკურენციას ფინეთსა და დანიასაც კი უწევს.
"ევროკავშირის სანდო კვლევების თანახმად, ჩვენი ქვეყანა ევროპაში ყველაზე უსაფრთხოა და დანაშაულის მაჩვენებელი აქ ყველაზე დაბალია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი კონკურენტი ისლანდია იყო, რომელიც რეალურად კუნძულია. მაგრამ ჩვენ ახლა მათაც გავუსწარით - ეს ისე შევძელით, რომ არ შეგვიქმნია ოკეანე ჩვენს ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის," - განაცხადა სააკაშვილმა.
ძნელი სათქმელია, პრეზიდენტი რა კვლევებით სარგებლობს, მაგრამ ფაქტია, რომ წლის ბოლოს საერთაშორისო კომპანია "მერსერმა" გამოაქვეყნა კვლევა მსოფლიოს მასშტაბით და 122 ქალაქიდან თბილისი ერთ-ერთ უკანასკნელ, 115-ე ადგილზეა უსაფრთხოებისა და ცხოვრების დონის თვალსაზრისით.
სიტყვით გამოსვლისას მან ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობაც დაახასიათა და "თრანსპარენს ინტერნეშენელის" კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო აპარატი აქვს.
"დღევანდელი მდგომარეობა ასეთია: სამართლისა და დემოკრატიის კანადურმა ცენტრმა 64 ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა "თრანსპარენსი ინტერნაციონალის" ადგილობრივი ფილიალების მეშვეობით, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა სახელწიფო აპარატს და მიაკვლია იმას, რომ ჩვენ ახალი ზელანდიის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო აპარატი გვაქვს, მაშინ როდესაც ადრე ყველაზე უარესებს შორის ვიყავით...
"საქართველოში პასპორტის მისაღებად მაქსიმუმ 10 წუთი გვჭირდება, მართვის მოწმობის ასაღებად - რამდენიმე წუთი, ნებისმიერი ტვირთის შესამოწმებლად, არ ვგულისხმობ პირად ჩემოდანს ან დიპლომატს, დაახლოებით, 10 წუთია საჭირო. მანქანით საზღვრის გადაკვეთა პასპორტის წარდგენის გარეშეა შესაძლებელი. ჩიპიანი პასპორტების მეშვეობით, შეგიძლია ჯიბიდან პასპორტის ამოუღებლად გადაკვეთო საზღვარი, ისე, თითქოს საბაგირო გზის ბარათი იყოს. სწორედ ეს არის ის, რაც შეიცვალა", - განაცხადა სააკაშვილმა.
არადა, ინტენსიურად ქვეყნდება არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაცია, თუ საჯარო უწყებებიდან როგორ არის ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მიღება შეუძლებელი.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას სააკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ მისი პირველი საპრეზიდენტო ხელფასი 40 აშშ დოლარს შეადგენდა და ხელისუფლებაში მისი მოსვლის დროს ქვეყნის ხაზინა ცარიელი იყო.
"როდესაც ჩემს სამუშაო ოთახში მივედი, თქვენ წარმოიდგინეთ, მთავრობის მოხელეებსაც არ ჰქონდათ ხელფასი. პირველი კონვერტი ორი კვირის თავზე მივიღე და ეს იყო ჩემი პირველი ანაზღაურება - თქვენ წარმოიდგინეთ, 40 ამერიკული დოლარი. აღვშფოთდი, მაგრამ მითხრეს, რომ ეს ჩემი საპრეზიდენტო ხელფასი იყო," - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ წინა პრეზიდენტიც მთელი პრეზიდენტობის განმავლობაში ამდენივე ხელფასს იღებდა.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში წასვლამდე წლების განმავლობაში ჯერ პარლამენტის წევრი და სახელისუფლებო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, შემდეგ კი - შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრი.
მიუხედავად ამისა, როგორც თავად ამბობს, ხელისუფლების ხელფასების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ მიიღო, რაც თავად გახდა პრეზიდენტი.
"ჩემი წინამორბედის პირობებით დავინტერესდი და მიპასუხეს, რომ სწორედ ამდენივეს იღებდა მთელი ამ წლების განმავლობაში. მე, რა თქმა უნდა, ვთქვი, რომ ამ ხელფასით ვერ ვიცხოვრებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხაზინა ცარიელი იყო," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ვიზიტის ბოლოს კი უკვე ისიც თქვა, სახელმწიფო მოწყობის ახალ სისტემაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავდივართო. არადა, კონსტიტუციაში არის გარდამავალი მუხლი, სადაც წერია, რომ ეს ახალი სისტემა ძალაში შედის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ძალაში შესვლის შემდეგ.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი ისეთ ფაქტებს ამახინჯებს, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. ამიტომაც საინტერესოა, რატომ იტყუება პრეზიდენტი.
ექსპერტეთა უმეტესობას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს და ამბობენ, რომ ფაქტების ისე წარმოჩენა, როგორც თავად სურთ, საბჭოური მენტალიტეტის ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ფაქტების დამახინჯება და ისე წარმოჩენა, როგორც თავად სურს, სჩვევია და გაგახსენებთ, შარშან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისიც კი განაცხადა, ცხოვრების დონით შვეიცარიას გავუსწარით და დანიის დონეზე ვართო.
ერთხელ კი, როდესაც მის ნათქვამ ტყუილზე იყო დავა, ისიც განაცხადა, "სიტყვაზე ნუ გამომეკიდებითო".
პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ "არიან ადამიანები, რომლებიც ყვებიან რაღაც გამოგონილ ამბებს და ამას აკეთებენ არა იმისთვის, რომ ვიღაც მოატყუონ, არამედ ეს არის მათი ტენდენცია, რომ გზადაგზა რაღაცები მოიგონონ და რომ ჰკითხოთ, რატომ თხზავს, ვერ გეტყვით. ეტყობა, ის ვერსია, რომელიც შეთხზა, მისთვის უფრო სასიამოვნოა".
როგორც საყვარელიძე ამბობს, "მის გამოსვლებში, რა თქმა უნდა, არის ის ინფორმაცია, რომლის რეალობას პოლიტიკური დატვირთვა აქვს და რიგ შემთხვევებში არაბავშვური ტყუილია. მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ უფრო მეტად საქმე გვაქვს უსარგებლო ტყუილთან და უბრალოდ, მის ხასიათშია გამომგონებლობის სიყვარული."
მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ სააკაშვილის "გამომგონებლობას" საზოგადოება როგორ აღიქვამს.
"კარგად ჩანს, საზოგადოებაზე რა გავლენასაც ახდენს ასეთი ტიპის მოვლენები. ჩანს საზოგადოების დამოკიდებულებაში, უპირველესად ინტელიგენციის დამოკიდებულებაში, რადგანი ასეთი რაღაცების მიმართ უფრო მგრძნობიარე ინტელიგენციაა, რადგან ვინც ასეთ სამუშაოზე არ არის ორიენტირებული, ხშირად არც აინტერესებთ, რა არის სიმართლე და რა - არა," - ამბობს საყვარელიძე და დასძენს, რომ "საერთაშორისო საზოგადოება ამისთვის კუთხეში ვერავის ვერ დააყენებს, მაგრამ ეს მოქმედებს იმიჯზე".
ამის მაგალითად კი იმ ბოლო ფაქტს ასახელებს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას სხვა პროექტი გაუგზავნა და მერე სხვა მიიღო.
"დღეისთვის აქტიურად განიხილება ის, თუ როგორ მოიქცა საქართველო ვენეციის კომისიასთან ურთიერთობაში. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ მოატყუა ვენეციის კომისია, როდესაც ერთი დოკუმენტი გაუგზავნეს და შემდეგ მეორე მიიღეს. ეს უკვე დოკუმენტურ დონზე მომხდარი ტყუილია და საბოლოოდ ცუდი ფსიქოლოგიური ფონი ახლავს ამის განხილვას.
"შესაძლოა, მომავალში ვენეციის კომისიამ საერთოდ უარი უთხრას რაიმე განხილვაზე და ა.შ. ანუ, როდესაც ტყუილში დაგიჭერენ, იქ, შესაძლოა, ჯოხი არ დაგარტყან, მაგრამ მიიღონ ისეთი ზომები, რომ მეორედ საერთაშორისო საზოგადოებას ვეღარ მიმართო," - ამბობს საყვარელიძე.
734
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85