აშშ საქართველოსგან საერთაშორისო სტანდარტების არჩევნებს მოითხოვს

აშშ საქართველოსგან საერთაშორისო სტანდარტების არჩევნებს მოითხოვს

ვაშინგტონში ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული მოწოდება საქართველოსთვის საეტაპო მნიშვნელობას იძენს. აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ღიად განაცხადა, რომ 2012–2013 წლის არჩევნებმა საერთაშორისო სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ხელისუფლებაში „საარაკო უმრავლესობით“ მოსვლას (თან საკითხავია რა გზებით) და პერმანენტულ ბელადომანიას ბოლო უნდა მოეღოს.

 

თბილისში პოლიტიკურმა ოპოზიციამ კლინტონის გამოსვლის პათოსი კარგად გაიაზრა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, აშშ საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლის მომხრეა. მისივე თქმით, „პარტიის მთავარი ამოცანაა, მომავალ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა უმცირესობაში გადაიყვანოს“.

 

„ქრისტიან-დემოკრატების“ აზრით კი, „აშშ მხარს არა კონკრეტულ მთავრობებს, არამედ დემოკრატიულ სახელმწიფოებს უჭერს“. მათივე შეფასებით, „არჩევანი ნათელია - ან საქართველოს ხელისუფლება ქალბატონი ქლინთონის კონკრეტულ მესიჯებს გაითვალისწინებს, ან გააგრძელებს გზას ავტორიტარიზმის მიმართულებით“.

 

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის გამოსვლის ოფიციალური ვერსია გამოაქვეყნა. კლინტონი აღნიშნული სიტყვით საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა.

 

სახელმწიფო მდივანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეწვიტოს საქართელოს ტერიტორიების ოკუპაცია, გაიყვანოს ჯარები და 2008 წლის შეთანხმებების პირობები შეასრულოს. მისივე შეფასებით, საქართველოს კონსტრუქციულად უდგება ამ გამოწვევისკენ მიმართულ საერთო ძალისხმევას, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებში.

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის მიზნებს და მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ღონისძიებების გატარებაში დაგეხმაროთ“, - განაცხადა კლინტონმა.

 

სახელმწიფო მდივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ, როგორც საკუთარი ვალდებულებების ნაწილს, კვლავაც გააგრძელებს საქართველოსთვის დახმარებას დემოკრატიის გაძლიერებში, რათა ეს ქვეყანა ერების დასავლეთის ოჯახის აყვავებული და დაცული წევრი გახდეს.

 

კლინტონის განცხადებით, თავისუფალი არჩევნები, სანდო ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება გრძელვადიანი სტაბილურობისა და ნებისმიერი მთავრობის ლეგიტიმურობის საწინდარია.

 

„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დემოკრატიამ საქართველოში დიდი ნაბიჯები გადადგა. მუცინიპალურმა არჩევნებმა ხელშესახები პროგრესი აჩვენა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა – პოლიტიკური კონკურენციის, ანგარიშვალდებულების, მათ შორის მაისის არჩევნებში ნებისმიერი სავარაუდო დარღვვევის საფუძვლიანი გამოძიების მიმართულებებით“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

 

სახელმწიფო მდივნის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ არა თუ აკმაყოფილებს, არამედ აჭარბებს კიდეც საერთაშორისო სტანდარტებს. მისივე შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ხალხისთვისაც და საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.

 

კლინტონმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატება ბევრი სხვა ქვეყნისთვის ანალოგიური წარმატების მიღწევის მოდელის როლს თამაშობს.

„მოუთმენლად ველოდებით, გავაგრძელოთ თქვენთან ერთად მუშაობა მიზნების მისაღწევად, მხარი დაგიჭიროთ, რომ გააგრძელოთ მუშაობა სამოქლაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან“, - განაცხადა კლინტონმა.

 

ამავე დროს სახელმწიფო მდივნის შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმა არის ყველაზე აშკარა და მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას .

 

„საკონსტიტუციო რეფორმა წარმოადგენს საქართველოს შესაძლებლობას, აშენოს იმ ყველაფერზე დაყრდნობით, რასაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიაღწია. იმედი მაქვს, პარლამენტი გააცნობიერებს ამ შესაძლებლობას და საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის შემდეგ დასკვნებს გამოიტანს.

 

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს სისტემის კონტროლისა და დაბალანსების გაძლიერებისკენ. შეერთებული შტატები მზად არის, ამ პროცესს ხელი შეუწყოს“, - განაცხადა კლინტონმა.

 

მისივე თქმით, აშშ ზრუნავს საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოკრატიისთვის და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას, ააშენოს უკეთესი მომავალი.

 

„აშშ საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლის მომხრეა“, – ამის შესახებ „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ აშშ-ს სახელმწიფო მდვანის, ჰილარი კლინტონის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

 

„აშშ თანმიმდევრულ პოზიციას იკავებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით და ამას პირდაპირ უკავშირებს მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკის მკაფიო პოზიციაა, რომ ჩვენ ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლება საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად და გახდება საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი“, - აღნიშნა ალასანიამ.

 

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში გადამწყვეტ ნეგატიურ გავლენას ის ფაქტი ახდენს, რომ საქართველოში განადგურდა სასამართლო სისტემა.

 

„დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე მმართველობის რა ფორმაზეც არ უნდა შეთანხმდეს საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიცია, ყოველთვის ავტოკრატული მმართველობა იქნება. პრემიერის, ასევე, პრეზიდენტის სავარძელში ვინც არ უნდა იჯდეს, თუკი მას დამოუკიდებელი სასამართლოს რიდი არ აქვს, ყოველთვის შეძლებს, ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ წაიყვანოს. ეს კარგად ესმით და არ მოსწონთ ამერიკაში“, - განაცხადა ალასანიამ.