რამდენი კატეგორიის ქართველები ცხოვრობენ ისრაელში და ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას?..

რამდენი კატეგორიის ქართველები ცხოვრობენ ისრაელში და ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას?..

ისრაელში 5 დღიანი ვიზიტისას რამდენიმე ქართველი გავიცანი, რომელიც თავისი ბედის, ანუ წარმოშობის მადლიერია. სწორედ ბებიების დამსახურებაა, რომ ისინი საქართველოში გაუსაძლის პირობებს გადაურჩნენ და ისრაელში დამკვიდრდნენ. მერე იყო ომი და, კიდევ ერთხელ გადაიფიქრეს დაბრუნება. თუმცა, ბევრ მათგანს საბოლოოდ ისრაელში ცხოვრებას მაინც საქართველოში არა სტუმრად, არამედ სამუდამოდ ჩამოსვლა ურჩევნია.
აქ არიან ასევე არალეგალი ემიგრანტებიც, რომლებიც სხვადასხვა დროს ტურისტებად ჩამოვიდნენ წმინდა მიწის სანახავად, მაგრამ დიდი ხით დარჩნენ და თავიანთი შრომით არჩენენ საქართველოში დარჩენილ ოჯახებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავიგე, რომ ზოგიერთ მათგანს, უსაბუთობის გამო, ჩემი იქ ყოფის შემდეგ პრობლემებიც შექმნია, თუმცა ისრაელში მცხოვრები ქართველებმა მითხრეს, რომ კრიმინალი ქართველები აქ არ უნახავთ, რამაც ცოტა არ იყოს, გამაოცა კიდეც.

ქართველი ებრაელების დიდი ნაწილი, რომელიც მემკვიდრეობით იღებდა მისთვის უცხო სამშობლოსადმი სწრაფვას და ისრაელში ასვლას, სამშობლოში დაბრუნებად აღიქვამს, რა თქმა უნდა, უფრო იოლად შეეგუა ახალ სიტუაციას, ვიდრე ისინი, რომლებმაც დროებით შეაფარეს ემიგრაციას თავი და ათ წელზე მეტია, საქართველოში სიტუაციის შეცვლას ელოდება. ისინი კი, ვინც სიძნელეების მიუხედავად, ისრაელში დამკვიდრებაც შეძლო და ქართველობაც შეინარჩუნა, უფრო კარგ ფერებში ხედავს საქართველოში განხორციელებულ ცვლილებებს. მათთვის მთავარია, აეროპორტში ბარიერებს არ შეხვდნენ და საქართველოში მშვიდად დასვენება, ან პატარა ბიზნესის წარმოება შეძლონ.

ამ თვალსაზრისით მათთვის “ვარდების რევოლუციამ” უკეთესობისკენ შეცვალა სიტუაცია. ჯერაც მოუგვაებელი პრობლემების შესახებაც არაერთხელ სმენიათ, მაგრამ ამას ახალი ხელისუფლებისათვის თანამდევ პროცესებად აფასებენ და იმედიც აქვთ, რომ დროდადრო საქართველოში კიდევ უფრო უკეთესი სიტუაცია იქნება.

ამგვარი ოპტიმისტური განწყობის მქონე აღმოჩნდა ცნობილი ქართველი ებრაელი, სიმონ ჯანაშვილი, რომელიც დიდი ხანია ისრაელში დიდ ქართულ საქმეს აკეთებს. მან არაერთი თაობა აზიარა ქართული ცეკვის ხელოვნებას. კირიატ ონოში შაბათ დღეს სუფრაზეც მიგვიპატიჟა. ქართული სადღეგძელოები და ქართული განწყობა არ მოგვკლებია. იგი სიამოვნებით იხსენებდა საქართველოში განვლილ წლებს და მეგობრებს, ისრაელში ახალი ცხოვრების დაწყებასთან დაკავშირებულ კურიოზებსა და სიძნელეებსაც.

ამ ქალაქში კიდევ ერთი კატეგორიის ქართველის ოჯახში მიმასპინძლეს. მაია აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი დუნდუას ქვრივია, რომელსაც სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის II ხარისხის მედალი მიენიჭა. მას სამი შვილი ყავს. ისრაელში წასვლის მიზეზი უკიდურესად მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა.

მაიას, როგორც ბევრ მის ნათესავს, ისრაელში ამოსვლის შემდეგ სოციალური დახმარება დაენიშნათ, მასაც და ბავშვებსაც უფასოდ ასწავლიდნენ ივრითს და ადაპტაციისათვის ძალიან უწყობდნენ ხელს. ახლა მაია სახლთან ახლოს, აფთიაქში მუშაობს და მისი შვილები (უფროსი ქალიშვილი დაოჯახდა კიდეც) უკვე მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს. საქართველოში დაბრუნებას, ფაქტობრივად, არც აპირებენ. თუმცა, ქართული პურ-მარილით ხელდამშვენებული სუფრის დიასახლისი მაინც საქართველოს ამბებით ინტერესდება და როგორც ვხვდები, ჩემზე ნაკლები ინფორმაცია არა აქვს, არც ოფიციალური და არც კულუარული წყაროებიდან მიღებული.

ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის – ორ ეუდასა და კირიატ ონოში, სადაც ამ 5 დღის განმავლობაში მომიწია სტუმრობა, გავიცანი ისეთი ქართველები, რომლებიც სულით-ხორცამდე, გენეტიკურადაც და სულიერადაც იგივენი დარჩნენ, როგორებიც სამშობლოში იყვნენ. მათი ინფორმაციის წყარო ინტერნეტ-გამოცემები, მათ შორის, პრესაგე.ტვ, სხვადასხვა საიტები, სოციალური ქსელი და სატელიტზე მაუწყებელი ქართული არხებია. “მაესტროს” აქტიური მაყურებლები იყვნენ და ახლა ინტერნეტითაც ადვნებენ თალ-ყურს. მათი დამსახურებით ბევრი აქაური ქართველი იგებს საშობლოზე რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ, მათაც ხელი ჰქონდათჩაქნეული ყველაფერზე და არსებულ მდგომარეობას იძულებით ეგუებოდნენ.

სტუმრად ქართველი ექიმების ოჯახში
ამ კატეგორიის ემიგრანტთა რიცხვს მიეკუთვნება ირაკლი კილაძის ოჯახი. ირაკლი და მისი მეუღლე ნატო კიკაჩეიშვილი ექიმები არიან. ისინი სხვადასხვა ქალაქებში კერძო კლინიკებში მუშაობენ. მაგრამ სანამ სრულყოფილ მედიკოსებად შევიდოდნენ ისრაელის მაღალკვალიფიციური მედიცინის სამყაროში, წელიწადნახევრის განმავლობაში სწავლა და რამდენიმე საეტაპო გამოცდების ჩაბარებაც მოუხდათ.

საქართველოდან წასვლის მიზეზად ისინიც უსახსრობას და ქვეყანაში არსებულ გაუსაძლის პირობებს ასახელებენ. სამსახურში შორ მანძილზე, უმეტესად ფეხით დადიოდნენ. უშუქობა, უგაზობა, სიცივე და შვილების გამოკვების, სწავლის, სკოლაში ტარების საშუალების არქონა – ეს ის პრობლემებია, რის გამოც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. 

ისრაელში ასულებს სულ სხვა პირობები დახვდათ. აქ ხელისუფლების ზრუნვა იგრძნეს და ბავშვები სკოლასა და ბაღში მიაბარეს. თუმცა, ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, ამიტომ არც მათ და არც ბავშვებს “უცხოობაში არსებულ სიამესთან” შეგუება არ გაადვილებიათ. მათი იმდროინდელი განცდების შესახებ მაშინ მოვისმინე, როცა შვილებს საქართველოში დაბრუნებაზე საკითხი კვლავ, ამჯერად – ჩემი თანდასწრებითაც დაუსვეს. როგორც აღმოჩნდა, გოგონებს ჯერაც არ განელებიათ ის ტკივილი, რაც უცხო გარემოში მოხვედრით და დაბნეულობით იყო გამოწვეული.

დღეს მათი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ისრაელში ჩამოსვლისას. მითუმეტეს, რომ ირაკლის ძმა და მშობლებიც აქ ცხოვრობენ. ახლა ენაც იციან, მეგობრებიც ჰყავთ, თიკომ სკოლა დაამთავრა და ისრაელის ჯარში მსახურობს. მამას იმედი აქვს, რომ მისი ქალიშვილი ერთი წლის შემდეგ სწავლის გაგრძელებას უფრო მაღალ საფეხურზე, საქართველოში შეძლებს. ანი კი მეთერთმეტე კლასშია და 14 წლისამ, 16 წლამდე ასაკის გოგონების ტურნირში ჩოგბურთში ჩემპიონობაც მოასწრო. ბავშვებს ახალ გარემოსთან შეგუებაში, გარკვეულწილად, სპორტში ჩართვამაც შეუწყო ხელი. 

ნატო იხსენებს: “ჩვენთვის იოლი არ იყო სამშობლოს დატოვება. ეს ჩვენი უდიდესი ტკივილია. ჩემი მშობლები საქართველოში ცხოვრობენ და ყველა ერთად ჯერაც ვერ ვახერხებთ მათთან სტუმრობას, მაგრამ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, საპირწონედ დადგა ოჯახის გადარჩენის, ან საქართველოდან წასვლის არჩევანი.

ნოსტალგია ჩვენც ისევე გვაწუხებდა, როგორც სხვა ქვეყნებში წასულებს. მაგრამ უპირატესობა ის გვქონდა, რომ ოჯახი ერთად ვიყავით. თუმცა, ბავშვებს განსაკუთრებით გაუჭირდათ ამ ყველაფრის გადატანა. ბაღში რომ მივაკითხე ანის, ატირებული დამხვდა და შეშფოთებულმა მკითხა, რა დაგიშავეთ, ასე რატომ მოგვექეცითო?!”

ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია ჩემს გადაცემებშიც და ემიგრანტებთან უშუალო შეხვედრების დროსაც, მაგრამ ასე რეალურად უკან დაბრუნების საკითხის განხილვას არსად შევსწრებივარ. უფროსები ან აპირებენ ჩამოსვლას, ან – არა. ამიტომ ასე ცხადად, პირველად ვიგრძენი, რაოდენ რთული ყოფილა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ადრეულ ასაკში დატოვეს სამშობლო და ამ ხნის მანძილზე სრულიად განსხვავებულ სამყაროში გაიზარდნენ. მაგრამ თიკო და ანუკი, ბევრი ქართველი ბავშვისაგან განსხვავებით, სახლშიც და ნათესავებშიც მშობლიურ ენაზე საუბრობენ და ქართული ტრადიციებიც გათავისებული აქვთ.

”საქართველოდან წამოსვლის პირველივე დღიდან გაცნობიერებული გვქონდა, რომ ეს იყო ჩვენი ოჯახის გადარჩნის ერთადერთი გზა. ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია ფიქრი უკან დაბრუნებაზე. თუმცა, ამასობაში 11 წელი გავიდა. ვხვდები, რაც მეტი დრო გავა, უფრო მეტი პრობლემები გაჩნდება ემიგრანტთა დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამიტომაც მიმაჩნია, მნიშვნელოვნად "ქართულ ოცნება"-ში შეიქმნას თემატური ჯგუფი, რომელიც ამ მწვავე საკითხზე იმუშავებს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით! საქართველოს ხომ დასაკარგი შვილები არ ჰყავს!”- ამბობს ირაკლი.


მიშასგან იმედგაცრუებულებს ბიძინამ რეანიმაცია ჩაუტარა...
ირაკლი კილაძე თორმეტი წელია ისრაელში ცხოვრობს და უკვე გამოცდილი ანესთეზიოლოგია ცნობილ კერძო კლინიკაში “ასსუტა”, მისი მეუღლე ნატო კი ბელინსონის საავადმყოფოს გენეტიკის ლაბორატორიაში მუშაობს.

ირაკლიმ და მისმა მეგობარმა და მეზობელმა, ზაზა ბერაძემ, რომლის შვილის ქორწილშიც გავიცანი ბევრი აქაური ქართველი, დიდი დახმარება გაუწიეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაინვალიდებულ ბიჭებს, რომლებიც მკურნალობის პერიოდში მზრუნველობის გარეშე დარჩენილები, სამშობლოში გამომგზავრებამდე ქართველი ებრაელების და აქ მცხოვრები ქართველების თანადგომის იმედად იყვნენ.

საკუთარ თავზე საუბარი უჭირთ. მათი ამ ვაჟკაცური ნაბიჯის და ქართველი მეომრებისადმი დახმარების შესახებ ისრაელში სხვები საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოზე ფიქრი და ზრუნვა სამშობლოში დარჩენილი ოჯახებისადმი (ნატოს მშობლები საქართველოში ცხოვრობენ) არ შეუწყვეტიათ, ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებისადმი მაინც უიმედო განწყობა ჰქონდათ. ირაკლი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას რეანიმაცია ჩაუტარა და კარგი შედეგიც მიიღო:

“ამბიციებით შეპყრობილი პიროვნება არ ვარ და ყოველთვის მერჩივნა ჩუმად მეკეთებინა ჩემი საქმე. ვთვლიდი, რომ პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკოსების საქმეა. მაგრამ დგება ჩვენს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა უკვე აღარაა მთავარი, რა გინდა შენ. როცა შენი ქვეყანა განსაცდელშია, უნდა გააკეთო ის, რაც ჭირდება სამშობლოს. მე მგონი ასე გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმაც პოლიტიკაში მოსვლა. ასე გადამაწყვეტინა მეც, მისი მხარდასაჭერი წერილი დამეწერა და საქართველოს მოქალაქობის აღსადგენად ხელმოწერებიც შევაგროვეთ”.

ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვების ინიციატივა შემთხვევითი, ალბათ, არ იყო. მათთვის ეს საკითხი არანაკლებ არის მგრძნობიარე. კილაძეების ოჯახის წევრები სამშობლოშივე გახდნენ ისრაელის მოქალაქეები და ამისთვის მათ საქართველოს მოქალაქობაზე უარის თქმა მოუწია. სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, მათ სამშობლოში დაბრუნების და საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილიც აქვთ. მთავარია, ანუკის და თიკოს არ გაუჭირდეთ სამშობლოსთან შეგუება ისე, როგორც ისრაელში მოუვიდათ.

ამას გარდა, ირაკლიმ მთხოვა, მისი თანამშრომლობის მზადყოფნის შესახებ სამედიციო დარგის ექსპერტებისათვისაც მეცნობებინა. საუბრისას არც ის დაუმალავთ, რომ მათი ნათესავების მსგავსად, დიდი იმედებით შეხვდნენ “ვარდების რევოლუციას”.

ირაკლი კილაძე: “აქედან ასე ჩანდა და გვეგონა, რომ ეს კაცი ქვეყნის იმდროინდელი ჭაობიდან გამოყვანას შეძლებდა. თუმცა, გარკვეული ინფორმაციები იყო, რომ მთლად ადეკვატური არაა. მაინც მხარი დავუჭირეთ არჩევნებში. მაგრამ როცა მას თავისი თანაგუნდელები, რესპუბლიკელები ჩამოშორდნენ, პირველი ეჭვები მაშინ გამიჩნდა. მერე ჟვანიას უცნაურმა სიკვდილმაც ბევრი კითხვა უპასუხოდ დატოვა. ამას მოჰყვა გირგვლიანის მკვლელობა, რობაქიძის, ვაზაგაშვილის და ცხადი გახდა, რომ სახელისუფლებო ტელევიზიებიდან სულ სხვა ამბებს ვიგებთ. გაზაფხულის მოვლენებისა და ფოტორეპორტიორების დაპატიმრების შემდეგ, მეც გულგატეხილი ვადევნებდი თვალს ხელისუფლების უზნეობის ზეიმს. მაგრამ რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი განაცხადა“.

P.S. ეს სტატია უკვე მზად მქონდა, როცა ისრაელიდან ირაკლის წერილი მივიღე. მასში ზუსტად არის გადმოცემული მისი დამოკიდებულება ქართული პოლიტიკისადმი და კონკრეტული ძალებისადმი. 

”მე-20 საუკუნის მიწურულს მსოფლიო გახდა უდიდესი ძვრების მოწმე, ცივილური სამყაროს ერთობლივი ძალისხმევით მოხდა ბოროტების იმპერიის ნგრევა. ქართველებმა, როგორც კი იგრძნეს თავისუფლების სიო, მყისვე დაიწყეს ბორკილების ისე მსხვრევა, რომ, სამწუხაროდ, მოახერხეს საბჭოეთის ნანგრევებში მოყოლა. რუსეთმა შეძლო ორი შენელებული ნაღმის შემოგდება, აფხაზეთის და ოსეთის ავტონომიების სახით. საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების უგუნურობით თუ გამოუცდელობით, მოხდა ჩვენთვის (ასევე აფხაზებისა და ოსებისათვის) დამღუპველ ომებში ჩათრევა. დღევანდელი ხელისუფლება განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს არ გაიზიაროს წინა ხელისუფალთა შეცდომები. თუმცა, მხოლოდ ჯიუტად უპირისპირდება რუსეთს და აგერ უკვე რამდენი წელია მისი აგრესიული რიტორიკა არ იცვლება. საქართველოს ხელისუფალთა უპასუხისმგებლობამ გვაიძულა ემიგრაციაში წავსულიყავით,თუმცა ჩვენს ფესვებთან კავშირი არ გაგვიწყვეტია. ყოველი მოვლენა,რომელიც ჩვენს სამშობლოში ხდება, თითოეულ ჩვენთაგანზე მძაფრ ზეგავლენას იწვევს.

ჩვენ, ისრაელში მცხოვრები ქართველები, ძალიან მტკივნეულად განვიცდით იმ მდგომარეობას, რაც ამჟამად ჩვენს ქვეყანაში სუფევს.  

სააკაშვილის ხელისუფლების კონსტიტუციით დათქმულ დროში შეცვლა თუ ვერ შევძელით, მერწმუნეთ, “მამალი ძროხები” და “შლოპანციანი კვერცხები” მონაგონი იქნება, რასაც ჩვენი “ბედოვლათი მდგრადი” და “უპირველესნი” მომავალში მოიფიქრებენ. მინდა ვთხოვო კარის ჟურნალისტებს, ღირსებას საბოლოოდ ნუ დაკარგავენ, თორემ მალე საკუთარ შვილებს თვალებში ვერ შეხედავენ, ნუ გახდებიან ამ უზნეობის მესაყვირეები. "უპირველესების" ხელში კონსტიტუცია სკოლის მოსწავლის დღიურს მოგაგონებს, როგორც უნდათ ისე ასწორებენ. მათი მთავარი სურვილია, ჩვენი გენეტიკის გაუთვალისწინებლად, შექმნან ახალი ქართველი – კომკავშირელისა და სკაუტის ნაჯვარი, რომლისთვისაც უცხო არ არის დაბეზღება, ბუჩქებში კოტრიალი, წარსულის ხელაღებით უარყოფა. ჩვენ არ უნდა ჩავიდინოთ იგივე შეცდომები, როცა მოსახლეობა გაიყო “იმისტებად” და “ამისტებად”. 

დღევანდელ დღეს ძნელია მოატყუო შენი მოსახლეობა, როგორც ეს 90- იან წლებში მოხდა. მიუხედავად სიცრუის მთელი აპარატისა, სიმართლის დამალვა შეუძლებელია. შეუძლებელია დაამარცხო შენი ერი.

დროა ქართველები საბოლოოდ გამოვფხიზლდეთ, პატივი ვცეთ, ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც თავიანთი თავგანწირვით 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს ჩვენი სამშობლო. ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ მომავლის წინაშე, ვიყოთ ძლიერნი, შეუპოვარნი და უნდა მოვახერხოთ, რომ მოვიშოროთ სათავეში წამოწოლილი გველეშაპი, რომელიც ჩვენს სიხლს სვამს. ჭკვიანურად, მშვიდობიანად და კონსტიტუციურად, არჩევნების გზით ვაიძულოთ დათმოს ხელისუფლება. გვეყო, ამდენი ტკივილი და დამცირება, სანამდის!

აქვე კიდევ ერთხელ მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ახლადშექმნილ "ქართულ ოცნებას" და წარმატება ვუსურვო ყველა ქართველთა ოცნების ასრულებაში! 

მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით! უფალი გვფარავდეს!

პატივისცემით, ირაკლი კილაძე

ისრაელი - 14.01.12”(სტილი დაცულია. ნ.ც.)