23 იანვარს ჩინელებმა თავიანთი კალენდრით ახალი, დრაკონის წლის დადგომა აღნიშნეს. დრაკონი ჩინურ კულტურაში ძალაუფლების სიმბოლოა, მაგალითად, ძველად იმპერატორები დრაკონის შვილებად ითვლებოდნენ. ასე რომ, ერთგვარად სიმბოლურად, დრაკონის წელი ჩინეთისათვის წარმატებული უნდა იყოს.
მაგრამ მაშინ, როცა მთელს მსოფლიოს უჭირს, მხოლოდ ჩინეთისათვის დალხენილი წელი ვერ იქნება. მართალია, მაშინ, როცა ევროპა შავ დღეშია და ამერიკა წელში გამართვას ვერ ახერხებს, ჩინეთს მსოფლიო ეკონომიკის ლიდერობას უფრო დაბეჯითებით უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ეს საკმაოდ შორეული პერსპექტივაა. წინ კი ძალზე რთული წელია, რომლის განმავლობაშიც თვით მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლაც შეფერხდება, თუმცა, მაინც ყველაზე მაღალი დარჩება.
მსოფლიო ეკონომიკის მკვეთრი შენელების გამო, როგორც მოსალოდნელია, შემცირდება ჩინური ექსპორტი. ამას ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოჰყვება, რაც ინვესტორებს ძალიან აშფოთებს. ანალიტიკოსთა აზრით, 2012 წელს ჩინური საქონლის ექსპორტი 28-30 პროცენტით შემცირდება. ცხადია, ექსპორტი ჩინეთის ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ის მოსაზრება გახლავთ სწორი, რომ თითქოს მისი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მაგალითად, 2011 წელს შიდა მოხმარებითა და ინვესტიციებით ქვეყნის ბიუჯეტში 6,8 ტრილიონი დოლარი შევიდა, ექსპორტით კი 2,1 ტრილიონი.
ანალიტიკოსთა აზრით, გლობალური ეკონომიკის შენელება ჩინეთზე რომ რაც შეიძლება ნაკლებად აისახოს, ამისათვის პეკინმა თავისი უზარმაზარი რეზერვები და საბანკო სისტემა ეროვნული ეკონომიკის სტიმულირებისათვის სწორად უნდა გამოიყენოს, როგორც ეს 2009 წელს გააკეთა. ექსპერტთა აზრით, ამჯერად სტიმულირება მოხმარების სფეროს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და საცხოვრებელი ფართების მშენებლობის ბიზნესს დასჭირდება.
ცხადია, გარანტია იმისა, რომ ამ ზომების მიღების შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა ზრდის ძველ ტემპს დაიბრუნებს, არ არსებობს. მეტიც, თუ ევროპა ამერიკა გლობალური ეკონომიკის ზრდას მომავალშიც მნიშვნელოვნად შეაფერხებენ, ჩინელები უნდა შეეგუონ იმას, რომ მათი ეკონომიკა სულ უფრო ნაკლებად მოიმატებს.
თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ არაერთი ანალიტიკოსი ჩინეთს მოუწოდებს არ დანებდეს და სტრუქტურული ცვლილებები განახორციელოს, რომ შრომის ნაყოფიერება გაზარდოს, ინვესტირებისათვის დამატებითი მასტიმულირებელი საშუალებები შეიმუშაოს, უკეთ დაიცვას ინტელექტუალური საკუთრება და წაახალისოს ინოვაციები. და, რაც მთავარია, განახორციელოს პრივატიზაცია იმ სექტორებში, რომლებიც ჯერ კიდევ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში რჩება.
ბევრ ინვესტორს ძალიან აშფოთებს მაღალი ინფლაცია და ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე შესაძლო “ბუშტუკების” წარმოქმნა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი ძირითადად პირველი რანგის ქალაქებშია მოსალოდნელი და, თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, განვითარების ეგზომ მაღალი ტემპის ფონზე ეს სრულიად ბუნებრივია. მართლაც, განა შეიძლება ისეთ მეგაპოლისებში, როგორებიც პეკინი და შანხაია, უძრავი ქონების ფასები ძალიან სწრაფი ტემპით არ იზრდებოდეს? ისინი ხომ მანჰეტენისა და ლონდონის დარად მდიდარ ხალხს იზიდავს. ამიტომაც, უძრავი ქონების ბაზარი იქ უკვე ადგილობრივი ფაქტობრივად აღარ არის.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ხელისუფლებაში ცვლილებები მოხდება და ქვეყანას ლიდერთა ახალი თაობა ჩაიბარებს. მათ საკმარისი გამოცდილება აქვთ, რომ შიდა პროდუქტის ზრდის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპი შეინარჩუნდეს.
ანალიტიკოსთა აზრით, აქ თავს იჩენს ერთპარტიული სისტემის უპირატესობა, რაც საშუალებას იძლევა გრძელვადიანი დაგეგმარების პოლიტიკა გატარდეს.
ასე რომ, დრაკონის წელი, მიუხედავად ყველაფრისა, ჩინეთისათვის მაინც წარმარტებული უნდა იყოს. მართალია, ჩინეთს ალბათ დანარჩენი მსოფლიოსაგან ეკონომიკური ციებ-ცხელების ვირუსი გადაედება, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ქვეყანას მისი დაძლევის ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია.
1540
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85