ხელისუფლება გამუდმებით ტურიზმის აღორძინებაზე საუბრობს, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავად უქმნის პრობლემებს ტურისტებს, როცა ადგილზე ჩასულ ვიზიტორებს სანატორიუმები და ეკლესიები დაკეტილი ხვდებათ. Presage.tv-სთან საუბარში ტურიზმის სფეროში ჩართული გიდები და ექსპერტები გულისტკივილს გამოთქვამენ, რომ მათთვის ძალიან უხერხულია, როცა დასვენების მიზნით ჩამოსულ ტურისტებს საქართველოში ხელოვნური ბარიერები ექმნებათ. არავისთვის უცხო არაა, რომ ხელისუფლებამ ცალკეულ ინვესტორებს ჩალის ფასად დაუთმო ძველი სანატორიუმები, ამიტომ ამ ტერიტორიაზე უცხოეული სტუმრების შეყვანა მათ ზოგჯერ კონფლიქტის ფასად უჯდებათ, ზოგჯერ კი სანატორიუმებსა და ეკლესიებში ვერც შედიან, რადგან გასაღებები კონკრეტულ მეპატრონეებს აქვთ ჩაბარებული.
განსხვავებული ვითარებაა წყალტუბოში. ამ სანატორიუმში გარკვეული ძვრებია, რასაც კავკასიაში ტურიზმის განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მარინე მეტრეველი პარლამენტარების ქუთაისში ჩასახლებას უკავშირებს.
„წყალტუბოს სანატორიუმებს ახლა აახლებენ იმის გამო, რომ იქ პარლამენტი გადადის. პარლამენტარებისთვის ბინებს ამზადებენ. მე ეს ინფორმაცია მაქვს, რადგან პრეზიდენტმა თავად თქვა, სანატორიუმ „შახტიორიდან“ გამოასახლეთ დევნილები და იქ იცხოვრებენ პარლამენტარებიო. მაგათ ახლა დიდი მოთხოვნილებები აქვთ, ამდენად, ქუთაისში პარლამენტარებს ბინებს არავინ აუშენებს. ამიტომ წყალტუბოში გამზადებული, ძვირფასი, სტალინისდროინდელი შენობა არის და იქ გაკეთდება ეს ყველაფერი. წყალტუბო უნდა აღორძინდეს, წყალტუბომ უნდა შეიძინოს თავისი პირვანდელი სახე, მოგეხსენებათ, წყალტუბო მთელ საბჭოთა კავშირს მკურნალობდა“, - უცხადებს მარინე მეტრეველი Presage.tv-ს.
სამაგიეროდ, მარინე მეტრეველი წუხს, რომ საქართველოში მთას პატრონი არ ჰყავს, მაშინ, როცა საქართველო მთიანი ქვეყანაა.
„ბარს ისედაც ბევრი პატრონი ჰყავს. სწორედ მთიან ადგილებში უნდა მოხდეს ტურიზმის განვითარების ინტენსიური ექსპანსია. განსაკუთრებით, იმ ტურიზმის, რასაც ჰქვია ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, სასოფლო ტურიზმი, ჯანმრთელობის ტურიზმი, სადაც მთის მოსახლეობა ჩაერთობა, რომელიც ახლა დაუსაქმებელია“, - აცხადებს მარინე მეტრეველი, რომელიც დაინტერესებულია მაღალმთიან რაიონებში სასოფლო ტურიზმის განვითარებით, რისთვისაც საქმიანობა მშობლიური რაჭიდან დაიწყო.
„ახლა ყველაზე დიდი გულისტკივილი გვაქვს, რადგან უწერის კურორტი გაჩერებულია. ამის შესახებ პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველას გავუგზავნეთ წერილი. ვწერთ, რომ ეს კურორტი გაყიდულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ ექვსი წელია, უწერაში არაფერი გაკეთებულა. უწერის მოსანახულებლად სასოფლო ტურიზმის მიმდევარი უცხოელი როცა ჩადის, რა თქმა უნდა, მას აინტერესებს ეს ადგილი, რადგან გაუგონია, რომ უწერა არის ბალნეოლოგიური კურორტი. თუმცა ვერ სარგებლობს იმ სერვისით, რაც შეიძლება, ამ კურორტმა მისცეს“, - აცხადებს მეტრეველი.
მისი თქმით, ასეთი მდგომარეობა მარტო რაჭაში არ არის, არამედ - სხვა ბალნეოლოგიურ კურორტებზეც: „ჩემი კოლეგა ვანიდან არის და მასაც პრობლემები აქვს. ვანის სულორის კურორტშიც ასეა, ალბათ, იგივე მდგომარეობაა სამეგრელოშიც - მენჯის კურორტზე. ლაპარაკია იმ ძირითად წყლებზე, რომლებიც ადამიანებს ბევრი დაავადებისგან განკურნავს“.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგ მარინე მეტრეველმა ტურიზმის დეპარტამენტსაც გაუგზავნა წერილი, ის ტურიზმის დეპარტამენტში გამოიძახეს. იგი, როგორც სასოფლო ტურიზმის ექსპერტი, დეპარტამენტის წარმომადგენელს უწერის ტურიზმის აღორძინების თაობაზე ესაუბრა. თუმცა გამაოგნებელი პასუხი მიიღო - რომ, მართალია, ტურიზმის განვითარების კონცეფციაში კურორტები ნახსენებია, მაგრამ ჩვენ არ გვეხება კურორტებიო.
ასეთი წინააღმდეგობების შემდეგ მარინე მეტრეველმა დაასკვნა, რომ საქართველოში კონკრეტულად კურორტების პრობლემებით არცერთი სამინისტრო არ არის დაკავებული, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო მარტო პრივატიზაციითაა დაინტერესებული.
„ეკონომიკის სამინისტროსაც გავუგზავნე წერილი, მიხედეთ, ხალხი დაუსაქმებელია, უცხოელები ვერ ისვენებენ, კურორტი გაშეშებულია, ბიუჯეტში ფული არ შემოგდით და რატომ არ გინდათ, ეს კურორტები ან დაიბრუნოთ უკან, ან რაიმე მოუხერხოთ?! სასაცილო ფულადაა გაყიდული უწერის კურორტი. ზუსტად კრილოვის „ლებედ, რაკ და შჩუკასავითაა“, მეორე იგავ-არაკიცაა - „ძაღლი თივაზე“, ძაღლი არ ჭამს თივას, მაგრამ არც ძროხას აჭმევს. შოვიც მიტოვებულია, გეგონებათ, ჰიტლერის არმიამ გადაიარა. ტურისტული ბაზა დანგრეული და გაძარცვულია.
თვითონ შოვის ტერიტორიაზე ერთადერთი ტურისტული პანსიონატი მოქმედებს, სახელწოდებით „მამისონი“. უცხოელები მყავდა აყვანილი, ბოქლომები ადევს იქაურობას. იმისთვის, რომ საკურორტო ტერიტორიაზე შევსულიყავით, ონიდან პოლიციამ დაურეკა მეპატრონეს და გააღეს ჭიშკარი. იქ კიდევ მეათე საუკუნის ძეგლია - ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც უწერლებმა ააღორძინეს, გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ მრევლი თავისუფლად ვერ შედის. როცა დღესასწაულებია, მხოლოდ მაშინ შედიან და მამაოს შეჰყვებიან. ეკლესია ხომ, თავისთავად, დაკეტილია, მაგრამ ჭიშკარიც დაკეტილია“, - აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, სანატორიუმის ახლანდელი მეპატრონეები ქართველები არიან, ზოგიერთი ძველ მთავრობაში იყო, ზოგიც - ბანკში მუშაობდა, მაგრამ თვითონ არ ჩანან და ნათესავებზე აფორმებენ ქონებას.
„იქ არის ერთი ოჯახი, რომელიც უწერის სანატორიუმის მცირე პროცენტს ფლობს, მას დაავალეს, მიხედე აქაურობასო. რა თქმა უნდა „მიხედა“ - ძროხები, ღორები დადიან იმ ტერიტორიაზე. რომ ვუთხარი, რატომ დაკეტეთ-მეთქი, რამდენი კაცი დათვრება შუაღამეზე და შებოდიალდება ეკლესიაში, წაგვიბილწოს აქაურობაო? მოკლედ, ყველა შეკითხვაზე პასუხი გამზადებული აქვთ.
ჩვენ მაინც შევიყვანეთ უცხოელი ტურისტები, ისინი ასეთი ძვირფასი ადგილებით გაოგნებულნი იყნენ. ტერიტორიაზე მარტო ათასწლიანი ექვსი ჭადარია, სტალინის სახლი იყო იქ, ახლა გაპარტახებულია, მარტო საძირკვე;ია დარჩენილი. იქ იყო დედათა და ბავშვთა პანსიონატი „ფაზისი“, ყველაფერი გაჩერებულია. გუბერნატორს უნდა, სანატორიუმი აღორძინდეს, მეხვეწება - იქნებ, ინვესტორი მოძებნოო. მე რატომ უნდა მოვძებნო ინვესტორი?! სოფელში ტურისტს რაში სჭირდება დიდი ფეშენებლური სასტუმრო?! ონში ააშენეს სასტუმრო... ვინ შედის შიგნით? ონი არის ჩავარდნილი დაბა, ონში საქმეზე თუ ჩავა და იმ სასტუმროში სამოწყალოდ თუ შევა ვინმე, თორემ, იქვე „გესტჰაუზებია“ ისე კოხტად მოწყობილი. მოკლედ, მარკეტინგი არ ვარგა ტურიზმის დარგში“, - მიიჩნევს მარინე მეტრეველი.
რაც შეეხება წერილს, რომელიც მარინე მეტრეველმა მიმდინარე წლის 6 იანვარს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის გუბერნიის ხელმძღვანელებისა და თითქმის ყველა სამინისტროს თუ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელზე დაწერა, დღემდე გამოხმაურება არ მოჰყოლია. არადა, სასოფლო ტურუზმის ექსპერტი წერილში ითხოვდა, რომ კურორტი უწერა ხალხს დაბრუნებოდა.
წერილში ვკითხულობთ: „კურორტი „უწერა“ დაკეტილია მესაკუთრეების მიერ, რომლებმაც 2006 წელს უპირობოდ შეისყიდეს ობიექტი და გაყინეს მისი რეაბილიტაციის საკითხი, რითაც სამუშაოს გარეშე დატოვეს თემის მოსახლეობა, ხოლო ათასობით ადამიანს დაუკარგეს მათთვის ესოდენ აუცილებელი მკურნალობისა და დასვენების საშუალება. კურორტის უძრაობა დიდ ზარალს აყენებს სახელმწიფოს, რადგან ქვეყნის ბიუჯეტში თანხები არ შედის. ცალკე განსჯის საგანია, მეპატრონეების წინააღმდეგობის გამო, კურორტის ტერიტორიისაგან არგამიჯნული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილი X საუკუნის ღვთისმშობლის ტაძარში ეზოდან შესასვლელი, რომელიც, პრაქტიკულად, დახურულია მრევლისთვის... საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, როდესაც ქვეყანა აღმშენებლობის გზას ადგას, არ უნდა არსებობდეს დახურული ზონები“.