ლუკაშენკო პოსტსაბჭოთა სივრცის დატოვებით იმუქრება

ლუკაშენკო პოსტსაბჭოთა სივრცის დატოვებით იმუქრება

[მერაბ ბრეგაძე]

ალექსანდრე ლუკაშენკოს ურთიერთობა პუტინ–მედვედევის ტანდემთან უკიდურესად დაიძაბა. ბელორუსის ექსცენტრული ლიდერი დსთ–დან გამოსვლით და რუსეთთან კავშირების გაწყვეტით იმუქრება. ეს ხდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მედვედევმა ლუკაშენკო „უღირსად“ შერაცხა.

             

მოსკოვში დღემდე გაღიზიანებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ბელორუსის ხელმძღვანელმა „დანაპირები არ შეასრულა და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ აღიარა“. ლუკაშენკო აცხადებს, რომ მოსკოვმა თავის თავზე არ აიღო ის ტვირთი, რაც მარიონეტების აღიარების შემთხვევაში მინსკს დასავლეთიდან დააწვებოდა.

 

უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რუსეთმა უარი თქვა, რომ ლუკაშენკოსთვის ამ შესაძლო გადაწყვეტილების სანაცვლოდ ფული გადაეხადა. ევროკავშირი მინსკს პირდაპირ მიუთითებდა, რომ სეპარატისტების აღიარების შემთხვევაში ბელორუსს დასავლეთთან ურთიერთობაში დიდი პრობლემები შეექმნებოდა. ორ ცეცხლს შუა მოქცეულმა ლუკაშენკომ გადაწყვიტა, რომ წუწურაქი კრემლის დაკვეთა არ შეესრულებინა.

 

ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ კი მხარეებმა გუდას პირი მოხსნეს. ლუკაშენკო პირდაპირ ამბობს, რომ სეპარატისტების არაღიარების მიზეზი მედვედევის „ჟმოტობა“ გახდა.

 

– თან ვინ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი? ერთადერთი კუნძულოვანმა სახელმწიფომ, რომლის არსებობის შესახებ არც არავინ იცის. ვენესუელამ ამაზე მარტო განცხადება გააკეთა და პარლამენტს არანაირი შესაბამისი დადგენილება არ მიუღია, – აცხადებს ღიად ლუკაშენკო.

 

ბელორუსის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მისი გამარჯვების არაღიარების შემთხვევაში, არალეგიტიმური ხელმძღვანელი ხდება მათთვის, ვისაც დსთ-ში, საბაჟო კავშირში, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასა და სხვა მსგავს სტრუქტურებში ბელორუსის მონაწილეობა სურს. შესაბამისად, ლუკაშენკოს აზრით, ამ ორგანიზაციებში ბელორუსის ყოფნა არალეგიტიმური გახდება.

 

ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლი აპირებს, „ბელორუსის არჩევნები ადეკვატურად შეაფასოს“. 3 ოქტომბერს კი, დიმიტრი მედვედევმა ლუკაშენკო უღირს საქციელში და წინასაარჩევნოდ რუსეთისგან მტრის სახის შექმნაში დაადანაშაულა.

 

თავის მხრივ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობებზე საგანგებო განცხადებას მიიღებს. როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, განცხადების პროექტის განხილვა სათათბიროში მიმდინარეობს .

 

რუს დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ მინსკისა და მოსკოვის ურთიერთობა ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „გაცვლით მონეტად“ არ უნდა იქცეს.

 

„ბელორუსის ხელისუფლების ამჟამინდელი ანტირუსული რიტორიკა გაკვირვებას იწვევს და რუსი ხალხისთვის მიუღებელია, ამასთან მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსი და ბელორუსი ხალხების საერთო ისტორიულ ბედს და კულტურული და ეკომონიკური მრავალსაუკუნოვანი კავშირების სულისკვეთებას, ცხოვრების ჩვენს წესს და აზროვნებას“, - ნათქვამია განცხადების პროექტში.

 

ამასთან, რუსი დეპუტატები საგანგებო განცხადებაში მხარს უჭერენ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის პოზიციას. როგორც ცნობილია, მედვედევმა განაცხადა, რომ ბელორუსი რუსეთისგან „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობს, ხოლო მინსკის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარება უღირსი საქციელია.

 

ამასობაში საქართველოს პარლამენტში რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობის დაძაბვას, რუსეთის ფეოდალურ ინტერესებს უკავშირებენ .

 

როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, რუსეთს თავის მეზობელ ქვეყნებთან ზოგადად არაპარტნიორული ურთიერთობა ახასიათებს.

 

„რუსეთი მოქმედებს ფეოდალური ინსტიქტებით და თავის მეზობელ ქვეყნებს მისი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებად განიხილავს“, – განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ სწორედ ამით არის განპირობებული რუსეთსა და ბელორუსს შორის დაძაბული ურთიერთობა.

 

მისივე თქმით, რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნებისმიერ აქტიურობას, თავისუფლების თუ დამოუკიდებლობის გამოხატულებას აგრესიულად აღიქვამს და ეს აგრესია ან ბლოკადებში და ან თავდასხმებში გამოიხატება.

 

„ბელორუსს უფლება აქვს ჰქონდეს ისეთი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, როგორიც თავად ბელორუს ხალხს სურს“, - განაცხადა წიკლაურმა და იმედი გამოთქვა, რომ როცა იქნება რუსეთი მიხვდება, რომ მეზობელი ქვეყნებისადმი მუქარა, თავად რუსეთს წარმატებას არ მოუტანს.