"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გაკეთდება განცხადება ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელსაც უკვე პარტიის და შემდეგ კოალიციის ოფიციალური შექმნა მოჰყვება. თუმცა რამდენიმე დღის წინ, კახა კუკავამ გააკეთა განცხადება, რომ ივანიშვილი გადაწყვეტილებებს მხოლოდ "რესპუბლიკელების" რჩევით იღებს და ალასანია, ფაქტობრივად, არ არის მის გვერდით. რამდენად შეესაბამება კუკავას ეს ნათქვამი სიმართლეს და ვინ არის რეალურად გადაწყვეტილების მიმღები, ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ივანიშვილის პარტიის ლიდერების ვინაობა რამდენიმე დღეში გაირკვევა / გიორგი ცაგარეიშვილი: "მარტის დასაწყისში კოალიცია ფორმალურ სახეს მიიღებს".
"გუშინ გაიმართა პოლიტსაბჭო, სადაც მონაწილეობას იღებდა ჩვენი პარტიიდან 4 ადამიანი, ასევე "რესპუბლიკელებიდან" და ივანიშვილის მიერ მივლენილი ადამიანები. მათ ხელმძღვანელობს ბატონი ივანიშვილი და ბატონ კუკავას სხვანაირად როგორ ვუთხრა. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაღელვებს, რას ამბობს ბატონი კუკავა. რაც შეეხება ჩვენი და "რესპუბლიკელების" შესაძლო გაუცხოვებას, ამ თემაზე ჩვენ არც კი ვისაუბრებთ, ეს არის ძალიან თითიდან გამოწოვილი. ეს არის ძალიან უნაყოფო და არაფრის მომცემი პოლემიკა, რომელში ჩართვის არანაირი სურვილი არ გაგვაჩნია არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს და სხვათა შორის, არც "რესპუბლიკელებს". ამ ყველაფერს პასუხი გაეცემა ჩვენი ერთობით და ჩვენი აქტიურობით. შედეგიც ძალიან მალე დადგება, როცა ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას დავამარცხებთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ცაგარეიშვილი.
"პარტია ძალიან მალე შეიქმნება. გაკეთდება განცხადება პარტიის საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, უკვე პარტიის შექმნის და ყრილობის ჩატარების კონკრეტულ თარიღს დათქვამს. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მალე მოხდება, დაახლოებით ამ დღეებში. როგორც კი დასრულდება პარტიის ფორმირების პროცესი, უკვე დღის წესრიგში დადგება კოალიციის ჩამოყალიბების პროცესი და მე ვვარაუდობ, რომ სადღაც თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ფორმალიზებულად დასრულებული სახეს მიიღებს კოალიციის ჩამოყალიბება. მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ ფორუმთან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ასევე, ამ დღეებში დასრულდება. იქნება ბევრი სიურპრიზი და ნება მომეცით, ბოლომდე არ გავთქვა ჩვენი სამომავლო გეგმები. მესმის, რომ საზოგადოება დაინტერესებულია იმით, თუ ვინ გაწევრიანდება "ქართულ ოცნებაში", ვინ შეავსებს ჩვენ რიგებს, მაგრამ მერწმუნეთ, სჯობს რამდენიმე დღე მოვითმინოთ ყველამ ერთად, ვიდრე წინ გავუსწროთ მოვლენებს და ჩვენი ინტერესები ვაზარალოთ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მე ძალიან არ მსიამოვნებს ის, რასაც ვისმენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი მისამართით. ზოგადად ეს განცხადებები არაეთიკურია და არ წაადგება არაფერს. მათ შორის არც ჩვენ მომავალ ურთიერთობებს. ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია, მე სადმე მისვლა მინდოდეს და მასპინძელს ვლანძღავდე. არ ვიცი, ამას რა დავარქვა - ვგულისხმობ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი, რომ კოალიციაში შესვლა გინდოდეს და მისი წევრებიდან ერთს ლანძღავდე და მეორეს აქებდე. არ ვიცი, ეს ქალბატონი და მის გარშემო მყოფნი რატომ არიან ასე ახლომხედველები. ასე ხომ ჩვენ შორის ვერანაირი ურთიერთობა ვერ განვითარდება", - დასძენს გიორგი ცაგარეიშვილი და შეკითხვას - "რატომ თქვა მან ალასანიაზე, რომ ხელისუფლებასთან მართავს მოლაპარაკებებს?" - პასუხობს:
"ეს მას უნდა კითხოთ. თუ ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ იმიჯი შეულახოს მომავალ გაერთიანებას, ეს არის კრახისთვის განწირული, რადგან აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ აკეთებს განცხადებას. არავინ ყრუ და ბრმა არ არის ამ ქვეყანაში და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ის შემთხვევა არ არის, რომ შეძახილით ხე გახმეს. ბურჯანაძის ნათქვამით "ქართული ოცნების" ხე ვერ გახმება. მესმის, ბევრი პოლიტიკოსი თავს გაუცხოებულად გრძნობს, მაგრამ ეს არ არის არც ივანიშვილის, არც ალასანიას და არც უსუფაშვილის ბრალი. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს... ელემენტარულად, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა თუ არა - თქვენი გაზეთის საშუალებით ვუსვამ ამ კითხვას ამჟამინდელ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ქალბატონ ბურჯანაძეს. სხვათა შორის, იგივე კითხვა მინდა დავუსვა ბატონ კიწმარიშვილს, ახლა ღობეებზე ხტომით რომ არის დაკავებული - გაყალბდა თუ არა? არ ვეხები სხვა ათას ტრაგიკულ მოვლენას და ათას უბედურებას, ამ ორმა ადამიანმა - ერთი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო და მეორე სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - გამცეს პასუხი, გაყალბდა თუ არა?"
749
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85