ნინო კვიტაშვილი, "ყველა სიახლე"
განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაზე თვალსაზრისს, სტუდენტური მოძრაობა "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენელი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი ანი ჭანკოტაძე გამოხატავს.
- რა არის სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის შექმნის ძირითადი მიზანი?
- "ლაბორატორია 1918" ჩვენი გაერთიანების სახელად სიმბოლურად ავირჩიეთ. 1918 - ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების წელი და ამ თარიღით ხაზი გავუსვით საქართველოში სამეცნიერო ტრადიციის დაფუძნებას. ლაბორატორია კი ის ადგილია, სადაც კვლევა-ძიება და აქტიური პროცესები მიმდინარეობს.
ლაბორატორიის შექმნა ბუნებრივი შედეგი იყო ბოლო წლებში უნივერსიტეტში თუ მის გარეთ განვითარებული პროცესებისა, - უნივერსიტეტიც და სახელმწიფო სტრუქტურებიც დიდი ხანია უგულებელყოფენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესებს, მათ შორის - სტუდენტების. დღეს უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროცესი დამახინჯებულია, ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, სტუდენტებში კი ამის გამო თანდათან ძლიერდება პროტესტი. სწორედ ამ მზარდი პროტესტის გამოხატულება იყო "ლაბორატორია 1918"-ის შექმნა.
"ლაბორატორია 1918"-ის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირება და უფასო, ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლების მიღწევაა, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება ადამიანის სოციალური უფლებაა. დღეს კი განათლების მიღება, სწავლა პრივილეგიაა და ადამიანები, რომლებსაც ფული არა აქვთ, ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.
- როგორ აფასებთ განათლების რეფორმას?
- განათლების რეფორმა წარუმატებელი აღმოჩნდა და ეს ფაქტია - რეფორმამ ვერ მოახერხა განათლების ხარისხის ამაღლება, ვერც ინტელექტუალური რესურსების დაგროვება, ვერც აკადემიური საქმიანობის წახალისება. ეს იყო ზედაპირული რეფორმები და რეალურ შედეგს ვერ მოიტანდა. სახელმძღვანელოების ან გამოცდების წესის შეცვლა მაინცდამაინც დიდი რეფორმა არ არის. საჭიროა განათლების სისტემის შეცვლა და მისი ორიენტირება საზოგადოების ინტერესებზე.
- განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს "ყველაზე მაგარი და საუკეთესო" უმაღლესი სასწავლებელი უწოდა. რატომ იწვევს თქვენს უკმაყოფილებას უნივერსიტეტში სწავლების დონე?
- განათლების მინისტრის ნათქვამი, რა თქმა უნდა, დემაგოგია იყო. ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვარწმუნებენ რაღაცის საუკეთესოობასა და უალტერნატივობაში და ასე ცდილობენ, მოტყუებით შემოგვაჩეჩონ ეს "რაღაც": უნივერსიტეტი იქნება, განათლების სისტემა, პოლიტიკოსი თუ სარეცხი ფხვნილი. ამგვარი პროპაგანდის მიზანია განუსჯელად მივიღოთ, რასაც გვთავაზობენ და არ ჩავერიოთ მის იმგვარად შეცვლაში, როგორსაც ვისურვებდით.
უნივერსიტეტი, შესაძლოა, უკეთესია სხვა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ საგანმანათლებლო პროცესი კარგად მიმდინარეობს - შეიძლება სხვა სასწავლებლებში მიმდინარეობს კიდევ უფრო ცუდად ან ოდნავ უკეთესად: ყოველ შემთხვევაში, საზოგადოდ, მსგავსი სიტუაციაა სხვა სასწავლებლებშიც, რადგან განათლების პროცესის დამაბრკოლებელი ფაქტორები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს, სხვა სასწავლებლებშიც შეინიშნება. ეს არ არის მხოლოდ სახელმძღვანელოების და ქართული თარგმანების პრობლემა, უფრო მასშტაბური და დიდი პრობლემაა - არა ავტონომიურობის, ვერტიკალური მენეჯმენტის, მართვის, ნომინალური თვითმმართველობის, აგრეთვე იმის, რომ უმაღლესი განათლება მოწყვეტილია მეცნიერებას, პრობლემურია განათლების კონცეფციის საკითხიც. განათლება თავისუფალი აზროვნებისა და პიროვნების ჩამოყალიბების პროცესია. თუმცა დღეს სასწავლებლებში შექმნილი სიტუაცია ძირს უთხრის პიროვნული განვითარების იდეას - უნივერსიტეტი პატივს არ სცემს სტუდენტს, სახელმწიფო მანქანა კი - უნივერსიტეტს და ა.შ.
"უმაღლესი განათლების" შესახებ კანონში ხაზგასმულია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ურთიერთკავშირის საჭიროება, რაც დღეს მირაჟია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს სამეცნიერო სივრცე, ფონდები, ინსტიტუტები... მრავალ ნიჭიერ პროფესიონალს არ აქვს სამეცნიერო მუშაობისა და ცოდნის გაფართოების საშუალება და ლექციების კითხვით შემოიფარგლებიან - მათი პოტენციალი გამოუყენებლად იკარგება, სამომავლოდ კი მათი მსგავსი კადრების ჩამოყალიბებაც მცირდება - ინტელექტუალური რესურსი კი არ იყინება, იკლებს, რითაც უნივერსიტეტიც ზარალდება, ქვეყანაც და კაცობრიობაც. და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა სამხედრო ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. გაუგებარია, რატომ უნდა დაიხარჯოს ჩვენი ფული იარაღზე და არა წიგნებზე, ცოდნას ხომ იარაღისგან განსხვავებით, სიკეთის მოტანა შეუძლია?! როცა ამ თემას წინ წამოვწევთ ხოლმე, თსუ-ის რექტორი რატომღაც ამბობს, რომ თურმე ჩვენ უნივერსიტეტისადმი "პათოლოგიური ზიზღი" გვამოძრავებს. ძალზე უცნაური შეფასებაა, ვერ ვწვდები ბატონი სანდრო კვიტაშვილის ლოგიკას.
- თქვენ ხშირად აკრიტიკებთ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. კონკრეტულად რას სთავაზობთ მას შექმნილი ვითარების შესაცვლელად?
- ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარება მხოლოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კომპეტენცია არ არის, ეს ქვეყანაში განათლების პოლიტიკისა და დაფინანსების საკითხია. მაგრამ რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოეთხოვება, ეს არის პრობლემების აღიარება და მათ მოსაგვარებლად ბრძოლა. თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უნდა აღრიცხავდეს მტკივნეულ პრობლემებს და რომელთა მოგვარებაც არ შეუძლია, მაგალითად, განათლების დაფინანსების შეცვლა ან ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, სახელმწიფოს უნდა მიმართოს. ამის ნაცვლად კი ადმინისტრაცია იმ ჯგუფების შევიწროებას ცდილობს, რომლებმაც პრობლემებზე საუბარი დავიწყეთ. სწორედ აქ ჩანს, რომ უნივერსიტეტი ავტონომიური არ არის და მისი ადმინისტრაცია სასწავლებლისა და განათლების პრინციპის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.
- როგორ აფასებთ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობას?
- უნივერსიტეტის თვითმმართველობას სიმბოლურად ჰქვია თვითმმართველობა, ამ ორგანიზაციის მუშაობაში კარგად ჩანს, ვის ინტერესებს ატარებენ. სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების წამოწევისა და მათი უფლებების დაცვის ნაცვლად თვითმმართველობა სპორტულ შეჯიბრებებსა და გუდაურში სრიალის ტურნირებს აწყობს. კონცერტები, საახალწლო წვეულებები მმართველი პარტიის გასართობი პოლიტიკის გამეორებაა, ძველრომაული პრინციპის - "პური და სანახაობა" - გამოყენებით.
- თქვენ შეუერთდით საპროტესტო მოძრაობას შრომის კოდექსის შეცვლის მოთხოვნით, რა ცვლილებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად?
- შრომის სამართალი უმნიშვნელოვანესი თემაა, ამიტომ "ლაბორატორიამ" კამპანია დაიწყო შრომის კოდექსის შესაცვლელად. ამჟამინდელი კოდექსი დისკრიმინაციულია და საშუალებას იძლევა, მოქალაქეები ლამის მონებად იქცნენ შრომითი ურთიერთობების დროს. ფუნდამენტური კი არის კოდექსის 37-38-ე მუხლები, რომლებიც დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უმიზეზოდ გათავისუფლების შესაძლებლობას აძლევს. და თუ სამსახურიდან იმის გამო გამათავისუფლებენ, რომ დამსაქმებელს ჩემი თვალის ფერი არ მოსწონს ან მმართველი პარტიისთვის არ ვაპირებ ხმის მიცემას, სასამართლო მაინც დამსაქმებელს გაამართლებს. როგორც ვიცი, უნივერსიტეტშიც გამოიყენეს ეს მუხლები არასასურველი ლექტორების დასათხოვად.
დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და საზოგადოების სიჯანსაღეს უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში ამ მოქალაქეების დევნას აკანონებს.
862
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85